"სანდრა რულოვსი შევარდა ჩემს სახლში საკუთარ ნათესავებთან ერთად, კარები შეამტვრიეს, ქვევრები დამიხსნეს და ღვინის სმა დაიწყეს"
"რომ აღიაროს მერაბიშვილმა, ახლავე ვაპატიებ, სპეცრაზმელებსაც ვაპატიებ და ადეიშვილსაც, მაგრამ სააკაშვილს არ ვაპატიებ ამას"
"სააკაშვილი ადამკუსისგან იყო გაფრთხილებული, რომ ჩემს დევნას შეშვებოდა"
პროკურატურამ დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე მიხეილ სააკაშვილს და ვანო მერაბიშვილს ბრალი დაუმძიმა. ელოდა თუ არა ამას დაზარალებული, ამ კითხვით ვალერი გელაშვილს ლიტვაში დავუკავშირდით:
- ჩემს ცემაზე სააკაშვილს ბრალს რომ წაუყენებდნენ, ნამდვილად
ველოდი, მაგრამ ასე მალე არა, უფრო სექტემბერში. როგორც ჩანს, მიმდინარე პროცესებმა დააჩქარეს მოვლენები. 9 წელი და 22 დღე ველოდი ამ ყველაფერს. მაგარი ნებისყოფა მაქვს და კიდევ მოვითმენდი.
- როგორ ფიქრობთ, პროკურატურა ბოლომდე მიიყვანს ამ გამოძიებას?
- ამ საქმეში მტკიცებულებები საკმარისზე მეტია და ვფიქრობ, რომ მათ ყველაფერი მომზადებული აქვთ, რადგან საუბარია საქართველოს ექს-პრეზიდენტზე და არა ვინმე უცნობ ადამიანზე.
- ერთ-ერთი მთავარი მოწმე არის ირაკლი ოქრუაშვილი, როგორ ფიქრობთ ,სანამ თანამდებობა არ დატოვა, რატომ არ განაცხადა ამ საქმის შესახებ? ერთგვარად ისიც ხომ არა დამნაშავე?
- როდესაც ადამიანი ესწრება რაღაც დანაშაულს და ამის შესახებ მაშინვე არ აკეთებს განცხადებას, ეს უკვე დანაშაულია, მაგრამ ოქრუაშვილს ვისთვის უნდა მიემართა, დანაშაული ხდებაო?! მერაბიშვილისთვის თუ ადეიშვილისთვის? სხვათაშორის, ახლაც რომ აღიაროს მერაბიშვილმა, დიახ, ეს ჩავიდინეო, ახლავე ვაპატიებ, სპეცრაზმელებსაც ვაპატიებ და ადეიშვილსაც, მაგრამ მიხეილ სააკაშვილს არ ვაპატიებ ამას.
- სააკაშვილს რატომ არ აპატიებთ?
- ვიღაცამ ხომ უნდა აგოს პასუხი?! ყველას ხომ არ მიეტევება დანაშაული? ჩემი განადგურების ბრძანება მიხეილ სააკაშვილმა გასცა და უნდა აგოს პასუხი. როდესაც ოჯახში რამე ფუჭდება, დამნაშავე ოჯახის უფროსია.
- რომ არა ავლაბრის რეზიდენციის გარშემო აგორებული სკანდალი, გაიცემოდა თქვენი ლიკვიდაციის ბრძანება?
- საქმე არ იყო მხოლოდ რეზიდენციასა და "რეზონანსში" გამოქვეყნებულ ჩემი ინტერვიუში, სადაც სანდრაზე ვისაუბრე. საქმე უფრო სხვა რამეში იყო, ხელისუფლებამ გადაწყვიტა რომ მათ წინაშე ყველა მუხლებზე დაეყენებინათ და ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი აღმოვჩნდი მე. როდესაც ამბობენ, რომ ვალერი გელაშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა მიხეილ სააკაშვილსო, რატომ არავის ახსენდება, რომ პირველი სწორედ მან მომაყენა შეურაცხყოფა. სააკაშვილი ჯერ არ იყო პრეზიდენტი, როდესაც სანდრა რულოვსი შევარდა ჩემს სახლში საკუთარ ნათსავებთან ერთად, კარები შეამტვრიეს, ქვევრები დამიხსნეს და ღვინის სმა დაიწყეს. ქართველი კაცისთვის ასეთი რაღაც რამხელა შეურაცხყოფაა, ყველას მოგეხსენებათ, მაგრამ ეს არავის ახსენდება. მარტო იმას წერენ, ვალერიმ გაზეთში ცუდი ილაპარაკა მიშაზეო. მათ მოინდომეს, რომ ჩემთვის ფული შეეწერათ, მაგრამ მე ამაზე უარი ვთქვი და გადაწყვიტეს დედაქალაქის ცენტრში მომხდარიყო ჩემი დასჯა, რათა მერე სხვებისთვის ეს მაგალითი ყოფილიყო. სხვა ბიზნესმენებს ეუბნებოდნენ, თუ ჭკვიანად არ იქნებით, გელაშვილზე უარესი მოგივათო.
- თქვენ ვილნიუსის პოლიტიკურ წრეებში ძალიან ბევრი ნაცნობი გყავთ, ამავე დროს ძალიან ფართო კავშირები ჰქონდა მიხეილ სააკაშვილსაც. კარგად გვახსოვს ლიტვის პრეზიდენტის განცხადებებიც, რომელშიც მიხეილ სააკაშვილს მხარდაჭერას უცხადებდა. თუ გაქვთ ინფორმაცია, მათ თქვენზე ჰქონიათ საუბარი?
- მე ვიცი, რომ ლიტვის პრეზიდენტი ადამკუსი ჩემს გამო ხშირად ტუქსავდა მიხეილ სააკაშვილს, თორემ ამდენი წელიწადია დავდივარ, უმეტეს დროს
საქართველოში ვატარებ და როგორ ფიქრობთ, რატომ აღარ გაიმეორებდნენ თავდასხმას?!
- ანუ ლიტვის პოლიტიკური წრეების დამსახურებაა, რომ დღეს თქვენ ცოცხალი ხართ?
- დიახ. სააკაშვილი ადამკუსისგან იყო გაფრთხილებული რომ ჩემს დევნას შეშვებოდა, თორემ აუცილებლად გამომასალმებდნენ სიცოცხლეს. მიუხედავად ამისა, იმდენად გულზე აწვა ჩემი არსებობა მიხეილ სააკაშვილს, რომ სულ ზეწოლა იყო ჩემზე და ჩემ ახლობლებზე. ძირავდნენ იმ კომპანიებს რომელთანაც შეხება მქონდა, ყველაფერ უმსგავსობას კადრულობდნენ ჩემს წინააღმდეგ.
https://www.kvirispalitra.ge/politic/22516-...eriq.html?add=1