ეს არის იორდანიის დედოფლის, რანიას მიერ გაზეთ “Arabtimes”-ში გაგზავნილი წერილის შემოკლებული ვარიანტი:
რანია არის მეფე აბდულა მეორეს ცოლი და ითვლება მსოფლიოში ერთ-ერთ ყელაზე ელეგანტურ დედოფლად.
უფალმა ღმერთმა, მწყალობელმა და მოწყალემ, დაადგინა, რომ მისი რელიგია უნდა იყოს ადვილად განსახორციელებელი, პრაქტიკული და სასიამოვნო მისი მიმდევრებისთვის. ღმერთმა ასევე გვითხრა, რომ ვინც უარყოფს მას და მის მიერ მოცემულ წიგნებს, თავისივე ცხოვრებას იუბედურებენ, ასევე აუბედურებენ მათ, ვინც მათ კვალს მიჰყვება.
ღმერთი გვახსენებს ყურანში, რომ მას არ დაუწესებია სირთულეები რელიგიის აღსრულებაში (იხ. ყურანი 22:78).
ღმერთმა დააწესა რამდენიმე წესი მისი ნამდვილი მიმდევრებისთვის, რომლებიც მოცემულია ყურანში. ნებისმიერი ამ წესის დარღვევა ან მასზე უარის თქმა ნიშნავს დანაკარგს, გზის აბნევას და საბოლოოდ, ზარალის მიღებას ადამიანისთვის.
იმისთვის, რომ გავიგოთ მუსლიმი ქალის ჩაცმის კოდის (დრესკოდის) საკითხი, მოკლედ გავიხსენოთ ღმერთის მიერ დადგენილი რამდენიმე წესი. ყველა წესი მნიშვნელოვანია და თავისი ადგილი აქვს.
(1) ყურანი არის სრული, ამომწურავი წიგნი. იხ. ყურანი 6:19, 6:38, 6:114, 6:115, 12:111 და 50:45.
გახსოვდეთ, როდესაც ღმერთი ამბობს, რომ მისი წიგნი სრული და ამომწურავია, ეს ნიშნავს, რომ 100%-ით სრულია.
(2) ყურანი არის სრულყოფილი; არავითარი შეცდომა, ტყუილი და უაზრობა. იხ. ყურანი 41:42, 12:40, 30:30, 30:43, და 98:5.
(3) ყურანი არის მთლიანად დეტალიზებული და როცა ღმერთი ამბობს, რომ მან წიგნი დეტალიზებული სახით შექმნა, ეს ნიშნავს მთლიანად დეტალიზებულს. ღმერთი სანახევროდ არ აკეთებს საქმეს. იხ. ყურანი 6:114, 7:52, 11:1, 41:3, 10:37 და 12:111.
(4) ღმერთს არ სჭირდება რაიმე დამატება მისი წიგნისთვის. ყურანში ის ამბობს, რომ სიყვები არასოდეს ელევა და რომ ნდომებოდა, შეეძლო ასობით, ათასობით და მილიონობით წიგნი მოეცა ყურანის გარდა (იხ. ყურანი 18:109). რადგან ყურანი ამომწურავი, სრულყოფილი და მთლიანად დეტალიზებულია, ღმერთს არ სჭირდება სხვა წიგნის მოცემა.
(5) ღმერთი ყურანს უწოდებს საუკეთესო ჰადისს. ის მოუწოდებს მის ნამდვილ მიმდევრებს, რომ არ მიიღონ სხვა ჰადისი, როგორც წყარო ამ სრულყოფილი რელიგიისა.
იხ. ყურანი 7:185, 31:6, 39:23, 45:6, და 77:50.
(6) ღმერთი აფრთხილებს მის მიმდევრებს, რომ არ გაებან კერპთაყვანისმცემლების მახეში, და არ გაჰყვნენ ე.წ. სწავლულების სიტყვებს ნაცვლად ღმერთის სიტყვებისა. იხ. ყურანი 9:31.
