„ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება საქართველოს მიერ წარმოდგენილი წინადადებების პაკეტს, რომელიც ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ კავშირების გაუმჯობესებისკენაა მიმართული. ეს ღონისძიებები მიმართულია ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს ყველაზე მოწყვლადი მოსახლეობის საჭიროებების დაკმაყოფილებისკენ და უზრუნველყოფს მობილობის შესაძლებლობების ზრდას, საარსებო სახსრების გაუმჯობესებასა და განათლების ხელმისაწვდომობას.
ჩვენ მივესალმებით საქართველოს ერთგულებას დიალოგისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისადმი. ამერიკის შეერთებული შტატები კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის სრულ მხარდაჭერას“, - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.
საქართველოს მთავრობამ დღეს დაამტკიცა ახალი სამშვიდობო ინიციატივა - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც სამ ძირითად მიმართულებას გულისხმობს. პირველი - გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის გაფართოება და გამარტივება ახალი შესაძლებლობების შექმნის გზით; მეორე - ხარისხიანი განათლების მიღების დამატებითი შესაძლებლობების შექმნა და წვდომის გამარტივება განათლების ყველა საფეხურზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ; მესამე - ისეთი მექანიზმის შექმნა, რომლითაც მარტივდება წვდომა იმ სიკეთეებსა და სარგებელზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის განვითარების შედეგად, მათ შორის ევროინტეგრაციის გზაზე ხელმისაწვდომი გახდა, ეს არის უვიზო მიმოსვლის უფლება, თავისუფალი ვაჭრობის უფლება და ა.შ.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/4...miesalmeba.html * * *
ფედერიკა მოგერინის პრესმდივანი - საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ წინადადებათა პაკეტს სიკეთის მოტანა შეუძლია ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებთათვის„საქართველოს მთავრობის მიერ დღეს მიღებულ წინადადებათა პაკეტს სიკეთის მოტანა შეუძლია ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობისთვის ვაჭრობის, განათლებისა და მობილობის ხელშეწყობის გზით. ეს წინადადებები სრულად შეესაბამება საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ჩართულობის იმ პოლიტიკას, რომელსაც რამდენიმე პროექტის ფარგლებში ევროკავშირი დღესაც ახორციელებს. ჩვენ მხარს ვუჭერთ ინიციატივებს, რომელთა მიზანი გამყოფ ხაზებზე ხიდების აგება და ჰუმანიტარულ გამოწვევებთან გამკლავებაა. ინტერესით ველით საქართველოს პარლამენტში მოსალოდნელ დისკუსიებს და პროცესის საბოლოო შედეგს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან განცხადების მიხედვით, ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენობისა და ტერიტორიული მთლიანობის სრულ მხარდაჭერას საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებულ საზღვრებში და აგრძელებს კონფლიქტის მოგვარებაზე მიმართულ მტკიცე ძალისხმევას; ასევე, არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკას საქართველოში, მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის გამოიყენებით, ყოვლისმომცველი მიდგომის ფარგლებში.
აღნიშნულ განცხადებას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/4...ebthathvis.html