suma11
Super Crazy Member

     
ჯგუფი: Members
წერილები: 5964
წევრი No.: 89254
რეგისტრ.: 18-April 09
|
#51776798 · 4 Dec 2017, 16:00 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობისას, 2015 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 8 სექტემბრამდე პერიოდში, არჩილ თალაკვაძის ანაზღაურებამ 237 354 ლარი შეადგინა. თანამდებობრივ სარგოსთან ერთად, რომლის ოდენობა ამ პერიოდში 54 400 ლარი იყო, მან ხელფასის სრული ოდენობით დანამატი 67-ჯერ მიიღო, - ჯამში 182 954 ლარი.
არჩილ თალაკვაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე 2014 წლის დეკემბერში დაინიშნა, საიდანაც, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის გამო, 2016 წლის 8 სექტემბერს გადადგა. პარლამენტის წევრად იგი ოზურგეთის №59 მაჟორიტარული ოლქიდან იქნა არჩეული. არის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი.
ოფიციალურად დეკლარირებული მონაცემებით, არჩილ თალაკვაძემ, 2016 წლის 1 იანვრიდან 8 სექტემბრამდე პერიოდში, შს მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე, სადაც მისი ყოველთვიური სარგო 2720 ლარი იყო, ანაზღაურების სახით 95 895 ლარი მიიღო, ანუ თვეში საშუალოდ 11 986 ლარი.
მათ შორის, თანამდებობრივი სარგოს ოდენობა 8 თვეში შეადგენდა 21 760 ლარს, ხოლო დანარჩენი თანხა - 74 135 ლარი, - სხვადასხვა სახის დანამატებია.
წინა ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, არჩილ თალაკვაძემ იმავე თანამდებობაზე 2015 წელს მიიღო 141 459 ლარი (თვეში საშუალოდ 11 785 ლარი), საიდანაც სარგოს ოდენობა 32 640 ლარი იყო, ხოლო 40-ჯერ მიღებული დანამატების ჯამური თანხა - 108 819 ლარი.
კახეთის საოლქო პროკურორმა ვაჟა ფანოზიშვილმა 2016 წელს ხელფასთან ერთად დანამატი 23-ჯერ მიიღო, სულ ჯამში 101 240 ლარი, რაც პრემიერ-მინისტრის ხელფასზე თითქმის 2-ჯერ მეტია. საოლქო პროკურორის ხელფასი მნიშვნელოვნად აღემატება საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარის, უკლებლივ ყველა მინისტრისა და პარლამენტის წევრების ანაზღაურებასაც.
ვაჟა ფანოზიშვილი კახეთის საოლქო პროკურორის თანამდებობაზე 2014 წლის 12 სექტემბერს დაინიშნა. მანამდე ეკავა სხვადასხვა ხელმძღვანელი თანამდებობები საქართველოს მთავარ პროკურატურის აპარატში და ქალაქ თბილისის პროკურატურაში. 2017 წლის 26 სექტემბერს იგი ფინანსთა სამინისტროში საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.
ბოლო ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ვაჟა ფანოზიშვილმა 2016 წელს 101 240 ლარი მიიღო, მათ შორის, დანამატის სახით, - 66 080 ლარი, რაც დაახლოებით 3-ჯერ აღემატება საოლქო პროკურორის თანამდებობრივ სარგოს.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 10 ივლისის №35 ბრძანების თანახმად, ქალაქ თბილისის პროკურორის, აჭარისა და აფხაზეთის ა/რ პროკურორების, ასევე საოლქო პროკურორების ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო 2930 ლარია, რაც წელიწადში 35 160 ლარს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ კახეთის პროკურორის ანაზღაურება აღემატება საქართველოს ყველა სხვა საოლქო პროკურორის ხელფასს. მაგალითად, ქვემო ქართლის პროკურორმა ლევან გეგეჭკორმა 2016 წელს მიიღო 99 260 ლარი, აჭარის ა/რ პროკურორმა ლევან პაქსაშვილმა - 98 439 ლარი. 98 240 ლარი მიიღეს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორმა ავთანდილ კოჭლამაზაშვილმა, სამცხე-ჯავახეთის პროკურორმა მალხაზ კაპანაძემ, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის პროკურორმა შოთა ტყეშელაშვილმა.
საინფორმაციო ცენტრების ქსელი წერდა, რომ ვაჟა ფანოზიშვილმა 2015 წელსაც სხვა საოლქო პროკურორებზე მეტი ანაზღაურება მიიღო - ჯამში 100 765 ლარი, რაც ასევე ბევრად აღემატებოდა გუბერნატორების, რაიონული სასამართლოების თავმჯდომარეებისა და სხვა მაღალჩინოსნების ხელფასებს.