(7) მათ, ვინც კრძალავს იმას, რაც ღმერთს არ აუკრძალავს, ღმერთი უწოდებს აგრესორებს, მატყუარებს და კერპთაყვანისმცემლებს. იხ. ყურანი 5:87, 9:37, 7:32, 6:119, 6:140 და 10:59.
(8) მუჰამადი წარმოდგენილია მხოლოდ ყურანით. მუჰამადი არის შუამავალი (იხ. 33:40). მისი შუამავლობა გამოიხატებოდა იმაში, რომ მისი საშუალებით იქნა გადმოცემული ყურანი (ინფორმაცია) მსოფლიოსთვის. ისლამი არის ღმერთის რელიგია, არა მუჰამედის რელიგია, რომელიც არჩეული იყო “მესიჯის” გადმოსაცემად. მუჰამადი არ მოქმედებდა საკუთარი შეხედულებებით. მისი საქმე იყო ინფორმაციის მოტანა ყურანის სახით. იხ. 42:48, 13:40, 5:99-100.
მუჰამადს არ შეუძლია აკრძალოს რაიმე, ან დააკანონოს რაიმე საკუთარი შეხედულებით. როდესაც ის ამის გაკეთებას შეეცადა, ღმერთმა მას საჯაროდ (ყურანის საშუალებით) დაარიგა ჭკუა. იხ. 66:1.
66:1 აია გვახსენებს, რომ ღმერთი არის ერთადერთი, ვისაც შეუძლია რაიმეს აკრძალვა ან დაკანონება. არაფერი არ არის ისეთი, რაც მუჰამადმა აკრძალა, თუ ეს ყურანში არ არის მოცემული. ნებისმიერი ის ადამიანი, ვინც ცდილობს რაიმეს აკრძალვას ყურანის გარეშე, უარყოფს ღმერთის სიტყვებს და ბრძანებებს, მოცემულს ყურანში.
(9) ნამდვილმა მუსლიმებმა იციან, რომ როდესაც ღმერთი ამბობს რაიმეს, ის ამას შეგნებულად აკეთებს, და როდესაც ღმერთი არ ამბობს რაიმეს, ის ასევე შეგნებულად არ ამბობს ამას. ყველაფერი, რაც მოცემულია ყურანში, არის შეგნებულად მოცემილი და რაც არ არის მოცემული, ანუ დატოვებულია, ასევე შეგნებულად არის დატოვებული.
ღმერთს არ ავიწყდება არაფერი. იხ. ყურანი 19:64. ჩვენ არ უნდა დავუმატოთ რელიგიას ის, რაც ღმერთმა შეგნებულად არ შეიტანა და არ უნდა მივაწეროთ ეს მის შუამავალს. მუჰამადს მხოლოდ ერთი “მესიჯი” ჰქონდა, ეს იყო ყურანი. ღმერთს არ ელევა სიტყვები. იხ. 18:109.
(10) ღმერთს არ სჭირდება მისი წიგნის გაუმჯობესება. ჩვენ გვჭირდება ის ცხოვრების ყველა ასპექტში. ის, ვინც ფიქრობს, რომ რაიმეს გააუმჯობესებს ყურანში, მხოლოდ მოითხოვენ საკუთარი კერპების აღიარებას ღმერთთან ერთად, რომელიც არის ერთიანი და ერთადერთი ღმერთი.
(11) ღმერთი მოუწოდებს მის ნამდვილ მიმდევრებს, ყურადღებით შეამოწმონ და გადაამოწმონ ყოველი ინფორმაცია, რომელსაც იხილავენ, გაიგონებენ ან წაიკითხავენ. იხ. 17:36.
ახლა გადავიდეთ განსახილველ საკითხზე.
ისლამში მოცემულია ქალის ჩაცმულობის სამი წესი:
პირველი წესი: საუკეთესო ტანსაცმელი არის ღვთისმოსაობა.
იხ. ყურანი 7:26.
ეს არის დრესკოდის საბაზისო კანონი ყურანში და ისლამში.
მეორე წესი:
დაიფარეთ მკერდი.
