
დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლების მოთხოვნით, საპატრიარქოსთან აქცია მიმდინარეობს. საპატრიარქოსთან მიმდინარე აქციას, რომელსაც დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები მართავენ, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე შეუერთდა.
ოჯახის წევრები აღნიშნავენ, რომ ბრალდება, რომელიც დეკანოზს აქვს წარდგენილი, არ შეესაბამება სიმართლეს და გიორგი მამალაძე შეთქმულების მსხვერპლია.
"ჩემი ძმის დაუყოვნებლივ გათავისუფლება ეს არის ჩემი მთავარი მოთხოვნა. ვიდრე ზიარების და გათავისუფლების მოთხოვნები არ შესრულდება, მანამდე ჩვენი აქცია არ შეწყდება. საპატრიარქოსთან ვართ, რადგან სწორედ ეს შენობაა, სადაც ჩემი ძმის უკანონო პატიმრობა დაიგეგმა და საიდანაც ამის ბრძანება გაიცა“,- აცხადებს თორნიკე მამალაძე.
აქცია საპატრიარქოს შენობის წინ რამდენიმე დღეა მიმდინარეობს.
2 თებერვალს დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნა.
2017 წლის 5 სექტემბერს, მოსამართლე ბესიკ ბუგიანაშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენი ორივე მხარემ გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლომ ძალაში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დატოვა. უზენაესმა სასამართლომ კი საქმე წარმოებაში საერთოდ არ მიიღო.
გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. ის ბერლინში მიფრინავდა, სადაც საქართველოს პატრიარქს ოპერაციისთვის ამზადებდნენ.
https://imedinews.ge/ge/saqartvelo/96043/sa...rotesto-aqtsiaa