„თბილისის ბაგა-ბაღებში უზრუნველყოფილია უსაფრთხოება. ბაღებს ჩვენი მონიტორინგისა და ინფრასტრუქტურის განყოფილება ამოწმებს. ამასთანავე, პროცესში ჩართულია კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“. ბაღები შარშან და შარშანწინ შემოწმდა. გაიცა რეკომენდაციები, რომლის საფუძველზე 20 ბაღში გაზქურები ელექტროქურებით ჩავანაცვლეთ, ასევე მოვაწესრიგეთ რამდენიმე ბაღი“, – განაცხადა გვანცელაძემ.
მიუხედავად ამისა, მისი თქმით, შემოწმების მიზნით სააგენტომ გასულ კვირაში კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისს“ მიმართა.
„კიდევ ერთხელ, წინა კვირაში მივმართეთ „ყაზტრანსგაზს“ შემოწმებისთვის და კვლავ შემოწმდება ყველა ბაღი, როგორც „ყაზტრანსგაზის“, ასევე ჩვენი განყოფილების მიერ. ვთხოვეთ კომპანიას, თითოეული მოწყობილობისა და მილების შემოწმების ტემპი დააჩქარონ“, – განაცხადა გვანცელაძემ.
გორში, 13 საბავშვო ბაღში ბუნებრივი აირის სისტემაში ხარვეზების გამოსწორებამდე სააღმზრდელო პროცესი შეჩერდება. სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს მენეჯერის, ლია კოვზიშვილის განცხადებით, ბაღების შემოწმების მიზნით, მათ „სოკარ ჯორჯია გაზს“ მიმართეს.
https://imedinews.ge/ge/saqartvelo/96003/tb...el-shemotsmdeba