საქართველოს ფარმაცევტული ბაზრის უმსხვილესმა მოთამაშეებმა “პსპ ჯგუფმა” და “ავერსი ფარმამ” 2017 წლის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებები გამოაქვეყნეს.
“პსპ ჯგუფის” შემოსავალი 2017 წელს 477.2 მილიონ ლარამდე გაიზარდა, რაც წინა წელთან შედარებით 14%-ით მეტია. კომპანიის მთლიანმა მოგებამ 33 მილიონი ლარი შეადგინა, მოგების ზრდა 50%-ია. "პსპ ჯგუფის" მთლიანი აქტივები 290 მილიონ ლარს აჭარბებს.
“პსპ ჯგუფის” კონკურენტის, “ავერსი ფარმას” მთლიანი ბრუნვა 2017 წელს 366 მილიონი ლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 10%-ით მეტია. კონსოლიდირებული აუდიტის მიხედვით, კომპანიის მთლიანმა მოგებამ 22 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 22%-ით მეტია.
კონკრეტული წყაროების მიხედვით, ავერსის შემოსავლები ასე ნაწილდება:
პროდუქციის საცალო რეალიზაცია - 217 მილიონი ლარი;
საბითუმო რეალიზაცია - 44 მილიონი ლარი;
შემოსავალი სამედიცინო მომსახურებიდან - 96 მილიონი ლარი;
შემოსავალი სხვა მომსახურებიდან - 5 მილიონი ლარი.
“პსპ ჯგუფის” შემოსავლების წყაროები კი ასეთია:
შემოსავალი საცალო რეალიზაციიდან - 322 მილიონი ლარი;
შემოსავალი საბითუმო რეალიზაციიდან - 119 მილიონი ლარი;
შემოსავალი სამედიცინო მომსახურებიდან - 34 მილიონი ლარი.
ორივე კომპანია ქვეყნის უმსხვილესი დამსაქმებლების რიგებშია. თითოეული მათგანი კონსოლიდირებულად 10,000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს. “პსპ”-ს სააფთიაქო ქსელი 202 პუნქტს აერთიანებს, “ავერსი” კი 235 აფთიაქს ფლობს. ორივე კომპანია სააფთიაქო ბიზნესთან ერთად კლინიკებსაც ფლობს.
“ავერსი-ფარმას” 67%-იანი წილი ბიზნესმენ პაატა კურტანიძეს ეკუთვნის, 33%-იან წილს კი ნიკოლოზ კურტანიძე ფლობს.
“პსპ ჯგუფის” 95%-ის მფლობელი კი ქართული ოცნების დეპუტატი კახა ოქრიაშვილია.
http://www.bm.ge/ka/article/psp-s-shemosav...6-mln-mde/27817