„მოწოდება თავისთავად სწორია, თუმცა ბატონმა მიხეილმა შეცდომა დაუშვა, როდესაც არ დამიჭირა მე მხარი (ჯერ კიდევ ზაფხულში იყო ამის თაობაზე კონსულტაციები) და შეარჩია ჩინოვნიკი, რომელიც მის ხმებზე დაჯდა და ვერაფერი ვერ შემატა პროცესს – შედეგები კი ვნახეთ… ანუ, სანამ სწორ მოწოდებებს გააკეთებ, მანამდე სწორი გადაწყვეტილებები უნდა მიიღო იმისთვის, რომ შედეგი იქნას მიღწეული,“ – ასე აფასებს “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ მიხეილ სააკაშვილს განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ის შედეგებს არ ენდობა და მოქალაქეებს და ჯარს დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა.
„როცა მე ვეუბნებოდი მიხეილ სააკაშვილს და გაერთიანებული ოპოზიციას, რომ ვაშაძე ვერ გაქაჩავს ქარიზმატული ლიდერის როლს, რადგან ის კრიტიკულ ეტაპზე ჩაქვრება -მეთქი. აი, რა შედეგი მოიტანა იმან, რომ მე არ დამიჭირეს მხარი თავიდან და ფაქტობრივად ქვეყანა ოლიგარქს საჯიჯგნად დაუტოვეს.
ჩემი არჩევით 24 საათში დაამთავრებდა ოლიგარქიულ რეჟიმს და ქვეყანა ავიდოდა იქ სადაც მისი ადგილია.
დღეს სამწუხაროდ ურემი კვლავ გადაბრუნდა. ფილარმონიებში შეკრება, აკადემიურ კონფერენცებზე მსჯელობა საქმეს ვერ უშველის. რომ ტრაბახობენ რომ 900 000 ხმა აიღეს აი, ამ ხმის დამთვლელები ახალ ქუჩაში უნდა იწვნენ. მხოლოდ ამ გზით მიიღწევა შედეგი სხვა გზით ყველა პრეცენდენტი არის დროის გაყვანის მცდელობა, რაც საზოგადიოებას არაერთხელ აქვს ნანახი. ამიტომ, როგორც დიდი ილია ამბობდა – ან მოქმედება, ან ის ჭაობა სადაც ვსხედვართ”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
რაც შეეხება თავად სააკაშვილის თანაგუნდელებს – დესტაბილიზაციასა და საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით გაკეთებულ მოწოდებას “ნაციონალური მოძრაობის” ოპოზიციური ჯგუფის პრეზიდენტობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბი ემიჯნება. როგორც გიორგი ვაშაძე განაცხადა, სააკაშვილის ეს სიტყვები მისი პირადი მოსაზრებაა და “ნაციონალების” ოპოზიციური ჯგუფი მას არ იზიარებს.
28 ნოემბერს საქართველოს მოსახლეობამ 5-ის ნაცვლად 6 წლით, პირდაპირი წესით ბოლოჯერ აირჩია ქვეყნის პრეზიდენტი.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ, ხმების 100%-ის (3 705 საარჩევნო უბანი) დათვლის შედეგად, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს ხმა ამომრჩეველთა 59.52 %-მა მისცა, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს კი 40.48 %-მა.
ხმების რაოდენობის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილმა 1147627 ხმა მიიღო, გრიგოლ ვაშაძემ კი – 780633.