რა ხდება, როგორ და რა ვითარებაში უწევთ საქართველოში მეხანძრე-მაშველებს მუშაობა, ადამიანებს, რომლებსაც გმირებს ვუწოდებთ და ხშირ შემთხვევაში გვავიწყდება, რომ გმირებს მოფრთხილება, დაფასება და შესაბამისი მხარდაჭერა სჭირდებათ?!
საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტოს ერთ-ერთი თანამშრომელი „2020NEWS“-ს იმ პრობლემების შესახებ ესაუბრება, რომელიც მათ ხშირ შემთხვევაში, ეფექტურ მუშაობაში ხელს უშლის. „2020NEWS“ მის ვინაობას შეგნებულად არ ასაჯაროვებს. იგი საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თბილისის ერთ-ერთი სამმართველოს თანამშრომელია და აცხადებს, რომ სააგენტოს თანამშრომლების პრობლემები მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთნაირია.
– ჩენთან ძალიან ცუდი სიტუაციაა, სამსახურიდან გაქცევა უნდა ყველა მეხანძრე-მაშველს. ყველაფრით დავიღალეთ.
– რატომ, რა ხდება ასეთი?
– ახალი უფროსები გვყავს, რომლებმაც საქმის კეთება საერთოდ არ იციან. მითითებებს ვერ გვაძლევენ, ყველაფერი ჩვენზე გადადის. გვზღუდავენ, თავისუფლება არ გვაქვს, ტელევიზორის ყურებას გვიშლიან. ახალ ფორმებს გვაცმევენ მაშინ, თუ მინისტრები მოდიან, ან რაიმე მნიშვნელოვან ღონისძიებაზე ვართ და შემდეგ ისევ უკან მიაქვთ. ზოგ მეხანძრე-მაშველს 3 წელია ახალი ფორმა არ მიუღია. სახლის მაისურებით დადიან ბიჭები, ბოტებიც თავიანთი აცვიათ.
– თქვენც არ გაქვთ ბოტები?
– მე, ახლა მომცეს, რომელსაც 2 წელი ველოდებოდი, ბათინკებში წყალი შემდის, შარვლები ყველას დახეული გვაცვია.
– თქვენ თქვით, რომ ფორმებს გვაცმევენ მაშინ თუ მნიშვნელოვანი ღონისძიება ხდებაო, ანუ საჩვენებლად. რატომ, სად მიაქვთ ფორმები?
– საწყობში მიაქვთ და იქ ინახავენ.
– როცა თქვენ ასეთ მდგომარეობაში ხართ, ვგულისხმობ დახეულ ფორმას, როგორ გგონიათ, რატომ დევს ახალი ფორმები საწყობში?
– არ ვიცი, სავარაუდოდ, აქედანაც ფულს აკეთებენ. ჩაფხუტებიც ახლები დაგვირიგეს, მაგრამ ისიც უკან წაიღებს. ახლა ისეთი ჩაფხუტები გვახურავს, რომელთაც დამჭერები არ უვარგა.
– უფროსების დამოკიდებულება როგორია თქვენს პრობლემებთან დაკავშირებით?
– ღამენათევ და დაღლილ ბიჭებს ხელის აწევის და „ჩესტის აღების“ თავი აღარ გვაქვს ხოლმე, არადა ამას ითხოვენ ჩვენგან. ჯარშიც ვმსახურობდი, „ჩესტსაც ვიღებდი“, მაგრამ იქ ყველაფერი წესრიგში იყო, აქ კიდევ მხოლოდ უფროსობა უნდათ და საქმის გაკეთება არავის. არ იციან და იმიტომ.
– „ჩესტის აღება“ მათი მოთხოვნაა?
– გვთხოვდნენ, თუმცა ახლა ბიჭებმა მოვილაპარაკეთ, რომ აღარავინ გავაკეთოთ ეს. ელემენტარული რაღაცეებით გვღლიან.
– მაგალითად?
– მაგალითად, სიგარეტს რომ ვეწევით, ქუდის დახურებას გვთხოვენ. რატომ უნდა დავიხუროთ ამ სიცხეში ქუდი? აი, ისეთი უაზრო მოთხოვნები აქვთ, ვერ ვხსნით, ასეთი რაღაცეები როგორ მოსდით თავში.
– ყველა ერთნაირი ხომ არ არის?
– უმეტესობამ საქმე არ იცის, მარტო უფროსობა უნდათ.
– ტექნიკა შეიცვალა?
– ჩვენთან არანაირი ტექნიკა არ შემოსულა. ჯერ კიდევ გაუმართავი მანქანებით დავდივართ. დაზღვეულიც არ ჰყავთ მანქანები.
– ხელფასი რამდენი გქონდათ და რამდენით გაიზარდა?
– 744 ლარი მქონდა ხელფასი, 30 ლარი დანამატი და ახლა ვიღებ 840 ლარს და 30 ლარს დანამატს. ოცმეთაურებს ჩენზე 100 ლარით მეტი ხელფასი აქვთ.
– დიდი ხანია, ასეთი სიტუაციაა?
– იდიალურ მდგომარეობაში არასოდეს ვყოფილვართ, მაგრამ სააკაშვილის დროს შედარებით კარგი სიტუაცია გვქონდა. ტანსაცმელი ახალი გვეცვა. გარდა ამისა, პრემიებსაც გვაძლევდნენ. დღეს ეს აღარ ხდება თუ რაიმე მნიშვნელოვანი მოვლენა არ მოხდა ქვეყანაში, არავის ახსენდება ჩვენი წახალისება. სვანეთის სტიქიის დროს დაურიცხეს ბიჭებს 500-500 ლარი პრემია, ანუ როცა მასშტაბური რაღაცეები ხდება.
– არ გისაუბრიათ ხელმძღვანელობასთან თქვენს პრობლემებზე?
– ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ისინი მაინც არაფერს შეცვლიან.
https://2020news.ge/2018/08/23/არ-გ