ამ თემაში ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ გვირთულებს ცხოვრებას გაუცნობიერებლობა, სირცხვილი და შიში და როგორ ვუშლით საკუთარ თავს ხელს დახმარების მიღებაში.
ვისაუბროთ ფიზიოლოგიურად ჯანმრთელი ტვინის, ნერვული და სხვა სისტემების გამართულად ფუნქციონირების შემთხვევაში წარმოქმნილ, მეტ-ნაკლებად მსუბუქ (თუ შეიძლება ასე მოვიხსენიოთ) პრობლემებზე და არა ფიზიკური პათოლოგიებითა და დაზიანებებით გამოწვეულ ფსიქიატრიულ დარღვევებზე ან ფსიქოტურ დაავადებებზე, რომლებიც რეალობასთან კავშირის წყვეტას, აღქმისა და ქცევის სერიოზულ პრობლემებს იწვევს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია
მენტალურ ჯანმრთელობას განსაზღვრავს შემდეგნაირად:
„ეს არის კეთილდღეობის ისეთი მდგომარეობა, როდესაც პიროვნება აცნობიერებს საკუთარ პოტენციალს, უმკლავდება ზომიერ ცხოვრებისეულ სტრესს, მოქმედებს პროდუქტიულად და ნაყოფიერად, და შესწევს უნარი სარგებელი მოუტანოს საზოგადოებას“. ზოგადად ჯანმრთელობა კი ასეა განმარტებული:
„ჯანმრთელობა არის სრული ფიზიკური, მენტალური და სოციალური კეთილდღეობა და არა უბრალოდ დაავადების ან სისუსტის არ არსებობა“.
მენტალური ჯანმრთელობა განსაზღვრავს თუ რას ვფიქრობთ, რას ვგრძნობთ, როგორ ვიქცევით, რამდენად კარგად და კომფორტულად ვართ ფსიქოლოგიურად, ემოციურად და სოციალურად. როგორ აღვიქვამთ საკუთარ თავს და გარე სამყაროს, როგორ ურთიერთვქმედებთ მასთან, როგორ ვუდგებით და ვუმკლავდებით თუნდაც ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემებს.
მენტალური ჯანმრთელობა უმნიშვნელოვანეს გავლენას ახდენს ცხოვრების ყველა ასპექტზე, ცხოვრების ხარისხზე და სინამდვილეში ფიზიკურ ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვანი როლი უჭირავს.
თუ ფიზიკურად ჯანმრთელი ვარ, ესე იგი ყველაფერი კარგადაა ისეთივე მნიშვნელოვანი ცდომილებაა როგორც
თუ მზიანი დღეა ყველაფერი კარგადაა, რადგან არა ფიზიკური ჯანმრთელობა და გარემო გვიქმნის თავისთავად კარგად ყოფნის შეგრძნებას, არამედ მენტალური მდგომარეობა განსაზღვრავს თუ როგორ ვგრძნობთ თავს ფიზიკურ ჯანმრთელობასთან ან მზიან დღესთან დაკავშირებით. როცა მზიან დღეს ფიზიოლოგიურად ჯანმრთელი ვსეირნობთ პარკში, ეს მოცემულობა კი არ გვაგრძნობინებს თავისთავად თავს კარგად, არამედ გონებით განსაზღვრავთ, თუ როგორ ინტერპრეტაციას ვუკეთებთ, როგორ აღვიქვამთ ამ გარემოებებს.
ფსიქოთერაპევტს ან ფსიქოლოგს საჭიროა მივმართოთ მაშინ, როცა ჩვენი განწყობა, აზროვნება, ქცევა, თვითშეგრძნება ხანგრძლივი დროის განმავლობაში ნეგატიურ გავლენას ახდენს, დაუძლეველ ან ძნელად დაძლევად სირთულეებს გვიქმნის ყოველდღიურობაში ან ზოგადად ცხოვრებაში, იქნება ეს სახლი, სამსახური თუ სხვა სფეროები და ურთიერთობები. როდესაც კარგად და კომფორტულად ვერ ვგრძნობთ თავს საკუთარ თავთან, სხვა ადამიანებთან, გარემოსთან, ცხოვრებასთან მიმართებაში და ამით ხელი გვეშლება ხარისხიანად ცხოვრებაში, ეს ნიშნავს, რომ ფსიქოლოგიური დახმარება გვჭირდება.
