მთავარი საზოგადოება ჯუმბერ პატიაშვილი: ძნელი საყურებელია გაყიდული საქართველო, ვიღუპებით და შიმშილით სიკვდილი გვემუქრება
რუბრიკებისაზოგადოება
ჯუმბერ პატიაშვილი: ძნელი საყურებელია გაყიდული საქართველო, ვიღუპებით და შიმშილით სიკვდილი გვემუქრება
ნოემბერი 9, 2017
ჯუმბერ პატიაშვილი
გაზეთ “საქართველო და მსოფლიოს” წინა ნომერში (#40, 2017წ.) გამოქვეყნდა ინტერვიუ ჯუმბერ პატიაშვილთან. ის თავის წიგნზე “23 წლის შემდეგ” და ამ წიგნის მიხედვით გადაღებულ ფილმზე “სიკეთე მაინც მოვა” გვესაუბრა. ბატონი ჯუმბერი თავის გულისტკივილს ამჯერად ერისთვის მტკივნეულ საკითხზე გვიზიარებს _ გაყიდულ საქართველოზე.
_ როგორი ქვეყანაც მინდოდა ყოფილიყო საქართველო, იქიდან არაფერი დარჩა… ეს ყველაფერი გულს მიკლავს, ვხედავ, როგორ ირყვნება საზოგადოება…
საზოგადოების დამახინჯება დიდი ხნის წინათ დაიწყო. ვინც სიმართლე თქვა, დაისაჯა, ხოლო დამნაშავენი კვლავ თანამდებობებზე არიან, ისტორიის, აწმყოს, მომავლის, არჩევნების გამყალბებლები.
პოლიტიკაში მოსვლის მსურველების ჯანმრთელობა აუცილებლად უნდა შემოწმდეს. ყველამ უნდა იცოდეს, როგორი ბავშვობა ჰქონდათ. ამას სერიოზულად ვამბობ.
დღეს სექსუალური გადახრების მქონე ადამიანებზე ბევრს საუბრობენ. ეს მოვლენა ახალი არ არის, ასეთი ადამიანები ყოველთვის არსებობდნენ, მაგრამ ადრე ამის ტირაჟირება, პროპაგანდა არ ხდებოდა, არ ვამჟღავნებდით, არც შეურაცხვყოფდით. ნიჭიერს ვაფასებდით, უნიჭომ კი თავისი ადგილი იცოდა.
_ დღეს ჩვენი საუბრის თემა გაყიდული საქართველოა. როდის და ვინ დაიწყო საქართველოს ნაწილ–ნაწილ გაყიდვა?
_ საქართველოს გაყიდვა მაშინ დავიწყეთ, აფხაზეთში ტანკებით რომ შევედით. ტანკით ასაღები იქ არაფერი იყო. ამ ომიდან, ყველამ კარგად ვიცოდით, რომ დამარცხებული საქართველო იქნებოდა. ჩემს წიგნზე “23 წლის შემდეგ” ერთმა კაცმა მითხრა: კარგი წიგნია, 95%-ში გეთანხმებით, მაგრამ 5%-ში არაო. აფხაზეთის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი ბორის ადლეიბა არ უნდა გაგეთავისუფლებინათ თანამდებობიდანო. არადა, ბორის ადლეიბამ მაშინ ხელი მოაწერა საქართველოდან აფხაზეთის გასვლაზე. არ შეიძლებოდა მისი თანამდებობაზე დატოვება… ეს ვრცელი თემაა. მოდი, შეკითხვას დავუბრუნდები _ მიწები გაიყიდა, არადა, შესაძლებელი იყო, სოფელს, თემს დარჩენოდა და მას დაემუშავებინა. ყოველთვის ვეწინააღმდეგებოდი ინვესტიციის მოზიდვის მიზნით მიწების გაყიდვას, რადგან ეს არის ბლეფი.
მიწის გაყიდვას აუცილებლად მოჰყვება საწარმოების გაყიდვაც. ასეც მოხდა _ პირველი რუსთავის მეტალურგიული ქარხანა გაიყიდა, შემდეგ _ ზესტაფონის ფეროშენადნობის ქარხანა და მიჰყვა და მიჰყვა.
_ როგორ გაიყიდა და ვინ იყიდა ეს ქონება?
_ როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, საქართველოს მოსახლეობას ჰქონდა ქონება, დანაზოგი (საუბარია მილიარდებზე), რომელიც ისე დაიყვანეს ნულზე, რომ ვერავინ ვერაფერი გაიგო. ასეთი რამ არ მომხდარა არც ერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში. ქართული მრეწველობა, საწარმოები, უნიკალური ჩარხებითურთ, ჯართის ფასად გაიყიდა. დიახ, იყიდებოდა ლითონი. იყო ასეთი პიროვნება შადმან ვალავი _ მსოფლიო ბანკის წარმომადგენელი, რომელიც ვითომ გვეხმარებოდა… გვეუბნებოდა, თუ ფერად ლითონს არ გაყიდით, დახმარებას ვერ მიიღებთო. ჰოდა, ჩვენებმაც ყველაფერი გაყიდეს, ჩვენგან წაღებული ლითონით თურქეთი ამოძრავდა, მაგრამ ჩვენთან რა მოხდა? _ ბიუჯეტში არც ერთი კაპიკი არ შევიდა. საქართველო გაიყიდა და ხალხი გაღატაკდა.
