ავტორი: რენე ნიუბერგი, ფინეთის ყოფილი ელჩი რუსეთის ფედერაციაშიმოამზადა: ლევან ბიბილაშვილმა
ჰიბრიდული ოპერაციები და საზოგადოების გამძლეობა: ფინეთის ისტორიის გაკვეთილები
უკანასკნელ წლებში რუსული ჰიბრიდული ოპერაციებისა და საინფორმაციო ომების თემა ხშირად ჩნდება მასმედიის ყურადღების ცენტრში. მათ დასავლური დემოკრატიული საზოგადოებების ახალ საფრთხეებადაც მიიჩნევენ. ჰიბრიდულ ოპერაციებს მრავალი განშტოება გააჩნია: დაწყებული ფეისბუქზე უამრავი ფიქტიური მომხმარებლიდან, რომელიც მიმნდობ ამომრჩეველს ყალბი ცნობებით ამარაგებს და გაგრძელებული, ეკონომიკური ხასიათის ცრუ შეტყობინებებით, რაც საბოლოოდ შიდა პოლიტიკაზე მოქმედებს.
ტერმინი „ჰიბრიდული ოპერაციები“ ახალია, მაგრამ მისი შინაარსი ისეთივე ძველია, როგორც ომი და დიპლომატია. რუსეთის მეზობლები ამ ტაქტიკისგან უკვე დიდი ხანია იტანჯებიან. ამ მხრივ ძნელად რომ ვინმეს გამოცდილება გაუტოლდეს ფინეთისას. ის იდგა საბჭოური და რუსული ჰიბრიდული ომების საფრთხის წინაშე არამხოლოდ ცივი ომის პერიოდში, არამედ იქამდეც. ამასთან, ცოტას თუ მიუღწევია ფინეთის დარი წარმატებებისთვის ამ ბრძოლაში. წარმატების საიდუმლო განპირობებულია უნიკალური ისტორიული გამოცდილებით, საფრთხეების წინააღმდეგ გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმასა თუ დიპლომატიურ მოქნილობას შორის ბალანსის მუდმივი ძებნით.
კიბერშეტევების, საინფორმაციო ომების და ყალბი ინფორმაციების გავრცელების პრობლემას ატლანტიკის ოკეანის ორივე მხარეზე მდებარე ქვეყნები აწყდებიან. საზოგადოების გამძლეობა, სწორედ ეს არის ჰიბრიდული ომის საფრთხის განეიტრალების საშუალება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ქვეყნებისთვის საკუთარი ინტერესების სხვადასხვა მიმართულებით დასაცავად.
კიბერშეტევებისგან დაცვის საშუალებები უზრუნველყოფენ ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინსტიტუტების მდგრადობას, ხოლო იმ ადამიანების საჯაროდ მხილება, ვინც ყალბ ცნობებს განზრახ ავრცელებს, საზოგადოებას რეალურ ვითარებაზე წვდომას უადვილებს და საინფორმაციო პოლიტიკის ბინძური მონაწილეებისგან დაცვის იმუნიტეტს უმაღლებს.
საზოგადოებაში გამძლეობის ამაღლება ურთულესი ამოცანაა და პრობლემის გადაწყვეტა მარტო ყალბი ინფორმაციის გამავრცელებელთა მხილებით შეუძლებელია. სისტემური მიდგომა გადამწყვეტი ფაქტორია დეზინფორმაციულ ნაკადთან ბრძოლაში. საზოგადოებას, რომელსაც უჭირს ზეწოლასთან გამკლავება, გაუჭირდება ნების ფორმირებაც და მას გარკვეული დრო დასჭირდება. ამასთან, ამ ბრძოლაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს საზოგადოების განათლებაც.
თანამედროვე პირობებში, როცა უთვალავი საინფორმაციო წყარო და შესაბამისად, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მრავალი საშუალება არსებობს, შემტევ მხარეს ყოველთვის ექნება უპირატესობა. თავის დაცვა კი არასოდეს იქნება მარტივი ამოცანა. გველეშაპისთვის ერთი თავის მოჭრის შემდეგაც არასოდეს გვეცოდინება, სად გამოებმევა ახალი და საიდან რა ყალბ ინფორმაციას შემოგვაპარებს. იმისთვის, რომ გველეშაპთან ბრძოლა ვისწავლოთ, მთელი ძალისხმევა უნდა მივმართოთ საკუთარი მოქალაქეების განათლებისკენ, ვასწავლოთ საინფორმაციო წყაროების ტიპებში გარკვევა.