ჩაცმის მეორე წესი მოცემულია ყურანში 24:31. აქ ღმერთი მოუწოდებს ქალებს, დაიფარონ მკერდი, როდესაც ჩაცმულები არიან.
მაგრამ მანამდე მოკლედ განვიხილოთ რამდენიმე საკვანძო სიტყვა, რომელსაც ხშირად ახსენებენ ამ საკითხთან მიმართებაში. ეს სიტყვებია ჰიჯაბი და ხიმარი.
სიტყვა “ჰიჯაბი”, რომელიც მოცემულია ყურანში, გამოიყენება ბევრი მუსლიმი ქალის მიერ, რომ აღწერონ თავსაფარი, რომელიც შეიძლება მოიცავდეს ან არ მოიცავდეს მთელი სახის დაფარვას, გარდა თვალებისა და ხანდახან ერთ თვალსაც კი ფარავს. არაბული სიტყვა ჰიჯაბი შეიძლება ითარგმნოს, როგორც , “საფარი”, “საბურველი”. სხვა მნიშვნელობებია ასევე “ფარდა”, გადაფარვა, გაყოფა, დანაწილება, მანტია, “ეკრანი”.
სიტყვა “ჰიჯაბი” 7-ჯერ გვხდება ყურანში, აქედან 5-ჯერ როგორც “ჰიჯაბ” და ორჯერ, როგორც “ჰიჯაბან”. იხ. ყურანი 7:46, 33:53, 38:32, 41:5, 42:51, 17:45 და 19:17.
არც ერთში ამ შვიდი შემთხვევიდან, ჰიჯაბი ყურანში არ გამოიყენება იმის აღსანიშნავად, რასაც ტრადიციული მუსლიმები დღეს უწოდებენ ჰიჯაბს, როგორც მუსლიმი ქალის ტანსაცმლის ნაწილს.
ღმერთმა იცის, რომ მუჰამადის სიკვდილის შემდეგ მუსლიმების თაობები გამოიყენებენ სიტყვა “ჰიჯაბს” იმ დრესკოდის აღსანიშნავად, რომელიც მას არასოდეს დაუკანონებია. ამიტომ ღმერთმა სიტყვა “ჰიჯაბი” გამოიყენა ისევე, როგორც სიტყვა “ჰადისი”, როდესაც მიანიშნა, რომ ერთადერთი ჰადისი არის ყურანი. ჰიჯაბს ყურანში არაფერი საერთო აქვს მუსლიმი ქალის დრესკოდთან.
ისტორიული ექსკურსი:
თუმცა ბევრი მუსლიმი “ჰიჯაბს” უწოდებს ისლამური სამოსის დრესკოდს, ისინი შეგნებულად უვლიან გვერდს იმას, რომ ჰიჯაბს არავითარი კავშირი არ აქვთ ისლამთან და ყურანთან.
“ჰიჯაბი” ანუ თავსაბურავი აღინიშნება ძველ ცივილიზაციებში. ის შეიძლება ნახული იქნას გვიანი პერიოდის ბერძნული და რომაული ხელოვნების ნიმუშებში. ასევე არის სხვა არქეოლოგიურ არტეფაქტებზე.
ბერძნულ-რომაულ კულტურაში, როგორც ქალები, ისე კაცები იხურავდნენ თავზე ქუდებს ან თავსაბურავებს რელიგიური მიზეზების გამო. ეს ტრადიცია შემდეგ გადაიღეს ებრაელებმა, რომლებმაც ის ჩაწერეს თალმუდში და შემდგომში ქრისტიანებმაც იგივე გააკეთეს. ერთმა ცნობილმა რაბინმა ერთხელ ებრაელი ქალების ჯგუფს აუხსნა, რომ “ჩვენ არ გვაქვს თორაში პირდაპირი ბრძანება, რომ ქალებმა თავი უნდა დაიბურონ რაიმეთი, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ეს ტრადიციული წესი იყო ათასობით წლის განმავლობაში”. მუჰამადის გარდაცვალების შემდეგ, ჰადისების კრებულების შემდგენლებმა გადაიღეს ეს წესი და გაავრცელეს თავზე დახურვის ძველი ჩვეულება. ხოლო შემდეგ ეს მიაწერეს მუჰამადის ბრძანებას. თუმცა ყურანი არაფერს ამბობს ამის შესახებ.
