კიტოვანი საქართველოში ბრუნდება
თავდაცვის ყოფილი მინისტრი თენგიზ კიტოვანი საქართველოში დაბრუნებას გეგმავს. კიტოვანი აცხადებს, რომ როგორც კი ახალი მთავრობა ჩამოყალიბდება, თბილისში დაბრუნდება, რადგან რუსეთში ცხოვრება აღარ სურს.
,,GlobalNews” გთავაზობთ ინტერვიუს თენგიზ კიტოვანთან:
-როგორ შეაფასებდით საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს და ხელისუფლების არჩევნების გზით ცვლილებას?
-სააკაშვილის ხალხმა „ქართულ ოცნებას“ დიდი წინააღმდეგობა გაუწია. რასაკვირველია, მათ ყველა ღონე იხმარეს ამ პოლიტიკური ძალის დასამარცხებლად, მაგრამ ქართველი ხალხის არჩევანმა გაიმარჯვა. ეს იყო ქართველი ერის უდიდესი გამარჯვება.
-საქართველოში დაბრუნებას აპირებთ?
-მე ჩამოვალ მთავრობა რომ დალაგდება. მე აქ აღარ მინდა. ყველამ კარგად იცის რატომ ჩამოვედი რუსეთში. მე ოპოზიციაში ვიყავი როგორც შევადრნაძესთან, ასევე სააკაშვილთან, არ მინდოდა მათთან კავშირი მქონოდა და რუსეთში წამოვედი.
-რაიმე პრეტენზიები ხომ არ გაქვთ? მაგალითად ქონების დაბრუნებასთან დაკავშირებით?
-ამას რომ ჩამოვალ მერე გავარკვევ. მე არა ვარ ორი წლის ბავშვი, რომ მათ აქედან რაიმე პრეტენზიები წავუყენო ან მუქარა დავიწყო. ისე რომ იცოდეთ რამოდენიმე კაცი ჩამოსახრჩობია. ამდენი ქართველის სისხლი დალიეს და ამდენი ბავშვი აწამეს. მე ყველაფერი კარგად ვიცოდი და იმიტომ ვლანძრავდი მათ. ისენი არ იყვნენ ქართველი ერის წარმომადგენლები. მათ დაავიწყდათ რომ საქართველოში ყველა პატიმარს ნათესავი და ახლობელი ყავს.
-ვის გულისხმობთ?
-ყველას, დაწყებული სააკაშვილიდან. იგი არის ავადმყოფი და მისი გუნდი, რომელიც აწამებდა პატიმრებს არის ფსიქიურად დაავადებული.
-თქვენი აზრით, მხოლოდ ციხის კადრებმა განაპირობა სააკაშვილის პარტიის დამარცხება არჩევნებში თუ სხვა ფაქტორებიც იყო?
-რასაკვირველია, პირველ რიგში, ამან გამოიწვია. ყველამ კარგად იცოდა რას აკეთებდა სააკაშვილი, მაგრამ იმდენად დატერორებული ყავდა ქართველი ერი, რომ ვერავინ ვერ გაბედავდა ხმის ამოღებას, რომ არა ივანიშვილი. მე აქედან რაც შემეძლო ვლანძრავდი, მაგრამ ჩემი ლანძრვა მათ ყურად არ იღეს. ისინი უნდა გასამართლდნენ იმ მკვლელობებზე რაც ჩაიდინეს. მათ მოკლეს პრემიერ-მინისტრი, არაფერს ვამბობ პატარკაციშვილზე და იმ 200 პატიმარზე რომელიც ციხეებშია მოკლული.
-გაქვთ ამ განცხადების რაიმე დამამტკიცებელი საბუთი?
-ჰკითხეთ იუსუპოვის მამას, რომელმაც შვილის ფეხსაცმელი ვერ ნახა. ის ფეხსაცმელი სადაც მოკლეს იქ დატოვეს,დაავიწყდათ, იმდენად არაპროფესიონალურად იყო მოკლული ის ბიჭი და ჟვანია. ეს არაპროფესიონალიზმი ამერიკელებმაც კი შენიშნეს. მთელმა ქვეყანამ იცის ასევე როგორ მოკლეს პატარკაციშვილი ლონდონში, როგორ ჩაუგზავნეს მას ძმები ქართველები, რომლებმაც საწამლავი შეურიეს ხელში და ხელის ჩამორთმევით მოკლეს. არ მინდა მაგათი გვარის დასახელება. უნდა სცოდნოდა საწყალ პატარკაციშვილს, რომ მათი მიღება ასე არ შეიძლებოდა. მიცვალებული ოჯახს 10-15 დღის შემდეგ გადასცეს, რათა შხამებისგან გაეწმინდათ.
-პირადად თუ იცნობთ ბიძინა ივანიშვილს?
-მე არ ვიცნობ ივანიშვილს, ის ჩემზე ბევრად ახალგაზრდაა. გულდასაწყვეტი იყო ჩემთვის, როდესაც ივანიშვილს კვანტრიშვილის მკვლელობა დააბრალეს. კვანტრიშვილი აქაურმა მთავრობამ მოკლა და ივანიშვილი რა შუაში იყო? კვანტრიშვილი რუშაილომ მოკლა, ასე გადაეცით იმას, ვინც გამოდიოდა და ამას ივანიშვილს აბრალებდა.
-ივანიშვილის მთავრობაში თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის პოსტზე ირაკლი ალასანიაა წარდგენილი. თქვენი აზრით,როგორი მინისტრი იქნება ის?
-ალასანია წესიერი და კარგი ახალგაზრდაა და ალბათ, კარგად გაუძღვება თავდაცვის სამინისტროს, მაგრამ თავდაცვის სფეროში სხვა ადამიანი უნდა იყოს და ალასანიას ადგილი უფრო მაღლაა. ალასანია როგორც რუსები იტყვიან „ достойный парень“. კარგი ახალგაზრდები მოდიან და ღმერთმა ხელი მოუმართოთ საქართველოს მართვაში. იმედი მაქვს, ის რაც საქართველოში ხდებოდა სააკაშვილის რეჟიმის დროს აღარ განმეორდება.
http://globalnews.com.ge/?l=G&m=2&ID=9234