„გიჟი არ ვარ, ყველას გთხოვთ, შემინარჩუნოთ სიცოცხლე!“
01/05/2011 22:59
თამარ ლეფსვერიძე
„ბინტით“ ჩამოხრჩობილი 26 წლის პატიმრის აპრილის თვის ჩანაწერები
„ტრიბუნა.ge“-მ გუშინ, 30 აპრილს, ციხეში გარდაცვლილი პატიმრის, კახაბერ თედლიაშვილის ის წერილები მოიპოვა, რომელიც პატიმარმა გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე დაწერა.
„მიუხედავად ჩემი შვილის განცხადებაში აღნიშნული გარემოებისა, რომ იგი არავის ადებს ხელს და ყველაფერში თავის თავს იდანაშაულებს, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ „ციხის“ შემდგომი „წნეხის“ შიში და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, კახაბერის მიმართ ხორციელდება „შევიწროვება“ და ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ზეწოლა, როგორც პატიმართა, ისე ციხის ადმინისტრაციის თანამშრომელთა მხრიდან და მან ჩემამდე მოაწვდენია ხმა, რომ შესაძლოა იგი „მოიშორონ“ და შექმნან იმიტაცია, თითქოს თვითონ მოიკლა თავი...“
ბადრი თედლიაშვილი
12 აპრილი. 2011 წელი
ბადრი თედლიაშვილი, გუშინ რუსთავისN6 საპყრობილეში მოკლული ანუ „ბინტით“ „თავჩამომხრჩვალი“ პატიმრის, 26 წლის კახაბერ თედლიაშვილის მამაა.
შვილის დაგეგმილი მკვლელობის შესახებ, ჯერ კიდევ 20 დღის წინ, მან ყველა უწყებას შეატყობინა. იმავე უწყებებს შველას თავად პატიმარიც სთხოვდა.
გატარებული ღონისძიებების შედეგი, კი გუშინ, 15:00-დან 16:00 საათამდე დადგა, რომელიც ოფიციალურმა თბილისმა სასჯელაღსრულების დაწესებულებში კიდევ ერთი პატიმრის სიკვდილით დააკვალიფიცირა...
ადვოკატ თევდორე კობახიძეს, რამდენიმესაათიანი საუბრის შემდეგ, პატიმარმა კიდევ ერთი წერილის მიტანა სთხოვა დანიშნულების ადგილზე. ეს მისი უკანასკნელი წერილი იყო, ერთადერთი, რომელიც ადრესატს ვეღარ ჩაბარდა.
არაოფიციალური ინფორმაციით, (2010-2011წ) კახაბერ თედლიაშვილი, რიგით #143 გარდაცვლილი პატიმარია. სახალხო დამცველის ანგარიშში საუბარია გარდაცვლილ 142 პატიმარზე, თუკი მკვლელობას გარდაცვალება შეიძლება ეწოდოს.
უცნაურია, თვითმკვლელობის წინ იუსტიციის მინისტრს, მთავარ პროკურორს, სასჯელაღსრულების მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, სახალხო დამცველს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს და არასამთავრობო ორგანიზაციებს ვინ სთხოვს დახმარებას, ვინ ეხვეწება მიშველეთო, ვინ წერს ასეთ რამეს?
კახაბერ თედლიაშვილი: „წელიწადი ხდება ყოველ წამს სიკვდილს მაყურებინებენ თვალებში, ფსიქოლოგიურად შემჭამეს, დავბერდი ამ თვეების განმავლობაში, ჯანმრთელობაც შემერყა და ოჯახიც განადგურებულია ჩემზე ნერვიულობით.
აღნიშნული განცხადების დაწერის შემდეგ, გაფიქრებაც არ მინდა რა მოხდება.
