დღეს თელავში პრეზიდენტის ინაუგურაციის გენერალური რეპეტიცია გაიმართება
ინაუგურაციის წინა დღეს თელავში, ერეკლე მეფის სასახლის ტერიტორიაზე გენერალური რეპეტიციისთვის ემზადებიან. მასში მონაწილეობას თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების 200 სამხედრო მოსამსახურე მიიღებს. მათ შორის იქნებიან სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლები.
ადგილზე მეორე დღეა იმყოფებიან საორგანიზაციო ჯუფის წევრები ბასა და თამარ ფოცხიშვილები. ისინი ბოლო დეტალებს აზუსტებენ. წინასწარი ინფორმაციით, გენერალური რეპეტიცია დღეს, 15:00 საათზე უნდა დაიწყოს.
თელავის მერის შოთა ნარეკლიშვილის განცხადებით, დღეს კეთილწმოყობის სამუშაოები უკვე დასრულებულია და ქალაქი ისტორიული დღის ღირსეულად ჩატარებისთვის მზად არის.
"ყველა შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოები , რომელიც რამდენიმე დღე მიმდინარეობდა, დასრულდა. ქუჩებში გამოვფინეთ სახელმწიფო დროშები. დღესაც მოხდება სატესტო რეჟიმით ქვემეხების გასროლა. ხვალ კი ოთხი ქვემეხიდან ერთროული გასროლა მოხდება"- ამბობს თელავის მერი.
ცნობილია, რომ ხვალ დილიდან ქალაქის ცენტრში გადაადგილება შეიზღუდება.
ღონისძიებები მხოლოდ თელავში გაიმართება. რიგით მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ფიცის დადების შემდეგ კი მოწვეული სტუმრები წინანდლის ნაცვლად თელავის თეატრში გადაინაცვლებენ, სადაც საზეიმო მიღება დაიწყება.
ხვალ თელავში 50 ქვეყნის 150 წარმომადგენელს ელოდებიან, მათ შორის იქნებიან პარლამენტის სპიკერები, ვიცეპრემიერები , მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტები.
ინაუგურაციის დღეს სტუმრები ანსამბლ „რუსთავის“, “ერისიონისა“ და ქართული ხმების შესრულებით კახურ მრავალჟამიერსაც მოისმენენ. აჟღერდება სახელმწიფო ჰიმნი.
ღონისძიება ერეკლე მეფის სასახლეში 16 დეკემბერს, 15 :00 საათზე დაიწყება და 40 წუთს გაგრძელდება.



This post has been edited by rinfit on 15 Dec 2018, 12:30