კრივი რომ თბილისში გავრცელებული იყო, როგორც, ვთქვათ, ბოქსი ინგლისში, ეს კარგად არის ცნობილი. მაგრამ აქამდე არ მიმიქცევია ყურადღება მისი ნაირსახეობისთვის - ქვის კრივისთვის, რომელსაც სხვაგვარად სალდასტს უწოდებენ.
არსებობს კარაპეტ გრიგორიანცის
წიგნი „ძველი თბილისის იშვიათი ამბები“, რომელსაც ცოტა ხნის წინ ლიტგეზე
ვკითხულობდი, მერე, რომ დავინტერესდი, მოვძებნე და იმავე საკითხებზე წერს იოსებ გრიშაშვილიც, მათ შორის, ქვის კრივზეც.
ვნახოთ ორივე ავტორის მოგონება. სრული სურათისთვის მხოლოდ სალდასტზე კი არ მოვიყვან მონაკვეთებს, არამედ მუშტიკრივზეც.
ეს თამაშები საოცარი დაუდობლობით გამოირჩევა და დიდი მსხვერპლითაც.
#4 ქვის კრივი [კარაპეტ გრიგორიანცის „ძველი თბილისის იშვიათი ამბები“]
http://indigo.com.ge/articles/10-ishviati-...ilisis-shesaxebადამიანი გაოცებული რჩება იმ გარემოებაზე, თუ ჩვენი ცხოვრება რავდენ რიგათ ცვლილებას ღებულობს. ამ სიტყვის დასასურათებლად საკმარისია მხოლოდ ქვის კრივი აგიწეროთ.
ეს კრივი ყოველ კვირა დღით იმართებოდა ავლაბარში პეტრე პავლეს მინდორზე. რუსები და ქართველები ცალს მხარეზე მოიქცევოდნენ, სომხები კიდევ ცალს მხარესა. შურდული ერთგვარი ხელით ნაქსოვი აბრეშუმის ლენტი იყო სიგრძით 2 არშინი, შუა გულს ცოტა განიერი. ამ განიერ ადგილას ქვას სდებდნენ და თავიანთ მეტოქეს გამეტვით ესროდნენ. ამ საქმის შესახებ შეიძლება ვინმე იფიქროს, თუ ისინი ბავშვები იქნებოდნენ. სამწუხაროდ, მე დაგარწმუნებთ რომ იმათში ერივნენ კარგი ვაჟ-კაცებიც, ვაჭრები, მოხელები, მოქალაქენი და მოსამსახურენი.
ეჭვი არ არის, რომ თქვენ ადვილად მიხვდებით, თუ კვერცხის ტოლა ღონივრათ ნასროლი ქვა ადამიანს სახეში, თავში, ანუ საფეთქელში რა დღეს დააყენებდა.
კვირაში ხუთი ათი სული ხომ ადვილად მოკვდებოდა და ერთი იმოდენაც დამახინჯდებოდა. მე ჩემს ბავშვობაში მინახავს მუშტის კრივები ქალაქშიაც და კახეთშიაც, მაგრამ ქვის კრივი მხოლოთ აქ თუ იყო, თორემ სხვა კუთხებზე არ გამიგონია. ზოგი ვაჟკაცი სხვა ყმაწვილს ქირაობდა, რომ ქვები მოუზიდოს, ზოგიც ქირაობდა, რომ დროზე წყალი მიაშველონ წაქცეულ სულთ მობრძავს.
#5 მუშტის კრივი1878 წლამდისინ საშინელი ქვის კრივები იყო, მერე უცებ გადავარდა. ახლა დაიწყეს გაცხარებული მუშტის კრივები.
მუშტის კრივები ქალაქის შორეულ უბნებშიაც იმართებოდა, მაგრამ მთავარი ცენტრი იყო ბატანიკური ბაღის სამხრეთის მხარეს, თათრების სასაფლაოს ზემოთ. ყოველ კვირა დღით ნასადილევისას იმ ბაღში იკრიბებოდნენ ქალაქის ყველა უბნის მარჯვე ღონიერი ბიჭები. მე არ მახსოვს, თუ რომელი უბანი რომელს ებრძოდა, მხოლოდ ამდენს ვიტყვი, რომ ერთობ საზარელი სანახავი იყო იმათი მუშტის ხმის გაგონება. უიარაღო ომს რომ იტყვიან, სწორეთ ის იქნებოდა.