სამწუხაროდ, ისეთი ფსიქოლოგიური პრობლემების გააზრება, დახმარებისთვის მიმართვა და მოგვარება, რომლებიც შეიძლება ხელს გვიშლიდეს სუნთქვაში და გადაადგილებაშიც კი და უდიდეს დისკომფორტს გვიქმნიდეს ყოველდღიურად, რომ აღარაფერი ვთქვათ სოციალურ ურთიერთობებზე, მიზნების მიღწევაზე, წარმატებაზე, ბედნიერებაზე და სხვა, ფიზიოლოგიური პრობლემებისგან განსხვავებით, რიგ სირთულეებთან არის დაკავშირებული.
ძირითადად, რაც ფსიქოლოგიური პრობლემების მოგვარებაში გვიშლის ხელს, არის:
- გაუცნობიერებლობა - ცოდნის/ინფორმაციის/შემეცნების არ ქონა, მცდარი/დამახინჯებული ცოდნა/ინფორმაცია, გაურკვევლობა და/ან მცდარი დასკვნები
- და აქედან გამომდინარე სირცხვილი და შიში
ამ ფაქტორების გავლენით, მივყვებით და სხვადასხვა ეტაპზე ვაწყობთ მცდარ რწმენებს, მსჯელობებს, გამოცდილებებს და წლების, შეიძლება მთელი ცხოვრების განმავლობაშიც კი ვატარებთ ტვირთს და ვექცევით მისი გავლენის ქვეშ, რომელიც სინამდვილეში შეიძლება სრულად მოვიშოროთ თუ არა, მნიშვნელოვნად მაინც შევამსუბუქოთ.
განვიხილოთ რამდენიმე მიდგომა, რომლებსაც განვავრცობთ და შევავსებთ.
- ყველაფერი კარგადაა, არაფერი მჭირსთუმცა ამ დროს სახეზეა აზრები, განწყობები და ქცევები რომლებიც სერიოზულ გავლენას ახდენენ ჩვენზე და ფაქტობრივად მართავენ ჩვენს ცხოვრებას. ეს შეიძლება სიბნელეში უცხო გარემოში გადაადგილებას შევადაროთ, როცა გარკვევით ვერ ვხედავთ რა ხდება ირგვლივ, ყველაფერი ბუნდოვანი და ნაცრისფერია, მუდმივად დაბრკოლებებს ვაწყდებით და ვწვალობთ, გადაადგილება გვიჭირს, არ ვიცით საით წავიდეთ და ამავდროულად არც კი წარმოგვიდგენია როგორი სხვანაირი შეიძლება იყოს ეს გარემო თუ მას განათებულს და ფერადს, მკაფიოდ დავინახავთ.
შეიძლება თავად პიროვნება საერთოდ ვერ აცნობიერებდეს, ნაწილობრივ აცნობიერებდეს და/ან არ აღიარებდეს სიტუაციის სიმძიმეს. ასეთი მსჯელობის საფუძველი შეიძლება იყოს 1. ანოსოგნოზია - ისეთი მძიმე დაავადებების თანმდევი სიმპტომია (მაგალითად ალცჰეიმერი, შიზოფრენია), როდესაც დაქვეითებულია აღქმის უნარები, პიროვნებას არ შეუძლია აღიქვას და მიიღოს საკუთარი დაავადების, პრობლემის არსებობა. ანოსოგნოზიას ადგილი შეიძლება ჰქონდეს ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე დამოკიდებულების შემთხვევაშიც. მნიშვნელოვანია გამიჯვნა, რომ ანოსოგნოზია განსხვავდება უარყოფისგან, ამ უკანასკნელის დროს პიროვნება აღიქვამს და ესმის სიტუაციის პრობლემურობა, თუმცა არ აღიარებს, უარყოფს მას. 2. წლების, შეიძლება მთელი ცხოვრების განმავლობაშიც კი, პიროვნება იმდენად შეეჩვია თავის მდგომარეობას, იმდენად ბუნებრივია ეს მისთვის, რომ ვერც კი წარმოუდგენია სხვანაირად როგორ შეიძლება იყოს, თუმცა პრობლემის არსებობა ესმის და დისკომფორტს მაინც განიცდის. 3. სოციალური სტიგმა აიძულებს არ აღიაროს დახმარების საჭიროება, მაგალითად სიტყვებით „გიჟი კი არ ვარ ფსიქოლოგთან მივიდე?!“ ქვემოთ განხილულია არაერთი მსგავსი მსჯელობა. ნებისმიერ შემთხვევაში ეს დამოკიდებულებები შეუძლებელს ხდიან ან ხელს უშლიან დახმარების საჭიროების არსებობის აღქმას, მის ძიებას და/ან მიღებას.
