თავისუფალი რადიკალების სტატია შემახსენა ფბ-მ. გადავიკითხე და მერე ამ ბლოგს ჩავყევი, გადავათვალიერე სხვა სტატიებიც და საკმაოდ საინტერესო ბლოგია. შეიძლება ფორუმელიც იყოს ავტორი
ეს სტატია მომეწონა და გადავწყვიტე გამეზიარებინა თქვენთვის
მეცნიერული მიდგომა
https://vepkhviamania.wordpress.com/2012/12...83%90/#more-286ამ სტატიაში ორი ადამიანის ახსნა იყო ჩემთვის ყველაზე გასაგები
პეტრე კროპოტკინი
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ინდუქცია, ინდუქციურ-დედუქციური მეთოდი – საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მეთოდი, რომელსაც ეყრდნობა ზოგადად მეცნიერებების განვითარება. ის მდგომარეობს შემდეგში:
1. ცდების და დაკვირვების მეშვეობით ცდილობენ მოიპოვონ ფაქტებზე ცოდნა, რომელიც შესასწავლ საგანს ეხება.
2. იკვლევენ და განიხილავენ ამ ფაქტებს, მივყავართ თუ არა მათ (ლათინური სიტყვა inducere) განზოგადებამდე (ანუ ზოგად მტკიცებულებამდე, რომელიც ფაქტების დიდ რაოდენობასა და ხარისხს მიეკუთვნება) ან ვარაუდამდე, ჰიპოთეზამდე, რაც ფაქტების გაერთიანებისა და განზოგადოების საშუალებას იძლება. (მაგალითად, დიდი რაოდენობის ფაქტებზე დაკვირვების შემდეგ, რომლებიც პლენეტების მოძრაობას ეხება, კეპლერმა გააკეთა განზოგადება და ჰიპოთეზა, რომ ყველა პლანეტა მოძრაობს მზის ირგვლივ ელიფსების ხაზზე, რომლებშიც მზეს უკავია ერთ-ერთი ფოკუსი.)
3. დაშვებული ჰიპოთეზიდან (ან ჰიპოთეზებიდან) გამოაქვთ შედეგი (ლათინური სიტყვა deducere), რომელიც ახალი ფაქტების წინასწარმეტყველების შესაძლებლობას იძლევა. თუ ჰიპოტეზა სწორია მაშინ ნაწინასწარმეტყველები ფაქტებიც სწორი უნდა იყოს.
4. ამ დასკვნებს და შედეგებს ადარებენ დაკვირვების ქვეშ მყოფ ფაქტებს, რომლებიც I პარაგრაფშია ნახსენები. თუ აუცილებელია აკეთებენ ახალ დაკვირვებებს და ახალ ცდებს, რომ გააკეთონ კონსტატირება ემთხვევა თუ არა ჰიპოთეზა დაკვირვებად ან ცდების შედეგად მიღებულ ფაქტებს. და უარყოფენ ან ცვლიან თავიანთ ჰიპოთეზას მანამ, სანამ არ იპოვიან ისეთს, რომელიც დაემთხვევა ჩვენთვის ცნობილ რეალურ ფაქტებს. (ამდაგვარად, კეპლერის ჰიპოთეზიდან გამოყავთ მდგომარეობები, რომლებიც თითოეულ პლანეტას ნებისმიერ დროს უნდა ეჭიროს მზის ირგვლივ თავის მოძრაობაში და ადარებენ გამოთვლილ მდგომარეობებს რეალურად არსებულ მდგომარეობებს. რადგან ისინი ემთხვევა ერთმანეთს, მაშასადამე ჰიპოთეზა მათლდება. ამის შემდეგ ანგარიშობენ პლანეტების მოძრაობის სიჩქარეს, ჰიპოთეზიდან გამომდინარე, რომ ისინიც ასევე შეადარონ ფაქტებს.) რაც შეეხება მცირე უზუსტობებს, რომელთა კონსტატირებაც უწევთ ხოლმე, მათ ასახსნელად ხელახლა იკვლევენ მიზეზებს იგივე ინდუქციური მეთოდით.
