ბებერი შათლახი გებისტის, ლევან ალექსიძის (მეტსახელად კასჩეი ბესმერტნი, ვიწრო წრეებში), საკმაოდ არგუმენტირებული, საინტერესო და რაც მთავარია, ძალიან აქტუალური წერილი პაატა ზაქარეიშვილის განცხადებების, პოლიტიკის და საერთოდ ამ ტიპის "ბუნების შეცდომობის" შესახებ.
გრძელი წერილი კი არის, მაგრამ საინტერესო, არგუმენტირებული და ჩამოყალიბებული.
http://interpressnews.ge:8080/ge/thvalsazr...tegraciaze.html------------------------------------------------------------------------------
"კოჰაბიტაცია" (ანუ "თანაარსებობა") თურმე შეიძლება, მხოლოდ საოცნებო სიტყვად კი არ დარჩეს, არამედ რეალობადაც იქცეს. ამ დღეებში საქართველოს პარლამენტმა მიიღო, მე ვიტყოდი, ამ დროისათვის ორი ისტორიული აქტი - დეკლარაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების შესახებ და კანონი კონსტიტუციაში შესწორებების შეტანის შესახებ. ვეთანხმები მათ, ვისი აზრითაც, ორივე შემთხვევაში არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ შეუძლია, ნიშნის მოგებით ელაპარაკოს მეორეს.
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ, მისთვის ჩვეული ლაკონიურობით ბრძანა, "მოიგო მთელმა საქართველომ". აღსანიშნავია, რომ მინისტრი ყოველთვის ზუსტად ახმოვანებს ახალი ხელისუფლების პრიორიტეტებს: "ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია", "სეპარატისტული რეჟიმების აღიარების დაუშვებლობა იმ სახელმწიფოებისათვის, რომლებსაც აქვთ საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობა ან სურთ დაამყარონ ასეთი ურთიერთობა". (აღსანიშნავია "სუპერჯუჯა" სახელმწიფოების (ვანუატუსა და ტუვალუს) ამ დღეებში გაკეთებული განცხადებები აფხაზეთის ”დამოუკიდებლობის” არაღიარების შესახებ.)
ანალოგიურ განცხადებებს აკეთებენ პარლამენტის კომიტეტთა თავმჯდომარეები: თ. ჯაფარიძე და ა. პეტრიშვილი.
თუმცა სხვა ხმებიც ისმის. ამას წინათ სატელევიზიო გადაცემა `აქცენტებში~ (22.03.2013) დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტმა სოსო ცისკარიშვილმა დაიწუნა ტერმინი `ოკუპაცია~, რომელიც თურმე გაცვეთილია და თვითმფრინავის ტუალეტის თავზე წარწერას მოაგონებს, როდესაც კარი დაკეტილია (”ოკუპირებულია” - "ოცცუპიედ"). არ ვიცი, რამ განაპირობა ჩემი მეგობრის ასეთი უცნაური შედარება. მინდა შევახსენო ბატონ სოსოს, რომ საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში `ოკუპაცია~, `სამხედრო ოკუპაცია~ ნიშნავს შეიარაღებული ძალების მიერ სხვა სახელმწიფოს ტერიტორიის უკანონოდ დაკავებას. სწორედ ამ მნიშვნელობას იყენებს მსოფლიოს თანამეგობრობა, როდესაც გმობს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციას.
ბატონ სოსოს თურმე დიდი ხანია, `აღიზიანებს~ ეს ტერმინი, რომელიც `შეურაცხყოფს იქ მცხოვრებ თანამემამულეებს~. მაგრამ, ბატონო სოსო, ოკუპირებულია არა ხალხი, არამედ – ტერიტორია. ტერმინი, რომელსაც თქვენ გვთავაზობთ, - `რუსეთის მიერ კონტროლირებადი სეპარატისტული რეგიონები~, გამოიხატება ერთი სიტყვით - `ოკუპაცია~, და მასზე უარის თქმა დიდი დიპლომატიური მარცხი იქნება, რომელიც ავნებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლას.
ვიზიარებ მინისტრის შეშფოთებას ახალი ელჩების დანიშვნის პროცესის გაჭიანურების გამო, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც იწყება დევნილთა დაბრუნების შესახებ გაეროს გენერალური ასამბლეის მორიგ რეზოლუციაზე მუშაობა, რაც ინტენსიურ დიპლომატიურ ძალისხმევას საჭიროებს.
