ვინ არიან ის ახალი სახეები, რომლებმაც “ქართული ოცნების“ სალხინეთი თავდაყირა დააყენეს?
მას შემდეგ, რაც, „ქართული ოცნების“ ვნებათაღელვა პარტიულ კულუარებს გასცდა და „ახლების“ და „ძველების“ დაპირისპირება იმდენად მასშტაბური გახდა, რომ მისი დალაგება ვერა და ვერ ხერხდება, „2020NEWS“ დაინტერესდა, ვინ არიან ის ახალი სახეები, რომლებმაც ბიძინა ივანიშვილის ბუდეს გადაუფრინეს და სალხინეთი თავდაყირა დააყენეს? მათი დადგენა არ გაგვჭირვებია, რადგან მათზე „ძველი და სტაჟიანი ოცნებელები“ ღიად საუბრობენ.
მაშ ასე: ახალი სახეების სათავეში დგას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რომელსაც მოჰყვებიან უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე და „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე. ისინი საპარლამენტო საკითხებში ხმის გადამწყვეტი უფლებებით სარგებლობენ. „დაწინაურებულთა სიაში არიან ყველასთვის ცნობილი ყოფილი „ნაცი“ ვანო ზარდიაშვილი, რომელიც, როგორც საპარლამენტო კულუარებში გვითხრეს, სასამართლოსთან და ძალოვან სტრუქტურებთან ურთიერთობებში ნომერ პირველი პარლამენტარია და რაც ძალიან არ მოსწონს ეკა ბესელიას, რომელსაც, პარლამენტის ულუარებში გაგონილი ინფორმაციის მიხედვით, სწორედ ზარდიაშვილმა ჩამოართვა უფლებები და მოქმედებების არეალი. ამ გუნდშია ეკა ბესელიას კიდევ ერთი მოადგილე – დავით მათიკაშვილი, რომელიც მე-9 მოწვევის პარლამენტის ერთ-ერთი „მოლაპარაკე თავია“. რამდენად გონიერი, ეს ცალკე საუბრის თემაა. როგორც ამბობენ და ირკვევა, კობახიძე-მდინარაძის გუნდშია დეპუტატი ანრი ოხანაშვილი.
„ახლების“ წევრია მე-9 მოწვევის „ქალთა სახეების“ გამორჩეული სახე, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე, რომელიც პარლამენტში შს სამინისტროდან მივიდა და როგორც ამბობენ, თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას კადრია. ახალი მოწვევის პარლამენტარი ქალებიდან ასევე გამოკვეთილად, „ახლების“ გუნდის წევრად ითვლება ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი, რომელიც წლების განმავლობაში, ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილის პრემიერობიდან, მთავრობის კანცელარიაში, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით მუშაობდა. ახალი სახეა ნინო წილოსანიც, რომელიც პოლიტიკაში ბიზნესიდან მოვიდა, ხმაურიანი და სკანდალური ექოს თანხლებით. მათ გუნდს მიეკუთვნება ბიზნესიდან მოსული კიდევ ერთი სახე, მილიონერი დეპუტატი ივლიანე წულაია, რომელიც ერთ-ერთი მსხვილი სამშენებლო კომპანია „არქი ჯგუფის“ დამფუძნებელი და მეწილეა. ივლიანე წულაია კახი კალაძის თანაქალაქელია, სამტრედიელია ისიც!
კიდევ ერთი სამტრედიელი, კახი კალაძის ძველი მეგობარი და გუნდის წევრია ოთარ ჩრდილელი, რომელიც მე-8 მოწვევის პარლამენტიდან მოჰყვება „ქართულ ოცნებას“, თუმცა განიხილება თუ არა კალაძის მეგობარი ჩრდილელი ახლებში, ძნელი სათქმელია. ასევე ძნელი სათქმელია, არის თუ არა „ახლებში“ დეპუტატი რევაზ არველაძე, რომელმაც კახი კალაძეს ენერგეტიკის ანბანი და ალფა-ომეგა შეასწავლა. ის სწორედ დედაქალაქის მერის კვოტით მოხვდა პარლამენტში პროპორციული სიით.
ახლების გულმხურვალე წევრია, მაგრამ აქტიური პოლიტიკური განცხადებებით არ გამოირჩევა ბიზნესიდან მისული კიდევ ერთი დეპუტატი ბექა ოდიშარია. ის ახლების გვერდითაა, პოლიტიკურ პროცესებში ღიად არ ერევა, თუმცა „სიტყვა ეთქმის“ იქ, სადაც საჭიროა. კიდევ ერთი სახე, რომელიც ახლების გუნდის წევრად ითვლება, წყალტუბოს მაჟორიტარი ცოტნე ზურაბიანია. ის „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელი იყო პარლამენტში მოხვედრამდე.
ახლების გუნდში ითვლებიან კახა კუჭავა, ირაკლი მეზურნიშვილი, გიორგი ხატიძე, დავით სონღულაშვილი, მარიამ ჯაში, თუმცა ეს უკანასკნელი ჯერჯერობით საბოლოოდ ვერ ჩამოყალიბდა, სად უფრო კარგი და პოლიტიკურად მომგებიანი იქნება ყოფნა.
როგორც კულუარულად გვითხრეს, არიან ისეთებიც, ვინც ღიად ვერ და არ აფიქსირებენ საკუთარ პოზიციებს და დროს ელოდებიან, როცა ღრუბლები გაიფანტება, ამოვა პოლიტიკური მზე და სამომავლო კონტურები კარგად გამოიკვეთება. „ისე, ხიდებს არ წვავენ, არც იქით და არც აქეთ“ – ამბობენ პარლამენტში.
ცალკე სასაუბრო თემაა ახლების ფეხბურთელებით და ზოგადად, სპორტსმენებით დაკომპლექტებული ფრთა ლევან კობიაშვილის მეთაურობით, რომელიც კახი კალაძის უახლოესი მეგობარი და თანამებრძოლია. ისინი პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს არ იღებენ, მაგრამ ანგარიშგასაწევ ძალად ითვლებიან პარლამენტში.
ამ ადამიანებს, გარდა იმისა, რომ პარლამენტის ახალ სახეებს წარმოადგენენ, კიდევ ერთი რამ აერთიანებთ – ყველას რაღაც აკავშირებს დედაქალაქის მერთან კახი კალაძესთან (პარტიული ნიშნის გარდა), რომელიც არც მალავს, რომ ძალიან უყვარს სიახლეები და უფრო დიდი და მასშტაბური გეგმები აქვს, მათ შორის პოლიტიკაში!
http://2020news.ge/2018/04/12/%e1%83%95%e1...83%94%e1%83%91/