აფხაზეთის და საქართველოს სახელით მოასპარეზე მოკრივეების შეხვედრა შედგა.
აფხაზმა მოკრივემ იგორ ადლეიბამ ეკატერინბურგში გამართულ შეჯიბრზე გაიმარჯვა. მან საქართველოს სახელით მოასპარეზე მიხეილ ავაკიანი დაამარცხა. ეს გამარჯვება სოციალურ ქსელში საზეიმოდ აღნიშნეს აფხაზებმა. ამ ამბის შესახებ დაწერა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო კულტურის და სპორტის კომიტეტმა. ასევე ადგილობრივმა მედიასაშუალებამ „სპუტნიკ აფხაზია“. ეს შეჯიბრი არაოფიციალური ღონისძიებაა, რომელიც კერძო სპორტული კლუბების ინიციატივით ჩატარდა.
იგორ ადლეიბას მერაბ თურქაძე უნდა შეხვედროდა, თუმცა დაპირისპირებამდე რამდენიმე დღით ადრე მან „ლაივპრესს“ უთხრა, რომ ვიზების დამზადება დროში ვერ ესწრებოდა, ამიტომაც ეკატერინბურგში რუსეთის მოქალაქეობის მქონე სპორტსმენს გააგზავნიდნენ. ასეთი მოკრივე 27 წლის მიხეილ ავაკიანი აღმოჩნდა, რომელიც თურქაძის მსგავსად საქართველოს პროფესიული კრივის ასოციაციის წევრია. მან ჩვენ გვითხრა, რომ შეჯიბრის მონაწილე სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა. კერძოდ, შვებულებით სარგებლობდა, ისვენებდა და საბრძოლველად ფორმაში არ იყო, როცა განუცხადეს, რომ აფხაზ მოკრივეს ის უნდა დაპირისპირებოდა.
„მე ვცხოვრობ საქართველოში. ორმაგი მოქალაქეობა მაქვს. საქართველოს სახელით გამოვდიოდი. თურქაძის ვიზა არ ესწრებოდა და მე ჩამსვეს ძალით, შენ წადიო. მითხრეს ისიც, რომ წონაში უნდა დამეკლო. დავიკელი. სხვა რა გზა მქონდა. ფიზიკური დატვირთვა მქონდა დიდი, სირბილი. ცოტა შარდმდენი წამლებიც დავლიე“, - გვითხრა მიხეილ ავაკიანმა, რომელმაც როგორც ამბობს, ერთ დღეში ექვსი კილოს დაკლება შეძლო.
რას ფიქრობს ის იგორ ადლეიბასთან დაპირისპირებაზე, რომელიც აფხაზეთის სახელით გამოდიოდა, განმარტავს - სპორტი პოლიტიკისგან შორსაა, რომ სპორტსმენები ერთიანები არიან. მოკრივის თქმით, მისთვის, როგორც საქართველოში დაბადებულისთვის, საკუთარი ქვეყნის სახელით გამოსვლა საამაყოა.
რატომ გააგზავნეს საქართველოს სახელით სპორტსმენი შეჯიბრში, სადაც წინასწარ იცოდნენ, რომ მისი მოწინააღმდეგე აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის დროშის ქვეშ გამომსვლელი სპორტსმენი უნდა ყოფილიყო, საკითხის გარკვევას საქართველოს პროფესიული კრივის ასოციაციაში შევეცადეთ. ორგანიზაციასთან დაკავშირება ჩვენ ვერ შევძელით. „ლაივპრესის“ სატელეფონო ზარებს და სმს შეტყობინებებს ასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი კანდელაკმა არ უპასუხა. არ გამოგვეხმაურნენ არც ადგილობრივ ნომერსა და „ფეისბუკ“ გვერდზეც.
თავად იგორ ადლეიბამ შეჯიბრის დასრულების შემდეგ ინტერვიუ მისცა „სპუტნიკ აფხაზიას“, სადაც ამბობს, რომ მას ბრძოლის დასრულება ნებისმიერ რაუნდში შეეძლო, თუმცა კრივი უნდა შეეგრძნო. სპორტსმენმა თავისი მოწინააღმდეგეც შეაფასა, როგორც "არასტანდარტული" მოკრივე.
„გაუგებარი იყო, საიდან იწყებდა შეტევას. ეს, ერთის მხრივ შეიძლება კარგიც არის, რადგან ასეთი მოკრივეები გამოუცნობები არიან და მათთან რთულია ბრძოლა“, - აღნიშნა მან.
იგორ ადლეიბა „ფეისბუკის“ გვერდზე მილოცვებს იღებს. აფხაზები წერენ, რომ ის „ქვეყნის სიამაყეა“, და რომ ასე უნდა განაგრძოს.
„ყოჩაღ იგორ. მე მახარებს ეს ფაქტი ორმაგად, რომ ჩვენმა აფხაზმა ოცი წლის ახალგაზრდამ დაამარცხა ქართველი 26 წლის მოკრივე“, - წერს ვინმე ალხას ტარბა სოციალურ ქსელში.
ფეისბუკმომხმარებელი ვიოლეტა მატარაძე ამბობს, რომ რაც მოხდა, ეს სირცხვილია:
„უფრო სუსტი ვერ იპოვეს? თუ კიდევ პოლიტიკა?“
მასალაში გამოყენებულია ვიდეო და ფოტოები იგორ ადლეიბას ფეისბუკიდან.
http://www.livepress.ge/ka/akhali-ambebi/a...afotovideo.html