პ. ზაქარეიშვილის `კონცეფციები~ საქართველოს ისტორიული ტერიტორიების სრულ დაკარგვამდე მიგვიყვანს
მაგრამ მთავრობაში ისეთი პიროვნებაც `მოკალათდა~, რომლის პოლიტიკური მსოფლმხედველობა ბურუსით არის მოცული, თუმცა მაინც იკვეთება აგრესიული სეპარატიზმის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დამანგრეველი ზრახვების გამართლების მცდელობა `ქართული ნაციონალიზმისა~ და `წინა ხელისუფლებების დანაშაულებრივი ქმედებების~ მოშველიებით.
თურმე ასეთმა პოლიტიკამ, აფხაზთა და ოსთა ინტერესების `უგულებელყოფამ~, განაპირობა ამ ხალხების `გაუცხოება~, სეპარატისტული სულისკვეთების გაღვივება, რითაც `ოსტატურად ისარგებლა რუსეთმა~. `ჩვენ უნდა მოვაბრუნოთ აფხაზები და ოსები ჩვენსკენ, ევროპისაკენ მაინც~ (`ახალი თაობა~, 10 ოქტ., 2012); თურმე არ ყოფილა 1921 წლის ინტერვენცია, ოკუპაცია, ანექსია, არ ყოფილა ათეული წლების განმავლობაში რუსეთის მთელი იდეოლოგიური მანქანა მიმართული სეპარატიზმის გაღვივებისა და წახალისებისაკენ, ხოლო შემდგომ, `საქართველოს~ წინააღმდეგ შეიარაღებულ კონფლიქტებში პოლიტიკური, ეკონომიკური ფინანსური და სამხედრო დახმარება.
აი, ამ ღრმად გააზრებულ და დასაბუთებულ თეორიულ საწყისებზე დაყრდნობით საქართველოს რეინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დეზინტეგრაციით არის დაკავებული, ლოზუნგით: `აფხაზებმა არაფერი არ უნდა გააკეთონ. ჩვენ უნდა შევთავაზოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია მივცეთ, დამოუკიდებლობის აღიარების გარდა, რაც საბოლოოდ ზედმეტსაც გახდის საერთოდ დამოუკიდებლობაზე საუბარს~.
ამჯერად ტერმინ `დამოუკიდებლობით~ პ. ზაქარეიშვილის მანიპულაციებს ვერ შევეხები, მაგრამ ვაპირებ, ამაზე ცოტა ხანში დაწვრილებით ვისაუბრო.
რაც შეეხება `ნაციონალიზმს~, რომელიც ზ. გამსახურდიას პერიოდს უკავშირდება, ვფიქრობ, დროა, შევწყვიტოთ ამაზე რუსეთისა და სეპარატისტების ენით საუბარი.
სწორედ ზვიად გამსახურდიას დროს, მისი დავალებით, მე ვაწარმოებდი მოლაპარაკებას არძინბასა და მის თანამოაზრეებთან (რომლებსაც უნდოდათ, შეკედლებოდნენ ახალ საბჭოთა კავშირს), დარჩენილიყვნენ საქართველოს საზღვრებში. მათ ისედაც ისეთი უფლებები ჰქონდათ, რაც არ ჰქონდა არც ერთ ავტონომიურ რესპუბლიკას საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე. რეგიონში უმცირესობაში მყოფ ეთნიკურ აფხაზებს გაცილებით მეტი უფლებები ჰქონდათ, ვიდრე ქართველ მოსახლეობას. დაძაბული მოლაპარაკებების შედეგად შეიქმნა საკონსტიტუციო დებულება ფორმულით: 28-26-11, ანუ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ახალ, 65-ადგილიან, პარლამენტში 28 ადგილი მიეკუთვნა ეთნიკურ აფხაზებს, 26 – ქართველებს და 11 – რუსებს, სომხებსა და სხვ. ყველა საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო პარლამენტის ხმათა 2/3-ით, რაც ნიშნავდა, რომ აფხაზ და ქართველ დეპუტატთა მხრიდან კონსენსუსის გარეშე არც ერთი მხარისათვის უარყოფითი გადაწყვეტილება არ იქნებოდა მიღებული… და ეს არის აფხაზთა ინტერესების უგულებელყოფა?! მათ ხომ უკვე ჰქონდათ თავისი რადიო, უნივერსიტეტი, ტელევიზია, სხვადასხვა დაწესებულება კულტურის, განათლების კუთხით. აღსანიშნავია ის, რომ ფორმულის - 28-26-11 - რეალიზაციაში ლომის წილი მიუძღოდათ ვახტანგ ხმალაძესა და რევაზ შავიშვილს, რომლებმაც დაყვეს აფხაზეთი შესაბამის საარჩევნო ოლქებად.
