რუსეთის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები მსოფლიოს თასზე ვერ გამოვა, რომელიც ერთი კვირის შემდეგ აშშ-ში გაიმართება. მიზეზი ისაა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უარი უთხრა ვიზების მიცემაზე რუს სპორტსმენებს, რომლებიც ტურნირში გამოსასვლელად ემზადებოდნენ.როგორც რუსული საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან, მოსკოვში მდებარე აშშ-ის საელჩომ ვიზის მსურველებთან გასაუბრებაზე უარი "საკონსულო პერსონალის უკმარისობის" გამო განაცხადა.

მომხდართან დაკავშირებით, რუსეთის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა მიხაილ მამიაშვილმა გაცხარებულმა ისაუბრა:
"სულ დაკარგეს სინდის-ნამუსი, ქცევის გარკვეული ნორმები მაინც დაიცვან. უკვე სასაცილოა - სპორტსმენებზე გადმოვიდნენ..."
აშშ-ის ქმედებას რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა:
"აშშ-ის ქმედებას ვაფასებთ, როგორც მორიგ აშკარა მაგალითს იმისა, თუ როგორ ცდილობენ ხელი შეუშალონ რუსი სპორტსმენების გამოსვლას საერთაშორისო შეჯიბრებებში. ჩვენი სპორტსმენებისთვის ვიზების არმიცემა - ეს არის ვალდებულებების უხეში დარღვევა აშშ-ისგან, როგორც სახელმწიფოსგან, რომელიც საერთაშორისო შეჯიბრებას მასპინძლობს. საუბარია ერთ-ერთი მონაწილე ქვეყნის გუნდის პირდაპირ და ღია დისკრიმინაციაზე", - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.
აღსანიშნავია, რომ აშშ-მ ვიზების გაცემაზე უარი ასევე უთხრა ყაზახეთისა და აზერბაიჯანის რამდენიმე მოჭიდავეს. ყაზახეთის ჭიდაობის ფედერაცია ტურნირის ბოიკოტირების ვარიანტსაც განიხილავდა, თუმცა, ამავდროულად, სანქციებს უფრთხის და დახმარებისთვის ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებას (UWW) მიმართავს.
გაურკვევლობაა აზერბაიჯანშიც, რომლის ნაკრების შემადგენლობა ვიზების საკითხზე საბოლოო პასუხის შემდეგ დადგინდება.
აშშ-ში თავისი სურვილით არ აპირებს გამოსვლას მსოფლიოს თასის მოქმედი გამარჯვებული და მთავარი ფავორიტი ირანის გუნდი. ირანმა ტურნირის ბოიკოტირების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც UWW-მა ამ ქვეყანაში წელს აპრილში დაგეგმილი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა მსოფლიოს თასის ჩატარება გადაიფიქრა.
ვიზებზე პრობლემები არ აქვთ საქართველოს, იაპონიისა და კუბის წარმომადგენლებს. აიოვა სიტიში გასამართ ტურნირზე განაცხადების შეტანის ვადა 4 აპრილს იწურება. 
როგორც წესი, მსოფლიოს თასის მონაწილეთა შემადგენლობა წინა სეზონის შედეგების გათვალისწინებით დგება. ტურნირში პლანეტის რვა საუკეთესო გუნდი ორ ჯგუფში ნაწილდება. ამ პრინციპით, B ჯგუფში რუსეთთან ერთად უნდა გამოსულიყვნენ აზერბაიჯანი, კუბა და ყაზახეთი. A ჯგუფში კი საქართველოს ირანთან, იაპონიასა და აშშ-ისთან ერთად უნდა ეასპარეზა.
ეიჭრა დუნია
This post has been edited by Lаki on 29 Mar 2018, 16:57
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3