მეც დავპოსტავ რამეს - მით უმეტეს, დღეს მამაჩემის დაბადების დღეა
Bobgure მადლობა

))
ღამით ფიქრები თბილისზე
მე შენ მიყვარხარ...
მაგრამ ღამით უფრო ძალიან!
როცა მდუმარე შენს ქუჩებში
მარტოოდენ გვიანი მგზავრის ფეხის ხმა ისმის,
როცა მანქანა მიმქროლავი თავის გზით მიდის,
და შიში არ გაქვს, რომ გაგსრისავს...
მე შენ მიყვარხარ, უფრო ღამით.
ჩაბნელებული შენი ფანჯრების მიღმა
ჩამცხრალი, დღით დაღლილი მოქალაქენი
ცხრაკეც ჯავშანს რომ შემოიხსნიან,
როს სამეფო ძილის, სიზმრების
კარს გამოუღებს,
თავის კალთას როცა დაჰხურავს...
უფრო ღამით, ღამით მიყვარხარ.
თითო-ოროლა, უდროო დროს მოხეტიალე
შენი მგზავრიც ფეხარეული, ნაღვინევი
სიგარეტს რომ გთხოვს,
დანდობილად სალამს რომ გეტყვის,
დარწმუნებული
თვისტომს, თვისრჯულს შეეხმიანა
დარწმუნებული _
ამ ქუჩების ბნელ კუნჭულებში
წინ სამტროდ არვინ დაუხვდება.
კაცი სახლშია.
ღამით ეს ქუჩაც,
გათელილი მილიონ ბორბლით,
გაჟღენთილი მანქანების მხუთავი კვამლით,
ღრჭენით, ღრჭიალით და გუგუნით დაოსებული
ამოისუნთქავს, სულს მოითქვამს, განიავდება,
გაემზადება კვლავ დღის მსახურად.
უფრო ღამით, ღამით მიყვარხარ,
ღამღამობით უფრო შენი ვარ.
შემიძლია ვიხეტიალო რიჟრაჟამდე,
ვიფიქრო შენზე,
შენს წარსულზე, შენს დღევანდელზე,
შენს ტკივილსა და სიხარულზე...
თავდახსნილი ვარ დღის ტვირთისაგან,
აპეურები შეხსნილი მაქვს,
როგორც ლაბა ხარს,
ღამით მეხრე რომ გაიყვანდა მწვანე მინდორში,
დილამდის რომ უნდა ეძოვა,
უნდა მოეცა ღონე კვლავაც
და რიჟრაჟისას
მორჩილად უნდა მიეშვირა ქედი უღლისთვის.
ეს ძველებური შედარებაც,
ალბათ იმიტომ წამომიფრინდა,
რომ წარსულსაც ვერ შეველევით აგრე ადვილად...
ამ შენს ბჭეებში
უთვალავჯერ აალებულ ამ შენს კედლებში,
ისევ ტრიალებს ტრუსის სუნი
და ყიჟინაც მეციხოვნეთა
სმენას სწორედ მაშინ ჩაესმის,
როცა ჩაცხრება, ჩაყუჩდება დღის ქარბორია,
აურზაური, როს მარტოოდენ კაცი ფიქრს უსმენს,
და ფიქრი კი შენ დაგტრიალებს.
უფრო ღამით, ღამით მიყვარხარ.
თვალცრემლიანი მოგონებანი
ყოველმხრიდან რომ მოჯარდებიან,
კურდღელივით რომ მომიმწყვდევენ _
როს ხილვები ცხადზე ცხადია.
აგერ, ჩვენება გაუხარელ, ობოლ პოეტის,
აგერ, შუბლი აყვავებული,
აგერ, განსყიდულ თავისუფლების გამო
მგლოვიარე მსაჯულის ლანდი...
რა საჭიროა ყველას ჩამოთვლა _
რის დავიწყებაც არ შეიძლება
იმას წარსული არც უნდა ერქვას!
უფრო ღამით...
ღამე ცრემლს მალავს,
მშობლიურია, მისანდობი, მხარმისაყრდნობი
და კიდევ _
სიყვარულის თბილი ბუდეა!
