თქვენს წინაშეა მცირე მოცულობის ნოველა (ნუ, ნოველა ისედაც მცირე ზომისა უნდა იყოს) რომელიც ეხება საკმაოდ აქტუალურ თემას და პრობლემას, როგორც საქართველოსთვის, ისე მსოფლიოსთვის.
აღმოჩენა კი არის იმიტომ, რომ ისე როგორც ჰიუგო თავის მოთხრობაში გვეუბნება, რომ სიკვდილმისჯილიც ადამიანია, ისე ეს ქართველი მწერლის ნოველა ამბობს, რომ ისიც ადამიანია, ვინც დაბადების მოლოდინშია, რომ აბორტი არის სიცოცხლის მოსპობა და რაც მთავარია ეს ძალიან კარგი ლიტერატურული ენით, ექსპრესიით და ემოციურობით არის ნაწერი.
მაშ ასე ბატონებო - ნოველა "სხვა"
ლინკი საიტზე
https://bestliteratures.wordpress.com/2019/...83%95%E1%83%90/ეს კი სრული ტექსტი
“სხვა”
სინათლის შუქით დაზოლილ ფსკერზე, სადაც სიღრმეში მუქი ლურჯი ჰორიზონტივით ხაზი სჩანს, ბურთის ჩრდილივით ავცურდი და გამჭვირვალე სივრცე მგონი მთლიანად გავავსე ჩემი სხეულით და მოუსვენარი ხელებითა და ფეხებით, რომლითაც ახლა უფრო სწრაფად გადავაადგილდები ერთი გუბურიდან მეორისაკენ.
გუშინ ამბობდნენ, უკვე მეოთხეა და თუ რამე არ გადაწყვიტეთ, ის მალე იხილავს დღის სინათლესო
ვერაფერს იტყვი, მეოთხე ვყოფილვარ..
მაგრამ, ალბათ რამე შეეშალათ იქ იმ საუბრისას, რადგან ჩემთვის არავის უთქვამს, რომ მეოთხე ვარ. საერთოდ რა სისულელეა ადამიანების ასე დანომვრა, მაგრამ…. იმ დღეს ისიც მოვისმინე – რომელიღაც ხმა ამბობდა – რომ ესენი ჯერ ადამიანები არ არიან და ნუ აგიკანკალდებათ ხელიო. უცნაურია, ძალიან უცნაური…
ვერ გეტყვით რა იგულისხმეს, მაგრამ იმ ერთ ფრაზაში ერთადერთი სიტყვა მომეწონა – სინათლე – დარწმუნებული ვარ ის პირდაპირ მისწრება იქნება ჩემი თვალებისთვის, აგერ ახლახან მთელი ეს შესანიშნავი სამყარო, ან კი ამ სამყაროს ნახევარი მაინც მოუთმენლად, რომ ათვალიერა
ოი, მაპატიეთ, ახლა აი იქ, იმ სასრიალო მრგვალ დერეფანში უნდა დავეშვა მოწყვეტით, ეს ჩემი სახალისო თამაშია
წავედიიიი
რა კარგიაააა
ნახეთ, ნახეეეთ – წყლის მრგვალ, მერე კი ორქიდეებივით აღეროებულ და ბოლოს ბალახის ხალიჩასავით ფსკერზე მოსრიალე მცენარეებს უსწრაფესად ჩავუქროლე, იმდენად ჩქარა რომ თვალი ბოლომდე ვერ მივადევნე მათ აშრიალებულ მბზინვარებას, ზემოდან დასხივებული შუქი რომ აქცევს ცოცხალ საგნებად
მთელს ამ გარემოს ბიძგებად ვედები და ცის ვარდისფერი კანის რბილ კამარაზე მოფერებასავით სითბოს ვგრძნობ კეფასა და ხერხემალზე.
აი იქ, გვერდით მუსიკა ჩართეს. წყნარი მელოდიაა, ნელ-ნელა კლავიშებით ზევით იწევს და იქ ჩერდება, მერე ჩელო ენაცვლება – უკვე დავიზეპირე ეს სიტყვები. ორი კვირის წინ გავიგონე პირველად და დავიმახსოვრე. გვერდიდან მოსული ხმები ბევრ რამეზე საუბრობენ, მათ შორის მუსიკაზე და ერთ-ერთმა ხმამ მეორეს სწორედ ასე უთხრა – მოდი, დღეს მე კლავიში და შენ ჩელოო
აი ახლა ორივე ერთად უკრავს, ისევ სადღაც მაღლა, ციურ მნათობებთანაა ახლოს ეს ხმა, ძალიან ჰარმონიულია – როგორც იქ თქვეს.