- ფსიქოლოგიური პრობლემები კი არ მაქვს, ფიზიოლოგიის და/ან გარემოს ბრალია ყველაფერიროდესაც გვიჭირს სუნთქვა, გვაწუხებს გული, თავის და სხვაგვარი ტკივილები, კუჭ-ნაწლავი, უძილობა ან ძილიანობა, უენერგიობა, მოჭარბებული ოფლიანობა, სექსუალური დისფუნქცია და უამრავი სხვა რამ, რომელთა გამოკვლევისას ორგანული პათოლოგია არ დგინდება და ექიმები ხშირად მხრებს იჩეჩავენ, გვექმნება შთაბეჭდილება, რომ რაიმე განსაკუთრებულ, დაუდგენელ და შეუცნობელ ანომალიასთან გვაქვს საქმე. შედეგად დაჟინებით ვცდილობთ დავადგინოთ რა გვჭირს და ხშირად არასწორ მკურნალობასაც ვიღებთ, როცა სინამდვილეში ეს ყველაფერი ფსიქოსომატური, ანუ ფსიქოლოგიური პრობლემების ფიზიოლოგიური გამოვლინებაა. დიაგნოზი უკეთეს შემთხვევაში ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დისტონიაა და ნაცვლად პრობლემის გამომწვევ მიზეზებზე მუშაობისა (დიდი ალბათობით კომპეტენტური ექიმიც ფსიქოთერაპევტთან მიმართვას გვირჩევს), ვიწყებთ ორგანიზმის სწორი რეაქციების ჩახშობას, ტვინზე, ნერვულ სისტემაზე და ორგანოებზე მედიკამენტებით ზემოქმედებით, მაშინ როდესაც პრობლემა აზროვნებიდან მომდინარეობს. „მკურნალობას“ ზოგიერთ შემთხვევაში დროებითი შედეგი აქვს, ზოგიერთ შემთხვევაში სამუდამოდ წამლებზე „ვჯდებით“, ზოგჯერ კურსის დასრულებამდე თითქოს ყველაფერი კარგადაა, მისი დასრულებიდან ცოტა ხანში კი ისევ იჩენს თავს იგივე ან სხვა, ისევ „ამოუცნობი“ ფიზიოლოგიური პრობლემა. შემდეგ ამას ვმკურნალობთ, შემდეგ იმას და ასე დიდი ხნის განმავლობაში. ფსიქოთერაპიისკენ გახედვაზე კი ძალიან გვიან ვფიქრდებით, თითქოს ეს უკიდურესი, ბოლო გზაა, რადგან ვთვლით, რომ სუსტ გულში, ნერვულ სისტემაში, ჰაერის ტენიანობაში, ექიმებში, სამსახურში, მეზობელში, სავსე მთვარეში, შავ კატაში, ვარსკვლავების განლაგებაში, რადიაციულ დღეებში, წვიმაში ან ნებისმიერ სხვა რამეშია პრობლემა და არავითარ შემთხვევაში ჩვენში. ვერ წარმოგვიდგენია და ვერ ვიღებთ, როგორ შეიძლება ჩვენს თავში და უფრო კონკრეტულად კი ჩვენს აზრებში იყოს პრობლემა.
