საქართველოში თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ფატმა სერენ იაზგანს ნეტგაზეთი იმ გავრცელებული, ანტითურქული შეხედულებების შესახებ ესაუბრა, რომელსაც ბოლო წლებია საქართველოში აქტიურად განიხილავენ.
- საქართველოში ყველაზე გავრცელებული სტერეოტიპი უკავშირდება ტერიტორიული მთლიანობის საკითხს, კერძოდ იმას, რომ თურქეთს აქვს პრეტენზია აჭარაზე ან შესაძლოა ჰქონდეს უახლოეს მომავალში. ამის საილუსტრაციოდ ხშირად მოჰყავთ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის გამოსვლა რიზეს უნივერსიტეტში, მოკლე ამონარიდს წაგიკითხავთ ამ გამოსვლიდან – „განა შეიძლება, რიზე ბათუმისაგან განვასხვავოთ? ედირნე და სალონიკი ცალ-ცალკე მოვიხსენიოთ?“ რას ნიშნავს თურქეთის პრეზიდენტის ეს განცხადება?
- იცით, ჩემი ერთი ბაბუა თესალონიკიდანაა. ადამიანებს, რომლებიც თურქეთში ცხოვრობენ, თურქეთის მოქალაქეებს, აქვთ ოჯახური, კულტურული კავშირები სხვადასხვა ქალაქთან, ქვეყნებთან, რეგიონებთან. ასეთი კავშირები არსებობს ერაყთან, სირიასთან, ბულგარეთთან, უკრაინასთან, სამხრეთ კავკასიასთან… მათი ფესვები თანამედროვე თურქეთს გარეთაა და ეს ძალიან პოზიტიური კულტურული კავშირებია, ჩვენ ეს გვაძლევს ხიდებს, რაც გვეხმარება ეკონომიკის განვითარებაში. მაგალითად, თურქეთში არიან ეთნიკური ქართველები, რომლებიც ცხოვრობენ არა მხოლოდ რიზესა და ართვინში, არამედ სტამბოლში, იზმირში, ბურსაში და მათ საქართველოში, აჭარაში ჰყავთ ნათესავები. ასეთი კავშირები ეხმარება დიპლომატიურ ურთიერთობებს ქვეყნებს შორის. თურქეთის პრეზიდენტის განცხადება, ვფიქრობ, ნიშნავს, რომ თუ ჩვენ გვინდა განვითარდეს რიზე, ეს ნიშნავს იმასაც, რომ უნდა განვითარდეს ბათუმი, როგორ შეიძლება განვითარდეს ედირნე, თუ კი საზღვრის იქეთ მხარეს სიღარიბე და არასტაბილურობაა? ჩემი აზრით, ეს იგულისხმა პრეზიდენტმა. უბრალოდ ადამიანებმა, რომლებსაც უნდათ ხელი შეუშალონ საქართველო-თურქეთის ურთიერთობებს, აიღეს ეს სიტყვები, ამოგლიჯეს კონტექსტიდან და იყენებენ ჩვენი საქმის წინააღმდეგ.
ჩვენ არ გვაქვს არავითარი პრეტენზია აჭარის და ბათუმის მიმართ. რა თქმა უნდა, ჩვენს ბიზნესმენებს აინტერესებთ აჭარაში ინვესტირება, რადგან ეს რეგიონი ახლოა საზღვართან და ეს მოსახერხებელია მათთვის, მაგრამ თურქული ინვესტიცია საქართველოში არ ფოკუსირდება მხოლოდ აჭარაზე.
ჩვენ გვინდა სატრანსპორტო დერეფნები განვითარდეს. სატრანსპორტო დერეფნების ის პოლიტიკა, რომელსაც ახლა ქმნიან თურქეთი და საქართველო, ძალიან მნიშვნელოვანია.
როცა ლაპარაკობენ, რომ თითქოს თურქეთს აქვს პრეტენზიები აჭარაზე, ეს „პრეტენზიები“ მხოლოდ ძალიან პოზიტიურ მნიშვნელობით შეგვიძლია გავიგოთ, ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენ გვინდა მთელი საქართველო იყოს სტაბილური და განვითარებული ქვეყანა, რომ შავი ზღვის რეგიონში იყოს განვითარებული ეკონომიკური კავშირები.
სამწუხაროდ, არიან ადამიანები, რომლებიც ყვებიან საშიშ ზღაპრებს, იმ ზღაპრების მსგავსს, რომლითაც უფროსები ბავშვებს აშინებენ: „აი, თუ არ შეჭამ, მოვა მონსტრი“. თურქეთი არ არის მონსტრი. ჩვენ ძალიან გამჭვირვალე ურთიერთობა გვაქვს საქართველოსთან და მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია ჩვენმა ქართველმა მეგობრებმაც თქვან, რომ მონსტრი არ იმყოფება საქართველოს დასავლეთის საზღვარზე, მონსტრი შესაძლოა იყოს სხვა საზღვართან.
- ერთ-ერთ ინტერვიუში თქვენ აღნიშნეთ, რომ გინდათ თურქეთის შესახებ სტერეოტიპების დამსხვრევა. ყველაზე ხშირად რა სტერეოტიპი გხვდებათ საქართველოში თურქეთის შესახებ და მათგან განსაკუთრებით რომელი არ მოგწონთ?
არ მომწონს, როცა ფიქრობენ და ეს ალბათ, ცოტათი საბჭოთა გავლენაა, რომ თურქეთი ეს 1001 ღამის ქვეყანაა. მე ეს არ მომწონს. თურქეთში დინამიკური, საინტერესო, მრავალფეროვანი საზოგადოება ცხოვრობს, რომელიც შედგება ძალიან თანამედროვე ჯგუფებისგან.
ზოგადად, მე არ მომწონს დასავლეთად და აღმოსავლეთად დაყოფა, ჩვენი ადგილი მსოფლიოში არ წყვეტს, ვინ ვართ ჩვენ. არ არის ისე, რომ თურქები უკავშირდებიან მხოლოდ კაზინოებს, ქალებს და მხოლოდ ამიტომ ჩამოდიან საქართველოში. ბევრი თურქი საქართველოში ჩამოდის სამუშაოდ, არის ოჯახური კავშირები, ქორწინებები ქართველებსა და თურქებს შორის, ეს ძალიან პატივსაცემი ხალხია და ვისურვებდი, რომ მათ შესახებ მეტი ვიცოდეთ.
მე მინახავს საქართველოში ძალიან დინამიკური, ძალიან გლობალური ახალი თაობა, ვხედავ, რომ თბილისში არის ადგილები, რომელთა მსგავსი შეიძლება იყოს ნიუ იორკში და ლონდონში, სტამბოლშიც არის ასეთი ადგილები. უბრალოდ იმ ადამიანებმა, რომლებიც ასი წლის წინანდელი რეალობით ცხოვრობენ, ამის შესახებ არ იციან.
ინტერვიუ სრულად ნახეთ აქ
http://netgazeti.ge/news/286998/