მოგესალმებით იუზერ
კანფეტებიანი-კოსმონავტი -ს იდეით, ტექსტით და თხოვნით, მის ნაცვლად გამეხსნა თემა:
"დავხატოთ ჩვენი თავი, ნებისმიერი სქესის ასაკის, ნებისმიერ ეპოქაში, ნებისმიერ ქვეყანაში მცხოვრები,
არც ისე გრძლად, არც ისე მოკლედ, თავისი პატარა ისტორიით.
- - -
პერსონაჟი პირველი:მე სოფია ვარ. 13 წლის. აქვე ვცხოვრობ ჰანდელსკაიზე. დედა ამბობს რომ ოდესღაც ჩვენი ოჯახი მდიდარი იყო, ჩემთვის კი სულერთია. მხოლოდ ის მაწუხებს რომ ყოველ დღე სახლს რაღაც აკლდება, დედას გააქვს და სახლში ხელცარიელი ბრუნდება. უცნაური ტრადიცია გვაქვს, თვეში ერთხელ, მამას უკანასკნელ წერილს კითხულობს და მეუბნება რომ მალე ჩამოვა. ამის შემდეგ ნეტავ ამ წერილს თუ მომცემს დედა? ერთი თვის წინ წერილები წამოვიღეთ დანგრეული სახლიდან მე და მარტინმა, ჩვენი სახლის პატრონის შვილიშვილმა. ის ფოსტალიონის სახლი იყო, შემდეგ კი ვიღაცას მისი მიტანილი წერილი არ მოეწონა და როგორც დედა ამბობს ჭურვი ფოსტით გაუგზავნეს. სწორედ იმ დროს დაიწყო დედამ მშობიარობა და მე გავჩნდი. წერილებიდან ერთერთი ძალიან გავდა მამას დაწერილს და წილად მე მერგო. არ ვიცი როდის ჩამოვა, მგონი დედამაც არ იცის. ორი წელია ასე გრძელდება.. და სულ ვნატრობ -ნეტავ როდესმე დაავიწყდეს და მეც აღარ შემახსენოს ხოლმე. ზამთარში ვოცნებობ რომ მდინარე გაიყინოს. ვფიქრობ, რომ თუ გაიყინება, მამა თხილამურებით ჩამოუყვება დუნაის. ვიცი რომ სისულელეა, არასოდეს არ გაიყინება ამხელა მდინარე. თანატოლებთან თამაში არ მიყვარს. უფრო სწორად აღარ. რაც სისხლი წამომივიდა ყველანი უცნაური თვალებით მიყურებს, საიდან გაიგეს არ ვიცი. დედა მეუბნება რომ ჩემი ოთახი მე უნდა დავალაგო, ჭურჭელი უნდა დავრეცხო. ჩემს მეგობრისთვის სულ უფრო და უფრო ცოტა დრო მრჩება. დედაც მიშლის მასთან მეგობრობას. აბა რა ვაკეთო, არ ვიცი? მხოლოდ მას უნდა მეგობრები? აი როდესაც ჩვენთან ძია ალფრედი მოდის, დედა იცვლება, უფრო ლამაზი ხდება, მომწონს ასეთი დედიკო, მინდა რომ სულ ვუყურო, მაგრამ ის მხოლოდ ალფრედს ელაპარაკება, მე კი თბილად გამიღიმებს და მთხოვს, რომ ძია ალფრედს ჩემი ნახატები ვაჩვენო. არ მომწონს ალფრედი, ჩემ ნახატებს ისე უყურებს როგორც დედიკოს, შემდეგ მას ახედავს ხოლმე, მერე ისევ ნახატების თვალიერებას აგრძელებს, ბოლოს ისევ შეხედავს, ყოჩაღო ეტყვის და ნახატებს მე მაწვდის, თან თავისი თეთრი კბილების უკან რაღაცას მიმალავს, თმაზე ოდნავ შემეხება და უცებ ქრება მისი თვალები.
შემდეგ წელს, მარტინის ჩამოსვლამდე აუცილებლად უნდა გავიზარდო იმხელა რომ დედას კაბები მომერგოს, მინდა ისე გამოვიყურებოდე როგორც დედა და მარტინი მარტო მე მიყურებდეს. როგორ მინდა რომ ჩემი ყურებისას იტიროს. არ ვიცი რატომ, მაგრამ ძალიან მინდა მიყურებდეს და ტიროდეს.
სახლში მარტოები ვართ ხშირად. ბოლოს მამიდა რომ გვესტუმრა, მთელი ღამე რაღაცას ჩიფჩიფებდა დედასთან. მითხრა რომ მოინახულებდა ბებიას და მერე ჩემთვისაც მოიცლიდა, მაგრამ მამიდაც აღარ გამოჩენილა. დაპირებები სულელებისთვის არის, დაპირებებს არასოდეს ასრულებენ, სულელებს სჯერათ მარტო იმის, რომ მათი მამები დუნაის თხილამურებზე სრიალ-სრიალით ჩამოივლიან. ალფრედი ეუბნება დედას რომ ჭკვიანი გავიზრდები, ალფრედი სულელია და არ იცის ამის შესახებ არაფერი.
ხანდახან მესიზმრება რომ მდინარე წითლდება, კალაპოტებიდან გადმოდის და ნაცრისფერ ქუჩებს ღებავს ლამაზი ხასხასა წითელი ფერით, გახვრეტილი ფეხსაცმლის ძირიდან მეპარება, ფეხებს მისველებს და მეღვიძება.
ახლა უნდა წავიდე, ფეხებზე შემცივდა, ხვალ ფრანგულის მასწავლებელთან მივდივარ, თუ გადავურჩი შემოგივლით. "
მეც დავამატებ აქვე, როგორც ესტრელა.
იქნებ, კანფეტებიანი-კოსმონავტის შექმნილი პერსონაჟი..?

ასეთი "იქნებ" იმდენი და იმ სიშორეა, რამხელაც ადამიანის ფანტაზია,
წარმოსახვა და ცნობიერების ტალღებზე სრიალი, მის ფსკერზე დაივინგის
თუ ამავე ცნობიერების შტორმებში მოყოლის სიყვარული და უნარია.
ან . . .
This post has been edited by Estrella on 3 Nov 2018, 17:42