5. და ბოლოს, ჰიპოთეზა ითვლება კანონად, როდესაც ის მტკიცდება შემთხვევების დიდი რაოდენობით და როდესაც პოულობს მიზეზს, ანუ უფრო ზოგად მოვლენას, ვიდრე ფაქტი, რომელიც დადგენილია ინდუქციით. (პლანეტებისათვის კეპლერის ჰიპოთეზა მიღებულია როგორც კანონი – მუდმივი დამოკიდებულება, როცა ის დამტკიცდა საუკუნეების განმავლობაში და როცა კიდევ უფრო ზოგადმა მოვლენამ, გრავიტაციამ მისცა მას პირველი ახსნა.)
ეს მეთოდი არის ყველა ზუსტი მეცნიერებების მეთოდი.
სტივენ ჰოკინგი
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
იმისთვის, რომ ვილაპარაკოთ სამყაროს ბუნებაზე და ვიმსჯელოთ საკითხზე, აქვს თუ არა მას დასაწყისი და დასასრული, უნდა გქონდეთ ნათელი წარმოდგენა, რა არის მეცნიერული თეორია. მე გამოვიყენებ უმარტივეს წარმოდგენას, რომ თეორია მხოლოდ სამყაროს მოდელია ან მისი შეზღუდული ნაწილი, და რომ იგი არის წესების კრებული, რომელიც აკავშირებს მოდელის სიდიდეებს ჩატარებულ დაკვირვებებთან. თეორია მხოლოდ ჩვენს გონებაში არსებობს და არა რეალურად (რასაც არ უნდა ნიშნავდეს ეს). თეორია კარგია, თუ იგი ორ პირობას აკმაყოფილებს: მან კარგად უნდა აღწეროს დაკვირვებათა დიდი კლასი ისეთი მოდელის საფუძველზე, რომელიც მხოლოდ რამდენიმე განუსაზღვრელ ელემენტს შეიცავს, და მან უნდა იწინასწარმეტყველოს მომავალი დაკვირვებების შედეგები. არისტოტელეს თეორია, რომ ყველაფერი ოთხი ელემენტისგან – მიწის, ჰაერის, ცეცხლისა და წყლისაგან შედგება, ხარისხობრივად მარტივია, მაგრამ მას არაფერი უწინასწარმეტყველია. მეორე მხრივ, ნიუტონის გრავიტაციის თეორია დაფუძნებული იყო კიდევ უფრო მარტივ საფუძველზე, რომელშიც სხეულები მიიზიდავენ ერთმანეთს ძალით, რომელიც პროპორციულია მასად წოდებული სიდიდეებისა და უკუპროპორციულია მათ შორის მანძილის კვადრატისა. ამის მიუხედავად, მან იწინასწარმეტყველა მზის, მთვარისა და პლანეტების მოძრაობა ძალიან დიდი სიზუსტით. ყველა ფიზიკური თეორია დროებითია, რადგან იგი მხოლოდ ჰიპოთეზაა: შეუძლებელია მისი დამტკიცება. არა აქვს მნიშვნელობა, რამდენჯერ დაემთხვევა რომელიღაც თეორიის შედეგები ექსპერიმენტალურ მონაცემებს, არ არსებობს იმის გარანტია, რომ ოდესღაც რაღაც ექსპერიმენტის შედეგი არ მოვა წინააღმდეგობაში თეორიასთან. მეორე მხრივ, შესაძლებელია უარის თქმა თეორიაზე, თუ ერთადერთი ექსპერიმენტი არ დაემთხვევა თეორიის შედეგებს. როგორც მეცნიერების ფილოსოფოსი კარლ პოპერი აღნიშნავდა, კარგი თეორია ხასიათდება იმით, რომ იგი იძლევა წინასწარმეტყველებათა რიგს, რომელიც, პრინციპში, შეიძლება იყოს უარყოფილი ან გაყალბებული ექსპერიმენტით. იმ დროის განმავლობაში, სანამ ახალი ექსპერიმენტების შედეგები ემთხვევა თეორიას, იგი ცოცხლობს და ნდობა მის მიმართ სულ უფრო იზრდება. მაგრამ, თუ ერთი ახალი ექსპერიმენტი მაინც მოიძებნა, რომელიც ეწინააღმდეგება თეორიას, იგი უნდა აურვყოთ ან მოვახდინოთ თეორიის მოდიფიკაცია. ეს ის არის, რაც შეიძლება მოხდეს, მაგრამ საბოლოო დასკვნის გამოტანამდე, უნდა შევამოწმოთ, რამდენად კომპეტენტურია ექსპერიმენტატორი. პრაქტიკულად, ხშირად ხდება, რომ ახალი თეორია იქმნება როგორც წინა თეორიის გავრცობა