"ვინც ამბობს, რომ ციხე ნარკოდამოკიდებულებას აგვარებს, ტყუის"
ინტერვიუ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან
აკაკი ზოიძე
ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ერთ თვეში ისევ შეიკრიბება. იუსტიციის მინისტრის გაცხადებით, ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაცია იქამდე არ მოხდება, ვიდრე შესაბამისი ინფრასტრუქტურა და სერვისები არ შეიქმნება, ამასთან კანონპროექტიდან ამოღებულია ის მუხლი, რომლის მიხედვითაც საზღვარზე პირადი მოხმარების ნარკოტიკის გადმოტანა არ ითვალისწინებდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. ეს მოთხოვნა შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააყენა. საპარლამენტო უმრავლესობის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა შორის დღეს შეხვედრა ჩატარდა. თემაზე „მაესტროს“ კითხვებს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ უპასუხა.
მაყურებელი უკვე მიეჩვია ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებულ შეხვედრებს სხვადასხვა ფორმატში, თუმცა ეს შეხვედრა იმით იყო მნიშვნელოვანი, რომ ძალიან კონკრეტულად ითქვა, რომ აუცილებელია ინფრასტრუქტურა და სერვისები იმისთვის, რომ რეალური გადაწყვეტილება იქნას მიღებული. რა მასშტაბის ინფრასტრუქტურაზე, რა ტიპის სერვისებზეა საუბარი და როდის დაითვლება ეს ყველაფერი?
ეს შეხვედრა ემსახურებოდა იმ მიზანს, რომ ჩვენ საბოლოოდ პოზიციები შევაჯეროთ, თუ რამე საკამათო ჯერ კიდევ რჩება. იმ პრინციპებთან მიმართებაში რეალურად ყველას ერთნაირი პოზიცია გვაქვს, რასაც ახალი ნარკოპოლიტიკა უნდა ითვალისწინებდეს. ეს გახლავთ დაუნდობელი ბრძოლის გაგრძელება გამსაღებლებთან ერთის მხრივ, მეორეს მხრივ, პრევენცია და მკურნალობა, როგორც ახალი ნარკოპოლიტიკის ქვაკუთხედი და მესამე - ნარკომომხმარებელზე დასჯის ნაცვლად ზრუნვა, მისთვის დახმარების შეთავაზება და ყველა ამ ზომით რეალურად შემცირება ნარკომომხმარებლებისა ამ ქვეყანაში და საბოლოო ჯამში, ამ პრობლემის ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრა. ეს არის ხედვა, რომელიც ყველა ჩვენთაგანს აქვს. უწყებათაშორის კომისიაზე ჩვენ ვიმსჯელეთ კონკრეტულ გზებზე იმიტომ რომ, რა უნდა გავაკეთოთ ყველა ვთანხმდებით, საუბარია როგორ უნდა გავაკეთოთ. როგორ უნდა გავაკეთოთ - ერთ-ერთი თემა გახლავთ სწორედ თქვენ რაც ბრძანეთ: შესაბამისი ინფრასტრუქტურა, სერვისები. ჩვენი ნარკოკანონმდებლობის ინიციატორების აზრით, ამ ინფრასტრუქტურისა და შესაბამისი სერვისების განვითარებას, ექიმების გადამზადებას დასჭირდება ერთი წელიწადი და 3,5 მილიონი ლარი წინასწარი გათვლებით. ჩვენ შევთანხმდით, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება კონკრეტულად შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტრო მოახდენდა შესაბამის დეტალურ გათვლებს, რამდენად საკმარისი იქნება ის, რაც ინიციატორების მიერ არის წარმოდგენილი და იმ ვადასაც, რა ვადაშიც შესაძლებელი იქნებოდა როგორც თანხების, ისევე ვადის დროის ხანგრძლივობის კუთხით, როდის შევძლებდით ინფრასტრუქტურის განვითარება. ერთი მიმართულება ეს გახლავთ და მეორე, ის საკითხებია, რომელიც ეხებოდა ზღვრულ ოდენობებს ცალკეულ ნარკოტიკულ ნივთიერებებთან მიმართებაში. რა ჩაითვლება მცირე ოდენობად პიროვნული მოხმარებისათვის, სად უნდა გავავლოთ ის ზღვარი, რაც არის გავრცელებასა და მოხმარებას შორის. ანუ, ეს იყო საკითხები, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ კვლავ დააყენა და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენი პრინციპული მიდგომები ერთიანია, უბრალოდ საუბარია, როგორ მოვახდინოთ ამის ასახვა შესაბამისად კანონმდებლობაში და თუ რაიმე კიდევ ხარვეზი და პოზიცია დარჩა შესაჯერებელი... ჩვენ, პრინციპში, გასული სამი თვის განმავლობაში საკმაოდ ბევრ პოზიციაზე ვიმსჯელეთ, შევაჯერეთ და უკვე არსებული სახით კანონპროექტზე წავა შემდგომი მსჯელობა. დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ პროცესს საკმაოდ მოკლე დროში რეალურად დავასრულებთ.
