Drago73
Newbie


ჯგუფი: Registered
წერილები: 3
წევრი No.: 235180
რეგისტრ.: 6-September 17
|
#56410027 · 11 Jun 2020, 20:13 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გეიმერი გამომეღვიძა თუ არა მარცხნივ გადავბრუნდი; საძინებლის ვეება შუშაბანდს იქით,სიყვითლეშეპარული ხეივნის თავზე მძიმე, ნაცრისფერი ღრუბლები დაცურავდნენ. მინაზე ირიბად დაცემულ წვიმის წვეთებს უნებურად კეგლის სათამაშო ფიგურებს ვამსგავსებდი და თან ჩემს წუხანდელ თამაშზე ვფიქრობდი; აღფრთოვანება თავად ,,Zero"-მაც კი ვერ დამალა, რომელიც თავისიstream-ების კომენტირებისას გულგრილობას ყველაზე დაძაბულ ეპიზოდებშიც იოლად ინარჩუნებდა, მაგრამ გუშინდელ ლაივშოუში, კიბერსპორტის ყველაზე პოპულარული წამყვანი და ბლოგერი შეურაცხადს დაემსგავსა და დამემუქრა კიდეც, რომ 70 მილიონი მაყურებლლის წინაშე მისი წყობილებიდან გამოყვანისთვის სასტიკად გამისწორდებოდა, როგორც კი გამოააშკარებდა ვინ იმალებოდა ნიკ ,,Phantom"-ის უკან; ამის გარკვევას ,,Fateful shot"-ის მოთამაშეები და ფანები უკვე დიდი ხანია ცდილობდნენ, მაგრამ ვერაფრით მომაკვლიეს და კიბერსამყაროში ისევ ყველაზე იდუმალებით მოცულ პიროვნებად ვრჩებოდი; ზოგიერთმა პოპულარულმა ჟურნალმა და სატელევიზიო არხმა საკმაოდ სოლიდური ჯილდოც კი დააწესა online თამაშის მოუხელთებელი სნაიპერის ვინაობის გამრკვევისათვის; წარმოუდგენლად მიმზიდველ წინადადებებსა და საქმიან შემოთავაზებებს არც თავად ,,Phantom"-ისათვის იშურებდნენ, მაგრამ მათი დათაფლული სიტყვები სრულებითაც არ მადარდებდა, ისედაც ყველაფერი საკმარისზე მეტი მქონდა; ჩემი მშობლების ფოტოები ხშირად ამშვენებდნენ ცნობილი გამოცემების გარეკანებსა და პოპულარული საიტების ვებგვერდებს, ზოგიერთი კირკიტა სტატიის ავტორს დოგოების ოჯახსათვის მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა სიის ათეულში არც თუ ბოლო ადგილი ჰქონდა მიჩენილი; იმასაც კი ამბობდნენ, რომ ერთ-ორ წელიწადში ჩვენი ქონება ათეულობით მილიარდით კიდევ გაიზრდებოდა, მაგრამ ჟურნალისტებისთვის მე კვლავ მიუწვდომელი ვიყავი და მომაბეზრებელ პაპარაცებს ,,Phantom"-ზე ნადირობის სეზონი მთელი წლის განმავლობაში გახსნილად ჰქონდათ გამოცხადებული, თუმცა არაფერი გამოსდიოდათ და ჩემი ცხოვრების ნირის წყალობით მათთვის ისევ იმ გემრიელ ლუკმად ვრჩებოდი, რომელზეც მხოლოდ ოცნება თუ შეეძლოთ. ჰელიოფობიის გამო ღამეულ ცხოვრებას ვეწეოდი, სკოლაში არ დავდიოდი, მეგობრები არ მყავდა, რეპეტიტორები შინ მაკითხავდნენ და არც მე გახლდით ღამის კლუბებისა და სხვა ამგვარი თავყრილობების