დღეს იხსნება პარლამენტის საგაზაფხულო სესია. ეს სესია არის ბოლო შანსი, ოცნებამ ფუნდამენტურად შეცვალოს რაღაცეები ამ ქვეყანაში და შემდეგ ცივილიზებულად წავიდეს ხელისუფლებიდან. ხელისუფლებიდან რომ წავა, ფაქტია. კითხვაა - როგორ?
ერთგვარი გზაგასაყარია. ან რეალურ რეფორმებს აკეთებ და ისე მიდიხარ, ან ძალაუფლებას ეპოტინები, ამას სწირავ ყველაფერს, და მერე მაინც ამთავრებ... ოღონდ არავინ იცის, როგორ ამთავრებ.
ეს გზა უკვე გაიარა წინა ორმა ხელისუფლებამ. დღეს სახეზეა წინა ხელისუფლებების მმართველობის ბოლო პერიოდისთვის დამახასიათებელი არაერთი ნიშანი, იმ პერიოდის, როდესაც ისინი ძალაუფლების შენარჩუნებას გამოეკიდნენ და ამისთვის გაიღეს ყველაფერი. და მაინც დამთავრდნენ.
დღესაც ხელისუფლება სრულ დისონანსშია სამოქალაქო სექტორთან, მეტიც, დაპირისპირებულია მასთან და ობიექტურ კრიტიკას უბრალოდ ისხლეტს წყალწყალა კომენტარებით.
დღესაც ფორმალური ძალაუფლების წერტილების მიღმა, არსებობს ნამდვილი ძალაუფლების ცენტრები „ფარცხალაძისა“ თუ „ჩხარტიშვილის“ სახით, რომლებზეც რეალურად დგას ხელისუფლება.
დღესაც, ქვეყნის რეალური მმართველის გარშემო, მოწინავე პოზიციებზე არიან ნორჩი კომკავშირლები, რომლებსაც პოკერის მოთამაშის სახით შეუძლიათ 15 წუთი ილაპარაკონ UNICEF-ის დასკვნაზე, მაშინ, როცა პრაქტიკულად ყველამ იცის, რომ ტყუილს ამბობენ.
დღესაც, პოლიტიკური დღის წესრიგი სავსეა ათასგვარი უაზრო, უშინაარსო და, ხშირ შემთხვევაში, კომიკური საკანონმდებლო ინიციატივებით, რომლებიც მხოლოდ იმის მაჩვენებელია, რომ ხელისუფლებას სურს „მოძრაობა დაგვანახოს“.
დღესაც მთელი ე.წ. „პოლიტიკური სპექტრი“ გადაბარგებულია ერთ მხარეს და „გაერთიანებული ოპოზიციის“ მანტიაში გახვეული ცდილობს „მოაჯდეს“ ხალხის მზარდ გულისწყრომას, რათა კიდევ ერთხელ გაძვრეს პარლამენტში.
და რაც ყველაზე ნიშანდობლივია, დღესაც, ქვეყნის მართვის მთავარ ინსტრუმენტად ჩამოყალიბდა ძალოვანი სტრუქტურები: იქ არიან ლიდერის ყველაზე ერთგული კადრები, იქ არის „გადაყვანილი“ ყველაზე „ეფექტური“ მინისტრი, გახარია (ზუსტად ისე, როგორც მერაბიშვილი იყო „ხერხემალი“, ხოლო მანამდე თარგამაძე „რკინის კაცი“).
ეს ყველაფერი ნანახი გვაქვს. ნანახი გვაქვს, როგორ არ სჯერათ ხელისუფლებაში მყოფთ, რომ მათი მმართველობაც დასრულდება. და ისიც ნანახი გვაქვს, როგორ სრულდება.
თუმცა არსებობს ალტერნატივა. ისე წახვიდე, რომ რაღაც მნიშვნელოვანი დატოვო. ისე წახვიდე, რომ არც დასამალი გქონდეს და არც გასაქცევი.
ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა თავისუფლების ნაკლებობაა. თან ვითომ ვებრძვით საბჭოთა კავშირს და თან მონებივით ვცხოვრობთ, თავისუფლების სიკვდილივით გვეშინია.
თავისუფლების ნაკლებობა განაპირობებს სიღარიბესა და უსამართლობას. ეს ის ორი ფაქტორია, რომლებიც ასრულებს ამ ქვეყანაში ყველა ხელისუფლებას. და ეს ვერ გაიაზრა ვერც ერთმა ხელისუფლებამ.
თუ გვინდა, რომ პოლიტიკას ეშველოს და ადამიანებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს დაუბრუნდეთ პოლიტიკის რწმენა, პოლიტიკა უნდა გათავისუფლდეს:
- საპარლამენტო საარჩევნო სისტემა უნდა გახდეს სრულად პროპორციული
- უნდა გაუქმდეს საარჩევნო ბარიერი
- უნდა გაუქმდეს პარტიების საბიუჯეტო დაფინანსება და გადასახადის გადამხდელების მიერ დაფინანსებული სხვა სიკეთეები.
თუ გვინდა, რომ განათლება განვითარდეს, განათლება უნდა გათავისუფლდეს:
- უნდა გაუქმდეს კერძო საგანმანათლებლო ინსტიტუტებისთვის არსებული ყველა სახელმწიფო რეგულაცია.
თუ გვინდა რომ მართლმსაჯულებისადმი გაჩნდეს ნდობა, მართლმსაჯულება უნდა გათავისუფლდეს:
- მართლმსაჯულების ამოსავალი პრინციპი უნდა იყოს არა სახელმწიფოს/კოლექტივის ინტერესი, არამედ ცალკე აღებული ადამიანის თავისუფლება - ყველას აქვს ნებისმიერი ქმედების უფლება თუ სხვას ზიანს არ აყენებს
- მართლმსაჯულების სისტემა უნდა გაიხსნას - მოსამართლე შეიძლება იყოს ნებისმიერი, ვისზეც თანხმდებიან მხარეები; პროკურორი / ადვოკატი შეიძლება იყოს ნებისმიერი, ვისაც ენდობა დაზარალებული.
თუ გვინდა რომ ეკონომიკა წინ წავიდეს და სწრაფად ამოვიდეთ სიღარიბიდან, ეკონომიკა უნდა გათავისუფლდეს:
- სახელმწიფოს ხელში არსებული აქტივები უნდა დაუბრუნდეს ადამიანებს პრივატიზაციის გზით
- სახელწიფო ხარჯების მოცულობა უნდა განახევრდეს, თანმდევი გადასახადების შემცირებით, და საკუთარი შრომით შექმნილი დოვლათი თავად ადამიანებმა უნდა განკარგონ
- უნდა გაუქმდეს ყველა არსებული, და მორატორიუმი დაედოს ყველა ახალი რეგულაციის მიღებას, რომელთა არსებობაც, დღეს და ახლა, პირდაპირ არ არის განპირობებული ევროკავშირთან ასოცირების პროცესით.
ჯერ კიდევ შესაძლებელია ამ ყველაფრის გაკეთება.
მაგრამ ამისთვის, ოცნებამ უნდა გააკეთოს არჩევანი და საკუთარი ხელისუფლების ენდშპილში მაინც ჩამოყალიბდეს - აინტერესებს თუ არა რაიმე, გარდა ძალაუფლებისა და ფულისა.
//The fear of death follows from the fear of life. A man who lives fully is prepared to die at any time.//