რა ვადაში ელოდებით? წინასწარი შეფასებით შეგიძლიათ თქვათ, პარლამენტი გადაწყვეტილებას როდის მიიღებს?
პრინციპში, როგორც უკვე ითქვა, ერთ თვეში უწყებათაშორის კომისიაზე ჩვენ უნდა გვქონდეს წარმოდგენილი შეჯერებული პოზიციები. შესაბამისად მერე უკვე გავაგრძელებთ მსჯელობას პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში, შემდეგ უკვე პლენარულ სხდომაზე. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, უფრო სწორად, შეთანხმება ისეთია, რომ საგაზაფხულო სესიაზე მოხდეს შესაბამისი კანონის მიღება.
თქვენ უკვე ახსენეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიცია და ერთ საკითხთან დაკავშირებით შეთანხმება იმის თაობაზე, რომ მაგალითად, საზღვარზე პირადი მოხმარებისთვის განკუთვნილი ნარკოტიკის გადმოტანა კვლავ დაისჯება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით. ეს საკითხი უკვე შეთანხმებულია?
ეს საკითხი, ისევე როგორც გავრცელებასა და გასაღებას შორის უნდოდათ ინიციატორებს გარკვეული სისხლის სამართლებრივი დევნის კუთხით დიფერენციაციის შემოტანა. ეს საკითხიც მოიხსნა, რადგან სამართალდამცველთა აზრით, ეს მომეტებულ რისკს შეიცავდა, ისევე როგორც საზღვართან მიმართებაში, რათა ხელი არ შეწყობოდა ამგვარ წვრილმან კონტრაბანდას. ამიტომაც ჩვენ, ინიციატორები დავეთანხმეთ ამ შემოთავაზებას და ეს აისახება შესაბამისად იმ ვერსიაში, რომელიც საბოლოო ჯამში იურიდიულ კომიტეტზე წარდგება.
კიდევ არის რაიმე საკითხი, რასაც აყენებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რაზეც თქვენ თანახმა ხართ დათმოთ? თუ შეგიძლიათ მოგვიყვანოთ მაგალითი იმისთვის, რომ მაყურებელს ჰქონდეს ნათელი წარმოდგენა რა ტიპის დისკუსია მიმდინარეობს ახლა ამ უწყებებს შორის?
