ყვარელში მღვდლებმა სკოლები ვერტმფრენიდან დალოცეს და კანფეტები გადაუყარეს
გრემის მონასტრის მღვდლებმა ყვარლის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლები ვერტმფრენის გამოყენებით დალოცეს და მაღლიდან კანფეტები გადმოყარეს. ინფორმაცია “ნეტგაზეთს” ნეკრესის მიტროპოლიტმა სერგიმ დაუდასტურა. “ხანდახან არის საშუალება, რომ ხატებით ვუფრენთ. ხშირად არა, იშვიათად. მამაომ უბრალოდ კანფეტები გადმოუყარა. მაღლიდან გადმოუყრიან ხოლმე”, – გვითხრა მიტროპოლიტმა.
მიტროპოლიტ სერგის თქმით, ისინი ეპარქიას ხატების შემოვლით იცავენ. “ხატებით შემოვლა არის, რომ ეპარქია დავიცვათ. ომიანობის პერიოდში მოსკოვს შემოატარეს და მტერი ვერ შემოვიდა. ჩვენს ეპარქიას [შემოვუვლით] უბრალოდ, ორჯერ-სამჯერ გავაკეთეთ,” – განაცხადა მიტროპოლიტმა.
კითხვაზე, ვერტმფრენი მონასტრის იყო თუ სახელმწიფოსი, მიტროპოლიტმა ასე უპასუხა: “თქვენ როგორ ფიქრობთ, ვერტმფრენი მონასტერს შეიძლება, რომ ჰყავდეს?”. მიტროპოლიტმა ჩვენთან საუბარი ვეღარ გააგრძელა. “ნეტგაზეთი” სასაზღვრო პოლიციას დაუკავშირდა იმის გასარკვევად, იყო თუ არა აღნიშნული ვერტმფრენი მათი და როგორ მოხვდნენ იქ სასულიერო პირები, სადაც გვითხრეს, რომ საკითხს აზუსტებენ და შემდეგ მოგვაწვდიან ინფორმაციას.

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლების შილდის, გრემის, ენისელის, ალმატის და საბუეს სკოლებში გრემის მონასტრის სასულიერო პირებმა ბავშვები ვერტმფრენიდან აკურთხეს და კანფეტები ჩაუყარეს. შილდის N1 სკოლის მოსწავლეების თქმით, ისინი აქციის შემდეგ სკოლაში აღარ დაბრუნდნენ და გაკვეთილები გააცდინეს.
სასულიერო პირები მსგავს აქციას რომ გეგმავდნენ, მოსწავლეები მასწავლებლებმა გააფრთხილეს, მასწავლებლების თქმით კი, ეს ინფორმაცია სკოლის დირექტორებისგან მიიღეს.
„დიდი დასვენების ფარგლებში გავიდნენ ბავშვები გარეთ. მამა იოანემ და მამა მარკოზმა კანფეტები ჩამოყარეს ვერტმფრენიდან. მერე ისევ სკოლაში დავბრუნდით და სწავლა გაგრძელდა“, – უთხრა „რეგინფოს“ საბუეს საჯარო სკოლის დირექტორმა ვალენტინა შაბლიკმა.
„მამა იოანემ დამირეკა, ვერტმფრენით გადმოვიფრენთ და ბავშვები გარეთ დაგვახვედრეთ, გავახარებთო. დასვენებაზე ბავშვები ეზოში იყვნენ და კანფეტები ჩამოუყარეს“, – აღნიშნავს ენისელის საჯარო სკოლის დირექტორი კონსტანტინე ცხოვრებაძე.
ყვარლის საგანმანათლებლო რესურს–ცენტრის უფროსის ქეთევან ჭიპაშვილის განცხადებით, სკოლებში ვერტმფრენიდან კანფეტების ჩაყრის და კურთხევის შესახებ მან აქციის შემდეგ შეიტყო.
მამა იოანეს თქმით, თვეში ერთხელ სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით, ისინი ეპარქიის საზღვრებს აკურთხებენ, „ზოგჯერ კი ბავშვებსაც გაახარებენ ხოლმე“: „დღესაც სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი დაგვეხმარა. გნებავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდით, ყველაფერი იციან. სკოლის დირექტორებს ვთხოვეთ, რომ ბავშვები გარეთ ყოფილიყვნენ, კანფეტები ჩავუყარეთ და დავლოცეთ. მომავალ წელს სხვა სკოლებში ჩავყრით კანფეტებს და ვაკურთხებთ“.