
პურის საცხობში თბებოდა, როცა ხალხი მასთან მივიდა. გაკვირვებულები შორიდან უყურებდნენ. მან კი მიმართა მათ: აქაც სუფევენ ღმერთები. ამ ისტორიას არისტოტელე ყვება. ჰაიდეგერი ამბობს, რომ საცხობი, ეს ყოველდღიური, საცნაური ადგილი სწორედ ისაა, სადაც უცნაური მყოფობს. მაგრამ რა უნდა უცნაურს ყოველდღიურში? კითხვა უპირველესად ღმერთების მიმართაა დასმული. სწორედ მათ უნდა მიგვანიშნონ წმინდაზე, ამას ჩვენით ვერ ვიზამთ. სწორედ მათ უნდა გახსნან პირი და შიგნით ჩაგვახედონ. იქ კი ჩვენივე თავს დავინახავთ. ოღონდ სხვაგვარად, სხვაგვარ ნათელში. დავინახავთ იმას, რაც ვართ და გავიკვირვებთ, რადგან აქამდე მსგავსიც არაფერი გვინახავს. ის, რაც ყველაზე ახლო გვეგონა თურმე ყველაზე შორი ყოფილა. ფილოსოფია ამ შორს ემსახურება.