2015 წლის 25 მაისს საქართველოს მაშინდელმა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც კომპანია "ჯორჯია თექნოლოჯი პარკს" გლდანის მიმდებარედ 18.5 ჰექტარის მიწის ნაკვეთი საკუთრებაში სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გადაეცა.
ამ განკარგულებიდან 5 თვეში საქართველოს მთავრობამ გამოსცა დადგენილება, რომლის მიხედვითაც, კომპანიისთვის სიმბოლურ ფასად გადაცემული მიწა თავისუფალ ეკონომიკურ ზონად გამოცხადდა, რითიც ტერიტორიაზე სამეწარმეო საქმიანობა საქართველოში არსებული ყველა ტიპის გადასახადისგან პრაქტიკულად სრულად გათავისუფლდა. მთავრობამ ამავე დადგენილებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს თავისუფალი ეკონომიკური ზონის საზღვრების მონიტორინგი და მის შესასვლელში საბაჟო პუნქტის მოწყობა დაავალა.
ტერიტორიის თავისუფალ ეკონომიკურ ზონად გამოცხადებიდან მალევე, 2015 წლის 16 დეკემბერს, თბილისის ენერგომოხმარება 40 მეგავატით გაიზარდა, რისი მიზეზიც თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში კომპანია BitFury-ის დატა ცენტრის გახსნა იყო. დატა ცენტრის გახსნას დაესწრნენ ირაკლი ღარიბაშვილი და Bitfury ჯგუფის დამფუძნებელი ვალერი ვავილოვი.
საჯარო რეესტრში არსებული მონაცემებიდან ირკვევა, რომ კომპანია, რომელსაც სახელმწიფომ 1 ლარად 18 ჰექტარის ფართობის მიწის ნაკვეთი გადასცა და რომელსაც თავისუფალი ეკონომიკური ზონა შეუქმნა და ამ ზონის საბაჟოთი აღჭურვასა და საბაჟოს პერსონალის შენახვაზე საბიუჯეტო ხარჯი გასწია, Bitfury ჯგუფს ეკუთვნის.
BitFury ჯგუფი თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში მიწის იჯარას საკუთარ თავს უხდის
თავისუფალი ეკონომიკური ზონის ვებგვერდის მიხედვით, Bitfury პირველი კომპანიაა, რომელმაც მათგან ტერიტორია იჯარით აიღო. იქიდან გამომდინარე, რომ მთელი თავისუფალი ეკონომიკური ზონა Bitfury-ის ეკუთვნის, გამოდის რომ კომპანია იჯარას საკუთარ თავს უხდის.
რისი წარმოება ხდება აღნიშნულ დატა ცენტრში
აღნიშნული დატა ცენტრის ძირითადი საქმიანობა ე.წ. "მაინინგი" ანუ კრიპტოვალუტის გამომუშავება და სხვა კომპანიებისთვის ბლოკჩეინ სერვისის მიწოდებაა. ეს პროცესი საკმაოდ ენერგოტევადია და ის ათობით მეგავატის ელეტქროენერგიას მოითხოვს.
ბიტკოინის მოპოვებისთვის სპეციალური კომპიუტერული ჩიპები მაღალი სირთულის მათემატიკურ ალგორითმებს ხსნიან, შესრულებული სამუშაოს სანაცვლოდ კი სისტემა მათ ბიტკოინს გადასცემს. აღნიშნული პროცესი საკმაოდ ენერგოტევადია და მისი ინდუსტრიულ დონეზე წარმოება ათობით მეგავატ ელექტროენერგიას მოიხმარს. ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც კომპანია საქმიანობას სწორედ თავისუფალი ეკონომიკური ზონიდან ახორციელებს არის ის რომ მას დენის ტარიფის შემადგენელი დღგ-ს გადახდა არ უწევს. თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ვებგვერდის მიხედვით, ტერიტორიაზე დენის ტარიფი 5 ცენტია.
თავისუფალი ეკონომიკური ზონის მდებარეობა სავარაუდოდ, მაღალი ძაბვის ქვესადგურთან სიახლოვის გამო შეირჩა:
დანარჩენი აქ:
http://www.tabula.ge/ge/story/127671-1-lar...s-mopovebistvis