აქაც უნდა იყოს ეს თემა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში, 2016, 2017 და 2018 წელს გაცემული ხელფასის რაოდენობამ 32 091 027 ლარი შეადგინა.
2016 წელს, ქართული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ, ხელფასების სახით თანამშრომლებს 9 843 654 ლარი გადაუხადა, 2017 წელს – 11 597 373 ლარი, ხოლო 2018 წელს – 10 650 000 ლარი.
დოკუმენტი, რომელიც საინფორმაციო სააგენტო Recorder-მა მოიპოვა, თავად ფეხბურთის ფედერაციის მიერ არის შედგენილი და ის, ბოლო ყრილობაზე, ფედერაციის სუბიექტებს დაეგზავნათ. მიუხედავად ამისა, ფეხბურთის ფედერაციის ხარჯებზე, 18 ივლისს ჩატარებულ ყრილობაზე, სფფ-ს არცერთ სუბიექტს კითხვა არ დაუსვამს.
ჩვენ დავსვით და აი, პასუხიც აქაა <3
რამდენი ადამიანი მუშაობდა ფეხბურთის ფედერაციაში 2016, 2017 და 2018 წლებში, წლების მიხედვით?
რა ოდენობით განისაზღვრება ყველაზე მაღალი ხელფასი ფეხბურთის ფედერაციაში?
მოგება-ზარალის უწყისში, რომელიც სფფ-მ 28-ე ყრილობისთვის კლუბებს გაუგზავნა, სადაც ჩაშლილია ფედერაციის წლიური შემოსავლები და ხარჯები, პირველ პუნქტში საუბარია ხელფასზე. მოიცავს თუ არა ეს პუნქტი ნაკრები გუნდების სამწვრთნელო შტაბების ანაზღაურებას?
ვინაიდან, მოცემულ დოკუმენტში ყველა ხარჯი გაწერილია, თუ რისთვის რა გაიხარჯა, რას მოიცავს “სხვა ხარჯი” – 2016 წელს – 608 789 ლარი, 2017 წელს – 3 889 825 ლარი, 2018 წელს – 650 000 ლარი
2016 წელს ძირითადი საშუალებების მშენებლობა-პროექტში 2 076 259 დაიხარჯა, 2017 წელს – 10 534 669, 2018 წელს, მშენებლობებსა და სამშენებლო პროექტებში გაწეული ხარჯი – 4 500 000 ლარი, კონკრეტულად რომელ პროექტებს მოხმარდა მოცემული თანხები?
რა იგულისხმება განვითარების ფონდის დაფინანსების ხარჯში და რის საფუძველზე გადაუხადა ფედერაციამ ფონდს 840 685 ლარი?
ცვეთა/ამორტიზაციის ხარჯმა 2016 წელს 2 832 497, 2017 წელს – 1 837 810 ლარი, ხოლო 2018 წელს-520 000 ლარი შეადგინა. უფრო კონკრეტულად, როგორ გადანაწილდა ეს თანხა?
ამ შეკითხვებზე დღეს ფეხბურთის ფედერაციამ ასეთი პასუხი გასცა:
„მოგესალმებით,
მადლობა შეკითხვებისთვის.
გატყობინებთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირი, მხოლოდ სახელმწიფო დაფინანსების ნაწილშია ვალდებული გასცეს საჯარო ინფორმაცია. აქედან გამომდინარე, ვიტოვებთ უფლებას, არასწორი ინტერპრეტირების პრევენციის მიზნით, თქვენს მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია არ გავცეთ.
ამასთან, მეორე კითხვის „რა ოდენობით განისაზღვრება ყველაზე მაღალი ხელფასი ფეხბურთის ფედერაციაში” პასუხად, დამატებით გატყობინებთ, რომ თქვენს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემა ქმნის პერსონალურ მონაცემთა გამჟღავნების რისკს და შესაბამისად, პასუხს ვერც ამ შემთხვევაში მოგაწოდებთ.
რაც შეეხება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან ინტერვიუს, როგორც განგემარტათ, ინდივიდუალური ინტერვიუების მოთხოვნათა სიმრავლის გამო, ამ ეტაპზე ვერ მოხერხდება; თუმცა, იმისათვის რომ ყველას მიეცეს კითხვების დასმის თანაბარი შესაძლებლობა, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, გეპატიჟებით მედიასთან ღია შეხვედრაზე, რომლის ზუსტ თარიღს მოგვიანებით გაცნობებთ.
მადლობა,
საუკეთესო სურვილებით,
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია“, – ნათქვამია სფფ-ს წერილში.
ვრცლად:
http://recorder.ge/2019/01/30/fexburtis-fe...027-lari-gasca/