2018-2021 წლების ფისკალური ანალიზის დოკუმენტში, რომელიც საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონს ერთვის თან, სახელმწიფო საწარმოების ფინანსური მაჩვენებლებიცაა მიმოხილული, მათ შორისაა შპს „ენგურჰესი“.
დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ კომპანიის ძირითად საქმიანობაში მაღალია კვაზი ფისკალური აქტივობები (კვაზი-ფისკალურია სახელმწიფო საწარმოების მიერ საჯარო ინტერესების გათვალისწინებით განხორციელებული ისეთი არაკომერციული აქტივობები, რომელთა შედეგად კომპანიები განიცდიან ზარალს, ან იღებენ საბაზროსთან შედარებით ნაკლებ მოგებას), რომელიც წარმოადგენს აფხაზეთის ტერიტორიაზე ელექტროენერგიის მიწოდებას ანაზღაურების გარეშე და აღნიშნული საქმიანობით მიღებული წმინდა ზარალი წელიწადში, დაახლოებით, 30 მლნ ლარს შეადგენს.
გამომდინარე იქიდან, რომ ენგურჰესი ნაწილობრივ აფხაზეთის ა/რ-ის ტერიტორიაზე მდებარეობს, საქართველოს "ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის შესახებ" კანონისა და ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების თანახმად, კომპანიას აფხაზეთის ტერიტორიაზე ელექტორენერგიის მიწოდების ვალდებულება აკისრია.
„კომპანია უსასყიდლოდ ამარაგებს აფხაზეთის ტერიტორიას ელექტროენერგიით და არ ღებულობს შემოსავლებს. ამჟამად, აფხაზეთის მოხმარება ენგურჰესის და ვარდნილჰესების კასკადის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის დაახლოებით ნახევარს შეადგენს, თანაც მოთხოვნა ელექტროენერგიის მიწოდებაზე წლიდან წლამდე საშუალოდ 5 პროცენტით იზრდება. განსაკუთრებით ზამთრის თვეებში, როცა ელექტროენერგიაზე გაზრდილი მოთხოვნა პიკს აღწევს, ხოლო მიწოდება შეზღუდულია, აფხაზეთისთვის მისაწოდებელი ელექტროენერგიის მოცულობა აღემატება ენგურჰესისა და ვარდნილჰესის მიერ წარმოებულ ელექტროენერგიას და კომპანიას ამ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად უწევს დამატებითი სიმძლავრის შეძენა“, - წერია მიმოხილვაში.
ფისკალური ანალიზის დოკუმენტის თანახმადვე, ბოლო სამი წლის განმავლობაში კომპანია „ენგურჰესი“ ზარალიანია და ზარალი 2017 წელს შეადგენდა 10 მლნ ლარს, 2016 წელს კი - 7.3 მლნ ლარს (2015 წელს - 13.2 მლნ ლარს).
„ზარალის ერთ-ერთი ფაქტორი ვალუტის გაუფასურებაა. კომპანიას გააჩნია დიდი ოდენობის ვალდებულებები უცხოურ ვალუტაში. აფხაზეთში ელექტროენერგიის მზარდი მიწოდება ნიშნავს იმას, რომ გასაყიდად დარჩენილი ელექტროენერგიის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი არ იქნება საკმარისი კომპანიის საოპერაციო ხარჯების დასაფარად“, - აღნიშნულია ანგარიშში.
ცნობისთვის: შპს ენგურჰესის 100%-აინი წილის მფლობელია სახელმწიფო. კომპანიის მართვას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ახორციელებს.
კომპანია პასუხისმგებელია ენგურის ჰიდროელექტროსადგურის, ვარდნილჰესების კასკადისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, კოდორის ხეობაში მდებარე რამდენიმე მცირე ჰესის ფუნქციონირებისთვის.
ენგურჰესი და ვარდნილჰესების კასკადი ერთობლივად ყოველწლიურად 4 მლრდ კვტ.სთ-ზე მეტ ელექტროენერგიას გამომიმუშავებენ, რაც საქართველოს წლიური ელექტროენერგიის მოთხოვნების 35 პროცენტს შეადგენს.
ჰესების ექსპლუატაციის ხანგრძლივობის ვადა 80-დან 100 წლამდეა, იმ პირობით, რომ აუცილებელი განახლებები ყოველ 20-25 წელიწადში უნდა განხორციელდეს.
ამჟამად, მიმდინარეობს კომპანიის მიერ ორივე ჰესის რეაბილიტაცია და მოდერნიზაცია. ეს მოიცავს ელექტრო, ჰიდროტექნიკური და ჰიდრომექანიკური მოწყობილობების რეაბილიტაციას, მათ შორის უსაფრთხოების გაუმჯობესებას, მდინარის სადერივაციო წყალშემკრები აუზის გაწმენდას და მისი გამტარუნარიანობის გაზრდას, სადაწნეო გვირაბის რეაბილიტაციას, მისასვლელი გზების მშენებლობას და წყალსაცავიდან ლამის ამოღებას.
http://www.bm.ge/ka/article/afxazetis-ufas...-zaralobs/28203
მიმაგრებული სურათი