“ქართუ“ ბანკისა და „ლიბერთი ბანკის“ გაერთიანებაში ტაიმ-აუტია. როგორც „2020NEWS“-თვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, „ქართუ ბანკი“ და „ლიბერთი ბანკი“ აუცილებლად გაერთიანდება, მაგრამ მისი მმართველი ირაკლი რუხაძე და მისი გუნდი არ იქნება.
“2020NEWS“ ცოტა ხნის წინაც წერდა და ინფორმირებული პირები ამჯერადაც ადასტურებენ, რომ გაერთიანებული „ქართუ ბანკი“ და „ლიბერთი ბანკი“ ბიძინა ივანიშვილის საკუთრება იქნება და ბიზნესმენ ირაკლი რუხაძეს, რომელიც რამდენიმე თვის წინ „ლიბერთი ბანკის“ მფლობელი გახდა, ამ უკანასკნელ შენაძენზე უარის თქმა ოფიციალურად მოუწევს, რადგან რეალური მყიდველი ის არც არასოდეს ყოფილა.
ასევე ინფორმირებული წყაროს ცნობით, ირაკლი რუხაძეს, რომელიც პატარკაციშვილების ოჯახის ქონების განმკარგავად ითვლებოდა წლების განმავლობაში, დაახლოებით ერთი თვის წინ პატარკაციშვილებმა ტელეკომპანია „იმედი“ და მეტალურიგიული ქარხანა გადაუფორმეს. რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ორი დიდი აქტივის ოფიციალური მფლობელი ირაკლი რუხაძე გახდა. თუმცა ეს ყველაფერი გარკვეული შეთანხმების, რუხაძის მხრიდან გარკვეული დათმობების და ვალდებულებების აღების საფუძველზე მოხდა. მათ შორის არის „ლიბერთი ბანკის“ დათმობაც!
აღსანიშნავია და ძალიან საინტერესო ის გარემოება, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკში „ქართუს“ და „ლიბერთი ბანკის“ შეერთებაზე საქმის კურსში არ არის.
საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) პრეზიდენტის კობა გვენეტაძის ინფორმაციით, “მაღალი კაპიტალიზაციის 2 ბანკის გაერთიანების თაობაზე განაცხადი არც მყიდველად დეკლარირებულ „ლიბერთი ბანკის“ აქციონერებს წარუდგენიათ და არც საბანკო აქტივის გაყიდვის მსურველს. შესაბამისად, ამ ეტაპზე მხარეები რა პროცესში არიან, ვერ ვაზუსტებთ“, – განუცხადა ჟურნალისტებს კობა გვენეტაძემ.
თუმცა ირაკლი რუხაძე საპირისპიროს ამტკიცებს და აცხადებს: „გაერთიანების შესახებ უკვე განვუცხადეთ ეროვნულ ბანკს. ძალიან მინდა გამოვიდეს „ქართუს“ ყიდვა. ჯერ კიდევ სამუშაოებია დარჩენილი”.
როგორც ჩანს, მთავარი დეტალები დარჩენილ სამუშაოებშია მოსაძებნი და როგორც სააგენტოს ინფორმატორები აცხადებენ, ეს არის მთავარი დეტალი, ანუ ვისთვის ერთიანდება ეს ორი უზარმაზარი აქტივის მქონე ბანკი, რომლებიც უმსხვილესი კაპიტალის მქონე TOP-5 -ში შედიან. ცნობისათვის, „ქართუს“ „ლიბერთი ბანკზე“ 2-ჯერ მეტი კაპიტალი აქვს. ბიძინა ივანიშვილის ბანკის კაპიტალი 400 მილიონ დოლარს აღემატება!
ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, ყველაფერი ნათელია, რომ ამ ორი გაერთიანებული ბანკის მფლობელი პოლიტიკაში „მეორედ მოსვლის“ ჟამს დაბრუნებული ბიძინა ივანიშვილი იქნება! თუმცა მაინც დაველოდოთ, როდის გახდება ოფიციალურად ეს ინფორმაცია ცნობილი. როგორც საქმეში ჩახედული პირები აცხადებენ, ეს სულ რამდენიმე თვეში მოხდება!
მანამდე კი ერთი საინტერესო დეტალი, რაზეც ცოტა ხნის წინაც ვწერდით: „ლიბერთი ბანკის“ მიმართ ინტერესი ჯერ კიდევ ნაციონალური ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გაჩნდა. როგორც ჩვენი წყარო ამბობს, ამ საკითხით იმ თავითვე პირადად იყო დაინტერესებული ბიძინა ივანიშვილი.
რაც შეეხება სტატისტიკას: „ლიბერთი ბანკი“ არის სიდიდით მესამე ბანკი საქართველოში აქტივების მიხედვით, 5.3% ბაზრის წილით 2017 წლის 30 სექტემბრის მონაცემებით. ბანკს აქვს ფილიალების და სერვის ცენტრების უდიდესი ქსელი. იგი ემსახურება 1.6 მილიონ ფიზიკურ პირს და 77 ათას იურიდიულ პირს. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ „ლიბერთის“ მომხმარებლები ჩვენი პენსიონერები არიან, რომელთა რაოდენობა 800 ათასამდეა.
როგორც ცნობილია, „ლიბერთი ბანკი“ გასული წლის ოქტომბერში გაიყიდა. აქციათა 74.64%-იანი წილი ნიდერლანდების სამეფოში დაარსებულმა კომპანიამ European Financial Group B.V.-მ (EFG) შეიძინა.
ამ გარიგების შედეგად, ბანკის ბენეფიციარი მესაკუთრეები გახდნენ ირაკლი რუხაძე (აშშ-ის მოქალაქე), ბენ მარსონი (გაერთიანებული სამეფოს მოქალაქე) და იგორ ალექსეევი (აშშ-ის მოქალაქე).
http://2020news.ge/2018/05/20/%e1%83%92%e1...83%a1%e1%83%90/