წყარო:
https://modivisaubrot.wordpress.com/2018/03...83%A8%E1%83%98/2016 წლის სექტემბერში ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორთა ნაწილმა საპროტესტო შიმშილობა დაიწყო. მათი პროტესტის მიზეზი იყო არა დაბალი ანაზღაურება, არამედ სწავლების ძალიან დაბალი დონე, თუმცა ანაზღაურება მართლაც ძალიან დაბალი აქვთ და ესეც პირდაპირ აისახება სწავლების ხარისხზე.
სამწუხაროდ მოშიმშილე ლექტორებმა ვერაფერს მიაღწიეს და დაიშალნენ, რადგან მათ არ აყვნენ სხვა ლექტორები და სტუდენტები. მეტიც, სტუდენტების დიდმა ნაწილმა მათ წინააღმდეგაც კი გამოთქვა აზრი. რატომ? ნუთუ ტყუილად შიმშილობდნენ ეს ადამიანები და „გეპეიში“ ყველაფერი რიგზეა? ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ეს ასე არაა. მაშ რაშია საქმე, სტუდენტებს სწავლა არ უნდათ? დიახ! სტუდენტებს სწავლა არ უნდათ და ეს ახალი ამბავი არაა. ასე იყო საბჭოთა საქართველოში და ასეა ახლაც. ეს მანკიერი რეალობა ისევ გრძელდება და ამ ყველაფრის მიზეზი არის ის, რომ სკოლაში სწავლობენ არა ცოდნისთვის, არამედ ნიშნებისთვის. უმაღლეს სასწავლებელშიც აბარებენ არა ცოდნისთვის, არამედ დიპლომისთვის, თუმცა ბევრი სტუდენტი იმასაც კი ვერ ხვდება, რა ჯანდაბად უნდა ეს დიპლომი. გასაგები მიზეზების გამო დამსაქმებელი მათ დიპლომებს დიდი ხანია აღარ ენდობა. ყველამ კარგად იცის, რომ მათი პროფესიონალიზმის შეფასების დროს ნაცნობ-მეგობრობა ან გამარჯვებული პარტიის წევრობაა გადამწყვეტი და არა დიპლომი ან სტაჟი. იქნებ დიპლომიანი სასიძოები და სარძლოები უნდათ იყვნენ? რა ვიცი, თითქოს ესეც აღარაა მოდაში უკვე… თუ არის?
ალბათ დიპლომი მათი მშობლების უცნაური ახირებაა, რომელიც უნდათ თუ არ უნდათ უნდა აასრულონ. (რა ენაღვლებათ, ფულს ხომ მაინც მშობლები იხდიან ) თან რაღაცნაირად ტეხავს, როცა გკითხავენ სად სწავლობ ან რა დაამთავრე და შენ კი სკოლის ატესტატის მეტი არაფერი გაბადია. ხო, და კიდევ სტუდენტური ცხოვრება! ლუდი და შაურმა, ტუსოვკები, ბარები, უსაქმური ბოდიალი, რომლებიც ლექციების გაცდენის ფონზე უფრო ტკბილია. გამოცდები კი ეს გარდაუვალი ბოროტებაა, რომელიც ამ ყველაფრის გამო რაღაცნაირად უნდა აიტანო. კონსპექტები დაიზეპირო ისე, რომ აზრზე არ იყო რას იზეპირებ და ეს დაზეპირებულიც გამოცდიდან გამოსვლისთანავე იშლება შენი ტვინიდან პირწმინდად მიუხედავად იმისა, სამოსანი სტუდენტი ხარ თუ ფრიადოსანი. პრინციპში ეს დაზეპირებაც კი არაა საჭირო. ლექტორს მაინც აიძულებენ, რომ ნიშანი დაგიწეროს, რადგან უმაღლეს სასწავლებელს არ აწყობს სტუდენტის გარიცხვა და შემოსავლის დაკარგვა.
კოლეჯებში წასვლა კი არ უნდათ. მიუხედავად იმისა, რომ სწავლის საფასურს სახელმწიფო იხდის. იგივე მარტივი მიზეზის გამო: კოლეჯის დიპლომი არაა პრესტიჟული. ამ დიპლომით ვერ იმარიაჟებ. ამიტომ კოლეჯებში ძირითადად სწავლობენ ისინი, ვისაც ფული არა აქვს ან ერთი სამარიაჟო დიპლომი უკვე აქვს. ეგდოს მეორეც, რა იცი, იქნებ რამეში გამოდგეს. სამუშაოზე კი როგორც ადრე არ იღებდნენ, ისე ახლაც არ იღებენ. ჯერ უნივერსიტეტის ცოდნა რა არი და ახლა კოლეჯისა რაღა იქნება.