დიდი მოყვარული; მარტოობა ყველაფერს მერჩივნა და მიმაჩნდა,რომ განმარტოებისაკენ ლტოლვა ადამიანის ბუნებრივ მდგომარეობას წარმოადგენდა. მართალია მზაკვრულ დაავადებას საბოლოოდ ვძლიე, საკუთარი ძალისხმევითა და შესანიშნავი ფსიქოლოგის წყალობით, მაგრამ ახლაც, მზით გაჩახჩახებულ ნათელ დღეს მოჟამული, ნისლიანი დილა მერჩივნა, ორივეს ერთად კი - ბნელი ღამე. მართალია ჩემი გუშინდელი ბრძოლების გამო დიდი აჟიოტაჟის ატეხვას ველოდი, მაგრამ ის რაც ინტერნეტსივრცეში ვიხილე, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა; ყველაზე ცნობილი არხის წამყვანები და პროფესიონალი ბლოგერები ერთმანეთს ასწრებდნენ წუხანდელი მატჩების განხილვაში; საკუთარი მოსაზრებების გამოთქმით გული რომ იჯერეს, ყველაზე უფრო პოპულარულმა ოთხმა ბლოგერმა live-ში საერთო ჩართვა მოაწყო და ერთმანეთს ახლა მრავალმინიონიანი აუდიტორიის წინაშე დაუპირისპირდნენ, თუმცა კამათის ძირითად საკითხში ძალაუნებურად თანხმდებოდნენ; - noob-ი რომ ვყოფილიყავი, ,,Phantom"-s აუცილებლად cheater-ად მივიჩნევდი; - ,,joker"-მა შუბლიდან თმები გადაიყარა, სავარძელზე გადაწვა და თვალსაჩინოებისთვის ჩემი გუშინდელი თამაშის ერთ-ერთი ეპიზოდი ჩართო , როცა მე სამი მოწინააღმდეგის პირისპირ მარტო აღმოვჩნდი; სიმართლე რომ გითხრათ, მართლა ყოჩაღად მოვიქეცი, საკუთარმა ქმედებებმა აღფრთოვანებაში მომიყვანა! როცა ვთამაშობ, რუქაზე ჩემი მოძრაობა და გადაწყვეტილებების მიღება ძალზე სწრაფად ხდება,ზოგ შემთხვევაში ინსტინქტის დონეზეც კი, მაგრამ ახლა, როცა საკუთარ ნამოქმედარს მშვიდად ვაკვირდებოდი, როგორც მაყურებელი, გაოცებული დავრჩი - თითქმის ყოველი გასროლა თუ მალული გადაადგილება მხოლოდ იმ ერთადერთ ვარიანტს წარმოადგენდა, რომელსაც წარმოქმნილ შემთხვევაში ჩემი გამარჯვების უზრუნველყოფა შეეძლო ; - თუ შეამჩნიეთ, რომ ,,Phantom"-ის წარმატებები მხოლოდ და მხოლოდ იმ ქმედებებმა გამოიწვია, რომლებსაც ამ წუთს ვადევნებთ თვალყურს?! წუხელ ვერ მოვისვენე, სხვა ცნობილ მოთამაშეებს დავუკავშირდი და მათაც იგივე დასკვნა გამოიტანეს! - არ ცხრებოდა ,,joker"-ი; - მაგით იმის თქმა ხომ არ გსურს, რომ ბიჭი რაღაცას ეშმაკობს? - თვალები მოჭუტა ,,Solo"-მ; - ეგ რომ სდომებოდა, მაინც ვერ მოახერხებდა, სერვერის დაცვის უპრეცენდენტო ზომები მიიღო ადმინისტრაციამ, უფრო იმიტომ, რომ ჰაკერების შემოჭრა და მატჩის ჩაშლა არ დაეშვათ; ასე რომ გვინდა თუ არა მოგვიწევს ამის აღიარება ,,Phantom"-ი უკვე ლეგენდაა! - საუბარში აქამდე ჩუმადმყოფი ,,Mr.J." ჩაერთო; - მინდა თვალებში ჩავხედო მაგ ნაბიჭვარს! - გამოსცრა წუხანდელი ამბების მეორე გმირმა, რომელიც გუშინდელ დღემდე ანალიტიკური ნიჭით დაჯილდოებულ ყველაზე უფრო თავშეკავებულ და დახვეწილი მანარების მქონე ბლოგერად ითვლებოდა; მის ამ განცხადებას დანარჩენმა სამმა გადაცემის წამყვანმა გადმოკარკლული თვალებით უპასუხა, რაც ერთობ სასაცილოდ გამოჩნდა და მაყურებლების რეაქციამაც არ დააყოვნა: chat-ი წალეკა პოსტების ნიაღვარმა; ვიღაც გოგონა ნიკით ,,კურტიზანი" წერდა: ,, ეგრე გააგრძელე ,,Zero", გაცილებით სექსუალური ხარ!" პოსტებს თვალი რომ გადავავლე მივხვდი, რომ სანიმუშო ყმაწვილკაც ბლოგერ ,,Zero"-ს მაყურებელმა მისი უხამსი და ემოციური ორეული ამჯობინა! თავს დავდებ, რომ ეს ამბავი არც ,,Zero"-სთვის დარჩა შეუმჩნეველი და პირდაპირ ეთერში თავის ჩართვას მეტი ცეცხლი შეუნთო: - დიახ მინდა მაგ ბიჭის სიფათი დავინახო, რათა ერთი-ორი ალიყური ავაწნა! - უფრო მეტად წამოჭარხლდა ისედაც არც თუ ფერმკრთალი ბიჭი. - მთელი ნამუშევარი წყალში ჩამიყარა და ჩემი აქამდელი დამოკიდებულება კიბერსპორტის მიმართ თავდაყირა დააყენა! - ცოტა ხნით სული მოითქვა და მცირე პაუზის შემდეგ იდუმალი ხმით დასძინა: - დღეიდან მე ,,Phantom"-ის მრავალრიცხოვან ფანებს ვუერთდები და საქვეყნოდ ვაცხადებ, რომ რადაც არ უნდა დამიჯდეს გავარკვევ ვინ იმალება ამ ნიკის მიღმა, თუ ის მართლა ფანტომი და მოჩვენება არ არის! ამ განცხადებამ ბირთვული ბომბივით იმოქმედა! თვალებს არ დავუჯერე, როცა პირდაპირი ეთერის მაყურებელთა რაოდენობის ამსახველ რიცხვს დავაკვირდი მონიტორის დაბლა, მარჯვენა კუთხეში! გადაცემას თვალყურს სამასი მილიონი ადამიანი ადევნებდა და რიცხვის ზრდის ტემპი უფრო და უფრო მატულობდა! მაგრამ კულმინაციამ მაშინ მიაღწია, როცა აღელვებულ ოთხეულს პირდაპირ ეთერში ჩართვა მეხუთე, აქამდე უცნობი ნიკის მქონე პიროვნებამ მოითხოვა! ოთხეულის თანხმობის შემდეგ ეკრანზე მეხუთე ფანჯარა გამოჩნდა, საიდანაც უკვე თითქმის ნახევარმილიარდიანი აუდიტორიის წინაშე თავად პროექტის ავტორი და თამაშის მთავარი ადმინისტრატორი, ბატონი რეი წარსდგა საკუთარი პერსონით! მაღალი, გადატკეცილი შუბლის ქვემოდან გონიერი, მაგრამ ოდნავ ცბიერი თვალები ჯიქურ გაუსწორა კამერას, საკუთარი თავის მნიშვნელობაში ღრმადდარწმუნებული კაცის იერით თამაშისლოგოიან ტყავის გეიმერულ სავარძელში ზანტად გადაწვა და გაირინდა; დარწმუნებული ვარ ყველას ენა მუცელში ჩაუვარდა, თითქოს პირდაპირი ეთერის მაყურებელთა რაოდენობის აღმნიშვნელი რიცხვიც კი ერთ ადგილას გაიყინა! აღარაფერს ვამბობ უკვე ყველასთვის ნაცნობ ოთხეულზე, ამიტომ მათი სახეების