ისევ ზღვაში შევცურდი, მუსიკას დიდ ხნით რომ ვუსმენ, მერე ადვილად მეძინება ხოლმე, მე კი ვერ ველევი ამ ზღაპრულ სითხეებს
რა თქმა უნდა, თავს არ გამოვიდებ იმის სამტკიცებლად, რომ ამ წრიულ ოთახზე კარგი სხვა არაფერიაო, მაგრამ ყველას ხომ მაინც თავისი ურჩევნია, თუმცა ამის იქით ალბათ უფრო დიდი სამყაროა, უფრო ვრცელი წყლის მასებითა და დაუსრულებელი, თვალმიუწვდომელი სანაპიროებით
შუქმა თვალი მომჭრა, აშუშხუნებულმა წყლის ჭავლმა თავზე გადამიარა და ბევრი ფანტელი დაცურდა ჩემს ჯერ კიდევ გამჭირვალე სხეულზე
სამწუხაროდ ეს თოკი, რომელიც მუცელზე მაქვს გამობმული, საშუალებას არ მაძლევს იმ აშუშხუნებულ წყლის ბურთულებს ბოლო მოსახვევამდეც ვსდიო, მაგრამ აქაურობა მაინც ბოლომდე ჩემია, მე მეკუთვნის
ჰაააა, ნახეთ როგორ მივსრიალეეებ, გესმით ჩემი ხმააა
თავით მოწყვეტით დავეშვი აყვავილებულ მწვანე ლაგუნაში – რა კარგი იყო
ახლა დროა დავისვენო და ცოტა უფრო მეტად ვიზრუნო საკუთარი თავისთვისაც. აი ათივე თითი როგორი მკვირივი და ვარდისფერი მაქვს, ამ თითებით უკვე შემიძლია წყლის იმ მცენარეებსაც შევეხო და იქნებ ეს საკმარისიც კი აღმოჩნდეს რომ მათ საბოლოოდ დავუმეგობრდე.
ოი, ჩამძინებია – რა სწრაფად მოიცავს ჩემს გონებას და მთლიანად ყველაფერს – მე ხომ იმდენი რამ მაქვს უკვე და ყველაფერი ერთნაირად იძინებს, როცა მე ჩავყვინთავ მთვლემარე იქვე ვარდისფერ კიდეებში. ძილს ვერც კი ვხედავ როგორ მოდის, რომ დავუდარაჯდე და ახლოს მოსულს ხელიდან დავუსხლტდე, რადგან ხანდახან მეშინია ისე არ დამაძინოს, რომ ვეღარ გავიღვიძო
ჰმ, სისულელეა არა? ჰო, სიმართლე გითხრათ, მეც ასე მგონია.
ისევ დავეშვი თავქვე სასრიალო, შვინდისფერ მილებში.
თითქოს ძალები მომემატა, ეს ალბათ ის სიტყვაა, ენერგიაო რომ ამბობენ გარედან შემომავალი ხმები – ამას წინათ ვიღაც ქალი ჩემს დედიკოს ეკითხებოდა, ენერგია ხომ გაქვსო – მაშინ წავიდეთო.
ძველებური საქმეებისთვის ზედმეტიც კია ამდენი ენერგია, ახლა რა გავაკეთო, როგორ დავხარჯო? მოიცა.. მოვიფიქრე..
აი ასე აი ასე, ახლა დავტრიალდები, ახლა ახტომა, ახლა ბრუნი წყლის ბურთულებს რომ იწვევს, ახლა განზე ორი ნაბიჯი, ახლა კი მეორე მხარეს იგივე, ორი ნაბიჯი წინ, ერთი უკან და მგონი ის გამომივიდა ცეკვას რომ ეძახიან, თბილი ხელი ედება ჩემს ცას, დაუსვა და თან კისკისებს – იქნებ დედიკოსაც მოეწონა ჩემი ცეკვა, რა სიხარულია.
როგორც სჩანს მოსაღამოვდა, ის დიდი შუქი მეტი დროის მანძილზე რომ ასხივებდა ჩემს ამ სამყაროს, თან სითბოც მოჰქონდა, ახლა კი რაღაც უფრო ყვითელმა შეცვალა და იმ მუდმივ, უწყვეტ თბილ ჭავლებსაც გამოვიდა, დავემშვიდობე
მოიცა, საუბარია..