დღესაც ყველა საღი გონების ადამიანს ეს ფორმულა ჩიხში შესული მოლაპარაკებებიდან ერთადერთ სწორ გამოსავლად მიაჩნია. თვით არძინბამ თბილისში ყოფნის დროს განაცხადა: `ეს ფორმულა რომ არა, ომი წელიწად-ნახევრით ადრე დაიწყებოდაო~. ამ განცხადებას ბევრი ხალხი ესწრებოდა, მათ შორის რუსეთის მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი პრიმაკოვი.
ქართველთა არანაირი ბრალი არ ყოფილა შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებაში. ჯარი ხომ 1992 წლის იანვარში იყო შესული. ფსოუმდე მივიდა იგი და ერთ თვეში დავაბრუნეთ, ყოველგვარი პრობლემების გარეშე, მაგრამ აგვისტოში სულ სხვანაირად განვითარდა მოვლენები – რუსეთის მხარდაჭერით სეპარატისტები იარაღით დახვდნენ რეგიონში შეიარაღებული ჯგუფების გასანეიტრალებლად არძინბას თხოვნით შესულ ჯარს.
თურმე აფხაზეთში ეთნიკური წმენდა/გენოციდი არ ყოფილა
რამდენიმე ამონარიდი პ. ზაქარეიშვილის განცხადებიდან, რომელიც სულ ახლახან გაჟღერდა `მაესტროს~ სატელევიზიო არხზე ნ. ჟიჟილაშვილის `პოლიტმეტრში~ (1 მარტი, 22 საათი და 45 წუთი):
`20 წელია, ნადარეიშვილი მეკამათებოდა, თქვი გენოციდი. გენოციდის თქმის უფლება აქვს მხოლოდ სასამართლოს. სასამართლოს გარდა, არავის არ შეუძლია თქვას გენოციდი. სად ვთქვი მე ის, რომ დადგინდა, რომ გაგრის სტადიონზე არ თამაშობდნენ თავებით. მე არსად არ მითქვია, მე ვთქვი, რომ ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით მე ამას ვერ ვამტკიცებ... მე ვარ ის ადამიანი პირველწყარო, რომლის მოქმედების შემდეგ იწყებოდა ლეგენდები სხვადასხვა მიმართულებით... კეთილი ინებოს გამოძიებამ, სასამართლომ, გამოიძიონ და დაადასტურონ. როგორც კი მე მივიღებ ფაქტებს, მე ვაღიარებ... აფხაზებსაც აქვთ ლეგენდები ჩვენს წინააღმდეგ. ეს არ ნიშნავს, რომ არ იყო სისასტიკეები. ძალიან ბევრი სისასტიკე იყო ორივე მხარეს. მე შემიძლია ერთიც მოვყვე და მეორეც. მე შეიძლება ვარ გამონაკლისი ადამიანი, რომელმაც ვიცი თითქმის ყველაფერი ორივე მხარიდან, მაგრამ რას მოგვიტანს ახლა ეს, 20 წლის შემდეგ ამაზე ლაპარაკი, თუ ჩვენ შერიგებისაკენ მივდივართ.~
ჯერ ერთი, იმთავითვე, 1992 წლის შემოდგომაზე, როგორც კი ცნობილი გახდა, რომ ჩეჩენი `მოხალისეები~ გაგრაში ქართველების მოკვეთილი თავებით თამაშობდნენ ფეხბურთს, საქართველოს პროკურატურამ გაგზავნა მოსკოვში მოთხოვნა, მიეღო ზომები რუსეთის მოქალაქე შამილ ბასაევის კრიმინალური ქმედებების წინააღმდეგ. მოსკოვმა გვიპასუხა - `ფაქტები არ დგინდება~. ამგვარად, არავინ უშუალოდ აფხაზებს არ აბრალებდა ამ საშინელი ქმედებების ჩადენას, თუმცა ეს ყველაფერი მათ გვერდით ხდებოდა. მაგრამ ისიც გვახსოვს, რამდენიმე წლის შემდეგ, ჩეჩნეთში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთი აყვირდა - `ბასაევი პერვომაისკში რუსი ჯარისკაცების მოკვეთილი თავებით ფეხბურთს თამაშობსო~. უფრო მეტიც, 2001 წლის 18 ივნისს პრეზიდენტმა ვ. პუტინმა შეახსენა აშშ-ის ჟურნალისტებს - `იქმნება შთაბეჭდილება, საქართველოს ოფიციალურ ხელისუფლებას დაავიწყდა, რომ ჩეჩენი ტერორისტები აფხაზეთში კრიზისის დროს თამაშობდნენ ფეხბურთს ქართველთა თავებით. სამწუხაროდ, ასეთი რამ მოხდა~ - `მიამიტად~ დასძინა ვ. პუტინმა, თითქოს ბასაევის ბანდა რუსეთის მიერ არ იყო შემოგზავნილი საომრად.