- გიჟი კი არ ვარ ფსიქოლოგს/ფსიქოთერაპევტს/ფსიქიატრს მივმართოგარემო ფაქტორებთან ერთად (მაგალითად საზოგადოების განწყობა, თაობებს შორის განმტკიცებული მცდარი შეხედულებებითა და ფსიქოლოგიური პრობლემების სტიგმატიზაციით), თავად ფსიქოლოგიური სირთულის სიმპტომატიკაც უდიდეს გავლენას ახდენს პიროვნების თვითშეგრძნებაზე და გადაწყვეტილებაზე მიმართოს თუ არა სპეციალისტს. პიროვნება და მათ შორის მისი გარშემომყოფებიც ხშირად მიიჩნევენ, რომ ფსიქოლოგიური პრობლემები უმნიშვნელოა, ყურადღება არ უნდა მივაქციოთ, თავისით გაივლის, რომ სპეციალისტებს მხოლოდ „გიჟები“ მიმართავენ, რომ სირთულეებს დამოუკიდებლად უნდა გაუმკლავდეს ადამიანი, არ არის საჭირო სპეციალისტის დახმარება, ეს სისუსტეა, სათაკილოა, სამარცხვინოა ამის გაკეთება ჩუმადაც და მით უმეტეს სირცხვილია თუ სხვები გაიგებენ, რადგან თავად „სიგიჟეა“ სამარცხვინო როგორც თავად პიროვნებისთვის, ასევე მისი ნათესავებისთვის, სპეციალისტებს, კი მხოლოდ გიჟები მიმართავენ. ზოგჯერ ადამიანები იგივე დამოკიდებულებას იჩენენ ფიზიოლოგიურ პრობლემებთან და სხვა ცხოვრებისეულ საკითხებთან დაკავშირებითაც - თვლიან, რომ სირცხვილია ამის გამხელა და ყველაფერს თავად უნდა გაუმკლავდნენ, თავად უკეთესად იციან, თავისით მოგვარდება, უკიდურეს შემთხვევაში კი ნათესავი, მეგობარი, მეზობელი ან ქუჩაში გამვლელიც კი უკეთ დაეხმარება და ურჩევს საკუთარი გამოცდილებიდან როგორ მოიქცეს, ექიმთან ვიზიტი და ზოგადად სპეციალისტისთვის მიმართვა კი სისუსტის გამოჩენა, სირცხვილი, ფულის და დროის ფუჭი ხარჯვაა და არ წარმოდგენს საჭიროებას. ასეთ დამოკიდებულებას ხშირად მდგომარეობის გაუარესებამდე, ზოგჯერ კი კრიტიკულ ზღვრამდე და ფატალურ შედეგებამდეც კი მივყავართ.
- ვერავინ მიგებს და/ან გამიგებსრადგან ფსიქოლოგიური თემების მიმღეობა და მათი განხილვა ბუნდოვანი და მეტ-ნაკლებად ტაბუირებულია, ხშირია სიტუაცია, როდესაც ვერავის ვუზიარებთ ჩვენს წუხილს ან თუ ვუზიარებთ, ამას არ ანიჭებენ სათანადო მნიშვნელობას, ვერ გვაძლევენ რჩევებს, არასწორ რჩევებს გვაძლებენ ან ვერ ვიყენებთ ამ რჩევებს. ამასთან, თავადაც თავშეკავებულად და ფრთხილად, ხშირ შემთხვევაში პრობლემის მხოლოდ ცალკეულ ნაწილებზე, არც ისე გულახდილად და სუბიექტურად ვსაუბრობთ ადამიანებთან, რომლებსაც არ გააჩნიათ შესაბამისი ცოდნა, უნარები და გამოცდილება რომ ობიექტურად, სრულად და მკაფიოდ დაინახონ და შეაფასონ სიტუაცია. შედეგად, ბუნებრივია რომ ვერ ვიღებთ სათანადო მხარდაჭერასა და დახმარებას და გვექმნება შთაბეჭდილება, რომ ვერავინ გვიგებს, ვერავინ გვეხმარება და რომ ეს ზოგადად შეუძლებელია.