დისკუსია, ძირითადად, შემდგომი რამდენიმე კვირის განმავლობაში იქნება რა თანხები იქნება საჭირო და რა დრო იმისათვის, რომ სერვისები მინიმალურად მზად იყოს იმ ახალი მიდგომებისათვის, მათ შორის ეგრეთ წოდებული გადაფასების კომისიის შემოტანა, ახალი სარეაბილიტაციო სერვისები, სხვადასხვა გეოგრაფიული და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით მთელი საქართველოს მასშტაბით. ამ ვადებზე და კონკრეტულ თანხებზე იქნება საუბარი ერთის მხრივ და მეორეს მხრივ, როგორც გითხარით, საუბარი იქნება ისეთ თემებზე, როგორიცაა მაგალითად, ვთქვათ კი ბატონო, არ დავსაჯეთ და ადმინისტრაციული სახდელები იქნა მხოლოდ გამოყენებული პირადი მოხმარების შემთხვევაში. ვთქვათ, ერთხელ ორჯერ, სამჯერ, მას სთავაზობენ დახმარებას, მკურნალობას, რეაბილიტაციას, თუ ამ შემთხვევაში ნარკომომხმარებელი არ თანამშრომლობს, რა სახის შეზღუდვებზე, რა სახის დამსჯელ მექანიზმებზე, პრევენციის კუთხით, შეგვიძლია მაშინ საუბარი, თუ არ იქნება საპატიმრო სასჯელი? ამაზე იქნება დისკუსია და მესამე - ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ, როგორც უკვე გითხარით ეგრეთ წოდებული ზღვრული ოდენობები. ანუ, რა ოდენობა ჩაითვლება ინდივიდუალური მოხმარების ოდენობად. იმიტომ რომ, ერთის მხრივ, თუ ჩვენ რეალური დეკრიმინალიზაცია გვინდა და გვინდა, არ დავსაჯოთ ნარკომომხმარებელი, ეს ოდენობა მართლაც უნდა იყოს ერთი დღის მოხმარების რაღაც ოდენობა, ისეთი ოდენობა, რომელიც დე იურე დეკრიმინალიზაციას დე ფაქტო დეკრიმინალიზაციად გადააქცევს. ერთის მხრივ, არ იყოს ძალიან მცირე ოდენობა იმითი, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ადამიანს მაინც აღმოუჩინონ ეს ოდენობა, თუნდაც ის გაყიდვისთვის არ უნდოდეს, უნდოდეს პირადი მომხმარებისთვის და მეორეს მხრივ, ეს ოდენობა არ იყოს იმხელა, რომ რეალურად გამსაღებელს ჰქონდეს ამ საკანონმდებლო ნორმით შენიღბვის საშუალება და რეალურად გასაღებისა და გაყიდვის მიზნით შეეძლოს საკმაოდ დიდი ოდენობების ჯიბით ტარება, როგორც ამას ჩვენი ოპონენტები ამბობენ. ეს ოქროს ბალანსის დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია და აქ რა თქმა უნდა, უნდა გავითვალისწინოთ სხვადასხვა ქვეყნების საერთაშორისო გამოცდილებები. ჩვენ საკმაოდ კონსერვატიული მიდგომების მომხრე ვართ და იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში, მაინც შევძლებთ და შევაჯერებთ პოზიციებს, იმიტომ რომ, რამდენიმე ნივთიერებაზე რჩება ეს პოზიციები შესაჯერებელი.
შევაჯამოთ ეს თემა. საზოგადოების აზრი ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით ორად გაიყო. ნაწილი, რა თქმა უნდა, ემხრობა ადამიანურ, ჰუმანურ მიდგომას ნარკომომხმარებლების მიმართ, მაგრამ მეორე ნაწილში არის გარკვეული შეშფოთება იმის თაობაზე, რომ მოხერხდება თუ არა ზღვარის დაცვა და ლიბერალიზაცია ხომ არ იქნება მაინც წახალისება, განსაკუთრებით ახალგაზრდებში ნარკოტიკის მოხმარების? დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სახელმწიფო შეძლებს ამ ზღვარის შენარჩუნებას და იზიარებთ თუ არა ამ შეშფოთებას?
