ამ ლექსის ავტორია ელგუჯა უძილაური. მელოდიას რაც შეეხება, არ ვიცი ვისია. მთის მოტივებზეა აწყობილი, ამიტომაც საერთო ხასიათით და მიმართულებით ძალიან გავს სხვა მთის მელოდიებსაც. რამდენადაც მთის პოეზია მრავალფეროვანია და მდიდარია ულამაზესი ნიმუშებით, იმდენად მწირია მელოდიურად. ალბათ იმიტომ, რომ ძირითადად ხდებოდა ერთმანეთის გალექსება, შაირობა, სიტყვა-პასუხი ფანდურის აკომპონიმენტით და მოპასუხე იგივე მელოდიაზე, იგივე მარცვლებზე აწყობდა საკუთარ პასუხს.
ქართულ მუსიკაში კი ზოგადად ძალიან მძიმე მდგომარეობაა. ორი პრობლემაა. ერთი ისტორიული, მეორე ფინანსური.
ყველაზე ცუდი რაც მოხდა და რამდენიმე საუკუნეა გრძელდება, ქალაქური ცხოვრების განვითარებასთან ერთად შემოიჭრა და დამკვიდრდა: დუქნებში, სასადილოებში, ქუჩებში ქართველმა იუკადრისა ფულზე სიმღერა და ეს ნიშა მრავალეროვნულ საქართველოში დაიკავეს სომხებმა, თათრებმა, ებრაელებმა. მათ ქართული ტექსტები გადაამღერეს მათი მუსიკალური კულტურის და შესრულების მანერის ფარგლებში. ასე გაგრძელდა და დამკვიდრდა ჯერ ქალაქებში, მერე სოფლებშიც. კომუნისტების პერიოდშიც კი ქორწილის დამკვრელებს შორის უმეტესად არაქართველები სჭარბობდნენ. ქართული ტექსტები იკვრებოდა და იმღერებოდა სომხური, ებრაული და აზერბაიჯანული ჟღერადობით. იყო ნამდვილი ქართული მრავალხმიანობის, ყოფითი თუ რიტუალური სიმღერების გაცოცხლების და დაბრუნების ცდები კომუნისტების პერიოდში. ამისთვის ძალიან ბევრი იღვაწეს ჯანსუღ კახიძემ, ანზორ ერქომაიშვილმა და კიდევ არაერთმა პიროვნებამ და მათ მიერ შექმნილმა ანსამბლებმა, თუმცა ეს დარჩა მაინც სამუზეუმო ექსპონატად, სასცენოდ. ასევე კომუნისტების პერიოდში არაერთი ვოკალურ ინსტრუმენტული ანსამბლი შეიქმნა, რომლებმაც სცადეს ახალი ქართული მუსიკის შექმნა და მიუხედავად იმისა, რომ უფრო დასავლური გავლენები ჭარბობდა ამ მუსიკაში, იყო ხალხურის ფესვებიდან ახლის შექმნის კარგი მცდელობებიც. მართლა ძალიან კარგი ანსამბლები გვყავდა და ბევრი კარგი სიმღერაც დატოვეს, მაგრამ დრო არც მათ ეყოთ იმისათვის, რომ ხალხი მოეცვათ მთლიანად. მოდიოდნენ საკონცერტო დარბაზებში, უსმენდნენ, მოსწონდათ, ქორწილებში, სახლში უსმენდნენ მაინც "ქორწ.როკს" ანუ კუსტარული საქორწილო ანსამბლების რეპერტუარებს, რომლებიც ასრულებდნენ ყველაფერს სომხურ-თათრულ-ებრაულ ყაიდაზე. ოთხმოცდაათიანებში როკი წამოიწია წინა პლანზე, მაგრამ ყველაფერი დაინგრა, დაიქცა და ხელოვნება მთლიანად ჩაკვდა. 