სასამართლომ მოძალადე მშობლებს შვილთან მიახლოება დროებით აუკრძალა
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალადობის მსხვერპლი გოგოს მშობლებს შვილთან მიახლოების უფლება კიდევ სამი თვით აუკრძალა. ამის შესახებ მსხვერპლის ადვოკატმა ნინო ბოლქვაძემ თქვა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
ბოლქვაძის თქმით, გოგოზე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა ოჯახში მას შემდეგ დაიწყო, რაც მშობლებმა მისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ გაიგეს. ის უკვე სრულწლოვანია და დახმარებისთვის სასამართლოს მიმართა.
სააპელაციო სასამართლოსგან ის საქალაქო სასამართლოს ერთი თვის წინ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვდა, რომლითაც მშობლების მიმართ დამცავი ორდერის გამოცემაზე უარი ეთქვა. სააპელაციომ მოსარჩელის მოთხოვნა დააკმაყოფილა. მშობლებს შვილთან მიახლოების უფლება ისევ არ ექნებათ, გოგო კი თავშესაფარში დარჩენას კიდევ სამი თვით შეძლებს.
ადვოკატის ინფორმაციით, დღევანდელი გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
"დღევანდელი დღის კარგი მხარე არის ის, რომ მოძალადე მხარე წამოვიდა მოლაპარაკებაზე. მიხვდნენ, რომ შეიძლება სამუდამოდ დაკარგონ შვილი და ამიტომ შეიძლება სამომავლოდ ეს ურთიერთობა შენარჩუნდეს, თუ ოჯახის წევრები მიიღებენ შვილს ისეთს, როგორიც ის არის", – ამბობს ადვოკატი.
https://imedinews.ge/ge/saqartvelo/34853/sa...oebit-aukrdzala