ძველ დროის მელექსე ლოპიანი თავის ლექსებში ასე სწერავს:
ორთაჭალის ბაღში მნახე ვინა ვარ,
ღვინო ხელში მნახე ვინა ვარ,
აბა მუშტი კრივში მნახე ვინა ვარ,
შეგიყვარდა, სთქვა ნეტავ რა ნაზი ხარ,
გინდ მეძინოს, მაინც სულში მიზიხარ,
თვალს ავახელ, ზედ წამწამზე მიზიხარ!
მე კარგათ მახსოვს იმათი ბელადი უმძლავრესი მეტის მეტი ღონიერი მუშტის პატრონი, რომელსაც მეტ სახელად ქარაფ ქანდოღას ეძახდნენ, რომელიც ნიშნავს „კლდის დამრღვევს“. ეს ფალავანი ჩაერევოდა თუ არა, მაშინვე ზღვის ტალღასავით ხალხი აქეთ იქით გაექანებოდა.
მუშტის კრივის ბანაკს ამგვარი ბელადები ბევრი ყავდა, მაგრამ ყველას თავი იყო ქარაფქანდოღა, რომელსაც ბოლოს ხელწერილი ჩამოართვეს, რომ მუშტით კაცს არ გაარტყას.
მართალია მუშტის კრივი მავნებელი იყო, მაგრამ სიკვდილით ძალიან იშვიათად მოკვდებოდა ვინმე. პირის სახეში დაკაწრული და თვალები ჩასისხლიანებიც მრავალი გვინახავს, მაგრამ შედარებით ქვის კრივთან ეს თითქმის ერთი გასართობი ყოფილიყო. მუშტის კრივმაც რამდენიმე წელი გასტანა, ესე იგი 1882 წლამდისინ ვიდრე გამოჩნდებოდა ახალგაზრდა ყმაწვილი მოჭიდავე კულა გრდანელი.

* * *
“კრივი” (იოსებ გრიშაშვილი)https://www.facebook.com/notes/%E1%83%A5%E1...62203583826708/საჯარო გასართობი იყო კრივი, ყეენობა თუ ისტორიის მოგონება, კრივი - ფიზიკური ვარჯიშობა; კრივი ჩვენებური, თბილისური ჩვეულებაა. საგულისხმოა, რომ სხვა ერს (ინგლისური ბოქსის გამოკლებით) მუშტი არ უყვარს, მაგ., რუსს სილა უფრო ემარჯვება. ყარაჩოღელსაც უყვარს სილა , მაგრამ განსაკუთრებულ შემთხვევებში, მაგ., ამქრის დღესასწაულზე. ისე კი ყარაჩოღელი ჭკუის სასწავლებლად მხოლოდ "ბრმა სილას" ხმარობს (სილა - ხელის ზურგის გარტყმით). კრივის დროს კი დოგადოგა მიდიოდნენ ერთმანეთზე: ჯერ ერთი მოკრივე შემოჰკრავდა ერთი ხელით მუშტს; ხოლო თუ მოპირდაპირე ისეთი სუსტი აღმოჩნდებოდა, რომ ამ ერთი მოქნეული მუშტით წაბარცდებოდა, მაშინ მეორე მხრიდან მეორე მუშტსაც მიარტყამდა მისაშველებლად, რომ ზეზე დამდგარიყო, სწორად; მერე დაიჭერდა ორივე ხელით - შეაჯანჭყარებდა, შეასწორებდა და კვლავ იწყებოდა ახალი გამოცდა ბრძოლისა.
იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ბრძოლის ხოშის მოსაკლავად ყოჩების, მამლების და აქლემთა ჭიდაობას ეტანებოდნენ ( ძველად, როცა ბაქოდან ნავთი აქლემებით მოჰქონდათ, თბილისის მეთავლეები მართავდნენ ნარ-აქლემთა ჭიდაობას, - აქლემები ჭიდაობდნენ კისრებით). მაგრამ ყველაზე ძლიერ გავრცელებული იყო ყ ო ჩ ე ბ ი ს ჭ ი დ ა ო ბ ა. ჭიდაობის მოყვარულნი დაყოჩებულ ერკმალს სახლში ზრდიდნენ, განსაკუთრებულ მზრუნველობით ექცეოდნენ, პურზედ ინახავდნენ და ჯაჭვითა ჰყავდათ დაბმული, რომ უბრალოდ არავის დასტაკებოდა. ყოჩაობის დროს კი ქერით ათრობდნენ, ყელზედ ფერადმძივებიან საყელოს უკეთებდნენ, ქოჩორს ენდროთი უღებავდნენ და უკანგადატანილ რქის წვერებს კოპწიად გადუხერხავდნენ. მამლების ძიძგილაობა უფრო დუქნების წინ იმართებოდა, ყოჩების ჭიდაობა კი - გაშლილ ასპარეზზე. ჭიდაობის ადგილას პატრონებს ყოჩები "დროშკებით" მიჰყავდათ, თან აურებელი ცნობისმოყვარე ხალხი მისდევდა. ჯერ ითათბირებდნენ, მერე აჭიდავებდნენ; დამარცხებული ყოჩის პატრონი გაჯავრებული ქეიფობდა. თუ ჭიდაობა მხარეთა შორის დამარცხების შედეგებს არ იძლეოდა, მაშინ ყოჩაობა შემდეგი კვირისათვის გადაიდებოდა ხოლმე. ჭიდაობას ხელმძღვანელობდნენ ყოჩების პატრონები. ხშირად ყოჩთა ჭიდაობა ძალიან მწვავდებოდა, უკანონობაც ხდებოდა (მაგ., როცა პატრონი თავის ყოჩს ჯაჭვს შეხსნიდა, ამ ჯაჭვს ჭეუმჩნევლად მოპირდაპირე ყოჩს სახეში მიარტყამდა, - ამას ეძახდნენ "ყოჩის გაპუჭებას").ამ ნიადაგზე ბებუთებიც დატრიალებულა. ბოლო მაინც ერთი იყო: ჭიდაობის გათავების შემდეგ ყველანი "ჩასხდებოდნენ" მტკვრის პირას ჩარხებთან და იმართებოდა მეგობრული ქეიფი.
მაგრამ უფრო გულხმიერი და ეპოქალურია ნამდვილი მუშტიკრივი.
ძველად სიონის ტაძარი ქალაქის ორი მოკრივე ნაწილის საზღვრად ითვლებოდა - ჩრდილოეთისა და სამხრეთის. მოკრივეთა მიჯნას წარმოადგენდა აგრეთვე შუაბაზარი ქურქჩების სახელოსნოებამდე. იყო შემთხვევა როცა მოკრივეთა "თაბუნს" მტკვარი ჰყოფდა.
კრივი იმართებოდა სხვადასხვა ადგილას:ზარაფხანის ახლოს, საცა ეხლა ბაყალხანაა (მეტეხის ციხის ქვემო ნაწილი); არსენალთან, ეგრეთწოდებულ "ჭირიანთ ხევში"; "ბოსტნის ურმებზე" (ძველი დამოჟნის უბანი); ავლაბრის იქით "ნახირის უბანში", სადაც ეხლა ყაზარმებია; უფრო ხშირად კი სიონის ქუჩაზე; აბას-აბადის და კოლორთადის მოედნებზე; აგრეთვე მოღნინის ეკლესიის ახლობელ ქუჩაზე; ბოტანიკურ ბაღის ზემოთ, ჩანჩქერის თავზე და მამადავითის ყელთან, სადაც წინათ დაცემული ადგილი ყოფილა.
კრივისთვის არც განცხადება იყო საჭირო და არც შატირების დაგზავნა.
კრივი იმართებოდა კვირაობით, ყველიერის ბოლო დღეებში, აგრეთვე ნათლიღების მეორე დღეს, რადგან მიცვალებულთა სულის მოხსენების გამო, ამ დროს ყველა დუქანი დაკეტილი იყო, ყველაზე დიდი კრივი - ეგრეთწოდებული "ავლაბრის კრივი" - იმართებოდა კვირაცხოვლობა დღეს, ამ სახელწოდების ეკლესიის მახლობლად.