ან განზოგადოება. მაგალითად, პლანეტა მერკურის ძალიან ზუსტმა დაკვირვებამ აღმოაჩინა განსხვავება მის მოძრაობასა და იმას შორის, რასაც გვაძლევს ნიუტონის თეორია. აინშტაინის ფარდობითობის (რელატივიზმის) ზოგადმა თეორიამ მოგვცა ნიუტონის თეორიისგან ოდნავ განსხვავებული შედეგი მერკურის მოძრაობისათვის. ფაქტია, რომ აინშტაინის წინასწარმეტყველება უკეთ აკმაყოფილებს დაკვირვების შედეგს, ვიდრე ნიუტონისა, რაც შესანიშნავად ასაბუთებს ახალი თეორიის სისწორეს. თუმცა ჩვენ დღემდე ვიყენებთ ნიუტონის თეორიას ყველა პრაქტიკულ შემთხვევაში, რადგან მისი შედეგები უმნიშვნელოდ განსხვავდება ზოგადი რელატივიზმისგან იმ შემთხვევებში, რომელთანაც, ჩვეულებრივ, გვაქვს საქმე (ამასთან ნიუტონის თეორიას აქვს ის დიდი უპირატესობა, რომ გათვლები მასში გაცილებით მარტივია აინშტაინისაზე).
მეცნიერების საბოლოო მიზანია ერთი თეორიის შექმნა, რომელიც აღწერს მთელ სამყაროს. ამის მიუხედავად, მეცნიერთა უმეტესობა იყენებს მიახლოებას, რომელიც გულისხმობს პრობლემის ორ ნაწილად გაყოფას. ჯერ ერთი, არსებობს კანონები, რომლებიც გვეუბნება როგორ იცვლება სამყარო დროის მიხედვით (თუ ვიცით, როგორია სამყარო დროის მოცემულ მომენტში, ეს ფიზიკური კანონები გვეუბნებიან, როგორი იქნება იგი მომავლის ნებისმიერ მომენტში). მეორე არის სამყაროს საწყისი მდგომარეობის საკითხი. ზოგიერთს ჰგონია, რომ საჭიროა ყურადღების გამახვილება მხოლოდ პირველ ნაწილზე; მათ მიაჩნიათ, რომ საწყისი მდგომარეობის საკითხი მეტაფიზიკის ან რელიგიის სფეროა. ისინი ამბობენ, რომ ყოვლისშემძლე ღმერთს შეეძლო სამყაროს შექმნა ისეთნაირად, როგორც მოინდომებდა. ეს, შეიძლება, ასეცაა, მაგრამ ამ შემთხვევაში, ღმერთს ასევე შეეძლო მისი განვითარება ნებისმიერი გზით. თუმცა, როგორც ვხედავთ, მან აირჩია განვითარების რეგულარული გზა გარკვეული კანონების მიხედვით. ამიტომ, ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ არსებობს კანონები, რომლებიც მართავენ სამყაროს საწყის მდგომარეობას.
აღმოჩნდა, რომ ძალიან ძნელია ისეთი თეორიის გამოგონება, რომელიც სამყაროს ერთიანად აღწერს. ამის მაგივრად, ჩვენ ვყოფთ თეორიას ნაწილებად და ვიგონებთ რამდენიმე ნაწილობრივ თეორიას. თითოეული ამ ნაწილობრივი თეორიიდან აღწერს და წინასწარმეტყველებს დაკვირვებათა შეზღუდულ კლასს ისე, რომ უგულებელყოფს სხვა სიდიდეებს ან უბრალოდ წარმოადგენს მათ როგორც რიცხვების კრებულს. შესაძლებელია, რომ ასეთი მიახლოება არაფრად ვარგა. თუ სამყაროში ყველაფერი დამოკიდებულია რაღაცაზე ფუნდამენტური გზით, შეუძლებელია მივუახლოვდეთ სრულ ამოხსნას პრობლემის ნაწილების დამოუკიდებლად შესწავლის გზით. ამის მიუხედავად, ეს ის გზაა, რომლითაც წარსულში ჩვენ წარმატებებს ვაღწევდით. ამის მაგალითია ნიუტონის გრავიტაციის თეორია, რომელიც გვეუბნება, რომ გრავიტაციული ძალა ორ სხეულს შორის დამოკიდებულია თითოეულ სხეულთან დაკავშირებულ მხოლოდ ერთ რიცხვზე – მასაზე – და არ არის დამოკიდებული, რისგანაც არის გაკეთებული სხეული. ამიტომ არ გვჭირდება თეორია მზისა და პლანეტების აგებულებისა და შემადგენლობის შესახებ მათი მოძრაობის ორბიტების გამოსათვლელად.