შენს უსპეტაკესს, შენს წმინდა გრძნობას
ამ ღამის ფრთები იფარავდა
უცხო თვალთაგან...
აწ ხეთა ჩრდილი
მიყუჟული უცნობი წყვილის
განმარტოებაც, ქვა თუ არა ხარ,
გაგიხარდება, თვალს აარიდებ
და ღიმილით შენს გზაზე გასწევ.
ეს გზა უთუოდ იქ მიგიყვანს,
სადაც გელიან,
შენს დანახვაზე
სადაც წარბებს არვინ შეიკრავს.
ეს გზა არ არის ბოროტისა,
ეს გზა, ღამის გზა,
ორთა სიყვარულს აერთებს უხმოდ.
თუკი ვინმეს გზა გამრუდდება_
იმის ფესვებიც დღიდან მოდის,
ღამის ბრალი სულაც არაა,
თუკი ვინმეს გზა გამრუდდება...
უფრო ღამით, ღამით მიყვარხარ.
ყველა იმედი, ყველა ნატვრა
ხვალ რომ ახდება,
ამ ღამეში იღებს დასაბამს.
იგი გვასწავლის,
მშობელივით იგი გვარიგებს,
როგორ, რა ხერხით გადავცუროთ
დღის ღრმა მორევი,
რომ ტალღებმა არ ჩაგვიხვიოს...
იგია ჩვენი მოძღვარი და მასწავლებელი.
ამ ღამეული მყუდროების ბინადარი ვარ,
ჩემი ლექსის ყველა სტრიქონი
მის კალთაშია ჩამოქნილი.
თუკი როდესმე პოეტი ვარ _
ღამით ვარ მხოლოდ.
დღის შესახვედრად
მუდამ მიმაქვს მისი საგზალი,
ის გულუხვია,
რაც დღეს ჩვენთვის არ ემეტება _
შეუძლია, გვასიზმროს მაინც...
გამექცა ფიქრი.
მაგრამ ფიქრი რის ფიქრია,
თუ თავისი გზით არ იარა.
დაე იაროს, ძე შეცთომილი…
ბოლოს თავის სახლს დაუბრუნდება,
თავის წილს მაინც მოიკითხავს...
შენ ხარ ჩვენი მემკვიდრეობა,
ამ ღამეული ჩემი ფიქრის
საგანიც და ნავთსაყუდარიც,
მემკვიდრეობა, უმთავრესი განძთა სალარო,
ვით ფუტკარს სკაში _ აქ მოგვქონდა,
ვისაც რა გვქონდა,
და წვეთწვეთობით შევაგროვეთ,
რომ უღალო დროს
ერთად შევიძლოთ გამოზამთრება...
ჩემო ქალაქო, უფრო ღამით,
ღამით მიყვარხარ...
მაგრამ ეს ღამეც
ჩამოილია ამ ფიქრებში...
ძილინებისა,
სხვა დროს სხვას გეტყვი,
ან სხვა გეტყვის...
შენ უკვდავი ხარ!
ანანურიშენ გოროზი ხარ უცხო თვალისთვის,
უცხოდ ნაგები და საოცარი.
მე კი მგონია, _
თეთრი ყვავილი
ასე ამოდის ხის ძირს შროშანი
უთქმელი, ჩუმი და უწყინარი
ხარ თვინიერი და დადრეკილი.
ჟამიჟამ მესმის შენი მუდარა,
რომ საარაგვოს შველად შეჰკივი.
ჩამოგიწურავს მხრები მაღალი,
მშვიდად მიმოდის ბჭეზე ტურისტი,
გტანჯავს ეს უცხო აყალ-მაყალი,
მაგრამ ვერა და ვერ გაგულისდი.
ვერ მოერიე სხეულს დაბეჟილს,
რომ აიმართო, როგორც შეგფერის;
რომ მომლოდინე ღრანტე-ხრამებში
ჩამოიბერტყო მხრები ბებერი...
This post has been edited by BEKO on 22 Jun 2014, 13:32
Кто делает, тот не понимает. Кто понимает, тот не делает. Он занимается пониманием.
А. П.