მას შემდეგ დაიწყო ამ ქვეყანაში ყველაფრის გაყიდვა ერთ ლარად, ამას აკეთებდა ჯგუფი, რომელიც 1990-იან წლებში ხელისუფლებაში იყო. მათ სურდათ, დიდძალი ქონება ჩალის ფასად შეესყიდათ და შეისყიდეს კიდეც. არავინ კითხულობდა, რატომ იყიდეს ერთ ლარად, რით დაიმსახურეს, რა გაუკეთეს ამ ქვეყანას… ტენდენცია გაგრძელდა და დღემდე არ წყდება.
იყიდებოდა უძვირფასესი შენობა–ნეგებობები, ქარხნები, ფაბრიკები, სახნავ–სათესი მიწები, რომლებიც მილიონებად იყო შეფასებული… გაიყიდა კაპიკებში, თანაც ისე, რომ მყიდველის ვინაობა ხეირიანად არ ვიცით, რადგან, როგორც კახა ბენდუქიძე ამბობდა, ყველაფერი ოფშორულ ზონებშია დარეგისტრირებული…
ან ის რად ღირს, რაც თვითონ ბენდუქიძემ ჩაიდინა: კაპიკებში იყიდა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები თავის მიწიანად. დღეს ის ცოცხალი აღარ არის, მისი ქონება კი დარჩა მის შვილს, რომელიც საქართველოში არ ცხოვრობს და არც არასოდეს იცხოვრებს, სამაგიეროდ, უდიდესი ქონების (ლამის ნახევარი საქართველოს) მფლობელია.
დღემდე ვერ გავრკვეულვარ, როგორ მოახერხეს მილიარდობით ანაბრის გატანა ანგარიშებიდან, რა მექანიზმი შეიმუშავეს. ფაქტია, რომ მოსახლეობა მოატყუეს, უთხრეს, ფული გაორმაგდებაო, მაგრამ გააღატაკეს, ის ადამიანები ცოცხლები აღარ არიან, მაგრამ, ყველაფერს ფარდა თუ აეხდება, იქნებ აღარ განმეორდეს მსგავსი რამ.
უმდიდრესი ქვეყანა იყო საქართველო და უღატაკესად იქცა. სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნები კი აშენდნენ, მათ შორის ისეთებიც, რომლებშიც სისხლისღვრა იყო.
ძნელი საყურებელია გაყიდული საქართველო, ვიღუპებით და შიმშილით სიკვდილი გვემუქრება. გადაწყვეტილება ფრთხილად უნდა მივიღოთ… სისულელეებზე ვყვირით, მაშინ, როცა ქვეყანა გაყიდეს. რაც არ არის გაყიდული, ინგრევა, შესყიდული შენობები უყურადღებობით ნადგურდება. იყიდეს და მორჩა…
ხელისუფლებაში ჩემი ყოფნის პერიოდში 19 უმაღლესი სასწავლებელი იყო საქართველოში, მათი შემცირება მინდოდა. როდესაც საქართველო “დამოუკიდებელი” გახდა, 250 უმაღლესი სასწავლებელი გაიხსნა. ზოგ რაიონში შვიდი უმაღლესი სასწავლებელი ამოქმედდა, ზოგის რექტორი ინჟინერი იყო. მოკლედ, ქვეყანას 100 ათასი სტუდენტი ჰყავდა… თუ გინდა, ერს სასჯელი დააკისრო, ყველას უნდა მისცე უმაღლესი განათლება…
ყველასთვის უმაღლესი განათლების მიღებას საფუძველი ცოტა ადრე ჩაეყარა. ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ 35 ათასი ქართველი ახალგაზრდა სწავლობდა და ეს მაშინ შევიტყვე, როდესაც ლენინგრადში ჩხუბის გამო დააპატიმრეს ერთი ქართველი სტუდენტი, რომელმაც მილიციაში ახსნა-განმარტება ვერ დაწერა… ინფორმაცია გაზეთში გამოქვეყნდა და ეს ამბავი ჩემამდე ასე მოვიდა. დავიწყე კვლევა და აღმოჩნდა, რომ საბჭოთა კავშირის 365 უმაღლეს სასწავლებელში 35 ათასი ქართველი სწავლობდა და ბევრმა მათგანმა რუსული არ იცოდა. კალინინის სახელობის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში იმდენი ქართველი სწავლობდა, რომ ბოლოს კავკასიის სახელობის ინსტიტუტს უწოდებდნენ. თბილისში, სამედიცინო ინსტიტუტში პირველ კურსზე 800 სტუდენტი სწავლობდა, ხოლო ინსტიტუტს 1200 ამთავრებდა. აი, ეს არის ქვეყნის გაყიდვა, ეს არის ღალატი. ამის გამოსწორება რომ დავიწყე, უამრავი მტერი გავიჩინე.
ერთ ლარად გაყიდულ საქართველოზე რომ ვისაუბროთ, უნდა გამოქვეყნდეს ყველა დოკუმენტი, ყველას სახელი და გვარი, ვინც ეს ქონება მუქთად ჩაიგდო ხელში, მაგრამ ახლა, ალბათ, ძალიან ძნელი იქნება ამის დადგენა…
http://geworld.ge/ge/%e1%83%af%e1%83%a3%e1...83%9a%e1%83%98/ესეც წყარო..
------------
წაიკითხეთ ,კაია