ვერ გეტყვით, როდიდან გაჩნდა მოსაზრება, რომ თურქეთი ჩვენი ისტორიული მეგობარია, მაგრამ ფაქტია: საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ თურქეთი საქართველოს დაპყრობას ცდილობს. გარდა იმისა, რომ თურქებს სერიოზული ინტერესი აქვთ აჭარის რეგიონში და მიწების ძალიან დიდი ნაწილი იქ უკვე შეისყიდეს და დაიკანონეს, მაქსიმუმს აკეთებენ იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქემ მათ ქვეყანაში თავი მონად იგრძნოს, ჩვენს ქვეყანაში კი თავითონ ბატონებივით იქცევიან. რატომ? _ იმიტომ, რომ ჩვენ ვაძლევთ ამის შესაძლებლობას.
თუ საქართველოში თურქმა რაღაც დააშავა _ ინვესტორიაო და თავზე ხელი უნდა გადავუსვათ; მაგრამ, თუ ქართველი აშავებს თურქეთში, მონაა და, როგორც მონას, ისე ექცევიან _ იჭერენ და როზგავენ. ისიც ვთქვათ, რომ საქართველოში თურქული სანომრე ნიშნებით არაერთი დიდი თუ პატარა ავტომობილი მოძრაობს და გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ტრაილერების თურქი მძღოლები საქართველოში სიკვდილის ექსპორტიორები არიან. მათი მხრიდან ავტომობილის თავხედური მართვის გამო არაერთი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომელთაგან ადამიანის სიკვდილით ბევრი დასრულდა. ისიც აღვნიშნოთ, რომ ამის გამო არავინ დასჯილა _ ქართული მხარე დამნაშავე მძღოლებს თურქეთში გადასვლის საშუალებას აძლევს, იქ კი პასუხს არავინ არ სთხოვთ.
თურქეთის მთავრობის მორიგი “საჩუქარი” საქართველოს 1 აგვისტოდან ერგება. სწორედ 1 აგვისტოდან თურქეთის ტერიტორიაზე მოძრავ ქართული სანომრე ნიშნის მქონე მიკროავტობუსებს დააჯარიმებენ. ჯარიმის ოდენობა 180 ევროა, თუმცა მხოლოდ ამას არ აკმარებენ და, ჯარიმასთან ერთად, მიკროავტობუსს 15 დღით ავტოსადგომზე იძულებით გადაიყვანენ, იქაც თანხა იქნება გადასახდელი და…(ფაქტობრივად, აკრძალეს ქართული მიკროავტობუსების შესვლა). სანამ ამ ახალი რეგულაციის დეტალებზე გეტყვით, საინტერესოა, რა პოზიცია აქვს ამ საკითხზე ქართულ მხარეს. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, თურქეთთან მოლაპარაკების რესურსი უკვე ამოწურულია, თურქებს აღარ სურთ მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდომა და კანონის ამოქმედება გარდაუვალია, რადგან ასეთია თურქეთის ხელისუფლების პოზიცია.
რაც შეეხება ახალ რეგულაციებს, როგორც გვითხრეს, ამის მიზეზი 1992 წლის 30 ივლისს თბილისში(?!) ხელმოწერილი “საქართველოსა და თურქეთის მთავრობებს შორის საერთაშორისო საგზაო მიმოსვლის შესახებ” ხელშეკრულებაა. ავტოტრანსპორტის კომერციული საქმიანობა რეგულირდება იმ ქვეყნის კანონმდებლობით, რომელშიც ის იმყოფება. თურქული კანონებით, ამგვარ ტრანსპორტს სპეციალური ნებართვა სჭირდება. ნებართვის არარსებობის შემთხვევაში ჯარიმა 180 ევრო და 15 დღით მანქანის საჯარიმო სადგომზე გადაყვანაა. ისიც ვთქვათ, რომ აღნიშნულ ნებართვას თურქეთი უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე არ გასცემს, ანუ ქართველი მძღოლები მას ვერ აიღებენ.