კრივი პატარა ბიჭების შეჯიბრებით იწყებოდა. შემდეგ 18-20 წლის ჭაბუკები ეებრძოლებოდნენ ერთმანეთს; ჭაბუკებს 25-30 წლის ვაჟკაცები მოსდევდნენ; ხოლო, როცა ბრძოლა გამწვავდებოდა, ორივე ბანაკიდან გაისმოდა ძახილი: "ქომაგი!" "ქომაგი!" და ეშხი შესული დარბაისელი და გამოცდილი ფალავნები უკვე ნამდვილ კრივს იწყებდნენ (ანდაზაცაა: "კაი მოკრივე გვიან გადმოვაო") ათი-თხუთმეტი წუთის შემდეგ მოკრივეთა ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო: ნაცემი და დაბეგვილი მოკრივენი სტოვებდნენ ასპარეზს და ნელინელ უკან იხევდნენ (ეგრეთწოდებული "დამდგარი კრივი" კი ხშირად ორ-სამ საათს გრძელდებოდა). მაგრამ ბრძოლა ამით არ თავდებოდა: "დამარცხებულნი იშველიებდნენ ქვებს, აგურებს, ხის ნაჭრებს და ყველაფერს, რაც ხელში მოხვდებოდათ. ამის გამო ხშირად იმსხვრეოდა მეზობელი სახლების კარ-ფანჯრები, აივნები, შუშაბანდები და სხვ.,; ბევრი მოკრივე ბრძოლიდან დაჭრილი გამოჰყავდათ; ხშირად მოხვედრია დაამსწრეებსაც, რომელთა შორის მაღალი თანამდეობის პირნიც იყვნენ".
ერთი ასეთი კრივი მოხდა 1851 წელს, 4 თებერვალს; ხმა დაირხა, რომ ამ კრივში 300 კაცი დაიჭრა და ხუთი მოკვდაო. ამის გამო მთელი ოფიხიალური მიწერ-მოწერაც კი გაიმართა და ამიერკავკასიის უმაღლესი ადმინისტრაცია იძულებული გახდა ცენტრალური ხელისუფლებისათვის ახსნა-განმარტება წარედგინა.
მეფის მოადგილის ვორონცოვის განმარტების შემდეგ ნიკოლოზ პირველმა ასეთი ბრძანება გამოსცა: "კრივის ნება მიეცეთ ქალაქგარეთ, მაგრამ ისე კი, რომ მუშტების გარდა სხვა რამ იარაღი არავინ იხმაროს. კრივს თვალყური უნდა ადევნოს პოლიციამ, რომელსაც ნება ეძლევა შეაჩეროს კრივი იმ დროს, როდესაც მოპირდაპირენი გახურდებიან".
კრივი მონაწილეობდნენ უმთავრესად ხელოსანთა წრიდან გამოსული ფალავნები; ზოგჯერ მათ ვაჭრებიც უერთდებოდნენ.
კრივი იწყებოდა მრავალრიცხოვან დამსწრეთა შეძახილით და ყიჟინით. ხშირად მუშტის გარტყმა ისეთი ძლიერი ყოფილა, რომ არე-მარე ბანს აძლევდა (ზოგიერთი მოკრივე ხალხის მიერ დარქმეულ ზედმეტ სახელს ატარებდა. მაგ., "ქარაფქანდოღა"-კლდის დამქცევი; ამბობენ, ამ მოკრივეს კლდისთვის რომ მუშტი შემოერტყა, ბელტს ჩამოაგდებინებდაო; მეორე მოკრივე - დ ნ გ რ ს ო ლ მ ო ნ ა - ისეთი ყოჩაღი ყოფილა, რომ, როგორც ამბობენ, ცხენის ნალს ხელით გადაჰღუნავდა და დაჩოქილი კრივობდა. ხოლო მესამე მოკრივეზე ქ ა ჩ ა ლ ს ტ ე პ ა ნ ე ზ ე ასეთი ლეგენდაა: ერთხელ სიონის ქუჩაზე კრივის დროს ბანიდან ჩამოვარდნილი აგური დაეცა თავზე. აგური ოთხად გადაატყდა, ხოლო სტეფანემ კი აინუნშიაც არ ჩააგდო, მაღლა აიხედა და ხუმრობით წარმოსთქვა: "ვინ ოხერია, რომ მეკენჭავებაო!")
მოკრივენი უქუდოდ, მკერდგაღეღილნი ჩოხის კალთებაკეცილნი და ხშირად ფეხშიშველნიც იბრძოდნენ. მოკრივეთა რიცხვი განსაზღვრული არ იყო.
კრივს ჩვეულებრივად ეგრეთწოდებული წარჩინებული პირებიმფარველობდნენ. ქომაგები ცხენებზე ისხდნენ, ერთმანეთს ეკამათებოდნენ და თავიანთი რაზმის ფალავნებს აქეზებდნენ. ზოგჯერ "კარგად დამრტყმელ" მოკრივეებს ფულითაც ასაჩუქრებდნენ.