ნდობის მაღალი ხარისხი როგორც ცალკეულ მოქალაქეებში, ისე მთლიანად სახელმწიფოში, სკანდინავიური საზოგადოებების დამახასიათებელი ნიშანია. ის გამოწვეულია თვითმმართველობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციებით. პატარა საზოგადოებები დამატებით არიან დაცულები ასევე საკუთარი ენის ფაქტორითაც.
2015 წლის აპრილში რუსულმა საინფორმაციო სააგენტო „სპუტნიკმა“ ფინურ ენაზე დაიწყო მუშაობა. მან ჟურნალისტების დიდი ჯგუფის მიწვევაც სცადა სამუშაოდ, თუმცა წარუმატებლად. 2016 წლის მარტში „სპუტნიკმა“ ფინურ მიმართულებაზე უარი თქვა. დახურა წარმომადგენლობები დანიაში, ნორვეგიასა და შვედეთშიც. მან ვერ მოახერხა სკანდინავიელებზე გავლენის მოპოვება. 
საინფორმაციო ომების წინააღმდეგ საზოგადოებების მდგრადობას ქვეყნებში განსხვავებულად უზრუნველყოფენ. ზოგ ქვეყანაში ეს გამძლეობა ფორმირებულია ბუნებრივი გზით, ისტორიული განვითარებით და სოციალური გამოცდილების დაგროვების ხარჯზე. სხვა ქვეყნებს ხანგრძლივად სჭირდებათ ამ მიმართულებაზე ზრუნვა, იქნება ეს განათლების სისტემის მეშვეობით თუ საზოგადოებასთან დიალოგის საშუალებით.
ფინეთი პირველ ჯგუფს მიეკუთვნება. ქვეყნის წინაშე მუდმივად იდგა ამოცანა, ეცხოვრა საბჭოთა კავშირის მეზობლად და დაელაგებინა მასთან ურთიერთობა იმგვარად, რომ საფრთხის ქვეშ არ დამდგარიყო დამოუკიდებლობა და ნაციონალური თვითმყოფადობა. ამოცანასთან გამკლავება შეუძლებელი იყო საზოგადოების მხარდაჭერის გარეშე, რომელსაც კარგად ესმოდა, რამდენად დიდი სირთულეების წინაშე იდგა სახელმწიფო. ამასთან ფინელები ამაყობდნენ საკუთარი თვითმყოფადობით და ადგილით, რომელიც მათ ეკავათ მსოფლიო საზოგადოებაში. ცივი ომის პერიოდში ფინეთის ევროპული იდენტობა წამითაც არ დამდგარა ეჭვქვეშ. ფინეთს არ გამოუტოვებია ევროპასთან ინტეგრაციის არცერთი მნიშვნელოვანი ეტაპი და 1995 წელს ევროკავშირში მისი გაერთიანება უმრავლესობამ ისე მიიღო, როგორც შინ დაბრუნება.
ფინეთი ვერ მოიპოვებდა საერთაშორისო სუბიექტის სტატუსს, მის შეიარაღებულ ძალებს ქვეყნისთვის გარდამტეხ ეტაპებზე სახელმწიფოებრიობა რომ არ დაეცვა წითელი არმიისგან 1940 და 1944 წლებში. ფინეთმა დაკარგა საკუთარი ტერიტორიის თითქმის 15%, მაგრამ შეძლო დამოუკიდებლობის შენარჩუნება. სწორედ ეს გამოარჩევს ფინეთს რუსეთის სხვა მეზობლებისგან. მან ერთადერთმა მოახერხა საკადრისი წინააღმდეგობა გაეწია ბევრად მძლავრი სახელმწიფოსთვის. გერმანიისგან განსხვავებით ფინეთი სამართლიან ომში დამარცხდა, რადგან თავდამსხმელი ამ შემთხვევაში სსრკ იყო. 1941 წელს ფინეთი ბოროტების მხარეს დადგა, მაგრამ არ გაუზიარებია მისი იდეოლოგია. ეს ფაქტები და გარემოებები ხაზს უსვამს, რომ ფინური საზოგადოება ერთიანი იყო ყველაზე რთულ ისტორიულ ეტაპებზეც კი. ომში მიღებულმა გამოცდილებამ ფინელების გამძლეობა კიდევ უფრო გაამყარა და მოამზადა ჰიბრიდული ოპერაციებისთვის, რომლებიც როგორც ცივი ომის, ისე მისი დასრულების შემდგომი ეპოქების განმასხვავებელ ნიშნებად იქცა.
