საქართველოს ელექტროსისტემას 2018 წლის ბოლოს 2 ჰესი შეემატება
13:10 | კომპანიები
კომპანია „სვანეთი ჰიდრო“ დაბა მესტიაში არადაგუბებითი ტიპის ჰესებს, მესტიაჭალა1 და მესტიაჭალა2-ის მშენებლობას 2018 წელს დაასრულებს.
ჰესების საინვესტიციო ღირებულება 65 მილიონი აშშ. დოლარია. დადგმული სიმძლავრე 50 მეგავატი, სავარაუდო წლიური გამომუშავება კი 175 მლნ. კვტ/სთ.
„სვანეთი ჰიდრო“ ჰესის მშენებლობას დიდი გამოცდილების მქონე ავსტრიულ კომპანია rpGLOBAL-თან ერთად ახორციელებს, რომელსაც 30-ზე მეტი მცირე და საშუალო ჰესი აქვს აშენებული, როგორც ევროპაში ისე, ლათინურ ამერიკაში. ჰესები თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით შენდება.
„სვანეთი ჰიდრომ“ კანონით გათვალისწინებული პროცედურებისა და საექსპერტო დასკვნების მოპოვების გარდა, მშენებლობის დაწყებამდე საჯარო განხილვებიც გამართა. სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით კი კომპანიამ მესტიის მოსახლეობისთვის უკვე 1 მლნ ლარის სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები განახორციელა.
მესტიაჭალა1 და მესტიაჭალა2-ის სამშენებლო პროცესის ნახევარზე მეტი შესრულებულია, ხოლო ინვესტიციის 2/3 უკვე განხორციელებული. მშენებლობის დასრულება 2018 წლის დეკემბერშია დაგეგმილი.
საქართველოს ეკონომიკურად მომგებიანი ჰიდრორესურსის 1/4-ზე ნაკლები აქვს ათვისებული. ამჟამად მიმდინარეობს "ნენსკრაჰესის" მშენებლობა. უახლოეს მომავალში შეიზლება დაიწყოს "ნამახვან ჰესების კასკადის", "ონის ჰესების კასკადისა" და "ცხენისწყლის ჰესების კასკადის" მშენებლობა.
https://m2b.ge/post/191237-saqartvelos-eleq...-hesi-seemateba