არის თქმულება, რომ კრივს მეფე ერეკლეც ესწრებოდა. "კრივი იყო ზნეობითი სწავლა ვაჯკაცობის წვრთნისა და ვარჯიშობისა".
გრიგოლ ორბელიანის თქმისა არ იყოს.
"აბა მუშტის კრივში მნახე, ვინა ვარ!"
რუსეთის მმართველობის დამყარების პირველ დღიდანვე, სხვა ადათთა შორის, კრივიც აკრძალეს, როგორც "საშიში თამაში"; მაგრამ მთავარმართებელი ციციანოვის დროს, ხალხის თხოვნით, კრივი კვლავ განახლებული იქნა; "არა იმიტომ, რომ ციციანოვის ძარღვებში ქართული სისხლი სჩქეფდა, არამედ იმიტომ, რომ ხალხს თავისებურება არ დაჰკარგოდა და სამხედრო მოქმედებაში გაწვრთნილიყო".
კრივი ბევნაირი იყო:
მ უ შ ტ ი ს კ რ ი ვ ი ,
ხ რ ი დ ო ლ ი (კრივი ცალი ხელით),
ს ა ლ დ ა ს ტ ი (ქვის კრივი). ყველაზე გავრცელებული იყო მ უ შ ტ ი ს კ რ ი ვ ი და ს ა ლ დ ა ს ტ ი ს კ რ ი ვ ი. "მუშტის კრივს მართავდნენ ზაფხულში, ქალაქის ქუჩებში და სალდასტის კრივს ზამთარში , ქალაქგარედ.განსაკუთრებით საყურადღებო ყოფილა სალდასტის კრივი. კრივს ჰქონდა თავისი წესები, ხალხის ჩვეულებაზე დამყარებული. კრივში წართმეული იარაღი, სარტყელი, ქუდი თუ ნაბადი ითვლებოდა კანონიერ ნადავლად ანუ ალაფად. როცა ქალაქში კრივი გაიმართებოდა, მაყურებლები სახლის სახურავებზე ადიოდნენ, ავსებდნენ ბანებს და იქიდან შესცქეროდნენ ომს და ამხნევებდნენ გამბედავ მებრძოლთ თანაგრძნობის აღმოჩენით; როცა ქალაქგარედ იბრძოდნენ შურდულებით და ხის ხმლებით, მაყურებლებს წინდაწინვე ჰქონდათ დაკავებული გორები და მაღლობი ადგილები. კრივს განსაკუთრებით ახალგაზრდობა მისდევდა. ეს საკვირველიც არ არის. ქართველ ქალს ერთი ათად უფრო ტურფად ეჩვენებოდა ის ვაჯი, რომელიც კრივში გაიმარჯვებდა და სახელს გაითქვამდა. მოკრივენიც, რასაკვირველია, რამოდენადაც სახელის შოვნას სცდილობდნენ, იმდენადვე სწადდათ და სცდილობდნენ თავის გამოჩენას თავიანთ " ორთავ თვალის სინათლის" სასიამოვნოთ და სასიქადულოთ. კრივს ჰქონდა თავისი ჭეშმარიტად კარგი მხარე: ქართველი კაცი პატარაობიდანვე იწვრთნებოდა სამხედრო ხერხებში, ავარჯიშებდა თავის საღ გონებას და გამჭვრეტელობას, რომელიც მას ბუნებით დაჰყოლია, ვარჯიშობდა სიმარდეში, სისწრაფეში - ერთი სიტყვით, კრივში ქართველი იძენდა ყველა იმ თვისებებს, რომელნიც ძვირფასნი არიან სამხედრო საქმისათვის".
კრივს ძლიერ ღატაკი ლიტერატურა აქვს, მხედველობაში თუ არ მივიღებთ დავით იოსების ძე ბ ე ბ უ თ ო ვ ი ს მემუარებს. ეს ერთადერთი ბეჭდვითი მასალაა, რომელსაც სხვა ვარიაციით იმეორებენ: დუბროვინი, პოტო, ვეიდენბაუმი და სხვ.