მაგრამ მთავარი სხვა რამ არის: პ. ზაქარეიშვილი ცდილობს, გენოციდი დაიყვანოს თავებით ფეხბურთის თამაშის ეპიზოდამდე.
მინდა `გავანათლო~ ბატონი მინისტრი და ავუხსნა, რომ 1992-1993 წლისათვის სულ უფრო და უფრო იდგამდა ფეხს ადამიანურობის წინააღმდეგ ისეთი დანაშაულის განსაზღვრება, როგორიცაა `ეთნიკური წმენდა~. უფრო მეტიც, ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე მომხდარ დანაშაულთა მზარდმა რიცხვმა აიძულა გაეროს გენერალური ასამბლეა, ეცნო `ეთნიკური წმენდა~ გენოციდის ფორმად, რომელიც სხვა ეთნიკური წარმოშობის ადამიანთა ჯგუფის მასობრივი მკვლელობით, წამებით, ტერორითა და სხვა არაადამიანური საშუალებებით ხორციელდება (1992 წლის 17 დეკემბერი).
კოსოვოს დამოუკიდებლობის ცნობა მოხდა მხოლოდ იმიტომ, რომ სერბეთმა განახორციელა კოსოვოელთა წინააღმდეგ ეთნიკური წმენდა გენოციდის ფორმით.
1994 წელს საქართველოში შეიქმნა სახელმწიფო კომისია (რომლის თავმჯდომარეობა მე მხვდა წილად), `აფხაზეთში ქართველი მოსახლეობის წინააღმდეგ `ეთნიკური წმენდის/გენოციდის~ ფაქტების დადგენისა და მასალების საერთაშორისო ტრიბუნალებისათვის გადაცემის მიზნით~. ამ კომისიამ, საქართველოს პროკურატურის დახმარებით, აფხაზეთიდან გამოძევებულებთან შეხვედრებზე, ჟურნალისტთა მიერ მოპოვებულ ფოტო- და ვიდეომასალებზე და, რაც მთავარია, გამოდევნილი ადამიანების ჩვენებებზე დაყრდნობით, დაიწყო აფხაზეთში დატრიალებული საშინელი ტრაგედიის შესწავლა. ამაში ფასდაუდებელ დახმარებას მიწევდა გაეროში საქართველოს წარმომადგენლის მოადგილე გია ვოლსკი.
ყოველწლიურად (1994-1997) გაეროს უშიშროების საბჭოსა და ადამიანის უფლებათა კომისიაში ვრცელდებოდა ზემოხსენებული კომისიის მოხსენებები, რომლებშიც აღნუსხული და შეჯამებული იყო იმ დროისათვის მოპოვებული ფაქტები (შ/1994/225, შ/1995/200, შ/1997/317). ამ წლების განმავლობაში უდიდეს როლს ასრულებდნენ საქართველოს მუდმივი წარმომადგენლები: პეტრე ჩხეიძე და მისი მოადგილე გია ვოლსკი, რომლებსაც კარგი კონტაქტები ჰქონდათ საბჭოს წევრებთან.
პ. ზაქარეიშვილი მსოფლიოს წინააღმდეგ
პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც იმთავითვე გამოეხმაურა აფხაზეთში მიმდინარე ტრაგიკულ ამბებს, იყო ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (ეუთო). 1994, 1996 და 1999 წლებში მოწვეულ სამიტებზე ეუთოს წევრებმა დაგმეს `ეთნიკური წმენდა~, რომელიც გამოიხატება აფხაზეთში, ძირითადად, ქართველი მოსახლეობის მასობრივი განადგურებითა და იძულებითი გაძევებით~ (ლისაბონის სამიტის ფორმულა – 17/XII/1996).
აღსანიშნავია ის დიდი ღვაწლი, რომელიც ამ სამიტების მუშაობაში შეიტანა საგარეო საქმეთა მინისტრმა ირაკლი მენაღარიშვილმა, აგრეთვე ბრწყინვალე დიპლომატთა ჯგუფმა, თედო ჯაფარიძის, გიგა ბურდულისა და ლევან მიქელაძის შემადგენლობით.
დსთ-ის სამიტებზეც კი (მაგ., მინსკში 1995 წელს) რუსეთი იძულებული იყო, აჰყოლოდა მონაწილე სახელმწიფოთა საერთო განწყობილებას და დასთანხმებოდა აფხაზეთში `ეთნიკური წმენდის~ დაგმობას.
