2008 წლის ომისგან დაზარალებულები დამნაშავეთა პასუხისმგებლობის ძიებაში - FIDH-ის და HRIDC-ის ანგარიში
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციამ (FIDH) და მისმა წევრმა ორგანიზაციამ საქართველოში, ადამიანის უფლებათა ცენტრმა (HRIDC), განახორციელეს ფაქტების დამდგენი მისია საქართველოში, 2017 წლის 26 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით, რათა შეეფასებინათ, თუ რა ზეგავლენა მოახდინა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჩადენილმა დანაშაულებმა დაზარალებულებზე და ამატან დაკავშირებით ანგარიში გამოაქვეყნეს.
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციისა და ადამიანის უფლებათა ცენტრის მისიის წევრები შეხვდნენ 34 ადამიანს 10 სოფელში, საქართველოსა და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთს შორის არსებული ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის ახლოს და გორის მუნიციპალიტეტში არსებულ დევნილთა ერთ ჩასახლებაში. დაზარალებულებმა მიაწოდეს ინფორმაცია, რომ, 2008 წლის ხუთდღიანი ომის ზეგავლენა მათზე დღემდე ვრცელდება. დაზარალებულები დღემდე ცხოვრობენ ძალიან სახიფათო სიტუაციაში, სასოწარკვეთილ მდგომარეობაში ელოდებიან სამართლიანობის აღდგენასა და რეპარაციებს იმ ზიანისათვის, რაც მიიღეს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს და რომლის შედეგები დღემდე გრძელდება.
ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე შექმნილი „საქართველოში მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებული ფაქტების დამდგენი საერთაშორისო მისიის“ ანგარიშის თანახმად, 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად 850 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 100 000-მა ადამიანმა მიატოვა საკუთარი საცხოვრებელი. საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად 412 ადამიანი დაიღუპა, რომელთა შორის 228 იყო სამოქალაქო პირი, 170 - სამხედრო და 14 - პოლიციელი; დაიჭრა 1747 ადამიანი, დაიკარგა 10 სამხედრო პირი და 14 პოლიციელი. რუსეთის ფედერაციის ინფორმაციით, კონფლიქტის შედეგად დაიღუპა 162 ეთნიკურად ოსი პირი, დაიჭრა 255 პირი, დაიღუპა 48 სამხედრო პირი და დაიჭრა 162 პირი. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების მონაცემებით, შეირაღებული კონფლიქტის შედეგად სულ 365 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, სამოქალაქო პირები და სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული დე ფაქტო ძალების წარმომადგენლები.დაზარალებულებმა ასევე ზიანი განიცადეს შეიარაღებული კონფლიქტის დროს ჩადენილი ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების შედეგად, როგორიც არის, საკუთრების განადგურება, მაროდიორობა და დევნა ეთნიკურ ნიადაგზე.
ბევრი დაზარალებული, რომელსაც მისიის წევრები გაესაუბრნენ, აღნიშნავდნენ, თუ როგორ დაკარგეს მიწა ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გადმოწევის შედეგად და როგორ იქონია აღნიშნულმა ფაქტმა გავლენა მათ ცხოვრებაზე. მიწისა და კომერციის შესაძლებლობების დაკარგვამ შეაფერხა მათი ცხოვრება, გამოიწვია ინფრასტრუქტურული პრობლემები და რთული საცხოვრებელი და სამუშაო პირობები.
დაზარალებულები, რომლებსაც ფედერაციისა და ცენტრის ერთობლივი მისიის წევრები შეხვდნენ 2016 წლის აპრილში, ცხოვრობდნენ სახლებში, რომლებსაც ომის აშკარა კვალი აქვს. ზოგიერთ სახლს არ აქვს მინის ფანჯრები. ასეთ სახლებში ფანჯრების ნაცვლად პოლიეთილენის პარკებია გამოყენებული. სახლების ნაწილი არ შეკეთებულა და ეზოებში ჩანს საჰაერო და სახმელეთო შეტევის შედეგად მიყენებული ნატყვიარები. ზოგიერთი ოჯახი ცხოვრობს ევროპული დახმარების პროგრამის ფარგლებში აშენებული პატარა ზომის სახლებში, რომლებიც არ არის გამიზნული და ადაპტირებული დიდხანს საცხოვრებლად.
ამას გარდა, ბევრი დაზარალებული, რომელსაც ფედერაციისა და ცენტრის ერთობლივი მისიის წარმომადგენლები შეხვდნენ, უჩიოდა ფიზიკურ პრობლემებს, ფსიქოლოგიურ ტრავმასა და სამედიცინო დახმარების ნაკლებობას. სხვები აცხადებდნენ, რომ ისინი აგრძელებენ ცხოვრებას შიშში, რადგანაც ადმინისტრაციული გამყოფი ხაზი ყოველ დღე იცვლება და უფრო და უფრო ღრმად იჭრება საქართველოს ტერიტორიაზე.
აღნიშნული ფაქტი სერიოზულ საფრთხეს უქმნის მათ თავისუფლებას და წარმოშობს გატაცების შიშს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ძალებისა და რუსეთის სამხედრო პირების მხრიდან. აღნიშნული შემთხვევების უმრავლესობა ეხება ეთნიკურ ქართველებს, რომლებსაც მოჰყავთ მოსავალი ან აძოვებენ საქონელს გამყოფი საზღვრის ახლოს, რომელიც არ არის ყოველთვის თვალსაჩინოდ მონიშნული ან შემოღობილი. 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტიდან ცხრა წლის შემდეგ, ცოტა რამ თუ გაკეთდა კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ადამიანებისათვის. მათ ეკარგებათ იმედი სამართლიანობის აღდგენისათვის. შიდა დონეზე ჩანს, რომ საქართველოს არ გადაუდგამს მნიშვნელოვანი ნაბიჯები იმ ადამიანების დასასჯელად, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ასობით ქართველის იძულებითი გადაადგილების, მკვლელობისა და მაროდიორობისათვის.
შესაბამისად, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურატურის ოფისმა (OTP) უნდა განახორციელოს გამოძიება საქართველოში და წარმართოს საქმეთა შერჩევის პროცესი 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტის დროს ჩადენილი დანაშაულების დაზარალებულებზე ამჟამინდელი ზეგავლენის შესაბამისად.
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაცია და ადამიანის უფლებათა ცენტრი რეკომენდაციებით მიმართავს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, საქართველოს ხელისუფლებას,საერთაშორისო საზოგადოებას,რუსეთის და სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებებს და მოუწოდებს ყველა მხარეს, მათი ძალისხმევა მომავალში მიმართული იყოს მშვიდობისკენ და სამართლიანობის აღდგენის პროცესზე, საერთაშორისო სამართლისა და სტანდარტების შესაბამისად. ამდენად, საერთაშორისო ორგანიზაციებს, როგორიცაა - ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, ადგილზე შეაფასონ სამხრეთ ოსეთში არსებული მდგომარეობა, რათა განხორციელდეს საქმიანობის მონიტორინგი და გაიცეს საჭირო რეკომენდაციები.
უფრო ვრცლად:
http://www.hridc.org/admin/editor/uploads/....compressed.pdfწყარო:
http://www.newposts.ge/?l=G&id=164233-%E1%...%83%A8%E1%83%98