როგორც ვხედავთ, რელიგიური ებრაელები, ტრადიციების მიმდებარი არაბები, ქრისტიანები და ტრადიციული მუსლიმები თავზე იხურავენ ქუდებს და სხვა თავსაბურავებს. მუსლიმები ამას უწოდებენ “ჰიჯაბს”, თუმცა ეს არის მხოლოდ ტრადიცია და არა ისლამის ბრძანება. ეს იქიდანაც ჩანს, რომ მსოფლიოს ზოგიერთ ადგილას, კაცები იხურავენ ჰიჯაბს და არა ქალები, ხოლო სხვა ადგილებში კი ქალები აკეთებენ ამას. რელიგიის შერევა ტრადიციასთან ნიშნავს კერპთაყვანისმცემლობას, რადგან ტრადიციების მიმდევრები მიჰყვებიან იმ კანონებს, რომელთა წყარო არ არის ღმერთის წიგნები, და მიაწერენ ამ კანონებს ღმერთს. კერპთაყვანისმცემლობა ყველაზე მძიმე ცოდვაა, რომელიც უპატიებელია ღმერთისთვის, თუ არ იქნა მონანიებული სიკვდილამდე.
როდესაც ტრადიცია ანაცვლებს ღმერთის ბრძანებებს, ნამდვილი რელიგია უკან გადადის. ღმერთი არასოდეს იქნება მეორე ადგილზე, ის ყოველთვის პირველ ადგილზეა და მისთვის არ არსებობს მეორე ადგილი.
სიტყვა “ხიმარ” ყურანში:
ხიმარი არის არაბული სიტყვა, რომელიც მოცემულია 24:31 აიაში. ეს არის მუსლიმი ქალის დრესკოდის მეორე წესის განმსაზღვრელი აია.
ზოგიერთი მუსლიმი აციტირებს 24:31 აიას ისე, თითქოს ის შეიცავდეს “ჰიჯაბს”, ან თავსაბურავს, მიუთითებს რა სიტყვაზე “ხუმურეჰენნა” (ხიმარით), და ივიწყებენ, რომ ღმერთმა უკვე რამდენჯერმე იხმარა სიტყვა “ჰიჯაბი” ყურანში. სიტყვა “ხიმარს” ამ აიაში არაფერი აქვს საერთო “ჰიჯაბთან”, ან თავსაბურავთან. ისინი, ვინც ცდილობს მოიგონოს თავსაბურავი ყურანში, ამატებენ ამ სიტყვას ყურანის ტექსტში ფრჩხილებში, რადგან ეს მათი დამატებულია ყურანში და არა ღმერთის მიერ.
ხიმარი არაბულად ნიშნავს საფარს, ნებისმიერ საფარს, გადასაფარებელს. ფარდაც ხიმარია, ტანსაცმელიც ხიმარია, მაგიდის გადასაფარებელიც ხიმარია, საბანიც შეიძლება ხიმარად იქნეს გამოყენებული და ა.შ. სიტყვა “ხამრა”, რომელსაც იგივე ფუძე აქვს, რაც ხიმარს, ნიშნავს გონების დამბინდველ ნივთიერებას, რადგან იგი ასევე “ფარავს” ცნობიერებას.
24:31-ში ღმერთი ეუბნება ქალებს, რომ მათ დაიფარონ (ხიმარ) მკერდი და არა თავი ან თმები. ღმერთს რომ სდომებოდა ქალების მიერ თავის ან თმების დაფარვა, არაფერი შეუშლიდა მას ხელს, რომ ასეც დაეწერა. ღმერთს არ ელევა სიტყვები. ღმერთს არ ავიწყდება არაფერი. ღმერთს არ უბრძანებია ქალებისთვის დაეფარათ თავი ან თმები რაიმეთი.