აღწერის მცდელობას შეგნებულად თავს ვარიდებ! საქმე იმაში გახლდათ, რომ ბატონი რეი აქამდე არასოდეს ცდილა მისი წარმოუდგენლად მზარდი ბიუჯეტის და პოპულარობის მკვებავ მრავალრიცხოვანი არმიისათვის პირადად მიემართა! არავისთვის არ იყო დასამალი, რომ მისი საქმიანობის ძირითად ფუნქციას კომპანიისთვის მოგების მოტანა და კიდევ უფრო მეტი თამაშის მსურველთა მიზიდვა იყო, რასაც თავს მშვენივრად ართმევდა; თვითონ თამაშის ეკონომოკური პოლიტიკა იმგვარად იყო მოწყობილი, რომ მოთამაშისთვის არანაირი დაბრკოლება არ შექმნილიყო, როცა საქმე ჯიბეზე მიდგებოდა. ავატარის შექმნა სრულებით უფასო გახლდათ, საჭირო იყო გქონოდა მხოლოდ ელექტრონული ფოსტა და რეგისტრაციის შემდეგ უკვე შეგეძლო თამაშის დაწყება; რა თქმა უნდა თამაში საშუალებას იძლეოდაფული დაგებანდება, რასაც მეტნაკლებად ყველა მოთამაშე ახერხებდა პერსონაჟის განვითარების ამა თუ იმ ეტაპზე და ხშირად ეს აუცილებელიც იყო, ყოველ შემთხვევაში მე ასე ვთვლიდი, მაგრამ გაღებული თანხები იმდენად მცირე იყო, რომ უკმაყოფილებას არავინ გამოთქვამდა და თამაშის შემქმნელთათვის შემოსავლის უზარმაზარ წყაროს წარმოადგენდა სტაბილურობისა და მოთამაშეთა რიცხვის ზრდის წყალობით! ამიტომ სწორედ ახლა თამაშის მენეჯმენტის გაქნილი მეთაურის გამოჩენამ რაღაც გრანდიოზულის მოლოდინი წარმოშვა და ამის გამო სიჩუმის დარღვევა აზრადაც არავის მოსვლია, სანამ თავად ბატონმა რეიმ არ ისურვა ხმის ამოღება! სანამ დაილაპარაკებდა, მთელი მისი არსება მოსალოდნელ ტრიუმფს გამოხატავდა , რომელიც, მისი აზრით, უეჭველად უნდა მოჰყოლოდა საუბრის დასრულებისას გაკეთებულ განცხადებას და არც შემცდარა! - მეგობრებო! - მცირე პაუზის შემდეგ, თითქოს ვებკამერას კი არა უზარმაზარი აუდიტორიის წინაშე მდგომ ბრბოს მიმართავსო, განაგრძო, - მინდა იმ სიურპრიზზე გიამბოთ, რომელიც ჩვენმა კომპანიამ თქვენთვის მოამზადა, მაგრამ წინასწარ გაფრთხილებთ, რომ ეს გლობალური მოვლენა ყველას ვერ შეეხება, თუმცა დანარჩენებს შესაძლებლობა მიეცემათ განვითარებულ მოვლენებს თვიანთ მონიტორებთან მოკალათებულებმა ადევნონ თვალყური! საქმე იმაში გახლავთ, რომ ყოველწლიურ კლანთა შორის გამართული ბრძოლები, პირველობის მოსაპოვებლად, გაიმართება მონაწილეთათვის ამისთვის სპეციალურად შექმნილ ქალაქ ,, NOVA"-ში! ეს დასახელება, როგორც მივხვდი არც ერთი პირდაპირ ეთერში ჩართული ადამიანისთვის, არაფერს წარმოადგენდა, ამიტომ ყველას ყურადღება კვლავ განმცხადებლისკენ იყო მოპყრობილი! - რამოდენიმე დღეში ჩვენი ჯგუფის მიერ ამისთვის სპეციალურად შერჩეულ მონაწილეებს