აღსანიშნავია გაეროს უშიშროების საბჭოს პოზიცია. ეს ორგანო, რუსეთის მიერ ვეტოს გამოყენების საშიშროების გამო, ვერ აფიქსირებდა ეთნიკურ წმენდას/გენოციდს, მაგრამ წევრებმა სხვა `ხერხი~ გამონახეს – იგი, 1995 წლიდან დაწყებული, ყველა მიღებულ რეზოლუციაში შეახსენებდა ეუთოს ჯერ ბუდაპეშტის გადაწყვეტილებებს, ხოლო შემდგომ ლისაბონისა და სტამბოლის სამიტების დასკვნებს, და დღემდე მიუღებლად აცხადებს აფხაზეთში კონფლიქტის შედეგად დემოგრაფიულ ცვლილებებს. ბოლო წლებში უშიშროების საბჭო ასევე ადასტურებს თავის ყველა ადრემიღებულ რეზოლუციას.
2008 წლის 29 მაისს გაეროს გენერალური ასამბლეის 62-ე სესიამ მიიღო ისტორიული მნიშვნელობის რეზოლუცია: `იმოწმებს რა უშიშროების საბჭოს ყველა სათანადო რეზოლუციას, იღებს რა მხედველობაში ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) ბუდაპეშტის (1994), ლისაბონისა (1996) და სტამბოლის (1999) სამიტების დასკვნებს~.
ეს შესაძლებელი გახდა იმ დროს გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის, ირაკლი ალასანიასა და მისი მოადგილის, ირაკლი ჩიქოვანის ძალისხმევით, რომელთა ინიციატივით ჩემ მიერ გარცელებული მასალა იქნა გამოყენებული.
მოგვიანებით, საქართველოში რუსეთის შეიარაღებული შემოჭრისა და სეპარატისტული რეჟიმების დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ, ეს ტრადიცია გაგრძელდა.
2010 წლის 7 სექტემბერს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო 64/296-ე რეზოლუცია "აფხაზეთიდან, საქართველო, და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან, საქართველო, დევნილებისა და ლტოლვილების სტატუსი~, რომელიც ეხება ორივე სეპარატისტულ რეგიონს, უარყოფს მათ "დამოუკიდებლობას" და `გამოხატავს სინანულს ეთნიკური წმენდის პოლიტიკის გამო~.
2008 წლის აგვისტოში Human Rights Watch-მა გამოსცა მოხსენებები, რომლებშიც აღნიშნულია, რომ ცხინვალის რეგიონში რამდენიმე ქართული სოფელი სრულიად იქნა განადგურებული. 12 აგვისტოს HRW-მა განაცხადა: "სხვადასხვა ელემენტების საფუძველზე შეიძლება დავასკვნათ, რომ სამხრეთ ოსეთში ეთნიკური წმენდა ნამდვილად იყო ეთნიკური ქართველების წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკა, როგორც 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტამდე, ასევე მას შემდეგ."
ეთნიკური წმენდა აისახა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ 1647-ე (2009) რეზოლუციაში, რომელიც მოიცავს 2008 წლის აგვისტოში და შემდგომ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს.
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის 382-ე რეზოლუციაში წერია (2010 წლის 26 ნოემბერი):
"14. მოუწოდებს რუსეთის ფედერაციის პარლამენტსა და მთავრობას, ასევე აფხაზეთის, საქართველო, და სამხრეთ ოსეთის, საქართველო, დე ფაქტო ხელისუფლებას:
ა. აღმოფხვრას შედეგები იმისა, რაც საქართველოში კონფლიქტთან დაკავშირებით ფაქტების დამდგენი საერთაშორისო დამოუკიდებელი მისიისა და სხვა საერთაშორისო დოკუმენტების მიერ აღწერილ იქნა, როგორც ეთნიკური წმენდა, და ნება მიეცეს ყველა დევნილს, უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში."
სულ ახლახან ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო 1913-ე (2013) რეზოლუცია, რომელშიც მოითხოვს დევნილების დაბრუნებას საერთაშორისო სამართლის შესაბამისად.
ეს დოკუმენტები საერთაშორისო სამართლის `რბილ სამართალს~ (სოფტ ლაწ) განეკუთვნება და მათ უდიდესი მნიშვნელობა აქვთ ნებისმიერ საერთაშორისო მართლმსაჯულებისა თუ პოლიტიკურ ორგანოში გადაწყვეტილების მიღების დროს.