24:31-ში გამოყენებულია არაბული სიტყვა “გაიბ”, რაც ნიშნავს მკერდს, და არა სიტყვები “რაას” (თავი), ან “შაარ” (თმები). ამ აიას შინაარსი ნათელია – ქალებმა უნდა დაიფარონ მკერდი.
ჩაცმის მესამე წესი: დააგრძელეთ თქვენი სამოსი.
ეს წესი მოცემულია აიაში 33:59. ამავე ადგილას, ღმერთი აწესებს სხვა რეგულაციებს ქალებისთვის, რომლებიც ცხოვრობდნენ მუჰამადის ეპოქაში. თუმცა ამ ადგილას საუბარია მუჰამადის ეპოქაზე და ღმერთი მას მიმართავს, ეს აღწერა ეთანხმება ისლამის სულისკვეთებას და ბევრ რამეს გვასწავლის.
ამ აიაში ღმერთი გვეუბნება მხოლოდ შემდეგს: დააგრძელეთ სამოსი. დააკვირდით, ღმერთი არ ამბობს, რომ დააგრძელეთ სამოსი მუხლებამდე, ან კოჭებამდე, ან მიწამდე და ა.შ. განა ღმერთს არ შეეძლო კონკრეტულად ეთქვა: დააგრძელეთ სამოსი, ვთქვათ, კოჭებამდე ან წვივებამდე. მაგრამ მან არ გააკეთა ეს. რა გამომდინარეობს აქედან? ის, რომ ღმერთმა, რომელიც მოწყალეა, გაითვალისწინა სხვადასხვა ეპოქები და კულტურები და დაადგინა, რომ ჩაცმის მცირე დეტალები უნდა გადაწყვიტონ თავად ქალებმა სხვადასხვა კულტურაში და ეპოქაში. ღმერთს არაფერი ავიწყდება და მას არ ელევა სიტყვები.
ნათელია, რომ ამ სამი წესის გათვალისწინებით, მუსლიმი ქალის დრესკოდი განისაზღრება მხოლოდ ღვთისმოსაობით და ზომიერებით. ღმერთმა იცის, რომ ეს ზომიერება სხვადასხვანაირად განიმარტება სხვადასხვა ადგილას. ის, რაც ზომიერია და მოკრძალებული ნიუ-იორკში 21-ე საუკუნეში, მიუღებელია ქაიროში. ის, რაც ზომიერია ქაიროში, მიუღებელი შეიძლება იყოს საუდის არაბეთში. ხოლო იგივე საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში მცხოვრები ქალის ჩაცმის წესი შეიძლება გამომწვევი იყოს სადმე ოაზისში ბედუინების ოჯახის ქალისთვის. ღმერთი არ აწესებს ამგვარ დეტალებს და უტოვებს ამის განსჯას თავად ადამიანებს და მათ ცნობიერებას.
შესაბამისად, არავის აქვს უფლება, აკრძალოს ის, რაც ღმერთს არ აუკრძალავს...”
კიდევ გრძელდება ეს სტატია, რომელიც გამოქვეყნდა 2001 წლის 12 დეკემბერს გაზეთში “არაბთაიმს”, მაგრამ შევამოკლოთ ამაზე.
თუ ყურადღებით წაიკითხავთ და არ გაფსიხდებით, ბევრ სასარგებლოს დაინახავთ ქართველი ქრისტიანებისთვისაც. ))) რა არის ტრადიცია, რა არის კერპთაყვანისმცემლობა და ა.შ.
კიდევ უფრო ყურადღებით უნდა წაიკითხონ მუსლიმებმა, მათ შორის აჭარელმა მუსლიმებმა. და იფიქრონ ამ თემაზე, იმიტომ რომ არა მხოლოდ “ჰიჯაბს” და ქალის ტანსაცმელს ეხება ეს თემა, არამედ მთლიანად ისლამის რელიგიას.
This post has been edited by ML320_Blue on 9 Apr 2018, 17:34
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)