შედარებისთვის, საქართველოს პრეზიდენტის წლიური ხელფასი 82 800 ლარია, პარლამენტის თავმჯდომარისა - დაახლოებით 80 000 ლარი. 2016 წელს 51 370 ლარი შეადგინა საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მიერ მიღებულმა წლიურმა ხელფასმა. საქართველოს მთავრობის წევრების - მინისტრების წლიური ანაზღაურება 75 000 ლარია, პარლამენტის წევრებისა კი, დაკავებული თანამდებობის შესაბამისად, 55 000-დან 66 500-მდე ლარი
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა გიორგი ბადაშვილმა, რომელიც ამჟამად მთავარი პროკურორის მოადგილეა, 2016 წელს 121 152 ლარის ოდენობით ანაზღაურება მიიღო, საიდანაც თანამდებრივი სარგო 35 400 ლარია, ხოლო 29-ჯერ მიღებული დანამატები ჯამში 85 752 ლარს შეადგენს.
გიორგი ბადაშვილი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს 2015 წლის 2 დეკემბრიდან 2017 წლის ივნისამდე ხელმღვანელობდა. 2017 წლის 7 ივნისს დაინიშნა საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილედ. ოთარ ფარცხალაძის გადადგომის შემდეგ, 2014 წლის 21 იანვრიდან 2015 წლის 2 დეკემბრამდე, ეკავა ქვეყნის მთავარი პროკურორის თანამდებობა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობრივი სარგო თვეში 2950 ლარია, ანუ წელიწადში 35 400 ლარი. ოფიციალურად დეკლარირებული მონაცემებით, გიორგი ბადაშვილმა 2016 წელს ანაზღაურების სახით მიიღო 121 152 ლარი, საიდანაც 85 752 ლარი დანამატების თანხაა.
აღსანიშნავია, რომ მთავარი პროკურორის თანამდებობაზე მუშაობისას გიორგი ბადაშვილის ანაზღაურება მნიშვნელოვნად ნაკლები იყო და წელიწადში 107 580 ლარს შეადგენდა, თუმცა თანამდებობრივი სარგო გაცილებით მეტი - თვეში 3910 ლარი იყო.
„რეგინფო“ წერდა, რომ გიორგი ბადაშვილის მამამ - ნუგზარ ბადაშვილმა 2016 წელს საგარეჯოში, სოფელ მანავში მდებარე 14 ერთეული სახნავი მიწის ნაკვეთი იყიდა, რომლებიც წინა წლებში ნაყიდ სხვა ნაკვეთებთან ერთად საჯარო რეესტრში დაირეგისტრირა. მიწის ნაკვეთების ფართობი ჯამში 227 467 მ2-ს შეადგენს.
იქვე აღნიშნულია, რომ ნუგზარ ბადაშვილი 2012 წლიდან დასაქმდა სახელმწიფო საწარმოებში - ჯერ შპს „მყარი ნარჩენების კომპანიაში“, შემდეგ კი „საქართველოს რკინიგზაში“, სადაც მისი ხელფასი ყოველწლიურად ორმაგდებოდა და ბოლო მონაცემებით, თითქმის 7-ჯერ გაიზარდა.
მასალის გამოქვეყნების შემდეგ, გიორგი ბადაშვილმა ქონებრივი მდგომარეობის ახალ დეკლარაციაში ოჯახის წევრები საერთოდ აღარ მიუთითა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ, რომლის ძირითადი თანამდებობრივი სარგო თვეში 5500 ლარია, 2016 წელს 197 307 ლარის ოდენობით ანაზღაურება მიიღო, რაც თვეში საშუალოდ 16 442 ლარს შეადგენს.
ოფიციალურად დეკლარირებული მონაცემებით, ცესკოს თავმჯდომარის მიერ 2016 წლის განმავლობაში მიღებულმა ძირითადმა ხელფასმა 66 000 ლარი, ხოლო პრემია-დანამატებისა და საარჩევნო პერიოდში გაცემული დამატებითი ხელფასის სახით გაცემულმა თანხამ კი 131 307 ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ერთ თვეში, - 2016 წლის ოქტომბერში, - თამარ ჟვანიას ანაზღაურება 27 500 ლარი იყო.
გაზეთ „ბათუმელების“ მიერ გავრცელებული მასალის მიხედვით, თამარ ჟვანიამ 2017 წლის იანვარში, მარტში, აპრილსა და ივნისში 11 ათასი ლარი მიიღო, სექტემბერში - 16 500 ლარი, ოქტომბერში - 22 000 ლარი, ხოლო ნოემბერში - 15 766 ლარი.
2016 წელს ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი შარაბიძემ 168 608 ლარი მიიღო, რაც თვეში საშუალოდ 14 050 ლარია, ხოლო კომისიის მდივანმა გიორგი ჯავახიშვილმა 165 021 ლარი, ანუ თვეში საშუალოდ 13 751 ლარი.
იმავე წელს ცესკოს კომისიის წევრების, თანამდებობის პირებისა და ხელშეკრულებით დასაქმებული მოსამსახურეების შრომის ანაზღაურებისთვის ჯამში 9 436 279 ლარი დაიხარჯა. მათ შორის, ხელფასების სახით გაცემულმა თანხამ 4 990 054 ლარი, დანამატებმა 2 969 058 ლარი,1 477 167 ლარი კი პრემიის სახით იქნა გაცემული.