აბსოლუტურად მესმის ის შეშფოთება, რაც არის საზოგადოებაში. ეს ლეგიტიმურია, ყველას გვყავს შვილები, ყველას გვაქვს ერთი და იგივე შიშები იმასთან დაკავშირებით, ჩემი შვილი ხომ არ დაიწყებს, თუკი დაშვებული იქნება. წარმოდგენა აქვთ, რომ თითქოს დეკრიმინალიზაცია უშვებს რაიმე სახის ნარკოტიკს. არა, ბატონებო და ქალბატონებო, ნარკოტიკი რჩება დასჯადი, ექვემდებარება კონფისკაციას, მისი მოხმარებაც იქნება არალეგალური, მისი ყიდვა სისხლის სამართლით დასჯადი იქნება, მისი მოხმარება არასწრულწლოვანის თანდასწრებით ასევე სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი იქნება და მთელი რიგი საკითხები, რაც არის ნარკოტიკული თრობით საჭის მართვა და ასე შემდეგ, ეს დამამძიმებელი გარემოება იქნება. ნებისმიერ შემთხვევაში ყველაფერი რჩება აკრძალული, უბრალოდ ჩვენ ვამბობთ, რომ ციხის ნაცვლად ვიყენებთ უფრო ჰუმანურ სასჯელს, უფრო ჰუმანურ მიდგომას. ვთავაზობთ დახმარებას იმიტომ რომ, ციხე არ არს ეფექტიანი საშუალება პრობლემურმა ნარკოდამოკიდებულმა ადამიანმა, რაც ავადმყოფობაა და მას ფიზიკური დამოკიდებულება გააჩნია, მისთვის ციხე მაინც არ არის პრევენციული საშუალება. იქ თუ როგორ ავიცილოთ თავიდან, რომ ახალი ნარკომომხმარებლები არ გაჩნდნენ და ჩვენი შვილები არ ჩაერთონ ამ მანკიერ წრეში, აქ არის სწორედ ის მექანიზმი, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ: ეგრეთ წოდებული შეფასების კომისია, დახმარება, სოციალური მუშაკი, იურისტები, მათ შორის, თუ საჭირო იქნება პოლიციისა და სასამართლოს ჩართვაც. თუმცა მიდგომა აბსოლუტურად სხვა იქნება, მიდგომა იქნება ინდივიდუალური ადამიანის პრობლემებზე მისადაგებული და არა ერთი ბლანკეტური მიდგომი თ ყველას მიმართ: პირველ შემთხვევაში 500 ლარი ჯარიმა, როგორც დღეს არის, განმეორებით მოხმარებაზე კი - ციხე. ამ შემთხვევაში იქნება, რომ კი ბატონო, ჯარიმა იქნება, მაგრამ შემდეგ ადამიანს შევეკითხებით, რა პრობლემა აქვს, რატომ მოიხმარს. თუ ის პრობლემური ნარკომომხმარებელია, მკურნალობას შევთავაზებთ. თუ ის ცნობისმოყვარეობის მიზნით, მაშინ ავუხსნით, რაოდენ დაღუპავს და რა შედეგამდე შეიძლება ამან მიიყვანოს. ძალიან ადრე ჩავერევით, ოჯახის მობილიზებას გავაკეთებთ, რომ ოჯახიც ადრე ჩაერიოს და პრობლემის წინაშე ადამიანი მარტო არ იყოს, მით უმეტეს, არასრულწლოვანი. დღეს ყველაზე დიდი პრობლემა სწორედ ახალგაზრდებში ამის პრევენციაა. პრევენცია და განათლება უნდა იყოს ქვაკუთხედი. ამის გარეშე, კანონით და რეპრესიით ჩვენ ვერაფერს ვერ მივაღწევთ, თუ ჩვენ არ შემოვიტანეთ შესაბამისი განათლება სკოლის დონეზე, ადრეულ ასაკშიც, სკოლამდეც კი, რომ ადამიანებს კარგად ავუხსნათ, ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე დამოკიდებულება დამღუპველი გზაა. არა მარტო ნარკოტიკებზე, არამედ თამბაქოზეც ზოგადად და რომ ჯანსაღი ცხოვრების წესს ალტერნატივა არ გააჩნია. აქიდან უნდა დავიწყო, ამით შევამცირებთ ჩვენ მომხარებელთა რაოდენობას. მხოლოდ გადარწმუნებით ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი ახალგაზრდობის. ამ კანონით ხელი უნდა შევუწყოთ, რომ ამ გზაზე დადგნენ და არა რეპრესიით, ციხეში გარიყვით. რეალურად, მართლაც გავრიყოთ ისინი საზოგადოებიდან ციხეში დამწყვდევით, რადგან ციხიდან გამოსულს პრობლემების გამრავლების და გააათმაგების მეტი ცხოვრებაში არაფერი არ ელოდება. რეალურად, არც გამოსწორების საშუალება არ არის და არც რეაბილიტაციის საშუალება არ არის.
გასაგებია...