შედეგად ექიმთან ვერ მისულხარ შიშით, რომ უარესი არ დაგმართოს. გამომძიებლები დანაშაულს ვერ ხსნიან, მოსამართლეებს უაზრო განაჩენები გამოაქვთ, მამაოებმა ბიბლია არ იციან, ტელეფონები ცუდად მუშაობს, ინტერნეტი ჭედავს, სახლებს დომინოს კოჭებივით დგავენ, ასვალტს წვიმაში აგებენ… და ყველა ერთმანეთს აგინებს.
აი ასეთია რეალობა დღეს საქართველოში გინდა უმაღლესი, გინდა სასკოლო განათლების სფეროში.
პრობლემის მიზეზი მარტივია: არ ჭირდებათ ქართველებს ცოდნა, პროფესიონალიზმი. რომ ჭირდებოდეთ, უმაღლესი სასწავლებლებიც იქნებოდა ნორმალური, რადგან თუ არის მოთხოვნა, იქნება მოწოდებაც.
რა ვქნათ? რა მოვუხერხოთ ამ ეროვნულ კატასტროფას?
იქნებ დიპლომები მაღაზიებში გაგვეყიდა? სახელმწიფო სახსრებს დაზოგავდა, ახალგაზრდები დროს…- მოიცა, რომელ დროს, აღშფოთდებიან ახალგაზრდები, სტუდენტური წლები ხომ ყველაზე საუკეთესოა, გულავი, შეხვედრები… – არაა პრობლემა, გავხსნათ ბარები, რესტორნები, კლუბები და დავაწეროთ ზედ: „ტექნიკური უნივერსიტეტი“, „სამედიცინო უნივერსიტეტი“ … რეალობა ხომ არ შეიცვლება? უბრალოდ ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა. ჩვენი ნალოლიავები ბოვშებიც გამოცდების სტრესს გადაურჩებიან, დედა ენაცვალოთ. გამოცდებს სადღეგრძელოების თქმაში და ერთმანეთის ღვინოში ჩახრჩობაში ჩააბარებენ. რეალურად ხომ მაინც ამით ფასდება კაცობა და ქართველობა. დიპლომების მოთხოვნა სამსახურში მიღების დროს უნდა აიკრძალოს(მაინც არავის ჭირდება). სამაგიეროდ ქორწინების რეგისტრაციის დროს პირადობის მოწმობასთან ერთად დიპლომების წარდგენაც გახდეს სავალდებულო. სავალდებულო სამხედრო სამსახური კი ან გააუქმეთ ან დიპლომი არ მიყიდოთ იმას, ვისაც ჯარი არ ექნება გავლილი.. ან ჯარგავლილობაც ნაყიდი.
ეს არც ხუმრობაა და არც სარკაზმი. სრულიად რეალური სტრატეგიული გეგმის ნაწილია. პირველ ეტაპზე ეს ღონისძიებები საზოგადოებას გამოაფხიზლებს, დამყაყებულ სტერეოტიპებს დაუმსხვევს.
შემდეგი ეტაპი უფრო რთულია, ძვირადღირებული, მაგრამ წინა ეტაპზე დაზოგილი სახსრები ნაწილობრივ დაფარავს მის ხარჯებს.
ახალს არაფერს ვიტყვი: რადიკალურად უნდა გაიზარდოს მასწავლებლების და ლექტორების ანაზღაურება და შესაბამისად მათ მიმართ პატივისცემა და მოთხოვნაც, მაგრამ მოთხოვნასაც გააჩნია. ის უნდა იყოს პრაქტიკულად გამოყენებად ცოდნაზე ორიენტირებული. დღევანდელი პედაგოგების ტესტირების პროგრამა სრული მარაზმია, არაპროფესიონალების მიერ გაუაზრებლად შედგენილი.
უმაღლეს სასწავლებლებში ლექტორის ადგილის დასაკავებლად საჭიროა დოქტორის ხარისხი, რომელიც ძალიან ხშირად უბრალოდ ნაყიდია, ხოლო მათი ცოდნა მოძველებული და რეალობას აცილებული, ის ვერ მიაწვდის სასარგებლო ცოდნას სტუდენტს. მე ვფიქრობ, ლექტორები მოქმედი საწარმოებიდან და დაწესებულებებიდან უნდა აიყვანონ. ისინი, ვისაც პრაქტიკული გამოცდილება აქვთ და ბუნებრივია, კარგი გადმოცემის უნარი. გაატარონ გადამზადების კურსები და შეუშვან აუდიტორიებში. მათგან გაცილებით მეტი სარგებელი იქნება. პროფესიის შესწავლა უნდა დაიწყონ სტუდენტებმა პირველი კურსიდანვე და არა მაგისტრატურაში. სტუდენტს არ უნდა ქონდეს ისეთი შეგრძნება, რომ რაიმე საგნის სწავლაში ის ტყუილად კარგავს დროს.