დღეს მეცნიერები აღწერენ სამყაროს ორი ბაზისური ნაწილობრივი თეორიის საშუალებით – ფარდობითობის ზოგადი თეორია და კვანტური მექანიკა. ორივე ეს თეორია წარმოადგენს მეოცე საუკუნის პირველი ნახევრის უდიდეს ინტელექტუალურ მიღწევას. ფარდობითობის ზოგადი თეორია აღწერს გრავიტაციის ძალასა და სამყაროს დიდმასშტაბიან აგებულებას, რაც გულისხმობს ზომებს მხოლოდ რამდენიმე მილიდან მილიონ მილიონ მილიონ მილიონ (1 ოცდაოთხი ნულით მის შემდეგ) მილამდე, რაც დაკვირვებადი სამყაროს ზომას წარმოადგენს. ქვანტური მექანიკა, მეორე მხრივ, სწავლობს მოვლენებს ძალიან მცირე მანძილებზე, როგორიცაა სანტიმეტრის მემილიონედის მემილიონედი. საუბედუროდ, ეს ორი თეორია არ არის ერთმანეთთან თავსებადი და, ამიტომ, არც ერთი არ შეიძლება სწორი იყოს. დღევანდელი ფიზიკის ერთ-ერთი მცდელობა და ამ წიგნის ძირითადი თემა არის ამ ორი თეორიის ერთიან, გრავიტაციის კვანტურ თეორიაში, გაერთიანება. ჩვენ ჯერ არა გვაქვს ასეთი თეორია და, შესაძლებელია დიდი გზა გვაქვს გასავლელი მის შექმნამდე, მაგრამ დღეს უკვე ბევრი ვიცით იმ თვისებების შესახებ, რომლებიც მას უნდა ჰქონდეს. შემდგომ თავებში ჩვენ ვნახავთ, რომ უკვე ბევრი რამ ვიცით იმის შესახებ, რა უნდა იწინასწარმეტყველოს გრავიტაციის ქვანტურმა თეორიამ. თუ დავიჯერებთ, რომ სამყარო იმართება განსაზღვრული კანონებით, საბოლოოდ უნდა მოვახდინოთ ნაწილობრივი თეორიების გაერთიანება ერთიან თეორიაში, რომელიც აღწერს ყველაფერს სამყაროში. მაგრამ არსებობს ერთი ფუნდამენტური პარადოქსი ასეთი ერთიანი თეორიის ძიების გზაზე. ზემომოყვანილი თეორიების განხილვისას ვგულისხმობდით, რომ ჩვენ ვართ რაციონალური არსებანი, რომელთაც შეუძლიათ თავისუფლად, თავისი სურვილისამებრ, დავუკვირდეთ სამყაროს და გამოვიტანოთ ლოგიკური დასკვნა ამ დაკვირვებიდან. სამართლიანია ვიგულისხმოთ, რომ შესაძლებელია სულ უფრო მივუახლოვდეთ სამყაროს მმართველ კანონებს. და კიდევ, თუ არსებობს სრული გაერთიანების თეორია, იგი, შესაძლებელია, თვითონ უნდა განსაზღვროს ჩვენს ქმედებები, ე.ი., თეორიამ თვითონ უნდა განსაზღვროს ჩვენი ძიების შედეგები! თუ ასეა, საიდან ჩანს, რომ დაკვირვებიდან სწორ დასკვნას გამოვიტანთ? ასევე მოსალოდნელი არ არის, რომ იგი მიგვიყვანს მცდარ დასკვნამდე? ან, საერთოდ, არავითარ დასკვნამდე?