თბილისის მერის ორმა მოადგილემ 2016 წლის განმავლობაში პრემია და დანამატები 15-ჯერ, ვიცე-მერმა კი 13-ჯერ მიიღეს. მათი ანაზღაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელფასზე მნიშვნელოვნად მეტია, ხოლო დედაქალაქის მერის ხელფასს თითქმის 2-ჯერ აღემატება.
ქალაქ თბილისის მერიის თანამდებობის პირთა სარგოების ოდენობა ქალაქის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-86 დადგენილებით არის განსაზღვრული, რომლის თანახმად, მერის პირველი მოადგილის (ვიცე-მერის) ხელფასი თვეში 2950 ლარია, სხვა მოადგილეებისა - 2800 ლარი.
ოფიციალურად დეკლარირებული მონაცემებით, დედაქალაქის ვიცე-მერმა ლაშა აბაშიძემ 2016 წლის განმავლობაში 73 475 ლარი მიიღო, მათ შორის, ხელფასი - 35 400 ლარი, ხოლო 13-ჯერ მიღებული პრემია-დანამატების სახით - 38 075 ლარი.
15 – 15 დანამატი და პრემია აიღეს დავით ნარმანიას მოადგილეებმა - ნინო ხატისკაცმა და ირაკლი ლექვინაძემ. მათი ძირითადი ხელფასის ოდენობა წელიწადში 33 600 ლარს შეადგენს, თუმცა მერის ორივე მოადგილემ დაახლოებით 2,3-ჯერ მეტ ანაზღაურება მიიღო: ნინო ხატისკაცმა - 75 455 ლარი, ირაკლი ლექვინაძემ კი 75 320 ლარი.
თბილისის მერის კიდევ 2 მოადგილე - გიგა ნიკოლეიშვილი და ნატო ქიტიაშვილი თანამდებობაზე 2016 წლის 3 აგვისტოს დაინიშნენ. გიგა ნიკოლეიშვილმა 5 თვის განმავლობაში მიიღო 32 171 ლარი, მათ შორის, პრემია-დანამატის სახით - 18 171 ლარი, ხოლო ნატო ქიტიაშვილმა 24 640 ლარი, საიდანაც 10 640 ლარი პრემიისა და დანამატის თანხაა.
ბოლო ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, თბილისის მერის წლიური ანაზღაურება 38 160 ლარი იყო, ესე იგი თვეში 3180 ლარი. დავით ნარმანიას დანამატი ან პრემია არ აუღია.
ინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის შალვა ხუციშვილის ანაზღაურება 2016 წელს 145 291 ლარი იყო. თანამდებობრივ სარგოსთან ერთად, რომლის წლიური ოდენობა 32 640 ლარია, მან თითქმის 4.5-ჯერ მეტი სხვადახვა სახის დანამატი მიიღო, სულ 112 651 ლარი.
შალვა ხუციშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე 2015 წლის 5 აგვისტოს დაინიშნა. მანამდე იყო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი, 2004-2014 წლებში მთავარ სპეციალისტად მუშაობდა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ დეპარტამენტში.
ოფიციალურად დეკლარირებული ინფორმაციით, შალვა ხუციშვილმა 2016 წელს აღნიშნულ თანამდებობაზე ანაზღაურების სახით 145 291 ლარი მიიღო, ანუ თვეში საშუალოდ 12 107.5 ლარი. აქედან, თანამდებობრივი სარგო შეადგენს 32 640 ლარს (მინისტრის მოადგილის სარგო თვეში 2720 ლარია), ხოლო დანარჩენი თანხა - 112 651 ლარი სხვადასხვა სახის დანამატებია.
მიმდინარე წლის ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, ასევე სოლიდური რაოდენობით დანამატები მიიღეს შს მინისტრის სხვა მოადგილეებმაც. იმავე პერიოდში, მერაბ მალანიას თანამდებობრივი სარგოს და დანამატების ჯამურმა ოდენობამ 138 448 ლარი შეადგინა (თვეში საშუალოდ 11 537 ლარი). მათ შორის, დანამატების თანხა 105 808 ლარია, რაც მის თანამდებობრივ სარგოზე 3.3-ჯერ მეტია.
132 100 ლარის ოდენობით ანაზღაურება, ანუ თვეში საშუალოდ 11 008 ლარი მიიღო მინისტრის კიდევ ერთმა მოადგილემ - დავით ვარდიაშვილმა, რომელიც ამ თანამდებობაზე 2016 წლის იანვარში დაინიშნა.
„რეგინფო“ წერდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში მინისტრზე მაღალ ანაზღაურებას 27 მაღალჩინოსანი იღებს. გიორგი მღებრიშვილის წლიური ხელფასი 75 859 ლარია, მისი ერთ-ერთი მოადგილისა და სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსის ზურაბ გამეზარდაშვილის ანაზღაურება კი 154 288 ლარი იყო, ანუ თვეში 12 857 ლარი.
|