ჰიბრიდების რაოდენობის ზრდამ საწვავის მოხმარება შეამცირა
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2017 წელს საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი შემცირდა.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, 2017 წელს საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა შეადგინა 1095,8 ათასი ტონა, რაც 133,8 ათასი ტონით ანუ 10,9%-ით ნაკლებია 2016 წლის მაჩვენებელთან შედარებით.
“მათ შორის, 2017 წელს ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 532,6 ათასი ტონა (კლება წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 43,6 ათასი ტონით), ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა – 563,2 ათასი ტონა (კლება წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 90,2 ათასი ტონით). ბენზინის საწვავის კატეგორიების მიხედვით 2017 წელს საქართველოში იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი – 386,7 ათასი ტონა ანუ 72,6%; A-95 პრემიუმი მარკის ბენზინი – 137,5 ათასი ტონა ანუ 25,8%, A-98 სუპერი მარკის ბენზინი – 8,4 ათასი ტონა ანუ 1,6%. ქვეყნების მიხედვით 2017 წელს ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუმინეთიდან – 305,7 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 27,9%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუსეთი – 223,6 ათასი ტონა (20,4%), აზერბაიჯანი – 197,6 ათასი ტონა (18,0%), ბულგარეთი – 154,7 ათასი ტონა (14,1%), თურქმენეთი – 149,0 ათასი ტონა (13,6%); საბერძნეთი – 51,7 ათასი ტონა (4,7%), უკრაინა – 5,2 ათასი ტონა (0,5%)“, – აცხადებენ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში.
მათივე განმარტებით, მართალია, საწვავის იმპორტი შემცირებულია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იმავე პროცენტული მაჩვენებლით შემცირდა საწვავის მოხმარება, ვინაიდან 2016 წლის დეკემბერში განხორციელდა საშუალოდ 70 ათასი ტონით მეტი პროდუქტის იმპორტი წინა წლების ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებით, რომელიც მოხმარებაში გავიდა უკვე 2017 წლის პირველ თვეებში. როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში აცხადებენ, აღნიშნული დაკავშირებული იყო “საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებასთან, რომელიც ეხებოდა საწვავზე აქციზის გადასახადის ზრდას.
“საწვავის მოხმარების შემცირება ძირითადად განპირობებულია იმით, რომ ქვეყანაში სწრაფად იზრდება ჰიბრიდული ავტომობილების რაოდენობა“, – აცხადებენ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში.
http://autoradio.ge/avto-ambebi/hibridebis...reba-sheamcira/საქართველოში ჰიბრიდული ავტომობილების წილი 35%-მდე გაიზარდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, საქართველოში შემოსული ჰიბრიდული ავტომობილების წილი, ბოლო ერთ წელში, მკვეთრად გაიზარდა.აღნიშნული განცხადება დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე გააკეთა.
დიმიტრი ქუმსიშვილმა ისაუბრა ეკონომიკაზე აქციზის ზრდის ეფექტზე და აღნიშნა, რომ აქციზს, ზოგადად, აქვს მარეგულირებელი გავლენა ეკონომიკაზე. ამის მაგალითად პირველმა ვიცე-პრემიერმა თამბაქოზე აქციზის ზრდა მოიყვანა. კერძოდ, მისი განცხადებით, მას შემდეგ, რაც ეს აქციზი გაიზარდა, საქართველოში თამბაქოს მოხმარება დაახლოებით 14-15%-ით შემცირდა.
„რაც შეეხება ავტომანქანებს, იმის გამო, რომ ჩვენ აქციზის სტრუქტურა შევცვალეთ, პრაქტიკულად, აღვიდგინეთ აზერბაიჯანის ბაზარი, ვინაიდან ჩვენმა ტრეიდერებმა ახალი ავტომობილების შემოყვანა დაიწყეს – თუ 2016 წლის მე-6-მე-10 თვეებში განხორციელებული იყო 75 მილიონის რეექსპორტი, 2017 წელს ეს თანხა 106 მილიონამდე ავიდა“, – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ხდება ავტოპარკის განახლება ქვეყნის შიგნითაც, კერძოდ, თუ 2016 წლის მე-6-მე-11 თვეებში, როცა კანონი ამუშავდა, 0-დან 9 წლამდე ავტომობილები იყო შემოსული მანქანების მხოლოდ 30%, 2017 წლის იგივე პერიოდში ამ ასაკის ავტომობილებმა მთლიანად შემოსული ავტოპარკის 77% შეადგინა.
დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, ასეთივე პოზიტიური სურათია ქვეყანაში შემოყვანილი ჰიბრიდული ავტომობილების სტატისტიკაშიც – თუ 2016 წლის მე-6-მე-11 თვეებში მათი წილი მთლიანი ავტოპარკის 7% იყო, 2017 წელს ეს რიცხვი 35%-მდე გაიზარდა.
http://autoradio.ge/avto-ambebi/saqartvelo...5-mde-gaizarda/საქართველოში მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტი შემცირდა
2016-2017 წლებში იმპორტირებული მსუბუქი ავტომანქანების რიცხვმა 138 299 შეადგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წელს საქართველოში 87 991 ავტომობილის იმპორტი განხორციელდა, მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით კი, ამ რიცხვმა 50 308 შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ მნიშვნელოვნად შემცირებულია მარჯვენასაჭიანი მსუბუქი ავტომობილების იმპორტი. 2016 წელს 36 559 ავტომანქანა იქნა იმპორტირებული, 2017 წლის 9 თვის მონაცემებით კი – 13 000.
შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 1-ელი იანვრიდან მარჯვენასაჭიან მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთი სტანდარტული განაკვეთის სამმაგი ოდენობით განისაზღვრა. მარჯვენასაჭიანი მანქანების იმპორტის შემცირება სწორედ აღნიშნულს უკავშირდება.
http://autoradio.ge/avto-ambebi/saqartvelo...orti-shemcirda/