ერთადერთი პასუხი, რომელიც შემიძლია გავცე ამ კითხვაზე არის ბუნებრივი სელექციის დარვინისეული პრინციპი. მისი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ნებისმიერ თვითგანახლებად ორგანიზმთა პოპულაციაში არსებობს ვარიაციები გენეტიკურ მასალასა და აღზრდაში, რომელიც აქვთ ცალკეულ ინდივიდებს. ეს განსხვავებები ნიშნავს, რომ ზოგიერთ ინდივიდს სხვებზე უკეთესად შეუძლიათ გამოიტანოს დასკვნა მის გარემომცველ სამყაროზე და იმოქმედოს შესაბამისად. უფრო ალბათიანია, რომ ეს ინდივიდები გადარჩებიან და გამრავლდებიან და მათი ქცევისა და ფიქრის ნორმები გახდება განმსაზღვრელი. ალბათ, მართალი იყო წარსულში გამოთქმული აზრი, რომ ის, რასაც ჩვენ ინტელექტსა და მეცნიერულ აღმოჩენებს ვეძახით, მიღებული გვაქვს იმის შედეგად, რომ კაცობრიობა უპირატესობას აძლევს იმ გზებს, რომლებიც უკეთ არის მორგებული ადამიანთა მოდგმის გადარჩენისათვის. თუმცა ნათელი არ არის, რომ ეს ნამდვილად იძლევა მოდგმის გადარჩენის უპირატესობას, რადგან ჩვენმა მეცნიერულმა აღმოჩენებმა შეიძლება გაგვანადგურონ, და ეს ასეც რომ არ იყოს, სრული გაერთიანების თეორიამ შეიძლება ვერ გამოარჩიოს ჩვენი გადარჩენის შანსი. მიუხედავად ამისა, თუ სამყარო ვითარდება რეგულარული გზით, შეიძლება ველოდოთ, რომ მსჯელობის უნარი, რომელიც მივიღეთ სელექციის შედეგად, გამოგვადგება სრული გაერთიანებული თეორიის ძიებაში და არ მიგვიყვანს მცდარ დასკვნამდე. რადგან ნაწილობრივი თეორიები, რომლებიც ჩვენ უკვე გვაქვს, საკმარისია ყველა განსაკუთრებით ექსტრემალური სიტუაციის ზუსტი წინასწარმეტყველებისათვის, სამყაროს აგებულების საბოლოო თეორიის ძიება რთული უნდა იყოს პრაქტიკული თვალსაზრისით (შეიძლება ეს არ იყოს დასაბუთება, მაგრამ ანალოგიურ არგუმენტებს აყენებდნენ რელატივისტური და ქვანტური თეორიის წინააღმდეგ, მაგრამ, საბოლოოდ, ამ თეორიებმა მოგვცეს ბირთვული ენერგია და მიკროელექტრონული რევოლუცია!). შესაძლებელია, რომ სრული გაერთიანების თეორიის აღმოჩენა არ იყოს მიმართული ჩვენი მოდგმის გადასარჩენად. მან, შესაძლებელია, არც ჩვენი ცხოვრების წესი შეცვალოს. მაგრამ ცივილიზაციის დასაწყისიდან ადამიანები არ კმაყოფილდებოდნენ აუხსნელი და გაუგებარი მოვლენების დაკვირვებით. მათ ყოველთვის იზიდავდა სამყაროს განვითარების წესრიგის გარკვევა. დღეს ჩვენ მივისწრაფვით გავიგოთ რატომ ვართ აქ და საიდან მოვდივართ. კაცობრიობის უღრმესი მისწრაფება ცოდნისკენ ჩვენი დაუსრულებელი კითხვების საკმარისი გამართლებაა. და ჩვენი მიზანი სხვა არაფერია, თუ არა იმ სამყაროს სრული აღწერა, რომელშიც ვცხოვრობთ.
[ნაწყვეტი ჰოუკინგის წიგნიდან „დროის მოკლე ისტორია“]
საინტერესო საღამოს გისურვებთ
This post has been edited by Jules Winnfield on 16 Nov 2017, 16:25