ინდოელი ტურისტი ნიპუნ პრაბჰაკარი საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს და ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სუშმა სვარაჯს ღია წერილს სწერს. საქმე მის საქართველოდან გაძევებას უკავშირდება. კერძოდ, ინდოეთის მოქალაქე წერს:
"მსურს თქვენი ყურადღება მივაპყრო ერთ მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც ეხება საქართველოში მოგზაურობის მსურველ ინდოეთის ყველა მოქალაქეს.
მე საქართველოში, კონკრეტულად კი თბილისში დაგეგმილ ურბანული დიზაინის საერთაშორისო ვორქშოპზე მიმიწვიეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 2017 წლის 14 მაისს ჩავფრინდი, მესაზღვრემ შეურაცხყოფა მომაყენა, როგორც ტერორისტს, ისე მექცეოდნენ, საბოლოოდ კი, ქვეყანაში შეშვებაზე უარი მივიღე. გაინტერესებთ რატომ? - იმიტომ რომ მე ინდოეთის მოქალაქე ვარ.
ამ საქციელით მათ ჩემი ღირსება შეურაცხყვეს.
ხუთდღიანი ვორქშოპი თბილისის ისტორიული ცენტრის აქრიტექტურის შესწავლას და ქალაქის ურბანული განვითარების ახალი შესაძლებლობების განხილვას ითვალისწინებდა. საქართველოში 12 დღის განმავლობაში დარჩენას ვგეგმავდი, რაც ჩემს ტურისტულ ვიზაშიც მივუთითე, რომელიც ელექტრონულად სამი დღით ადრე შევავსე.
გამგზავრების დღეს ნიუ-დელის აეროპორტში რეგისტრაციის მაგიდასთან გამაფრთხილეს, რომ საქართველოს სასაზღვრო სამსახურები ინდოეთის მოქალაქეების მიმართ განსაკუთრებული სიმკაცრით გამოირჩეოდნენ და მათ არაერთი მგზავრი უკან ჰყავდათ გამობრუნებული.
გამგზავრებამდე ნიუ-დელის აეროპორტში სამიგრაციო სამსახურის წარმომადგენლებს გავესაუბრე, ვაჩვენე ვიზა, მოსაწვევი წერილი, ნაღდი ფული და საკრედიტო ბარათები, მათ მითხრეს, რომ ეს იყო ყველა ის საბუთი, რასაც საქართველო ითხოვდა. ამ ინფორმაციის მოსმენის შემდეგ, მე თამამად ავედი თვითმფრინავში და ჩემი მოგზაურობაც დაიწყო.
თბილისში ალმაატის გავლით ჩავედი. თვითმფრინავიდან გადმოსული, ჩემი თვითმფრინავის სხვა მგზავრებთან ერთად ჩავდექი სამიგრაციო რიგში. მალევე საქართველოს სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელმა მიმითითა, რომ რიგიდან გავსულიყავი და სხვა მაგიდასთან დავმდგარიყავი.
მაგიდასთან, რომელზეც მიმითითეს, ჩემ გარდა არავინ არ იყო რიგში, მალევე მოვიდა საიმიგრაციო ოფიცერი, რომელმაც ვიზიტის მიზნებზე დამისვა კითხვები. მე მას ვიზიტის შესახებ მოვუყევი და საიმიგრაციო დოკუმენტები და მოსაწვევი წარვუდგინე.
მე მის მიერ დასმულ ყოველ კითხვას გავეცი პასუხი, რის შემდეგაც მითხრა, რომ მიმდებარედ არსებულ სკამზე დავმჯდარიყავი. მალევე მოვიდა სხვა საიმიგრაციო ოფიცერი, რომელმაც აგდებული ტონით მკითხა - "ბატონო, აქ რატომ ხართ"?
ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო, როდესაც განმიცხადეს, რომ საქართველოში არ შემიშვებდნენ.
როდესაც უარის მიზეზი მოვიკითხე, მათ არავითარი პასუხი არ გამცეს. რამდენჯერმე დასმული კითხვის შემდეგ კი, ოფიცერმა სკამისკენ მიმითითა.
მათ მითხრეს, რომ ჩემს კითხვებზე პასუხს სხვა ოფიცრისგან მოვისმენდი, თუმცა სხვა ოფიცერი არ გამოჩენილა. როდესაც ხელახლა მივედი საიმიგრაციო მაგიდასთან, მათ მიპასუხეს, რომ მე არა ტურისტული, არამედ ბიზნეს-ვიზა მჭირდებოდა.