2000-იანებში ფმ რადიოებმა სცადეს ქართული მუსიკის გაცოცხლება... სწრაფად წავიდა პროცესები. სტუდიებში რიგები იდგა სიმღერების ჩაწერაზე, იქმნებოდა კლიპები და ზოგიერთში 8000 დოლარამდე იხდიდნენ მუსიკოსები, სისტემაში დაიწყო ფულმა ტრიალი, შეიძლება შემოქმედებითი ხარისხის მხრივ დასავლურ მუსიკასთან ახლო ვერ მოდიოდა, მაგრამ გაჩნდა იმედი იმისა, რომ განვითარდებოდა და წინ წავიდოდა სისტემა. იმის მიუხედავად, რომ დენი კონცეტრების დროსაც ითიშებოდა, ყოველდღე ქართველი მომღერლები ავსებდნენ ფილარმონიას, სპორტის სასახლეს. გაჩნდა რამდენიმე მუსიკალური ტელეარხი, რომელსაც ყავდა მაყურებელი. ტრიალებდა კლიპები. მერე ბრახ და 2003 წლიდან წავიდა უფასო კონცერტები, ღონისძიებები, სისტემას გამოაცალეს ფული და დედაც ეტირა. პარალელურად, ერთმანეთის მიყოლებით გაიხსნა i-დარდი/შმანდი რადიოები და სომხურ-თათრულ-ებრაული ჟღერადობა, მექორწილე დამკვრელები მოგვევლინენ პარადის წამყვანებად. მუსიკის განვითარების შანსები ჩაკვდა. ტელეშოუებმა ქავერებზე ააწყვეს თავიანთი კონკურსები და საბოლოოდ ჩაკვდა იმის იმედი, რომ ამ ქვეყანაში ნორმალური მუსიკა ოდესმე მაინც შეიქმნება. ათეულობით ათასი ბავშვი დადის სხვადასხვა ფოლკლორულ ანსამბლებში, სწავლობს ხალხურ სიმღერებს, მაგრამ გამოვა თუ არა გაკვეთილიდან, გაირჭობს ნაუშნიკებს და უსმენს მითხარ სად სად სად გეძებოს სტილის რაღაცეებს. ესაა რეალობა. საქმე იმდენად ცუდადაა, რომ ასეთ მუსიკაზე რომ თქვა არაა ქართულიო, კაცი თავს შეგაკლავს - რას ამბობ! ნაღდი, ჯიგრიანი, ჩვენებური, ქართულიაო. ვერც გააგებინებ ვერაფერს იმიტომ რომ მისი პაპა, მისი მამა, მეზობელი, მეგობარი, ნათესავი, მოდგმა, ყველა, ყველა გარშემო რაც თავი ახსოვს იმ დროიდან მასეთ მუსიკას უსმენდა. მაგაზე იზრდებოდა. თან არაერთი თაობა. ხოდა ამ დროს გამოდიხარ შენ და ეუბნები, რომ ეგ არაა ქართული.

მოკლედ, ამ ქვეყანაში ყველაფერი ტრაკისკენ მიდის და მუსიკაც დიდი ხანია მანდაა.
ისე, თეონა ქუმსიაშვილს ჰქონდა უნიკალური ხმა, შესრულების მანერა, თვითნაბადი ნიჭი იყო თავიდან ბოლომდე და რომ დასცლოდა, რომ ჰქონოდა სათანადო ხელშეწყობა, შეეძლო წაღმა დაეტრიალებინა ქართული მუსიკის ბედი, მაგრამ ეს ბევრი "რომ" არის ზუსტად რაც არავის ახარებს ამ ქვეყანაში და ყველაფერს კლავს. მათ შორის ნიჭსაც. რომ არ დაღუპულიყო ტრაგიკულად, არავინ იცის რა ბედი ეწეოდა შემოქმედებითი თვალსაზრისით. შეიძლება ცოცხლადაც შეეჭამათ კარგი რომ იყო მაგის გამო.
This post has been edited by AraGviani on 11 Oct 2018, 13:10