ცოტა ხნის წინ ფინელმა და რუსმა ისტორიკოსებმა უმნიშვნელოვანესი დოკუმენტები გამოაქვეყნეს სტალინისა და სხვა საბჭოთა გენმდივნების არქივებიდან. 1957 წლის ერთ-ერთ დოკუმენტში ლაპარაკი იყო, ჰელსინკიში ელჩად ვიაჩესლავ მოლოტოვის დანიშვნაზე. როგორც ჩანს, ხრუშჩოვმა მოგვიანებით ჩათვალა, რომ მოლოტოვის დანიშვნა ქვეყანაში, რომელიც 1939 წელს შეტევაზე გადასულ საბჭოთა არმიას „მოლოტოვის კოქტეილებით“ დახვდა, არ იყო კარგი იდეა. მოლოტოვი და მისი განცხადებები ფინეთის წინააღმდეგ საბჭოთა აგრესიის სიმბოლოებად იყო მიჩნეული.
ყველაზე შოკისმომგვრელი დოკუმენტი შეიცავდა გეგმას, ზეგავლენა მოეხდინათ 1950 წელს ფინეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე. როგორც ჩანს, ჯერ კიდევ 1947 წელს გეგმავდნენ მოსკოვში იძულებული გაეხადათ ფინეთის ხელმძღვანელობა, გადაესინჯა საკუთარი გადაწყვეტილება, არ მოეწერა ხელი სსრკ-თან მეგობრობის ხელშეკრულებაზე, მაგრამ ეს ვერ მოახერხეს. 1948 წელს პრაღაში ხელისუფლების ძალისმიერმა ცვლილებამ, 1950-ში კი კორეის ომში ჩაბმამ სტალინი აიძულა, გადაეხედა ფინეთის მიმართ საკუთარი გეგმებისთვის.
სოციალური ქსელების ეპოქამდე ნახევარ საუკუნეზე მეტი რჩებოდა, მაგრამ 1950 წელს ჩატარებულ ოპერაციას მაინც შეიძლება პოლიტიკური ტროლინგის კლასიკური მაგალითი ვუწოდოთ. საბჭოთა აგენტებს ფინური პარტიების ლიდერებისთვის ანტისაბჭოთა პროკლამაციები უნდა გაეგზავნათ ფოსტით, ამავე პროკლამაციებს მიიღებდნენ საბჭოთა აგიტატორები, რომლებიც ამის შესახებ ჰელსკინკიში სსრკ-ის ელჩს აცნობებდნენ. უკანასკნელი ფინეთს სამშვიდობო პროცესის დარღვევაში დასდებდა ბრალს, ელჩი ბრალს დასდებდა ასევე, რომ ქვეყანა ხელს უწყობდა „წინააღმდეგობის მოძრაობას“ რომლის მიზანი იყო ფინელთა პოლიტიკური სიმპათიები დასავლეთისკენ შეეტრიალებინა.
1950 წლის საპრეზიდენტო არჩევნებმა მოქმედი ლიდერის იუჰო კუსტი პაასიკივის წინააღმდეგ აგრესიული საბჭოური მედიაკამპანიის ფონზე ჩაიარა, მაგრამ პრეზიდენტს ცივსისხლიანობა არ დაუკარგავს და არჩევნებში იმარჯვა. აი, ასე ვერ იმუშავა სტალინურმა მეთოდებმა. 1950 წელს პაასიკივის 80 წლის გახდა. 1947-ში მან იუარა სტალინის მიწვევა და ჯანმრთელობის მომიზეზებით მოსკოვში არ ჩავიდა. პრეზიდენტმა იცოდა, რისი მიღწევაც ეწადა სტალინს და ხელი არ მოაწერა სსრკ-თან სამხედრო მეგობრობის ხელშეკრულებას, რომლის მსგავსი უკვე გაფორმებული იყო უნგრეთთან და რუმინეთთან.
ისიც უნდა ითქვას, რომ ფინეთს მარშალის გეგმით გათვალისწინებული დახმარება არ მიუღია და მას უზარმაზარი სამხედრო რეპარაციების გადახდა დაეკისრა საბჭოეთის მიმართ. ფინეთი დასავლურ ქვეყნებს შორის სსრკ-ს ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორი გახდა და ეს პირველობა მხოლოდ 1970-იან წლებში დათმო დასავლეთ გერმანიასთან.