მე ვორქშოპის სხვა მონაწილეებსაც ვეკონტაქტე გამგზავრებამდე და ვიცოდი, რომ მათაც ტურისტული ვიზები ჰქონდათ, რის შემდეგაც მესაზღვრემ მკითხა, იყო თუ არა ამ ვორქშოპზე ჩემს გარდა ინდოეთის მოქალაქე მიწვეული, რაზეც ვუპასუხე, რომ ინდოეთის მოქალაქე მხოლოდ მე ვიყავი, ამის შემდეგ მესაზღვრემ მითხრა რომ მე ბიზნეს-ვიზა მჭირდებოდა.
მე ავუხსენი, რომ არავითარ ბიზნეს საქმიანობას არ მოიცავდა ჩემი ვიზიტი, ამიტომაც მე ტურისტული ვიზა მქონდა, მეტიც, 12 დღის გატარებას ვგეგმავდი საქართველოს დათვალიერებაში.
მესაზღვრემ ჩემი მოსმენა არც კი სცადა და პოლიციას დაუძახა. ამის შემდეგ მე ვთხოვე, რომ ვორქშოპის ორგანიზატორს დაკავშირებოდა, თუმცა ამაზეც უარი მივიღე.
ამასობაში პოლიციელიც მოვიდა, მან უხეშად მითხრა, რომ გავყოლოდი. უცხო ქვეყანაში მე მექცეოდნენ როგორც კრიმინალს, აეროპორტის თანამშრომლებმა გააკეთეს ორგანიზება, რომ უახლოესი რეისითვე უკან გავებრუნებინე.
იქიდან გამომდინარე, რომ ალმაატის გავლით ჩამოვედი საქართველოში, აეროპორტის თანამშრომლები ჩემს უკან გაგზავნას იმავე რეისით გეგმავდნენ. მე მექცეოდნენ, როგორც კრიმინალს, მათზე დაბლა მდგომ არსებას.
ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ალმაატისკენ მიმავალ თვითმფრინავში ამიყვანეს, ამ დროს თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი, თუმცა ჩემი კოშმარი დამთავრებისგან შორს იყო. ალმაატაში ჩასულმა აღმოვაჩინე, რომ ჩემი ბარგი თვითმფირნავში არ ამოუტანიათ.
ალმაატის აეროპორტის თანამშრომლებმა მითხრეს, რომ ბარგი ჯერ კიდევ თბილისში იყო.
15 საათის შემდეგ, ბარგის გარეშე დელიში ჩავედი. აეროპორტის გასასვლელთან საიმიგრაციო სამსახურის წარმომადგენლები დამხვდნენ, რომლებმაც მითხრეს, რომ მომხდარის გამო დეპორტაციის ფორმებზე მქონდა ხელი მოსაწერი. სამი საათის შემდეგ, მე ინდოეთის საიმიგრაციო სამსახურის წარმომადგენლებმა მითხრეს, რომ საქართველო მართლაც საკმაოდ ბევრ ინდოელს აბრუნებს საზღვრიდან.
თბილისიდან გამობრუნებიდან 24 საათში მე უკვე ჩემს სახლში ვიყავი, ჩემი ბარგი კი, ერთი კვირის შემდეგ, 24 მაისს ჩამოვიდა.
ინდოეთში ჩამოსულმა ინტერნეტში მსგავსი ინციდენტების შესახებ დავიწყე ძებნა და არაერთ ფაქტს მივაგენი. ერთი პირი მისი წვერის გამო საეჭვოდ მიიჩნიეს და თბილისიდან გამოაბრუნეს.
ფორუმზეც არაერთ შემთხვევას მივაგენი, სადაც ადამიანები ყვებიან, რომ საქართველოდან უმიზეზოდ გააბრუნეს.
დიდი იმედი მაქვს, რომ ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ და მსგავსი შემთხვევებით დაინტერესდება და აღნიშნულ საკითხს საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებთან დასვამს", - წერს ნიპუნ პრაბჰაკარი.
http://www.tabula.ge/ge/story/126820-indur...vis-akritikebenრა გირჩევნიათ ქართველნო: ტურისტების დოლარები თუ დავარდნილი ლარი?...
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)