ზემოაღნიშნული ფაქტების გახმაურებამ შეიძლება გადამარჩინოს და შეცვალონ გეგმა, ადრე რომ გამეხმაურებინა ყველაფერი, საკანშიც აღარ შემექმნებოდა პრობლემები. არც გიჟი ვარ და არც მელანდება რამე, რასაც ვწერ ესე ხდება და ყველას გთხოვთ შემინარჩუნოთ სიცოცხლე.
ციხის ხელმძღვანელობას აქვს ჩემი მოკვლის პირადი ინტერესი, ჭკუით მაჯობეს და ისე შეიმუშავეს გეგმა, რომ თვითონ სუფთად გამოვიდნენ ყველაფრიდან: „სადაც გინდა გვიჩივლე, ვინც ჩივილით გვემუქრება ერთ ადგილზე გვეხვევაო“.
18 აპრილს ითხოვდა პატიმარი ამ შველას...
რა ხდებოდა მანამდე, 10 დღით ადრე
8 აპრილი. 2011 წელი... #6 საპყრობილის დირექტორს, ბ-ნ დავით მარგებაძეს...
„მოგახსენებთ, რომ ციხის წესებიდან გამომდინარე, ჩადენილი მაქვს სერიოზული დანაშაულები (პატიმართა გადასახედიდან, ასევე ჩემი გადასახედიდანაც), რაც ციხის წესებიდან გამომდინარე, „ისჯება“ სიკვდილით.
პირადად მე, პირადად მაქვს საკანში მოყოლილი ყველაფერი და მთელი ციხე საქმის კურსშია ზემოაღნიშნულის შესახებ.
ზემო აღნიშნულის გამო უსაფრთხოების თანამშრომლებმა გადამიყვანეს ცალკე საკანში, ამჟამად ვარ მარტო: (ორ კაციანში)
ვინაიდან ჩემს ჯანმრთელობას და სიცოცხლეს ემუქრება სერიოზული საფრთხე, თურმე კვლავ მოთავსებული ვიქნები სხვა პატიმრებთან ერთად. გთხოვთ, დაუყონებლივ მიიღოთ კანონით გათვალისწინებული ყველა ზომა, რათა იზოლირებული ვიყო ყველა პატიმრებისგან და მომათავსოთ ერთკაციან საკანში...
6 დღის შემდეგ...
12 აპრილი. 2011 წელი. სახალხო დამცველს, ბ-ნ გიორგი ტუღუშს.
„2010 წელს, ციხის უსაფრთხოების თანამშრომლების მხრიდან დაიწყო ზეწოლა: „ბოზობ და იმიტომაც დაგიკლეს სასჯელიო“, რაზედაც ვუთხარი რომ არ იყო სწორი ინფორმაცია და შეეძლოთ გადაემოწმებინათ. ამის შემდეგ მითხრეს, რომ უნდა მეთანამშრომლა, წინააღმდეგ შემთხვევაში სასჯელს დამიმატებდნენ და პატიმრებს აჩვენებდნენ წერილებს, რომლებსაც გარეთ „ვაგზავნიდი“ ტილოთი ე.წ. „დაჩკაში“ და ეტყოდნენ, რომ ხალხს ვაჭერინებდი, რითიც სასჯელებს ვიკლებდი. როდესაც ვუთხარი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს, რომ არასწორი ინფორმაცია ჰქონდათ, არავის არ ვაჭერინებდი და აღნიშნული წერილები ჩემი დაწერილი არ იყო, კვლავ მითხრეს, რომ უნდა მეთანამშრომლა, წინააღმდეგ შემთხვევაში წერილებს წაუკითხავდნენ ჩემს საკანში მყოფ ბიჭებს და მერე „მერკვია“ ჩემი დაწერილი იყო თუ სხვისი“.
„ტრიბუნა.ge“ ციხეში გარდაცვლილი პატიმრის საკითხის დეტალურ შესწავლას აპირებს. დამატებით ინფორმაციასა და პატიმრის სხვა წერილებს ხვალ შემოგთავაზებთ.
წყარო:
http://tribuna.ge/index.php?option=com_con...d=2589&Itemid=1