შრომითი მიგრაციის პროცესების წარმატებული რეგულირებისა და მართვის მიზნით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციას (IOM) შორის მემორანდუმი მარტში გაფორმდა.
ევროკავშირის ქვეყნებთან დროებით შრომითი მიგრაციის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის დაწყება უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შენარჩუნების გარანტი იქნება და „შეჩერების მექანიზმის“ ამოქმედების ალბათობას შეამცირებს.
ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ელზა ჯგერენაია "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ასახელებს ქვეყნებს, სადაც ქართველებს ლეგალურად დასაქმების შანსი აქვთ.
როგორც ჯგერენაია ამბობს, შრომითი მიგრაციის შესახებ რეგულაციები 2015 წლიდან დაიწყო. პირველ ეტაპზე პილოტირებისთვის შეირჩა პოლონეთი და ესტონეთი.
საპილოტე პროექტის ფარგლებში ისრაელთან ხელი მოეწერა პროექტს და დაახლოებით 500 მოქალაქეზე შესაძლოა სულ მალე გაიცეს სამუშაო ვიზები. ასევე მოლაპარაკებები მიდის რუმინეთთან და კატარის რესპუბლიკასთან.
ამჟამად პოლონეთთან, გერმანიასთან და ისრაელთან მიდის მოლაპარაკებები, რომ ქვეყნებს შორის გაფორმდეს ხელშეკრულებები.
ჯგერენაიას თქმით, შარშან გერმანიამ მსგავსი პროექტით ექთნები წაიყვანა და ენის კურსიც კი დაუფინანსა. ხშირია მოთხოვნა სასტუმრო ბიზნესში, ადმინისტრატორის და ბარმენის პოზიციაზე. არის შემთხვევები, როცა კომპიუტერის მცოდნენიც სჭირდებათ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა მარტში განაცხადა, რომ არალეგალურ მიგრაციაში ხელშეწყობა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი გახდება.
მისი თქმით, არალეგალური მიგრაციის ერთ-ერთი საპასუხო ნაბიჯი აუცილებლად იქნება ე.წ. ცირკალური მიგრაციის ხელშეწყობა - საქართველოს მოქალაქეების ლეგალური დასაქმება ევროპის ქვეყნებში.
https://imedinews.ge/ge/saqartvelo/57031/qv...bis-shansi-aqvt