პრობლემა რამდენიმე დღის წინათ გაჩნდა. ქართული კომპანიების კუთვნილ მიკროავტობუსებს, რომლებსაც მგზავრები ბათუმიდან თურქეთის სხვადასხვა ქალაქში გადაჰყავთ, სარფის საბაჟოზე პრობლემები ექმნებათ. კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ თურქული მხარე მათ მიკროავტობუსებს თურქეთში, ფაქტობრივად, აღარ უშვებს. არადა, სწორედ ეს მანქანებია თურქეთის ტერიტორიაზე მომუშავე ქართველების გადაადგილების საშუალება. მძღოლებმა აქციაც გამართეს, საკონსულოსაც შეეხმიანენ, მათი წარმომადგენელიც მიიწვიეს აქციაზე, მაგრამ საქართველოს გენერალური საკონსულო ტრაპზონში აცხადებს, რომ მათი “რესურსი ამ ეტაპზე ამოწურულია და, თურქულმა მხარემ რომც მოინდომოს, მაინც ვერაფერს გააკეთებს, რადგან კანონში ცვლილებებია საჭირო და ამ ცვლილებების მიღებას თურქები ჯერ არ აპირებენ”.
რა გამოდის? _ თურქეთმა რბილად რომ ვთქვათ, ფეხებზე დაგვიკიდა და არ აინტერესებს, ათასამდე ქართველი მშიერი რომ დარჩება. დიახ, ათასამდე, რადგან აჭარის ტერიტორიაზე ოფიციალურად რვა გადამზიდი კომპანიაა რეგისტრირებული, თითოეულს ოცამდე ავტომობილი ჰყავს, ანუ სულ 160 ავტომობილი და თითო ასეთი ავტომობილი, სულ ცოტა, 7-8 სულს რომ ინახავს, ყველამ იცის.
ახლა _ რაც შეეხება საჩივარს, რომელიც თითქოს თურქეთის ხელისუფლებაში შევიდა და რეგულაციების გამკაცრება მოითხოვა: რეალურად, თურქეთის გადამზიდმა კომპანიებმა დაინახეს, რომ სოლიდარობის (და კიდევ ბევრი მიზეზის) გამო, თურქეთში ლუკმაპურის საშოვნელად მიმავალი ქართველები ნდობას ქართველ მძღოლებს უცხადებდნენ, ე.ი. ქართველის მომსახურებაზე შემოსავალს ისევ ქართველი იღებდა. ახლა კი იძულებულნი იქნებიან, თურქ მძღოლებს გაჰყვნენ, ე.ი. თურქეთმა ქართველებს შემოსავალი წაართვა და თურქებს მისცა. ქართული გადამზიდი კომპანიების არსებობა აზრს კარგავს, ისინი, უბრალოდ, ვეღარ იმუშავებენ ან, თუ იმუშავებენ, თურქულნომრიან მანქანებზე დაქირავებულ მძღოლებად, სანაცვლოდ კი კაპიკებს მიიღებენ. ჩვენი ინფორმაციით, ბათუმის მერიაში რამდენიმე თურქულმა კომპანიამ უკვე შეიტანა განცხადება და ადგილის გამოყოფა მოითხოვა ავტოსადგომის მოსაწყობად და გადამზიდი კომპანიის დასარეგისტრირებლად (გავიხსენოთ შარშან თუ შარშანწინ თურქული სატრანსპორტო კომპანია “მეტროს” შემოსვლა საქართველოში _ მათ საქართველოს შიდა საავტობუსო მგზავრთგადაზიდვის ყველაზე შემოსავლიანი ნაწილი იგდეს ხელთ, ახლა კი უნდათ, თურქეთის ბაზრიდან ამოაკვეთინონ ფეხი ქართველებს. _ რედ.).
როგორ გგონიათ, რას აკეთებენ საქართველოს წარმომადგენლები ამ “ავტოოკუპაციის” საპირწონედ? _ არაფერს… ისინი ამბობენ, რომ “მოლაპარაკების რესურსი ამოწურეს” და მორჩა (ბოროტი ენები ამბობენ, რომ ქართველმა სახელმწიფო მოხელეებმა “მოლაპარაკების რესურსი კი ამოწურეს”, მაგრამ სამაგიეროდ “ფინანსური რესურსი” გაუჩნდათ და არ ამხელენ). ახლა აჭარაში თურქი მძღოლები იბოგინებენ და ისინი იქნებიან ქართველების მიმყვანიც და მომყვანიც. აბა, გაბედოს რომელიმე ქართველმა მგზავრმა და უკმაყოფილება გამოთქვას, მაშინვე დაემშვიდობება მგზავრობას, ანუ, მძღოლების გარდა, შავ დღეში მგზავრებიც აღმოჩნდებიან.