ერთსაც ვიტყვი ზოგიერთი ოპონენტისთვის, რომელიც ამბობს, რომ თითქოსდა ნარკოლოგების მიერაა აღიარებულია, რომ ციხე არის ნარკოტიკების „მშრალად გადაგდების“ უებარი საშუალება. მეგობრებო, ეს არის ელემენტარული ტყუილი! ეს არის სიცრუე, ეს არის აბსოლუტური დეზინფორმაცია. არც ერთი თავის თავის პატივისმცემელი ნარკოლოგი სპეციალისტი ამ მოსაზრებას, რა თქმა უნდა, არ იზიარებს. ციხიდან გამოსული ადამიანების 90% პირველივე წელს ახდენს ნარკოტიკების მოხმარების განახლებას, 10% - მეორე წელს. ასევე ზედოზირებით დაღუპვის შემთხვევები ციხიდან გამოსვლის 2 კვირაში არის შვიდმაგი რისკი. ამიტომ, არანაირი საუბარი, თითქოს ციხე იყოს ნარკოდამოკიდებულების მოგვარების საშუალება, დამერწმუნეთ, ნებისმიერი, ვინც ამას ამბობს, მატყუარაა.
საუბრის ბოლოს არ შეიძლება არ შევეხო კიდევ ერთ თემას. დღეს იყო კიდევ ერთი უბედური შემთხვევა ხარაგაულის რაიონში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის დროს და კიდევ ერთხელ გვიწევს საუბარი შრომის უსაფრთხოების საკითხზე. პროფკავშირები ამბობენ, რომ წინა პერიოდის განმავლობაში კომპანიასთან არაერთხელ იყო გაფიცვაც, დავაც, რომ ეს ნორმები უნდა გამკაცრდეს, მაგრამ რეაგირება არ ყოფილა. ჩართული იყო ჯანდაცვის სამინისტროც, მაგრამ ამანაც ვერ აარიდა თავიდან ეს უბედური შემთხვევა დაშავებულებს. რა უნდა გაკეთდეს და როგორია პარლამენტის პოზიცია?
რაც შემიძლია პირველ რიგში განვაცხადო ისაა, რომ ჩვენ უახლოეს ვადაში მივიღებთ „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონს. 7 თებერვალს განახლდება პლენარული სხდომები და დიდი იმედი მაქვს, რომ გავიტანთ და დავასრულებთ მის მეორე და მესამე მოსმენით მიღებას. პირველი მოსმენით უკვე მიღებულია და რომელიც საფუძველი იქნება ეფექტიანი შრომითი ინსპექციის ამოქმედებისა, რომლის რეკომენდაციებიც უკვე სავალდებულო გახდება და რომლის, როგორც პრევენციული მექანიზმის მნიშვნელობა, საგრძნობლად გაიზრდება. ამ კონკრეტული შემთხვევაზე თუ ვისაუბრებთ, ამას მარტო შრომის ინსპექცია ვერ მოუვლის. აქ კონკრეტული შემთხვევაა და ამ შემთხვევაში სამაგალითო სასამართლო პრაქტიკამ უნდა მოგვცეს შეღავათი. თუ ასეთი რამე იყო, რეკომენდაცია მიცემული იყო, ჯანდაცვის სამინისტროდან შესაბამისი ინსტრუქციები იყო მიცემული და მაინც არ შეასრულა კომპანიამ აღნიშნული სტანდარტები, უსაფრთხოების ნორმები არ დაიცვა და ამის გამო მოხდა ტრაგიკული შემთხვევა, ამას რა თქმა უნდა გამოძიება დაადგენს, თუ ეს ასეა, სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს ამ შემთხვევაში ამ საწარმოს ხელმძღვანელობა. ეს ასევე უნდა იყოს პრევენციული მაგალითი სხვებისათვის, რომ შრომის უსაფრთხოების სტანდარტები, რომ ბიზნესის ეკონომია სხვა ადამიანების სიცოცხლის ხარჯზე მიუღებელია, არა მარტო ეთიკურად, არამედ იურიდიულად და ძალიან დიდი ფასის გადახდა მოუწევთ ასეთ შემთხვევაში უპასუხისმგებლო მენეჯერებსა თუ მფლობელებს.
https://imedinews.ge/ge/interview/138/vints...-agvarebs-tkuis
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3