პ. ზაქარეიშვილმა არ იცის საერთაშორისო სისხლის სამართლის ანბანური ჭეშმარიტება – ორივე მხარის შეიარაღებული ძალების სისატიკე ომის კანონებისა და ჩვეულების უხეში დარღვევაა, ხოლო ეთნიკური წმენდა/გენოციდი `ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილი საერთაშორისო დანაშაულების" რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც წინასწარ არის დაგეგმილი და შემდგომ განხორციელებული, ან დღემდე ხორციელდება გადარჩენილი და გამოყრილი ადამიანების უკან დაბრუნებისათვის გადაულახავი დაბრკოლების შექმნით. ამგვარად, ეს დანაშაული მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ჩადენილ დანაშულებრივ ქმედებებს ეხება.
პ. ზაქარეიშვილს `დაავიწყდა~ სეპარატისტთა მთავარი ლოზუნგი, რომ ქართველი მოსახლეობა თურმე სტალინმა ჩაასახლა და უმრავლესობაში მოაქცია, ამიტომ `ეთნიკურ აფხაზებს უფლება აქვთ, აღმოფხვრან ეს უსამართლობა~. ვურჩევ პ. ზაქარეიშვილს, წაიკითხოს გაეროს დოკუმენტების სახით გამოქვეყნებული ჩემი მოხსენებები – სწორედ ქართველებისაგან აფხაზეთის გაწმენდა იყო მთავარი ამოცანა. გენოციდისათვის დამახასიათებელია სეპარატისტების მიერ ეთნიკური ჯგუფის პოლიტიკური ელიტის მოსპობა. იქნებ პ. ზაქარეიშვილი უარყოფს ჟიული შარტავას, მამია ალასანიას (ირაკლი ალასანიას მამა) და სხვათა დატყვევების შემდეგ ადგილზე დახვრეტის ფაქტებს, რაც გაეროს უშიშროების საბჭომ სასტიკად დაგმო.
სწორედ იმიტომ, რომ არსებობს უამრავი საერთაშორისო ორგანიზაციის, კომისიებისა და სხვა საერთაშორისო ორგანოების გადაწყვეტილებანი სეპარატისტული რეჟიმის მიერ საქართველოს ისტორიულ რეგიონებში გენოციდური საშუალებებით ეთნიკური წმენდის ჩაატარების შესახებ (ისინი ხომ დღემდე უარს ამბობენ დევნილების შეშვებაზე მთელ ტერიტორიაზე), დღეს, რუსეთის გარდა, სახელმწიფოთა თანამეგობრობა, დსთ-ის წევრთა ჩათვლით, ერთხმად ამბობს უარს აღიარებაზე.
პ. ზაქარეიშვილი სვამს კითხვას – რას მოგვცემს 20 წლის შემდეგ მეორე მხარესთან ამ საკითხის წამოწევა? ნამდვილად არ ღირს! მაგრამ მინისტრი როდესაც ყოველ წამს გაჰკივის საქართველოს ყველა წინა ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმდებების გამოძიების აუცილებლობაზე, ამით ხომ თვითონ ახმოვანებს აგრესიული სეპარატიზმის ლიდერების იდეოლოგიას, რომლის მთავარი ამოცანაა ყველა მათ უბედურებაში ქართველების დადანაშაულება.
მართალია, აფხაზმა და ოსმა სეპარატისტებმა ჩაიდინეს საერთაშორისო დანაშუალი ადამიანურობის წინააღმდეგ, ჩვენ მაინც მზად ვართ, ვეძიოთ კონფლიქტების დარეგულირების გზები ამ ხალხების ეთნიკური თვითშეგნების გამოხატვისათვის მსოფლიო კონსტიტუციონალიზმით გათვალისწინებული ყველაზე ხელსაყრელი პოლიტიკური პირობების შექმნით `საქართველოს სახელმწიფოს ფარგლებში~. (ეს არის გაეროს უშიშროების საბჭოს ყველა რეზოლუციის მთავარი მოთხოვნა). აქ არ შემიძლია, არ მოვიხსენიო უშიშროების საბჭოში გავრცელებული საქართველოს მიერ მომზადებული გაეროს (შ/1999/813) დოკუმენტი `აფხაზეთის სტატუსის განმსაზღვრელი საბაზისო პრინციპი საქართველოს ახალი სახელმწიფოებრივი სტრუქტურის ფარგლებში~, მაგრამ ისევე როგორც ყველა დოკუმენტი, რომელიც აფხაზეთს მოიაზრებდა საქართველოს შემადგენლობაში, უარყოფილი იყო სეპარატისტების მიერ.