– სიცოცხლე, განა ეს არ არის ყველაფერი, იმაზე დიდი და იმაზე მეტი რის გამოც შენ უნდა დამთანხმდე ამ გადაწყვეტილებაზე, განა მას ასე უნდა წაართვა სიცოცხლის უფლება?
როგორც წესი ერთ ხმას მეორე ცვლის საუბრისას. ეს დედიკოს ხმა იყო, მას უკვე ვცნობ – თუმცა იმ მეორეს ახლა არაფერი უთქვამს, დუმდა
სიცოცხლე – მე ეს სიტყვა უკვე გამიგია, მაგრამ რა უნდა იყოს ნეტა სიცოცხლე? – ძნელი სათქმელია, მაგრამ ალბათ ეს ახალი სიტყვაც მე მეხება და როგორც სჩანს ვიღაცის თანხმობაა საჭირო რომ მე სიცოცხლე მივიღო
ჰო მაგრამ, ის თეთრ წვერიანი, თბილად მომღიმარი კაცი აბა ვინ იყო, მრგვალად მოკუმული ტუჩებიდან სული რომ შთამბერა და მითხრა – მიიღე სიცოცხლე, დედამიწაზე გგზავნი რომ დატკბე ჩემი სიტყვით შექმნილი მშვენიერი სამყაროთი და რომ შენც გააგრძელო სიცოცხლე შენი არსებობითო.
დედამიწა ალბათ სწორედ ესაა, სადაც ახლა ვარ, ეს მშვენიერი მყუდრო სახლი, დედის თბილი ხელი ჩემს ცაზე დადებული, ის ხმები გარედან რომ მესმის და მათ შორის, დედიკოს და მუსიკის ხმებია საუკეთესო.
ისევ კამათობენ..
დედა განაწყენებულია, მე ამას კარგად ვგრძნობ, ისევე როგორც მის მხიარულ ხასიათს პირველი მე შევიგრძნობ და იმ მომენტში ბრუნებს ვაკეთებ აუმღვრეველ, სუფთა კამკამა ბურთულებიან მბზინვარე წყლებში, მთლიანად ხელით და მერე თითებით ვაწყდები ცის კამარას და მეც აქედან ვეხმიანები მის ბედნიერ ხმას და ბგერებს. მაგრამ როცა ცუდადაა, მე სადღაც იქ, აი ნახეთ იმ ადგილზე ვიმალები შუქი რომ არ სწვდება. ვიკუნტები და ვიკეცები კიდევ უფრო ციცქნა სხეულად და ასე ველი დედის განწყობის გამოკეთებას.
ნეტავ, მისი თვალები როგორია, როცა ციმციმებს..
ოი.. კარის ძლიერად მიკეტვის ხმა იყო, ყრუ და მძიმე ხმა. მე ის უკვე დავიზეპირე, ხშირად მესმის და იმიტომ.
– ნუ გეშინია, მე არ დაგტოვებ, ვიბრძოლებ შენთვის – მე მეუბნება – თითქოს აკანკალებული ხმა აქვს, თითქოს უკვე გადაღლილიც
დედა დივანზე გაწვა, ყოველთვის ვგრძნობ იმას თუ რა მდგომარეობაშია და რას განიცდის. ახლა ჩაეძინა. მეც დავიძინებ ცოტა ხანი.
კარზე კაკუნმა გაგვაღვიძა, ჭრიალით გააღეს ის ხის ცნობილი კარი.
– მოდი მამა, შემოდი, აი აქ დაჯექი
– როგორ ხარ შვილო. პატარა როგორ არის?
– მიდი, შენ თითონ ჰკითხე – გაიღიმა
– ბაბუ, გამარჯობა ბაბუ, როგორ ხარ მანდ შენს სამყაროში?
შევცბი. ეს რა უცხო ხმაა, აქამდე არგაგონილი და თან როგორი ახლობელი
– მე შენი ბაბუა ვარ და ძალიან მიყვარხარ. არხეინად იყავ მანდ ცოტა ხანი და მალე შევხდებით
ამ სიტყვებზე დედას ცრემლი წასკდა, საკუთარ მამას მოეხვია. მე მათ შორის ვარ, მათგან მესამე თაობა მათი თბილი ჩახუტების გარემოცვაში
თუმცა ჰო, მესამე თაობა რომ ვიყო, უნდა დავიბადო, ნეტა რამდენი დარჩა იქამდე.