ამ ბებუთოვს აღწერილი აქვს ს ა ლ დ ა ს ტ ი ს კ რ ი ვ ი, რომელშიაც თითონაც მიუღია მონაწილეობა. მკითხველმა რომ წარმოდგენა იქონიოს ამ დაუნდობელ ძველებურ კრივზე, მოგვყავს ეს აწერილობა ოდნავი კუპიურებით:
"ბრძოლა დავიწყეთ ჩვენ, - ამბობსბებუთოვი, - ქვემო უბნის ბავშვებმა. მე გადავზტი წინ და სხვებთან ერთად დავიწყე შურდულით ქვების სროლა. ქამარზედ მეკიდა ხის ხმალი და მარცხენა მხარეზედ საფრად ნაბადი მქონდა. ახლო რომ მივედით, მოწინააღმდეგენი ხმალში იწვევდნენ ერთმანეთს. ერთი გამბედავი ყმაწვილი დახტოდა ჩემს წინ და თავს იფარავდა ჩემი შურდულისაგან. უეცრათ მოვარდა ჩემთან. ჩვენ შევეტაკენით და დავუწყეთ ერთმანეთს ხმლებით ცემა. ჩემი მოკიშპე დავჭერი. მაგრამ მეც გამიპო იმან წარბი... დიდებს შორის ქვის სროლა და ხელჩართული გრძელდებოდა... მე დავრჩი როგორც მაყურებელი. დაძლევა და ჯობნა არც ერთ მხარეს არ ეტყობოდა. ჩვენებმა ჩუმად შუაღამისას გაგზავნეს ერთი რაზმი ზემო მხარის გარს შემოსასვლელად, თითქმის ექვს ვერსამდე. ამ რაზმს ჰქონდა ნაბრძანები, გასუიყო ორშაბათს და ასე, თორმეტ საათზე გადმოშვებოდა სოლოლაკის მთას და მოსწოლოდა მტერს. ამასთანავე მთაზე,ოქროყანიდან დაწყებული, ამ რაზმს უნდა დაეყენებინა საუკეთესო მეშურდულენი, რომ მტრისთვის ზურგში დაეწყოთ სროლა... ორივე მხრიდან გამოვიდნენ მეშურდულენი ათასობით და სეტყვასავით მიაყარეს ქვები ერთმანეთს... ყველგან გაცხარებული შეტაკება იყო. მომხდურებს როცა წააქცევდნენ, სცდილობდნენ მთიდან გადმოგდებას, მაგრამ ამხანაგები შეეშველებოდნენ და ომი ისევ გათანასწორდებოდა. ბრძოლა გაგრძელდა თითქმის ერთ საათს და ქვემოუბნელებმა მოახერხეს მაინც ნახევარი მთის დაკავება და ნაბდებით თავს იFარავდნენ შურდულის ქვებისაგან, რომელიც ზუზუნით მოდიოდა... უეცრად მოისმა საშინელი ყვირილი. განთქმულ მებრძოლთა სახელი ელვასავით მოეფინა მთელ ხალხს და მეომრებს რაღაც ელექტრონისებურმა ნაპერწკალმა გაურბინა ძარღვებში. ზურნისა და საყვირების გამაყრუებელი ღრიალი მოეფინა არემარეს. ომი ცეცხლივით აენთო. ეხლა იბრძოდნენ ხის ხმლებით, ქვებს აღარ ხმარობდნენ. კრივის წესით, ხმალდახმალ შეტაკებაში, ქვის სროლა მხდალობად ითვლებოდა. ზემოუბნელები შესუსტნენ და უკუიქცნენ. ქვემოუბნელებმა დაიჭირეს მთა და მტერი გაიქცა სოლოლაკის ხეობისკენ".
ხშირად ეს ფიზიკური ვარჯიშობა, აქვსენტი ცაგარლის თქმით, ეს "მუშტის ქუხილი", თავდებოდა ფიზიკური დასახიჩრებითაც. კრივის მეორე დღეს ბლომად იყვნენ ხოლმე თავგახეთქილები, თვალწავარდნილები და ცხვირპიდამტვრეულები". ალექსანდრე ორბელიანი წერს თავის მოგონებაში: "ერთი შურდულის ქვა მეც მომხვდა, უკან, თავის კეფაში და კარგა გამიტეხა; ჩემმა ლალამ შინ რომ მომიყვანა, დედაჩემი არ გამიჯავრდა, ამისთვის რომ ამგვარს საშიშს საქმეებსა არ გვარიდებდნენ, - კარგი ვაჟკაცი გამოვაო. ეს მთელი ქართველების ჩვეულება ასე იყო, რომ თავის შვილებს ყოველს საშიშს განსაცდელში ზდიდენ, უშიშარი ვაჟკაცი გამოვაო, მაგრამ მე კი მთელი ერთი თვე მალამოს მადებდნენ თავზე და ძლივს გამიმთელეს. ახლა ხანდისხან კეფაზე რომ მოვისვამ ხოლმე ხელს, მაშინდელ დაღზე მომედება ხელი და იმ კრივის ამბავიც უნებურად მომაგონდება.