`ფიცი მწამს და ბოლო მაკვირვებს~
კიდევ რამდენიმე მოკლე კომენტარი პ. ზაქარეიშვილის დებულებების თაობაზე, რომლებიც არაკომპეტენტურობის უმაღლეს დონეს გვიჩვენებს: ერთ-ერთი `მარგალიტი~ `ნეიტრალურ პასპორტებს~ ეხება. როგორც ცნობილია, აფხაზები ვერ გადიან საზღვარგარეთ ვერც თავისი, ვერც რუსეთის პასპორტებით, რადგანაც არც ერთი ქვეყანა ვიზას არ იძლევა. საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირთან, ევროპის საბჭოსთან, ცალკეულ სახელმწიფოებთან შეთანხმებით დაიწყო, სურვილისამებრ, ნეიტრალური დოკუმენტის გაცემა, რომელშიც არ არის მითითებული მოქალაქეობა, მაგრამ მითითებულია გამცემი ორგანო – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ეს დოკუმენტი აღიარებული იყო ათიოდე სახელმწიფოს მიერ, მათ შორის აშშ-ისა და იაპონიის მიერ.
`ვესტნიკ კავკაზა~-სთვის 2012 წლის დამლევს მიცემულ ინტერვიუში, კითხვაზე - `განა საქართველოს ხელისუფლების მიერ ინიცირებული `ნეიტრალური პასპორტების~ გაცემა აფხაზეთში მცხოვრებთათვის არ არის შემხვედრი ნაბიჯი აფხაზების ინტერესების მიმართულებით?~ - ზაქარეიშვილი პასუხობს: `არა, ეს ნაბიჯი მათ სასიკეთოდ კი არ არის, არამედ ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედებაა. იგი დანაშაულებრივია საქართველოს ინტერესების მიმართ.~
მაგრამ სულ მალე, მას შემდეგ, რაც მან ამისათვის ჟენევაში საყვდური მიიღო აშშ-ის წარმომადგენლობისაგან, ეს დოკუმენტები უცბად დიდ მონაპოვრად იქცა.
ამ დღეებში (13/03/2013) `ნაშა აფხაზია~-ში გამოქვეყნდა პ. ზაქარეიშვილის ვრცელი ინტერვიუ, რომელშიც ის ბრძანებს: `ნეიტრალური პასპორტები შემოღებულ იქნა იმ აფხაზებისა და ოსებისათვის, რომლებსაც არ უნდათ აიღონ საქართველოს პასპორტები. ჯერჯერობით მათ აღიარებს მხოლოდ 12 სახელმწიფო. ვფიქრობ, რაც უფრო მეტი სახელმწიფო აღიარებს ნეიტრალურ პასპორტებს, მით უფრო გაიზრდება მოთხოვნილება მათზე.~
ჭეშმარიტად არის ნათქვამი: ფიცი მწამს და ბოლო მაკვირვებსო.
პ. ზაქარეიშვილი: დევნილთა დაბრუნებას ფუნდამენტურ პრობლემად არ თვლის
`ვესტნიკ კავკაზა~-ს კორესპონდენტის, გ. კალატოზიშვილის კითხვაზე: `ეთანხმებით იმას, რომ ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ფუნდამენტური პრობლემა ლტოლვილების პრობლემაა?~ პ. ზაქარეიშვილი პასუხობს: `არა, არ ვეთანხმები. ლტოლვილების დაბრუნება არ უნდა იყოს ნომერ პირველ საკითხად... ჩვენ უნდა გავიგოთ, რომ არავითარი დაბრუნება ლტოვილებისა არ მოხდება (აფხაზეთის – ლ.ა.) პოლიტიკური სტატუსის პრობლემის გადაწყვეტამდე. ყველგან და ყოველთვის ლტოლვილები ბრუნდებიან მხოლოდ მას შემდეგ, რაც გადაწყდება პოლიტიკური საკითხი."
პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ბატონი პაატა ცრუობს – თუნდაც კოსოვოში ლტოლვილები დაბრუნდნენ გაცილებით ადრე, ვიდრე სერბიის ამ რეგიონის დამოუკიდებლობა გამოცხადდებოდა;
მეორე, სახელმწიფოთა საერთაშორისო თანამეგობრობა სწორედ იმიტომ არ ცნობს ლეგიტიმურად არც ერთ ჩატარებულ არჩევნებს აფხაზეთსა თუ ცხინვალის რეგიონში, რომ მოსახლეობის ნახევარზე მეტი გაძევებულია და მათ არ ეძლევათ საშუალება დაბრუნებისა;
და მესამე, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის გადაწყვეტილებაში უარყოფილია პოლიტიკური სტატუსისა და დევნილთა ღირსეული დაბრუნების ერთმანეთთან დაკავშირება – დევნილთა ბედი მწვავე, სასიცოცხლო ჰუმანიტარული პრობლემაა და რაც შეიძლება სწრაფად უნდა გადაწყდეს.