- ფსიქოლოგი/ფსიქოლოთერაპევტი დამკითხავს, განმსჯის, დამადანაშაულებს- ის მაიძულებს პირადულ თემებზე, იმაზე ვილაპარაკო რისი გამხელაც არ მინდა- ის ჩემს ტვინში ქექვას დაიწყებს- ის დაადასტურებს ჩემს შიშებს- ის უფრო გამაგიჟებსბუნებრივია როდესაც არასდროს ვყოფილვართ კონსულტაციაზე, მრავლადაა ასეთი წინასწარგანწყობები, მოლოდინები და შიშები. ფსიქოლოგები წარმოგვიდგენია რაღაც უცხო და შეუცნობელ არსებებად, რომლებიც კითხულობენ აზრებს, იქექებიან ტვინში, განსჯიან, ადანაშაულებენ, აშინებენ, იმორჩილებენ და აიძულებენ ადამიანებს აკეთონ რაღაცები მათი სურვილის წინააღმდეგ.
სინამდვილეში ფსიქოლოგები არ არიან მძაფრსიუჟეტიანი ფილმების შეშლილი პერსონაჟები, რომლებიც პაციენტებს მათი სურვილის წინააღმდეგ კეტავენ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, აბამენ, ატარებენ მათზე ექსპერიმენტებს ან ჰიპნოზით აპროგრამებენ და ახორციელებენ ამა თუ იმ ქმედებებს.
ფსიქოლოგები და ფსიქოთერაპევტები ჩვეულებრივი, ჩვენი მსგავსი ადამიანები არიან, რომელთაც გააჩნიათ ცოდნა, გამოცდილება და უნარები რათა გაუგონ და დაეხმარონ ადამიანს ფსიქოლოგიური პრობლემების გადალახვაში. ამ სპეციალისტებთან ნებაყოფლობით მივდივართ დახმარების მისაღებად, ნებაყოფლობით ვერთვებით დისკუსიაში და განვიხილავთ იმ სირთულეებს რის წინაშეც ვდგევართ, ნებაყოფლობით ვისმენთ და ვითვალისწინებთ მის მოსაზრებებს. სასურველია რაც შეიძლება გულახდილები ვიყოთ და ღიად ვისაუბროთ, რადგან ფსიქოლოგს აძლევს საშუალებას უფრო კარგად დაინახოს საერთო სურათი და შესაბამისად პრობლემის გადაჭრის უფრო ეფექტური გზები შემოგვთავაზოს, თუმცა არ არსებობს ამის რაიმე იძულება ან ვალდებულება. ფსიქოლოგები არ განსჯიან, არ ადანაშაულებენ, არ დასცინიან, არ არცხვენენ ან ამცირებენ კლიენტებს, რადგან მათი ამოცანა კლიენტის უპირობოდ, წინასწარგანწყობების და შეფასებების გარეშე მიღება და პრობლემის კლიენტის სურვილის შესაბამისი გადაჭრის გზების ერთობლივად ძიებაა.
შეიძლება ითქვას, რომ ფსიქოლოგები და ფსიქოთერაპევტები არიან კონსულტანტები, რომლებიც გვეხმარებიან ისეთი საკითხების მოგვარებაში, რომლისთვის მოსაგვარებლად მხოლოდ საკუთარი რესურსი არ არის საკმარისი. ისევე როგორც მაგალითად მოტეხილობის შემთხვევაში მივმართავთ ტრავმატოლოგს, ასევე ბუნებრივია ფსიქოლოგისთვის მიმართვა.
