Киса, я хочу вас спросить, как художник художника - вы рисовать умеете?
ამბავი, რომელსაც ახლა მოგიყვებით ცოტამ თუ იცის, მაგრამ ვინაიდან ამ ადამიანის მისამართით დღესაც გრძელდება ტალახის სროლა, ვალდებული ვარ ფართო საზოგადოებას გავუმხილო.
2018 წლის 25 ნოემბრის საღამო ხანი იდგა.
ახალგაზრდა გოგონა, სტეფანწმინდაში, ციცაბო კლდეს მიყუდებოდა და თვალებმოჭუტული იცქირებოდა ჩრდილოეთისკენ.
გოგონამ წინა ღამით საშინელი სიზმარი ნახა, მის სამშობლოს, მრავალგზის იავარქმნილსა და ფეხქვეშ გათელილს, ჩრდილოეთიდან ველური ვირთხების ურიცხვი არმია უახლოვდებოდა, მოღალატე ემიგრანტის მეთაურობით და წალწკვით ემუქრებოდა მთელ ქვეყანას. გოგონა ქარაფზე იდგა და სასოწარკვეთილი უყურებდა ვირთხების ურიცხვ არმიას, რომელსაც ბოლო არ უჩანდა. უეცრად მას ციდან ხმა ჩაესმა, ,,ნინი, შენ რჩეული ხარ, მხოლოდ შენ შეგიძლია გაუმკლავდე მტერს, მხოლოდ შენს იმედზეა შენი ქვეყნის მომავლის ბედი, აღიღე მახვილი, წინ გადაუდექი მტერს და შეჰმუსრე იგი ვითარცა შენი მამა-პაპანი მუსრავდნენ მათ საუკუნეების წინ“ ... გოგონას ცივ ოფლში მცურავს გამოეღვიძა და მზის ამოსვლამდე ფიქრობდა თუ რა გზას დადგომოდა.
როგორც კი მზემ ინათა, აისხა წინაპრების დატოვებული ,,ბერდენკა“ და სამშობლოს სიყვარულით დაბრმავებულს საგზალიც კი დაავიწყდა, ისე გაეშურა ჩრდილოეთისკენ.
ადგილზე ჩასულს საეჭვო არაფერი დახვდა. მუხლებზე დაეცა და ღმერთს მადლობას სწირავდა, რომ ღამის კოშმარი არ გამართლდა.
უცებ გოგონას ელდა ეცა. გზის პირას მთას ვიწრო ბილიკი მიუყვებოდა და მაღლა, ფრიალო კლდეზე, მტრის ენაზე შესრულებული საეჭვო წარწერა ,,კისა + ოსია“ შენიშნა...
დავარდა იგი ქუეყანასა ზედა, თავსა დამართ სცემდა და ცრემლითა მწარითა იტყოდა... (ბოდიში, ეს სხვა წამებულზეა, ამერია)
გოგონამ ნაცემი ელდა არად ჩააგდო და მაშინვე კლდეზე მიაშურა, ჯერ ბილიკს მიჰყვებოდა, შენდეგ კი როცა ბილიკი დაიკარგა წრიაპები მოირგო და შავლეგოს ღიღინით დაიპყრო მწვერვალი.
კლდის თავზე მომცრო მოედანი იყო, რომელზეც მომიტევეთ რომანტიკის მოყვარულებმა, მაგრამ ვარდი კი არ იყო ამოსული, არამედ რატომღაც კალბასის (და არა ძეხვის) ნაჭერი ეგდო.
რუსული კალბასის...
ეს მეორე სახიფათო ნიშანი იყო და გოგონა მიხვდა, აუცილებლად გასამდებოდა..
გასამდა, გაოთხდა და გახუთდა კიდეც - ნისლი ჩამოწვა, რომელიც ჯერ შავი კატის ჩხავილმა გააპო შემდეგ კი შავი ყვავის ჩამოსკინტვლის ხმამ.
გოგონა მიხვდა რომ უბედურება ახლოვდებოდა.
2018 წლის 25 ნოემბრის საღამო ხანი იდგა.
ახალგაზრდა გოგონა, სტეფანწმინდაში, ციცაბო კლდეს მიყუდებოდა და თვალებმოჭუტული იცქირებოდა ჩრდილოეთისკენ
ჩამოწოლილ ნისლში რამის გარჩევა შეუძლებელი იყო, მაგრამ მტრის ჩექმების ბრაგუნი, რომელსაც წინ სრუტუნის ხმა მოუძღოდა ყველაფერზე მეტყველებდა, სამშობლო განსაცდელში იყო და მას შველა სჭირდებოდა.
გოგონამ კლდეს წიხლი ჰკრა, ლოდები დააგორა და გზა ჩახერგა, შემდეგ კალბასის გვერდით წამოწვა და ბერდენკას ფეხი გამოუშალა...
3 დღისა და 3 ღამის განმავლობაში აკავებდა გოგონა მტერს. 3 დღე-ღამის განმავლობაში თვალმოუხუჭავად ებრძოდა მათ ურიცხვ არმიას და მტერმა 1 ნაბიჯითაც კი ვერ წაიწია წინ.
გოგონას არ უძინია
გოგონას წყალი არ დაულევია
გოგონას კალბასის გარდა არაფერი უჭამია
და მან გაიმარჯვა.
3 დღის შემდეგ, 28 ნოემბერს 8 საათზე საძულველი არხი ჩართო, ედისონ რისერჩის გამზრდელი დედის ძუძუები დალოცა და ცრემლმორეული და დაღლილი დაემხო ცარიელ მასრებზე და „კირიე ელეისონ“ იგალობა.
ჩექმების ხმა ნელ-ნელა წყდებოდა. სიბნელეში გოგონამ 2 დაჭყეტილი, სინანულით სავსე თვალებიღა გაარჩია და მასში ,,აფერუმ დედაკაცო შენს ვაჟკაცობას“ წაიკითხა. თვალები ნელ-ნელა გაქრა...
დიახ, ამ გოგონამ 3 დღე შეაკავა მტერი საზღვარზე რომელსაც მოღალატე იმიგრანტი მოუძღოდა
დიახ ამ გოგონამ იბრძოლა და დიახ
მან გადაგვარჩინა!
ამიტომ, მას აქვს უფლება ფბ-ზე წეროს რაც უნდა, და დატუქსოს ვინც უნდა.
აი თქვენ კი, არაფერი გაგიკეთებიათ ამ ქვეყნისთვის და მაინც ბედავთ და ტალახში სვრით. შეგრცხვეთ.
მორალი: როცა კუპატა წვავ, თუ გინდა რომ არ დაგეწვას მსგავსი თემები არ უნდა გახსნა.