არადა, ხომ შეუძლია საქართველოს ხელისუფლებას, თავისი რეგულაციებით იგივე დაუწესოს თურქულნომრიან მანქანებს და განაცხადოს, რომ მათ არ უშვებს ქვეყანაში? განაცხადოს, რომ მათ ვერც ტრანზიტულ გზას მისცემს და, თუ ამ წესს დაარღვევენ, 180-ის ნაცვლად, 500 ევრო დაუწესონ ჯარიმად. მერე ნახეთ, როგორ მოინდომებს თურქეთის ხელისუფლება სიტუაციის გამოსწორებას და როგორ გაჩნდება მოლაპარაკების რესურსი, მაგრამ თურქეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია თურმე (გამოდის, მარტო სათავისოდ) და მეზობლის წყენინება არ შეიძლება; არ შეიძლება მოძალადე თურქი მძღოლების განაწყენება, რადგან მერე ხომ არ გააჩერებენ საქართველოს ტრასებზე სოკოებივით მომრავლებულ “ჰოსტელებში”, სადაც მძღოლებს ქართველი ქალები “ემსახურებიან” და ცივ ნიავს არ აკარებენ.
არადა, საქართველოს ხელისუფლების მიდგომა ასეთია _ ჩვენს ტერიტორიაზე ვატარებთ ყველას და აგრესიას გამოვხატავთ მხოლოდ რუსულნომრიანი ავტომობილების მიმართ. რატომ? იმიტომ, რომ რუსეთი მტერია, მტერი! იმის მიუხედავად, რომ ასეთი კაბალური რეგულაციები არ დაუწესებია. მტერია, იმის მიუხედავად, რომ ქართული სანომრე ნიშნებით ავტომობილები რუსეთის ტერიტორიაზე უსაფრთხოდ გადაადგილდებიან და მათ ქუჩებში არ დასდევენ ყვირილითა და შეურაცხმყოფელი შეძახილებით; არც საქართველოს დროშას ერჩიან და, საზოგადოდ, მაქსიმალურად ცდილობენ, კეთილგანწყობა გამოხატონ. არც ის გვახსენდება, რუს ინვესტორებს საქართველოში გახსნილ ბარ–რესტორნებში ქართველების შესვლა აეკრძალოთ. არადა, მუშაობს თბილისში რამდენიმე რუსული რესტორანი და არავის უთქვამს, იქ სოდომ–გომორა ტრიალებსო. ეს არის რეალობა. რეალობაა ისიც, რომ თურქეთი, როგორც მონებს, ისე გვიყურებს. რუსეთს არ უთქვამს, ბათუმი ისტორიულად ჩვენი ქალაქია და უნდა დავიბრუნოთო. რომ ეთქვა, მაშინვე ერთ ამბავს ავტეხდით საერთაშორისო დონეზე: ხედავთ, “აგრესორი” რა დღეში გვაგდებსო, და როცა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა ბათუმზე, _ ჩვენიაო, წავუყრუეთ; ალბათ, შეეშალაო, _ ის ვთქვით და… როცა გაიმეორა, მხოლოდ მაშინ ჩაილაპარაკა თავისთვის ჩვენმა საგარეო უწყებამ: ასეთი განცხადებები მიუღებელიაო.
და ის არ არის, ბატონებო, თქვენთვის მიუღებელი, რომ “კეთილ მეზობელს” შენი ქვეყნის ტერიტორიაზე საკუთარი გადამზიდი კომპანია იმიტომ შემოჰყავს, რომ უფრო გასუქდეს, მოძლიერდეს, მეტი ტერიტორია დაარეგისტრიროს ოფიციალურად თავის სახელზე, რათა წლების შემდეგ საქართველოს საკუთრება ბათუმში მხოლოდ მინისტრთა საბჭოს შენობა დარჩეს. და ამ ყველაფერს რიგითი მოქალაქეების კეთილდღეობა ეწირება, იმ ადამიანების, რომლებიც საზღვრისპირა რეგიონში ცხოვრობენ და, წესით, ხელისგულზე უნდა ვატარებდეთ, მაგრამ, აგერ უკვე მერამდენე წელიწადია, ქართველებს თურქებს ვამჯობინებთ.
პ.ს. ანალოგიური რამის გაკეთება ჩვენც შეგვიძლია
http://geworld.ge/ge/%E1%83%97%E1%83%A3%E1...83%98%E1%83%92/ This post has been edited by iase on 27 Jul 2018, 11:13