- წამლები არ მშველის, ლაპარაკმა რა უნდა მიშველოსზოგადად ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება მედიკამენტოზური, ქირურგიული ან მსგავსი სამედიცინო მანიპულაციებით ხდება, თუმცა ეს მაშინ, როცა საქმე ეხება ფიზიკურ ჯანმრთელობას. ჩვენს ცხოვრებაში კი უმეტესად ფიზიოლოგიური პრობლემების მოგვარებით ვართ დაკავებულები და მენტალურს, როგორც დასაწყისი აღვნიშნეთ ნაკლებ მნიშვნელობას ვანიჭებთ. ამიტომ გვექმნება შთაბეჭდილება, რომ ყველაფრის მკურნალობა მედიკამენტებით ხდება. ფსიქოლოგიური სირთულეები ხშირ შემთხვევაში არა ფიზიკურ, ფიზიოლოგიურ დონეზე, არამედ მენტალურ დონეზე, აზრებშია. წამლები მხოლოდ ფიზიოლოგიურ დონეზე ურთიერქმედებენ ორგანიზმთან და არ ცვლიან აზრებს, ამიტომაა, რომ წამლები არ გშველის.
ფსიქოლოგიური სირთულეები მნიშვნელოვნად განსხვავდება ფიზიოლოგიური სირთულეებისგან როგორც დიაგნოსტირების, ასევე მოგვარების მხრივ. ფსიქოლოგიის შემთხვევაში მიუწვდომელია ვიზუალური მხარე, ობიექტური შეფასება, სამედიცინო აპარატურა და გამოკვლევების სამედიცინო ხერხები, რაც გასინჯვისა და გამოკვლევების საფუძველზე შედეგად სრული და ობიექტური სურათის დანახვის დასმის საშუალებას იძლევა. ანალოგიურად, ფსიქოლოგიური პრობლემების ოპერაციით, თაბაშირის დადებით ან მედიკამენტოზური მკურნალობის კურსის ჩატარებით არ ხდება. დიაგნოსტიკა ძირითადად ეყრდნობა გასაუბრებას ადამიანთან და დამოკიდებულია მის აღქმაზე და სურვილზე უტყუარად და სრულად გადმოსცეს ფსიქოლოგს/ფსიქოთერაპევტს/კონსულტანტს ინფორმაცია, რომელიც ყველა შემთხვევაში მაინც სუბიექტური იქნება. ფსიქოლოგის ამოცანა კი არის რაც შეიძლება სწორად, სრულად და ობიექტურად, კლიენტის მზაობის და სურვილის გათვალისწინებით ამოიღოს და დაამუშავოს ინფორმაცია საკუთარ ცოდნაზე, გამოცდილებასა და უნარებზე დაყრდნობით და დასახოს თერაპიის გეგმა.
ფსიქოთერაპიის სხვადასხვა მიმართულებებია, რომლებიც სხვადასხვა კუთხით ცდილობენ პრობლემის მოგვარებას. ეს არის ძირითადად დისკუსიები კლიენტის აზრების, რწმენების, აღქმების, ემოციების გარშემო, მათი და მათი გამომწვევი მიზეზების ანალიზი და გარჩევა თუ როგორ იწვევენ ისინი სირთულეებს. ეს არის ირაციონალური დამოკიდებულებების, ჩვევებისა და აზრების გამოვლენა, კლიენტისთვის მათი დანახება და გარჩევა, ჩანაცვლების ტექნიკების სწავლება, პრობლემების გადალახვის გზების დასახვა და ა.შ. საჭიროების შემთხვევაში ხდება მედიკამენტების დანიშვნაც, რათა დაიწიოს შფოთვამ, ნეგატიურმა განწყობამ და კლიენტი უფრო მიმღები გახდეს საუბრის თერაპიის მიმართ.