საერთოდ ამეებზე ფიქრი მგონი არც ღირს, თავისით მოვა გადამწყვეტი წამი.
ვიღაცამ მუსიკა ჩართო და პეპლებივით აფრინდნენ ჩემი ზურგიდან წყლის პატარა ნაზი ბურთები.
თითქოს ჩიტებია ირგვლივ და ყველგან, აფერადებული საგნები, თეთრი და თოთო ფურცლებით და მძაფრი სურნელით.
ვიოლინო აჟღერდა და ეს ჩიტები ჰაერში ერთმანეთს ჩუქურთმებად შეეთამაშნენ.
თბილი ღამის პირს მზის ნარინჯისფერ ჩაბრძანებას ქუჩაში ხალხი გამოჰყავს და აამღერებს. სველი ხეები მათ ყვითელ ფოთლებს დაუფენს უკანა გზაზე, რათა უსაშველოდ დიდხანს გაჰყვეთ მათ ეს სითბო და ნეტარება.
ქარიც ჩაქრა და მონადირეებმა ცხელი ლულები მოარიდეს ჩიტების ბუდეს, ვიოლინოს ხმა იმიტირებს მშვიდობიან ნადირობას და ორკესტრს ლუკმა ლუკმა მიაწოდებს უმსხვერპლოდ გაშლილი ნადიმის მგზნებარე გემოს
თანდათან გახსნის ცის კამარებს და იქნება წვიმა, თბილი, მშვიდი, რომლის შხაპის ქვეშ ბედნიერი კაცი ხელებს გაშლის და ისე იცეკვებს
რითმულ კრისტალთცვენას და სახლის სითბოს ერთად შეიგრძნობს დაბრუნებული.
ეს ხმები ახლა ასე გარინდებაში და ჩუმად რომ ისმის, იქ ამ სითბოსავით ამღერდება, ვარდისფერ ხელისგულს ნაზად რომ უსვამს ჩემს ამ სამყაროს ზეკარს და ზეცას. მოუთმენლად ველი სიცოცხლისას მასთან ზღაპრულ შეხვედრას.
ჩემი სხეულის მარცხენა მხარეს, სადღაც აი აქ, შუაში, რაღაცის ფეთქვა ისმის. უნდა შემეშინდეს? არ ვიცი, რადგან გარედან ამაზე არავითარი ხმა არ შემოსულა ჩემამდე. მოდი, იყოს როგორც არის, იფეთქოს, იქნებ დამჭირდეს კიდეც რამეში.
ხელის თითების წოვა ვისწავლე და ესეც მუსიკასავით ძილისაკენ მიმაქანებს.
სლოკინი დავიწყე და უამრავი ფიქრი მომაწვა თან – პირველ რიგში კი ისევ სიცოცხლით ვინტერესედები – ნეტა როგორია, რა ფერი და როგორი სუნის, რას მეტყვის, რომ მნახავს და როგორ მოიქცევა მაშინ, როცა მე მისთვის ჩვეულებრივი, ერთი რიგითი სტუმარი გავხდები. სულ ვეყვარები თუ გულგრილი გახდება ჩემს მიმართ? დედასთან მოსული რამდენიმე ხმა სწორედ ამას ამბობდა და უფრო მეტიც, ისიც თქვეს – შემძულდაო უკვე სიცოცხლე – ვფიქრობ ეს არ არის კარგი აზრი და მეშინია დედაც არ დაითანხმონ იმ სუსტმა ხმებმა
მე კი კვლავ მასთან შეხვედრის წვრილმანებზე ვფიქრობ.
ალბათ პირველივე შეხვედრისას უნდა გავიღიმო მისი კეთილგანწყობა რომ დავიმსახურო და თუ ამან გაჭრა, მერე სულ გავუღიმებ სიცოცხლეს და ისიც უარს ვერ იტყვის სანაცვლო ღიმილზე.
ქუთუთოების დახამხამებით ვერთობი და ეს წამის სისწრაფით ანაცვლებს ჩემს წინ მოცურავე ლამაზ საგნებს – თვალები ხომ გვერდებიდან ახლა სახის წინა მხარეს გადმომიცურდა.
ისევ ის დიალოგი, მისი ხმა არ მომწონს, ასე რად ელაპარაკება ჩემს საყვარელ დედას, რას აძალებს?