1948 წელს ჩეხეთში სამხედრო გადატრიალების მოწყობის შემდეგ საბჭოთა კავშირის პრიორიტეტები შეიცვალა ფინეთის მიმართ. ფინეთმა მეგობრობის ხელშეკრულება გააფორმა მეზობელთან, მაგრამ სტალინის პირვანდელი შემოთავაზებებისგან განსხვავებული პირობებით. კერძოდ, ფინეთს აღარ ევალებოდა საჭიროების შემთხვევაში მომენტალურად აღმოეჩინა სამხედრო დახმარება საბჭოეთისთვის. სსრკ-ზე მესამე ქვეყნის თავდასხმის შემთხვევაში შეზღუდული იყო საბჭოთა ჯარების ფინეთის ტერიტორიაზე დაუბრკოლებელი გატარების პირობაც. ცივი ომის პერიოდში ეს დათქმა ფინეთის მიმართ ეჭვებს ბადებდა, მაგრამ ქვეყანამ მაინც შეძლო დაემტკიცებინა მისი სურვილი, წინ აღდგომოდა საბჭოთა ზეწოლას და გამოენახა ოქროს შუალედი ურთიერთობებში ერთი მხრივ საბჭოეთთან, მეორე მხრივ - დასავლეთთან. დიახ, ფინეთის ხელისუფლება სადღაც დათმობებზეც წავიდა, მაგრამ უმნიშვნელოვანეს საკითხებში პრინციპული დარჩა. ცივი ომის ეპოქაში ფინეთის მიერ დაგროვილი გამოცდილება, ურთულეს პერიოდში ფორმირებული ხასიათის სიმტკიცე ქვეყანას შემდეგშიც გამოადგა. რუსეთთან მეზობლობა ხომ არასოდეს ყოფილა იოლი და არც იქნება.
არ არის გასაკვირი, რომ 2017 წლის სექტემბერში ფინეთის მთავრობამ დააარსა „ევროპული ცენტრი ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ“. ეს არ არის ადგილი, სადაც „ანტიჰიბრიდული ოპერაციები“ იგეგმება. სტრუქტურა საშუალებას იძლევა, შესაბამისი კვლევებისა და სწავლებების დახმარებით, ევროკავშირისა და ნატოს სპეციალისტების ჩართულობით, ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებები სტრატეგიულ დონეზე დაიგეგმოს. ფინეთის ხელისუფლებამ ჰარვარდის უნივერსიტეტის სპეციალისტებთან ერთად სახელმწიფო მოხელეებისთვის შესაბამისი სალექციო კურსი შემოიღო, რათა ამით ადამიანებს ჰიბრიდული ოპერაციების წაკითხვა და მათზე შემდგომი რეაგირება გაუიოლდეთ.
მთავრობის ამ ინიციატივის უკან დგას ქვეყნის უსაფრთხოების საყოველთაო კონცეფცია. ის ითვალისწინებს, რომ შესაბამისი ასაკის მამაკაცთა 70% შეიარაღებულ ძალებში გაწვევას ექვემდებარება. ისინი 6-დან 12 თვემდე სამხედრო სავალდებულო სამსახურს იხდიან. აღნიშნული კონცეფცია მარტო სამხედრო მომზადების სისტემას კი არ აწესებს, ის დიდწილად ორიენტირებულია საზოგადოების ინფორმირებულობაზე სამხედრო საფრთხეების შესახებ.საზოგადოების მდგრადობის ჩამოყალიბება ჰიბრიდულ საფრთხეებთან ხანგრძლივი ამოცანაა. არ აქვს მნიშვნელობა, გაუმართლა თუ არა ფინეთს, რომ მისი საზოგადოება გადარჩენის ხანგრძლივი პროცესის პარალელურად ჩამოყალიბდა ასეთად. ან არ გაუმართლა თუ არა, რომ მას სხვა არჩევანი გადასარჩენად არც გააჩნდა. ფინეთის მაგალითი გვიჩვენებს, რომ არცერთ ერს არ შეუძლია მტკიცე საზოგადოებად ჩამოყალიბდეს დროის მოკლე მონაკვეთში. ამისთვის საჭიროა დრო, მტკიცე ნება და რესურსები, რომელიც მიმართული უნდა იყოს არა მხოლოდ ნაციონალური თავდაცვის მიზნების, არამედ საზოგადოების ძირითადი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლადაც. ჰიბრიდულ საფრთხეებზე საზოგადოების მტკიცე რეაქციაზე ზრუნვა ყოველდღიურობაში უნდა იყოს ინტეგრირებული, ჯერ კიდევ იქამდე, სანამ ამ სიმტკიცის გამოცდის დღე დადგება.
სამხედრო ჟურნალისტთა საერთაშორისო ასოციაცია
This post has been edited by Lаki on 31 Mar 2018, 09:41
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3