მთავრობის ადმინისტრაციის პიარ სამსახურის თანამშრომლების სახელფასო ანაზღაურება 12 მილიონ ლარზე მეტა -„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო"
არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" კვლევის მიხედვით მთავრობის ადმინისტრაციის მიერ , 2013-2017 წლებში (2017 წლის მონაცემები მოწოდებულია ოქტომბრის ჩათვლით) საზოგადოებასთან/მედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტში დასაქმებული თანამშრომლების სახელფასო ანაზღაურება 12 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა, რაც ამ პერიოდში მთელი საქართველოს მასშტაბით 122 საჯარო უწყების მიერ პიარ სამსახურში დასაქმებულთა ანაზღაურებისთვის დახარჯული თანხის, 61 მილიონ 250 ათასი ლარის, დაახლოებით 20%-ს შეადგენს. მონაცემები მოიცავს 2013 წლიდან 2017 წლის ოქტომბრის პერიოდს.
“ცალკე აღსანიშნავია მთავრობის ადმინისტრაციის ხარჯები. ეს ინფორმაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” მიერ პიარის თანამშრომელთა რაოდენობისა და ანაზღაურების შესახებ წინა კვლევაში მთავრობის მიერ დოკუმენტების მოუწოდებლობის გამო ვერ მოხვდა. სასამართლოსთვის მიმართვის შემდეგ მოპოვებული ინფორმაციით დგინდება, რომ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან/მედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტში დასაქმებული თანამშრომლების რაოდენობა და სახელფასო ანაზღაურება “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მზარდია და2013-2017 წლებში (2017 წლის მონაცემები მოწოდებულია ოქტომბრის ჩათვლით) 12 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა, რაც ამ პერიოდში მთელი საქართველოს მასშტაბით 122 საჯარო უწყების მიერ პიარ სამსახურში დასაქმებულთა ანაზღაურებისთვის დახარჯული თანხის, 61 მილიონ 250 ათასი ლარის, დაახლოებით 20%-ს შეადგენს.
გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, ირკვევა, რომ მთავრობის ადმინისტრაციამ 2010-2017 წლებში რეკლამის განთავსება დაუკვეთა ისეთ მედია საშუალებებს, როგორიცაა “ასავალ დასავალი” და “ალია”, რომლებიც სიძულვილის ენით გამოირჩევიან და ღიად ავრცელებენ ქსენოფობიურ თუ ჰომოფობიურ განცხადებებს და ანტიდასავლურ კამპანიაში აქტიურად არიან ჩართული. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს “ქართული ოცნების” მიერ არჩეული წევრის, გიორგი (გია) იაკობაშვილის მიერ დაფუძნებული, საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი For.ge ასევე მოხვდა იმ მედიების სიაში, ვინც რეკლამის განთავსების დაკვეთა მიიღო. გია იაკობაშვილი გამოირჩევა სამოქალაქო სექტორის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულებით. მიუხედავად ჩვენ მიერ გამოთხოვლი ინფორმაციისა, მთავრობის ადმინისტრაციამ არ მოგვაწოდა დეტალები, რომელ წლებში თანამშრომლობდა კონკრეტულ მედიასაშუალებებთან და რა ღირებულების კონტრაქტების ჰქონდა მათთან დადებული, შესაბამისად უცნობი დარჩა, მათ შორის, რა თანხა გადაურიცხა მთავრობამ “ასავალ-დასავალს”, “ალიასა” და For.ge-ს“, - ნათქვამია ორგანიზაციის კვლევაში.
http://pirveliradio.ge/?newsid=108773