ოი, შევტორტმანდი, ძლიერად მოკიდა ხელი დედაჩემს და სადღაც მიათრევს
– გთხოვ, ნუ მიმარბენინებ ასე, ცოდვა ვარ – დედის ხმა კიბეების ხმასთან ერთად მესმოდა
ყრუდ მიენარცხა რკინის კარი ჩაკეტილ სივრცეს და აგრუხუნებული დაიძრა რაღაც საგანი – სწრაფად სწრაფადო მიაძახა იმ მტრულმა ხმამ მათ წინ მყოფ კაცებს
ისევ კიბეები, ახლა ოღონდ ზემოთ ადის, დედის ხვნეშა და კვნესა მესმის.
კარი შეაღეს, შუქმა თვალები ამიწვა და წყალმცენარეებს მოვეფარე.
არც თუ დიდი დრო სიჩუმეში დავყავით, ცოტა ხნის წინ დედის ზლუქუნი მესმოდა მხოლოდ. მარტო არის, ის შუქი კი ისევ ისე მიბრმავებს თვალებს და მე კვლავ შევბრუნდი მშვიდი ფერების იდუმალ წყლებში
გაჩხაკუნების ხმაა ჩემს ზურგს უკან, მივიხედე
რაღაც დიდი და შემზარავი საგანი შემოვიდა ჩემს წყლებში. იქნებ სიცოცხლეა თავად ასეთი ან კი მას მივყავარ სიცოცხლემდე, უნდა შევეგებო..
არა – უცნაურად, უხეშად ედება მთელს ჩემს სივრცეს. თითქოს რაღაცას დაეძებს და მოუთმენლობით აწყდება ყველა კიდეს, ყველა მხარეს. ჰო, რაღაცას ეძებს.
ახლაღა მომესმა – დედა ტირის, საშინლად ტირის
– დედაა, დედიკო რატომ ტირი, თქვი რამე იმ ბგერებით რომლითაც ვისწავლეთ ერთმანეთთან აზრების გაცვლა
არაფერს ამბობს, მხოლოდ ჩუმი ზლუქუნი ისმის
– დედა გთხოვ, მითხარი რამე
ტირილის ხმა იმატებს, საშინელი შეგრძნებები ეკვეთა ჩემს სხეულს, მგონი სახეს იხოკავს, კიდურებს იხევს, ძალიან დარდობს, ძალიან ღელავს
ის რკინის საგანი გარეთ გავიდა. დედაც დამშვიდდა, თუმც ორიოდ წუთში კვლავ გამოჩნდა პირდაღებული, დაკბილული ლითონის მახე.
მისი შემოსვლისას, ჩემი სხეულის ეს მფეთქავი რაღაც, აგერ მარცხნივ რომ ამღერდა დღეების წინათ,ძლიერად იწყებს მოძრაობას და აშკარაა ჩემსავით განიციდის თურმე ყველაფერს. არა, კიდევ უფრო ძლიერად, მოუსვენრად. უთუოდ ჩემიანი ყოფილა. ძალიან ვნანობ, რად დავკარგე ეს ამდენი დღე თუ ჩემიანი იყო და ასე ვუყვარდი, იქნებ უფრო ადრე რომ გამეგო, რომ მომესმინა მისი ხმისთვის, ახლა შევძლებდით წინ აღვდგომოდით მაძებარ რკინებს..
გარედან ბევრი ხმა ისმის.
თურმე გარეთ, სხვაც ბევრი ადამიანი ცხოვრობს დედასთან, ბაბუსთან და იმ კაცთან ერთად, მისი გოროზი, მკაცრი ხმა გულქვა სიტყვებით რომ ისმის ჩემამდე. მხოლოდ მას არა, დანარჩენებს კი სანაპიროზე მყოფი ხალხის ხილვით გახარებული დელფინივით, ჩემს ამ პატარა აქოჩრილი სითხეების სუფთა ტალღებზე ათამაშებული, ხელს დაგიქნევთ ჩემი დროებითი, დაბადებამდელი მყუდრო სახლიდან – ყველანი მიყვარხართ!
ის რკინა კი ძიებას არ წყვეტს. უკვე მეშინია, უკვე მაფრთხობს, მე ხომ არ მეძებს?
მიპოვა კიდეც..
ძალიან მტკივა..
გთხოვთ არ დამტოვოთ მასთან მარტო..
მიშველეთ…
This post has been edited by napo on 18 Jan 2019, 20:49