„კახელების“ დამფუძნებელი - ორგანიზაციის დაჯარიმება არის სახელის გატეხვისა და ბიზნესისთვის ...
„კახელების“ დამფუძნებელი - ორგანიზაციის დაჯარიმება არის სახელის გატეხვისა და ბიზნესისთვის ხელის შეშლის მცდელობა
18:59, 17.03.2018
„კახელების“ დამფუძნებელი - ორგანიზაციის დაჯარიმება არის სახელის გატეხვისა და ბიზნესისთვის ხელის შეშლის მცდელობა
ორგანიზაცია „კახელების“ დამფუძნებელი ჭიჭიკო გოლეთიანი სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ორგანიზაციის დაჯარიმებას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ მსგავსი ნაბიჯები ბიზნესსაქმიანობას ხელს უშლის.
გოლეთიანი განმარტავს, რომ „კახელების“ კუთვნილებაში არსებულ ობიექტებზე ყველა ნორმა დაცულია. რაც შეეხება დაჯარიმების ფაქტს, როგორც ორგანიზაციის დამფუძნებელმა აღნიშნა, სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებს ცხვრის ხორცის ვარგისიანობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია წარუდგინეს, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.
„ეს არის სახელის გატეხვის მცდელობა და ბიზნესისთვის ხელის შეშლა. არანაირი შემოწმების წინააღმდეგი არ ვართ, როცა უნდათ მაშინ შეგვამოწმონ გაფრთხილების გარეშე და თუ რამე დარღვევაა თქვან, თუ არ არის დარღვევა ესეც უნდა ითქვას.
ლაბორატორიის მიერ გაცემული საბუთი რაც წარვადგინეთ, რომელიც აქამდე მოქმედებდა, თურმე ახლა აღარ მოქმედებს და ამას არ იღებს სურსათის ეროვნული სააგენტო. თუ მთელი თბილისი ამ ავტორიზებული ლაბორატორიის მიერ გაცემული ცნობით ყიდულობს ხორცს, რატომ აქვთ რესტორნებს შეზღუდვა და რატომ არ არის ეს ჩვენთვის საკმარისი.
ცნობას, ფორმა 2-ს რის უქონლობის გამოც დაგვაჯარიმეს, გასცემს ცხოველების სასაკლაო, თუმცა ორი ძირითადი სასაკლაო, თელეთსა და მარნეულში, ისეთი გადატვირთულია საექსპორტო ხორცზე მუშაობის გამო, რომ რესტორნებს ვერ ემსახურება.
თუ ამ ცნობას გვთხოვენ, მაშინ სახელმწიფომ შესაბამისი პირობები შეგვიქმნას იმ ბიზნესოპერატორებს, რომლებიც ამ ბიზნესში ვართ, უნდა შეიქმნას ინფრასტრუქტურა, რათა შევძლოთ მისვლა და ხელშეკრულების გაფორმება“, – განაცხადა ჭიჭიკო გოლეთიანმა.
„კახელების“ დამფუძნებელი ხორცზე, რომელსაც შემოწმება ჩაუტარდა, დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს, რათა დადასტურდეს, რომ ის ჯანმრთელობისთვის საშიში არ ყოფილა და ყველა ნორმის დაცვით ხდებოდა მისი რეალიზაცია.
გარდა ამისა, ჭიჭიკო გოლეთიანი სურსათის ეროვნული სააგენტოს მოუწოდებს, გაასაჯაროოს, ყველა რესტორნის შემოწმების ამსახველი ვიდეომასალა, რათა საზოგადოებისთვის თვალსაჩინო გახდეს, რა ვითარებაა თითოეულ იმ რესტორანში, რომელსაც შემოწმება ჩაუტარდა.
„როგორც გავრცელდა ინფორმაცია, რესტორნების გარკვეულ ნაწილთან შენიშვნები არ ჰქონიათ. როცა შედიან შემოწმებაზე, პირდაპირ იწყება გადაღება. გაასაჯაროონ ეს ვიდეომასალა, მათ შორის ჩვენიც, რომ საზოგადოებამ ნახოს, სად რა მდგომარეობაა. ასევე ჩვენც ხომ უნდა ვიცოდეთ, რით გვაჯობეს სხვა რესტორნებმა, რომ შენიშვნა არ დაიმსახურეს.
https://1tv.ge/news/kakhelebis-damfudznebel...shlis-mcdeloba/