მაგრამ ეს ღონისძიებები ვერ გამოიტანს რეალურ შედეგს, თუ არ მოხდა ახალგაზრდების ცნობიერების ფორმირება ჯერ კიდევ სკოლიდან. აი აქ კი მთლიანი სისტემის შეცვლაა საჭირო ახალი პრინციპებით. პრინციპები კი ასეთია:
სწავლა ცოდნისთვის და არა ნიშნებისთვის! სკოლამ ბავშვები უნდა მოამზადოს ცხოვრებისთვის და არა მისაღები გამოცდებისთვის!
უნდა გაუქმდეს ნიშნები და გამოცდები. მოსწავლე უნდა დააინტერესო და არა აიძულო. და რაც მთავარია, ჯერ უნდა დაუმტკიცო მას, რომ ეს ცოდნა ცხოვრებაში გამოადგება და შემდეგ ასწავლო. რაც შეიძლება მეტი პრაქტიკა და არავითარი საზეპიროები. იგივე პრინციპები უნდა გატარდეს უმაღლეს სასწავლებლებში. არ უნდა მიეცეთ უფლება ახალგაზრდებს, რომ სკოლის დამთავრებისთანავე ჩააბარონ უმაღლეს სასწავლებლებში. ჯერ იმუშავონ, დაღვინდნენ, დაინახონ რეალურად უმაღლესი განათლების საჭიროება და შემდეგ ჩააბარონ.
სკოლებში პროფორიენტაციის გაკვეთილებს უნდა დაეთმოს დიდი ყურადღება, რათა სკოლაშივე ჩამოყალიბდნენ ბავშვები რა უნდათ რომ გამოვიდნენ ცხოვრებაში. ამ მხრივი სავალალო მდგომარეობაა დღეს.
12 წელი სკოლაში ეს სრული მარაზმია. ასე მგონია, სახელმწიფომ უბრალოდ არ იცის რა უყოს ამდენ ახალგაზრდას, რითი დაასაქმოს და ამიტომ გამოკეტა სკოლებში, ძალით გაუხანგრძლივა ბავშვობა, თუმცა ამ ბავშვობას არსებული სისტემის პირობებში ნამდვილად ვერ ვუწოდებ ბედნიერ ბავშვობას. იმ ცოდნის 90%, რასაც სკოლაში ტანჯვით და წვალებით „იღებენ“ ბავშვები, არასდროს არ გამოადგებათ ცხოვრებაში. არ დამიწყოთ ახლა გონების ვარჯიშზე და ზოგად განვითარებაზე ზღაპრები. ასეთი აზროვნება მხოლოდ ბებიებს და ბაბუებს თუ შემორჩათ და სამწუხაროდ ჯერ კიდევ ისინი არიან მოკალათებულნი განათლების სამინისტროში. ახლა სხვა დროა. ვისაც რა აინტერესებს, ყოველთვის იპოვის ინტერნეტში. ამიტომ საჭიროა ბავშვი დააინტერესო და არა აიძულო ისწავლოს. ამიტომ 8-10 წელი სრულიად საკმარისია სკოლისთვის.
მეტსაც ვიტყვი: დღეს, როდესაც ინტერნეტში ასე უხვადაა ინფორმაცია, ვიდეოგაკვეთილები, ინტერაქტიული სწავლების საიტები, თავისუფლად შეუძლია მონდომებულ ადამიანს მიიღოს სრულფასოვანი ცოდნა. ამიტომ მომავალი დისტანციური სწავლებისაა. მხოლოდ ზოგიერთ პროფესიას ჭირდება პრაქტიკული კურსების გავლა, რაც გაცილებით ნაკლებ დროს და სახსრებს მოითხოვს.
ზოგიერთს შეიძლება ეს ყველაფერი აღმაშფოთებლად აბსურდულად მოეჩვენოს, მაგრამ ფინეთმა უკვე მოახდინა ამ პრინციპებზე განათლების რეფორმა და გასაოცრად კარგი შედეგებიც მიიღო.
მოახერხებს ამას ოდესმე საქართველო? არ ვიცი. მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ სწორედ სწორი განათლება გადაარჩენს საქართველოს და ესაა ერთადერთი გზა.