ელექტრონულ ფოსტაზე მიუვათ შეტყობინება, რომელშიც დაწვრილებით იქნება აღწერილი ,,Nova"-ში გამგზავრების თარიღი და ადგილი საიდანაც ჩვენი ხარჯებით მოხდება მოასპარეზეთა დანიშნულების ადგილამდე მიყვანა, რათა ყოველგვარი გაუგებრობა თავიდან იქნას აცილებული; მებრძოლები შეირჩევიან მსოფლიოს ყველა კუთხიდან მათი რეიტინგის, თამაშის ინტენსივობისა და ოსტატობის ხარისხის მიხედვით, მხედველობაში მივიღებთ მაყურებელთა სიმპათიასა და თავად მეომრის ქარიზმატულობასაც, ასევე გავითვალისწინებთ ,,Fateful shot"-ის განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილ თითოეული მებრძოლის წვლილს! - იმის თქმა თუ შეგიძლიათ, სულ რამდენი მოთამაშის გამგზავრებას აპირებთ? - როგორც იქნა გაბედა ,,Zero"-მ; - შეირჩევა არა თვით კლანები, არამედ პერსონალური მოთამაშეები. კლანები შეიქმნება ადგილზე, ამისთვის საკმარისი დრო გექნებათ; რაც შეეხება რაოდენობას, Nova უმასპინძლებს თორმეტი ათას კაცს! - აქ ბატონი რეი შეჩერდა და მსმენელთა რეაქციას დაელოდა! - ეგ ხომ უზარმაზარი რიცხვია! - აღმოხდა ,,joker"-ს! - გეთანხმებით! ჩვენ მზად ვართ ღირსეული მასპინძლობა გავწიოთ და მოთამაშეებს ყოველგვარი პირობა შევუქმნათ თავიანთი შესაძლებლობის სრული რეალიზაციისთვის! სიახლე ისიც გახლავთ, რომ Nოვა-ში თავიდან მოგიწევთ აქაუნთების შექმნა, რაც ანონიმურობის გარანტი იქნება, სასურველი ამუნიციისა და იარაღის შესაძენად ჩვეულებრივად ვირტუალურ მაღაზიას შეგიძლიათ მიმართოთ! - ბატონმა რეიმ გაიღიმა და დასძინა: - რაც სულ ცოტათი აგვინაზღაურებს გაწეულ ხარჯებს, შესაძლებელი იქნება კრედიტის გაცემაც! რაც შეეხება სახვა დანარჩენ ხარჯებს, ადმინისტრაცია თავის თავზე იღებს! თქვენს განკარგულებაში იქნება უჩვეულო გარემო, შესანიშნავი სასტუმროები, სათანადო კვება და ღამის ბარები, სადაც შესძლებთ დაძაბული სათამაშო დღის შემდეგ განმუხტვასა და ჩატარებული მატჩების განხილვას! - თუ შეიძლება გვითხარით, რატომ გადაწყვიტეთ მონაწილეები აიძულოთ, რომ ახალი აქაუნთები შექმნან, უფრო ბუნებრივი არ იქნება, რომ ყველამ თავიანთი ძველი ნიკებით ისარგებლონ, თანაც მაყურებელისთვის უფრო მოსახერხებელი იქნება ნაცნობი კიბერსპორცმენების თამაშისთვის თვალის დევნება და მოსალოდნელი პროგნოზების გაკეთება? - კითხვა ისევ ,,Zero"-მ დასვა; - საქმე იმაში გახლავთ, რომ ტოტალიზატორისთვის ასე უფრო საინტერესო გარემო იქმნება, თანაც ისიც მიიღეთ მხედველობაში, რომ ბევრ მოთამაშეს სრულებითაც არ სურს თავისი ვინაობის გამჟღავნება და როგორც ჩვენმა ფსიქოლოგმა გვირჩია, ამით თავიდან