თუმცა შურდულები პატარა ზომის იყო და ხმლებიც - ხისა, მაგრამ მაინც საშინელი და დაუზოგავი ხდებოდა ეს "უმუშტო კრივი"... მიუხედავად ამისა, უნდა ითქვას, რომ ამ "ცხვირპირის დამტვრევას" სულაც არ მოსდევდა ბოროტი გრძნობები და ხშირად, ასე ფიზიკურად დასახიჩრებულნი, ნიშნად შერიგებისა, სალხინო ადგილებში მიდიოდნენ და ერთად დროს ატარებდნენ. აკი იგივე ალექსანდრე ორბელიანი ამბობს ჩვენებურ ერთხელოვან და გატაცებულ კრივზე: "ვფიცავ, აღად-მამად-ხან რომ მოვიდა, თუ ასე გამოედოთ თავი, არასოდეს ქალაქში არ შემოუშვებდნენ".
კრივი, როგორც ფიზიკური ვარჯიშობა, თავისი ხასიათით და დანიშნულებით არაფრით არ განსხვავდებოდა ასეთივე ხასიათის ვარჯიშობისაგან, რომელიც სხვა ერის ყოფა-ცხოვრებამ წარმოშვა (ბოქსი,ჭიდაობა და სხვ.). საერთო მიზეზები იწვევენ საერთო ხასიათის ვარჯიშობასაც: ერთფეროვანი ფიზიკური შრომით დაღლილი სხეული,მოდუნებული მოძრაობა სისხლისა გახალისებას მოითხოვდა და თბილისელმა ხელოსნებმაც თავიანთი "ტივის სისხო კლავების" გასატკაცუნებლად კრივსაც მიმართეს ისევე, როგორც ინგლისელებმა - ბოქსს.
სალდასტის კრივი ჯერ მთავარმართებელ ერმოლოვის და მერე ბარიატინსკის დროს სამუდამოდ აიკრძალა. სალდასტის კრივი გადატანილ იქნა გორში და 1886 წლამდე იყო. 1886 წელს გორში გამართულა დიდი ქვის კრივი; დარჩა მხოლოდ ჩვეულებრივი მუშტის კრივი, რომელმაც სამოცდაათიან წლამდე გასტანა. ამ გვიანობამდე დარჩენილ მუშტის კრივს, რომელიც ქალაქგარედ იმართებოდა, პოლიციის ზედამხედველობით, თავისი წესები ჰქონდა გამომეშავებული. ხშირად ზოგიერთ მოკრივეს საშინელი მაგარი ცაცია ჰქონდა, ვისაც შემოჰკრავდა - მორჩა, ცოცხალი ვეღარ ადგებოდა. აი, ამისთანა მოკრივეს სიტყვა ჰქონდა მიცემული, ან როგორც ამბობენ, " ხელი ჰქონდა მოწერილი", რომ იგი აღარ იკრივებდა... მაგრამ, როგორც ყოველგვარ დადგენილებას, რასაკვირველია, ამასაც გვერდს უხვევდნენ, "ხელისმოწერა" - ხელისმოწერად რჩებოდა და ამ მუშტის კრივსაც მოჰყვებოდა ხოლმე თავისი მსხვერპლი, თუმცა არა იმდენი, რამდენიც სალდასტის კრივს.
კრწანისის სასაფლაოზე, ამ რამდენიმე წლის წინათ, ერთი საფლავი ვნახე. როგორც საფლავის ქვის წარწერიდან ჩანს, განსვენებული სალდასტის კრივის მსხვერპლი გამხდარა, აი ეს ეპიტაფიაც:
"გულში ქვა მომხვდა, მეცა ზარები,
თავს დამეხვივნენ ტოლნი - ჯარები;
საწყალ დედაჩემს შერჩეს გონება,
ყველამ მაღირსეთ თითო ცხონება".
(იოსებ გრიშაშვილი, „ძველი თბილისის ლიტერატურული ბოჰემა“)
This post has been edited by Geronti on 7 Apr 2017, 18:09