სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოადგილის ალექსანდრე ტაბატაძის ანაზღაურებამ 2017 წელს 147 196 ლარი შეადგინა. თანამდებობრივ სარგოსთან ერთად, რომლის წლიური ოდენობა 32 640 ლარს შეადგენდა, მან 3.5-ჯერ მეტი - 114 556 ლარის ოდენობით სხვადასხვა დანამატები მიიღო.
ალექსანდრე ტაბატაძე სუს-ის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე 2016 წლის 4 ნოემბერს დაინიშნა. მანამდე, 2013 წლიდან, მას იუსტიციის მინისტრის მოადგილის, უფრო ადრე კი შს მინისტრის მოადგილის თანამდებობები ეკავა.
ოფიციალურად დეკლარირებული მონაცემებით, ალექსანდრე ტაბატაძემ 2017 წლის განმავლობაში ამ თანამდებობაზე ანაზღაურების სახით 147 196 ლარი მიიღო (თვეში საშუალოდ 12 266 ლარი). მათ შორის, თანამდებობრივი სარგო შეადგენდა 32 640 ლარს, ხოლო დანარჩენი თანხა - 114 556 ლარი, სხვადასხვა სახის დანამატები იყო.
შესაბამისად, ალექსანდრე ტაბატაძის წლიური ანაზღაურება 63 383 ლარით აღემეტებოდა სუს-ის უფროსის ვახტანგ გომელაურის ხელფასს, რომელმაც იმავე პერიოდში 83 813 ლარის ოდენობით გასამრჯელო მიიღო.
„რეგინფო“ წერდა, რომ 2018 წლის 1 იანვრიდან სუს-ის მაღალჩინოსნების ხელფასები 2.5-ჯერ გაიზარდა. კერძოდ, სამსახურის უფროსის ვახტანგ გომელაურის ხელფასი თვეში 3540 ლარის ნაცვლად 8500 ლარი იქნება, მისი პირველი მოადგილის იოსებ გოგაშვილისა - 2950 ლარის ნაცვლად 7500 ლარი, ალექსანდრე ტაბატაძე და სხვა მოადგილეები კი 2720 ლარის ნაცვლად 7250 ლარს მიიღებენ.
წყარო:
http://reginfo.ge/people/item/4907-sus-is-...ati-42-jer-aigo