ავიცილებთ წარუმატებლობის კომპლექსს, რომელმაც შესაძლოა ბევრი მოთამაშის თამაშის ხარისხზე უარყოფითად იმოქმედოს! ესეც რომა არა, ტურნირს მეტი იდუმალება არ აწყენდა! იმასაც დავამატებ, რომ პროექტს გამოთიშული მონაწილეები ქალაქს დატოვებენ და საბოლოო განთესვის შემდგომ დარჩება მხოლოდ საუკეთესო შედეგის მაჩვენებელი ცამეტი კლანი, თითოეული ხუთ-ხუთი კაცის შემადგენლობით, რომელნიც ასპარეზობას გააგრძელებენ სრული ჩაძირვის ვირტუალურ სამყაროში! ამისათვის 69 ნანოკაფსულა უკვე მზად გვაქვს! - აქ ბატონი რეი გაჩუმდა! ვიგრძენი გულმა როგორ დამიწყო გამალებით ცემა, საფეთქლებში სისხლის მომაწვა და გაოცებისგან პირი დავაღე! - წარმოუდგენელია, ნუთუ ეს შესაძლებელია?! - ,,Solo"-მ შუბლიდან ოფლი მოიწმინდა; chat-ი ისევ წალეკა შეტყობინებებმა! - იქნებ უფრო დაწვრილებით მოგვიყვეთ რა გაქვთ მხედველობაში?! - ფერი წაუვიდა ,,Zero"-ს; - ჩვენ კომპანია ,,მეტეგალაქსისთან" ერთად შევქმენით პირველი ვირტკაფსულა, რომელიც თამაშის სამგანზომილებიან ვარიანტში პიროვნების სრული ვირტუალური ჩაძირვის შესაძლებლობას იძლევა,სადაც ყოველი შეგრძნება რეალურთან ასპროცენტიან თანხვედრაში იქნება! ამის მიღწევა მოხერხდა სამი ტიპის ნანორობოტების საშუალებით, რომელნიც კაფსულაში ტრილიონობით არის; მათი ერთი ჯგუფი აღწევს ნერვული სისტემის შესაბამის კვანძებში და ინფორმაციის გაცვლა ხდება პირდაპირი კონტაქტის წყალობით, მეორე ჯქუფი კუნთების ტონუსს აკონტროლებს, მესამე კი - ძვლოვან ქსოვილებს: რა თქმა უნდა ჩემი, როგორც ამ სფეროში არაპროფესიონალის, მონათხრობი გარკვეულწილად დილეტანტურია, მაგრამ ძირითადი პრინციპები მგონი გარკვევით მოგაწოდეთ! თავად ამ პროცესსა და ალტერნატიულ სამყაროს, რომლშიც რჩეულებს მოუწევთ მოხვედრა,აკონტროლებს მსოფლიოში პირველად შექმნილი სრულყოფილი ხელოვნური ინტელექტი, მას სახელიც მოვუგონეთ, - აქ რეის ჩაეღიმა; - აირი დავარქვით, ის მდედრობითი სქესისაა! თავი ნამდვილად სიზმარში მეგონა, ისიც კი გავიფიქრე, რომელიმე სატელევიზიო ფეიკშოუს ხომ არ ვუყურებ მეთქი! - თქვენ შეიშალეთ, თუ მასხარად გვიგდებთ?! - ,,Zero"-ს ახლა ჭარხლისფერი დაედო! - თავად იხილავთ, რადგან გაგიმხელთ და წინასწარ გეტყვით, რომ თქვენ, ბლოგერების განუყრელი ოთხეული, მოწვეული ხართ, როგორც კორესპონდენტები, ახალ, იდუმალებითა და თავგადასავლებით სავსე სამყაროში! ბიჭებს სახეები ჩამოუგრძელდათ და ახლა მიტკლისფერი დაედოთ! მეც აღარ შემეძლო მეტი ინფორმაციის მიღება, ესეც საკმარისზე მეტი იყო; კომპი გამოვრთე, სასწრაფოდ ჩავიცვი და გარეთ გავედი;
|