საზოგადოებრივი მაუწყებლის “42-ე პარალელი” და პატრიოტთა ალიანსი კრემლისტურ გზავნილებს ახმოვანებენ
2018 წლის 21 აპრილს, საზოგდოებრივი მაუწყებლის გადაცემა “42-ე პარალელის” ეთერში გავიდა არხის ანალიტიკოსის შოთა თხელიძის სიუჟეტი, რომელიც სირიის მოვლენების ანალიზს წარმოადგენს. აშშ-ის მიერ სირიის დაბომბვას თხელიძე სკრიპალის მოწამვლის გამო აგორებული აგრესიული ანტი-რუსული კამპანიის გაგრძელებას უწოდებს. სკრიპალისა და სირიის დაბომბვის შესახებ საუბრისას თხელიძემ განაცხადა, რომ დასავლეთი მნიშვნელოვან საერთაშორისო გადაწყვეტილებებს მტკიცებულებების გარეშე იღებს, რაც საფრთხეს უქმნის “მულტიპორალური სისტემისკენ მიმავალ მსოფლიოს წესრიგს.” იდენტურ გზავნილს იმეორებს პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილიც, რომლის თქმითაც, არ არსებობს არც “ნოვიჩოკის” მტკიცებულება, არც სირიაში ქიმიური თავდასხმის მტკიცებულება.
შოთა თხელიძე, 42-ე პარალელის ანალიტიკოსი: “რეალურად სამხედრო სანქცია იმ ბოლოდროინდელი აგრესიული ანტირუსული კამპანიის გაგრძელებას წარმოადგენდა, რომელიც დასავლეთში სკრიპალის საქმიდან დაიწყო, დიპლომატების მასობრივი გამოძევებით და რუს ოლიგარქებზე უმკაცრესი სანქციების დაწესებით გაგრძელდა. მაგრამ აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დასავლეთმა საკუთარი ქმედებით გააგრძელა ის ტენდენცია, როდესაც მტკიცებულებების გარეშე სარისკო გადაწყვეტილებები მიიღება საერთაშორისო პოლიტიკაში.”
ირმა ინაშვილი, პატრიოტთა ალიანსი: “არც ის არ არის დადასტურებული, რა ნივთიერებით არის მოწამლული [სკრიპალი] და ის ნივთიერება, რომელიც მოიხსენიება ხშირად, ეს „ნავიჩოკი“ ხო, როგორც „ნავიჩოკი“ არ არის ჯერ დადასტურებული, რომ მაინცდამაინც ეს ნივთიერებაა და არ არის დადასტურებული წარმომავლობა ქვეყნის საიდან მოხდა ეს… უცბად, ვიღაცამ დაიყვირა, რომ ქიმიური შეტევაა, შეცვივდნენ საავადმყოფოში, თუ შეყარეს საავადმყოფოში და დაიწყეს წყლის დასხმა ამ ბავშვებზე ვიღაცა ხალხმა.”
საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა “42-ე პარალელი” და ირმა ინაშვილი სკრიპალის მოწამვლისა და ქიმიური იარაღის გამოყენების გამო სირიაზე საჰაერო თავდასხმის შესახებ კრემლის გზავნილებს ახმოვანებენ. მსგავსადვე, კრემლისტური მედია და რუსი პოლიტიკოსები ამტკიცებენ, რომ დასავლეთს არ გააჩნდა მტკიცებულებები არც სკრიპალის მოწამვლაში რუსული კვალის, არც აღმოსავლეთ ღუტაში ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ. მათივე თქმით, სკრიპალის მოწამვლის გამო რუსეთზე დაკისრებული სანქციები ანტი-რუსული კამპანიისა და რუსოფობიის გაღვივებას ისახავს მიზნად.
http://mythdetector.ge/ka/myth/sazogadoebr...stur-gzavnilebs