დიახაც, აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსი მხოლოდ მას შემდეგ გახდება ლეგიტიმური, თუ ის მისაღები იქნება თავის სახლებში დაბრუნებული მოსახლეობისათვისაც.
ამგვარად, პ. ზაქარეიშვილის პოზიცია ეწინააღმდეგება მთავრობის პოზიციას და ართულებს საგარეო საქმეთა მინისტრის წადილს, რაც შეიძლება მალე შემუშავდეს გაეროს გენერალური ასამბლეის მორიგი რეზოლუცია დევნილთა დაბრუნების შესახებ.
ვის ატყუებს ახელმწიფო მინისტრი?!
სასაცილოდ გამოიყურება პ. ზაქარეიშვილის დაპირება, რამდენიმე თვეში, ან ორ-სამ წელიწადში `განდევნოს აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან რუსეთის ზეგავლენა და მოაბრუნოს ეს რეგონები საქართველოსაკენ რუსეთისა და საერთაშორისო ორგანიზაციების გარეშე~. რომელი რუსეთის გარეშე, რომლის ჯარები დგას თვითმარქვია სახელმწიფოების საზღვარზე და 1 ოქტომბრიდან არ აძლევს აფხაზებს (დიახ, მხოლოდ აფხაზებს, თორემ გალელებს ამის უფლება აქვთ) საშუალებას, ლეგალურად შემოვიდნენ საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე?! მინისტრს არსად არ უხსენებია, რომ მანამდე 7 ათასმა აფხაზმა იმკურნალა თბილისში, ზუგდიდში, სხვა ქალაქებში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობენ, სწავლობენ აფხაზები.
რუსეთი არ დაუშვებს ამ ტენდენციის გაგრძელებას, რადგანაც აფხაზეთში იზრდება უკმაყოფილება ოკუპანტების თარეშით. სწორედ საერთაშორისო ორგანიზაციების ძალისხმევით შეიძლება დავეხმაროთ სრული რუსიფიკაციისაგან თავდასაცავად მოძმე ხალხებს, რომელთაც არასდროს ვაიგივებდი სეპარატისტებთან. გავიხსენოთ, რამდენმა ქართველმა შეაფარა თავი აფხაზთა ოჯახებს და გადაურჩა მათზე მონადირე სეპარატისტთა ბანდების სისასტიკეს.
რეინტეგრაციის სამინისტროსათვის სახელის გადარქმევა დამოუკიდებლობაგამოცხადებული თვითმარქვია რესპუბლიკების აღიარებას ნიშნავს
პ. ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ `მისთვის მიუღებელია~ საქართველოს რეინტეგრაციის სამინისტროს სახელწოდება, იგი, მისი თქმით, არც აფხაზებსა და ოსებს მოსწონთ, მაგრამ თავს იკავებს, დაასახელოს ახალი სახელმწოდება (თუმცა, თურმე 2012 წლის ნოემბერში მთავრობამ მიიღო ეს გადაწყვეტილება და გაუგზავნა პრეზიდენტს ხელმოსაწერად).
რატომ უნდა შეიცვალოს სიტყვა `რეინტეგრაცია~?! განა ოკუპირებული ტერიტორიები აღარ ითვლება საქართველოს შემადგენელ ნაწილად?! აბა რა პოზიციიდან ვაწარმოებთ ჩვენ მოლაპარაკებას კონფლიქტებთან დაკავშირებით? – ჩვენი მთავარი ამოცანაა, დავიბრუნოთ მიტაცებული ტერიტორიები, ანუ მოვახდინოთ მათი `რეინტეგრაცია~. ეს უნდა იყოს ის წითელი ხაზი, რომლის გადალახვა არ უნდა მოხდეს!
თავზე ნაცრის დაყრითა და მუცელზე ხოხვით ვერაფერს გახდებით, ბატონო პაატა, რადგან თქვენი კონცეფცია იმ ლეგენდას ეფუძნება, რომელიც შეურაცხყოფს საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მრავალტანჯულთა ბრძოლას.
კაპიტულანტური პოზიცია ძალიან სახიფათოა. რაც უფრო მეტ სრულიად უსაფუძვლო მოთხოვნას დავაკმაყოფილებთ, მით უფრო ადრე დასრულდება აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საქართველოს დე იურე სუვერენიტეტის სფეროდან გასვლის პროცესი.
დარწმუნებული ვარ, ეს არ არის ახალი მთავრობის `ოცნება~.
ლევან ალექსიძე
საერთაშორისო სამართლის პროფესორი
This post has been edited by Codex on 6 Apr 2013, 06:18