- ჩემს თავს მე თვითონ თუ დავეხმარები, ყველა ამას მეუბნება, ფსიქოლოგებიც ამას ამბობენეს მსჯელობა ნაწილობრივ სწორია, რადგან ფსიქოთერაპიის გამოჯანმრთელებაზე პასუხისმგებლობის უდიდესი ნაწილი კლიენტეზეა. თავად კლიენტი წყვეტს რა უნდა და რას გააკეთებს იმისთვის, რომ შედეგები მიიღოს. ფსიქოთერაპია მნიშვნელოვნად განსხვავდება მაგალითად კბილის ექიმთან ვიზიტისას. ამ შემთხვევაში პაციენტისგან მხოლოდ სტომატოლოგთან მისვლა და პირის გაღება ევალება, დანარჩენს სტომატოლოგი აკეთებს. ფსიქოთერაპიის შემთხვევაში კი პაციენტი და ფსიქოთერაპევტი ერთად მუშაობენ საკითხზე, კლიენტი თავად იღებს პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე, ფიქრობს, არჩევს, მოქმედებს და ამით აღწევს პროგრესს. პროცესი შეიძლება შევადაროთ მწვრთნელისა და სპორტსმენის ურთიერთობას - თუ სპორტსმენი არ მუშაობს საკუთარ თავზე, არ მოქმედებს და არ ასრულებს ვარჯიშებს, კვებასთან დაკავშირებულ და სხვა რჩევებს და მოლოდინი აქვს, რომ მხოლოდ მწვრთნელზეა დამოკიდებული მისი წარმატება, ბუნებრივია შედეგი არ იქნება. ფსიქოლოგიური სირთულეების გადალახვა პირველ რიგში კლიენტზეა დამოკიდებული, თუმცა, ისევე როგორც სპორტის ისეთ სახეობაში მწვრთნელის გარეშე, რომელზეც წარმოდგენა არ გვაქვს, ფსიქოლოგიაშიც რთულია ჩაბმა და ღირებული შედეგების მიღწევა პროფესიონალის ცოდნის, უნარებისა და გამოცდილების გარეშე. ამიტომ ესმება ხაზი იმას, რომ საკუთარ თავზე მუშაობა პროცესის აუცილებელი განუყოფელი ნაწილია.
- ვცადე და არაფერი გამოვიდამიუხედავად პროფესიისა, ნებისმიერი ფსიქოლოგი/ფსიქოთერაპევტი პირველ რიგში პიროვნებაა. რადგანაც ფსიქოთერაპია კომუნიკაციაზეა აგებული, ფსიქოთერაპია ორ პიროვნებას შორის ურთიერთობაა, რომელიც ბევრ რამეზეა დამოკიდებული. ისევე როგორც ნებისმიერ ადამიანთან ვერ ვიმეგობრებთ, ვერ ვითანამშრომლებთ, ასევე ვერ შედგება ალიანსი ნებისმიერ ფსიქოთერაპევტთან. უმნიშვნელოვანესია კლიენტის ნდობა, ჩართულობა, გახსნილობა თერაპევტისა და თერაპიის მიმართ. თუმცა მიუხედავად ორივე მხარის მონდომებისა, სხვადასხვა პიროვნებებთან სხვადასხვა ხარისხის გაგება, ნდობა, მონდომება, ჩართულობა ყალიბდება და ეს დამოკიდებულია ორივე პიროვნებების თავისებურებებზე, ურთიერთმიმართ თავსებადობაზე, ამ შემთხვევაში თერაპიის პროცეში. ამასთან, სხვადასხვა ფსიქოთერაპევტი თერაპიის სხვადასხვა მიმართულებებით მუშაობს, შეიძლება ერთი კლიენტების ერთი ჯგუფისთვის უფრო შესაბამისი იყოს, მეორე კი უფრო სხვა ჯგუფისთვის.
შესაბამისად, ერთ, ორ ან მეტ ფსიქოთერაპევტთან წარსულში წარუმატებელი გამოცდილება არ ნიშნავს, რომ არაფერი გამოვა შემდეგთან. დასაფიქრებელია რამდენად სწორი მიდგომა გვაქვს ფსიქოთერაპიის მიმართ, რამდენად გახსნილები ვართ, მოგვწონს თუ არ მოგვწონს ფსიქოთერაპევტი როგორც პიროვნება, ვენდობით თუ არა მას, საკმარის მონდომებას ვდებთ თუ არა სირთულეების დაძლევაში თუ სეანსებზე მოვალეობის მიზნით დავდივართ და მხოლოდ თავის ქნევით შემოვიფარგლებით, შეგვესაბამება თუ არა ის მიმართულება, რომლითაც ეს კონკრეტული ფსიქოთერაპევტი მუშაობს, თუ რაღაც სხვა გვჭირდება და ა.შ. მეტი ინფორმაციის მოპოვება, გააზრება და გათავისება ზრდის სწორი გადაწყვეტილების მიღების შანსს.