ამონარიდი ამბროსი ხელაიას დაკითხვის ოქმიდან: „არამცთუ მიწა-წყალი, ხალხიც გადაცემულია სხვა ერებზე“
ამონარიდი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესი და უნეტარესი ამბროსი ხელაიას დაკითხვის ოქმიდან.
1924 წლის მარტი:
მოსამართლე წივწივაძე – რომელ ენაზე იყო დაწერილი მემორანდუმი?
კათოლიკოსი ამბროსი – ქართულ ენაზე.
მოსამართლე ბარათაშვილი – რა ხასიათი ჰქონდა თქვენს მემორანდუმს?
კათოლიკოსი ამბროსი – გენუის კონფერენციაზე იყო საქართველოს წარმომადგენელი და იქ უნდა დაცულიყო ჩვენი ერის სუვერენობა. ვფიქრობდი, რომ ჩვენს წარმომადგენელს ეს მემორანდუმი დახმარებას გაუწევდა და მეც ამიტომ გავგზავნე.
მოსამართლე ბარათაშვილი – იყო თუ არა შემთხვევა, რომ მღვდლები პროპაგანდას ეწეოდნენ არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ?
კათოლიკოს ამბროსი – არა, არ იყო. და რომ ყოფილიყო მე წინააღმდეგი წავიდოდი.
პროკურორი ოკუჯავა – თუ საბჭოთა წყობილება არა, როგორ წყობილებას ითხოვდით?
კათოლიკოსი ამბროსი – ისეთს, რომელიც ხალხის სურვილზე იქნებოდა დამყარებული.
პროკურორი ოკუჯავა – ხომ იცით, რომ საბჭოთა მთავრობის ხალხი ირჩევს?
კათოლიკოსი ამბროსი – ახლა ვიცი. პირველი ყრილობის შემდეგ, მემორანდუმის დაწერამდე ასე არ იყო.
მოსამართლე ერქომაიშვილი – რას მოელოდი გენუის კონფერენციაზე გაგზავნილი მემორანდუმით?
კათოლიკოსი ამბროსი – ვიცავდი საქართველოს სახლმწიფოებრივ და ეკლესიურ თავისუფლების იდეას.
[...] სასამართლოს თავმჯდომარე ჩხეიძე – მემორანდუმში თქვენ ნათქვამი გაქვთ, რომ ქართველ ხალხს ართმევენ მიწა-წყალს და ურიგებენ სხვა ერებს, დამისახელეთ რა წაართვეს ხალხს და ვის გადასცეს?
კათოლიკოსი ამბროსი – არამცთუ მიწა-წყალი, ხალხიც გადაცემულია სხვა ერებზე. ეს დამტკიცდება მაშინ, როდესაც მოიტანთ საქართველოს რუქას.
სასამართლოს თავმჯდომარე ჩხეიძე – თქვენ ამბობთ, რომ წინააღმდეგი ხართ უცხო სახელმწიფოს ჩარევისა და თვითონ კი ისეთ ხალხს მიმართავთ, რომელნიც მშრომელი ხალხის ინტერესებს არ იცავენ!
კათოლიკოსი ამბროსი – გენუაში იყო მოწვეული სამშვიდობო კონფერენცია, სადაც სხვათა შორის, ირჩეოდა პატარა ერების თავისუფლების საქმე. იქ იყო წასული საქართველოს წარმომადგენელი და მე დარწმუნებული ვიყავი, რომ ის დაიცავდა საქართველოს დამოუკიოდებლობას. ამიტომ ვფიქრობდი მემორანდუმის გზით მის დახმარებას.
სასამართლოს წევრი რთველაძე – სცნობთ თუ არა, რომ საბჭოთა ხელისუფლება არის ხალხის თავისუფლების დამცველი?
კათოლიკოსი ამბროსი – მე მინდა საქართველოში მთავრობა იყოს დამოუკიდებელი. საქართველოს მთავრობა კი დამოკიდებულია სხვა ერის მთავრობაზე.
პროკურორი ოკუჯავა – დამისახელეთ, რომელი საბუთის ძალით წაერთვა საქართველოს დამოუკიდებლობა?
კათოლიკოსი ამბროსი – ინტერვენციით.
პროკურორი ოკუჯავა – რატომ უწოდებთ რუსეთის ლაშქარს საოკუპაციო ლაშქარს?
კათოლიკოსი ამბროსი – იმიტომ, რომ მან მოახდინა საქართველოს ოკუპაცია.
პროკურორი ოკუჯავა – რაში გამოიხატა საქართველოს დამონება რუსეთის მხრივ?
კათოლიკოსი ამბროსი – ასოცი წლის თავისუფლების და დამოუკიდებლობის მაძებარ ხალხის თავისუფლების ინტერვენციით წართმევაში.
პროკურორი ოკუჯავა – დამისახელეთ, რაში გამოიხატა ფიზიკური გადაშენება ხალხისა?
კათოლიკოსი ამბროსი – ენის დევნაში, ტერიტორიის სხვის ხელში გადაცემაში და იმაში, როდესაც ხელისუფლება ქართველთა ხელში არ არის.
სასამართლოს წევრი ერქომაიშვილი – მაგალითად, რაში გამოიხატა რუსეთის ჯარის ჩარევა ეკლესიის თავისუფლებაში?
კათოლიკოსი ამბროსი – თავისუფალ ერს უნდა ჰყავდეს თავისუფალი ჯარი, რამდენადაც თავისუფალია ერი, იმდენად თავისუფალია ეკლესიაც.
http://accent.com.ge/ge/news/details/49701P.S. ეს იყო ქართველი სასულიერო პირი და არა კგბ -სთან ნათანამშრომლევი წვერიანი რუსმადიდებლები.
P.P.S. ქართველი სასულიერო პირების ახალი თაობა ან ასეთი იქნებით ან გადაშენდებით.