ნატოს ანგარიშში საქართველო კრიტიკულად მნიშვნელოვან პარტნიორად არის მოხსენიებულიჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნატოს შტაბბინაში 2018 წლის ანგარიში წარადგინა. დოკუმენტში ნატოს პრიორიტეტებზეა საუბარი და ცალკე თავი ეთმობა პარტნიორებს, საქართველოსა და ორგანიზაციის "ღია კარის" პოლიტიკას.
გენერალური მდივნის ანგარიშში წერია, რომ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი დაახლოებით 40 რეზიდენტი და არარეზიდენტი ექსპერტის მიერ არის მხარდაჭერილი ყველა მოკავშირე ქვეყნიდან, ასევე ფინეთიდან და შვედეთიდან.
„საქართველო ალიანსისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი პარტნიორია“, - ეს არის ამონარიდი იმ დოკუმენტიდან, რომელიც ნატოს გენერალურმა მდივანმა დღეს წარადგინა. ალიანსის გასული წლის ანგარიშის 79-ე გვერდზე წერია, რომ ჩვენი ქვეყანა ნატოს ოპერაციებსა და მისიებში მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია. საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობები კი არსებითი პაკეტის ფარგლებში ვითარდება, რომელიც ამ მიმართულების გაძლიერებას და შესაბამისად, ნატოში გაწევრიანებისთვის მომზადებას ემსახურება.
ალიანსი აღნიშნავს, რომ საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სფეროში, შესყიდვების გამჭვირვალე კანონმდებლობის განვითარებაში, კიბერთავდაცვისა და ლოგისტიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებაში, ასევე სტრატეგიული კომუნიკაციების შესაძლებლობების ხელშეწყობაში. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი 15 ინიციატივას მოიცავს. ექვსი ინიციატივის ამოცანები 2019 წელს შესრულდება.
https://imedinews.ge/ge/saqartvelo/99623/na...s-mokhseniebuli